ზოგჯერ ცხოვრება რთულია, სიტუაციები – დაძაბული, და გვეჩვენება, რომ ყველა და ყველაფერი ჩვენ წინააღმდეგაა განწყობილი. მარტოობის განცდა ზოგჯერ იმდენად ძლიერია, რომ გვგონია, აღარც ღმერთს ესმის ჩვენი, ან ჩვენი არასრულყოფილების გამო ძალიან შორს არის ჩვენგან და აზრი არ აქვს მასთან მისვლას. სინამდვილეში, უფალი ჩვენი ზეციერი მამაა, რომელიც შვილებად გვიღებს იესო ქრისტეს რწმენის მეშვეობით.
ღვთის შვილობა უდიდესი საჩუქარია უფლისაგან, რაც კი შეიძლებოდა ჩვენთვის, ცოდვით დაცემული ქმნილებებისთვის ეჩუქებინა; მისი მიღება მხოლოდ რწმენითაა შესაძლებელი და როდესაც იღებ ამ საჩუქარს, იესო ქრისტეს მსხვერპლს, ღვთის შვილი ხდები, ღმერთი კი შენთვის მამა ხდება. მამაშვილობა საოცარი რამაა და თუ ისეთ სრულყოფილ და უზენაეს პიროვნებაზე ვსაუბრობთ, როგორიც ღმერთია, მაშინ უნდა იცოდე, რომ მისი მამობა ყველაზე სრულყოფილია, რაც კი შეგიძლია წარმოიდგინო. შეგიძლია, მასთან მიირბინო ყველაზე რთულ სიტუაციებში, მაშინაც, როცა ყველაზე უღირსად მიიჩნევ თავს და მიიღო წყალობა, რადგან შენს ზეციერ მამას უსაზღვროდ უყვარხარ, მან ჯერ კიდევ მაშინ შეგიყვარა, როცა ცოდვილი იყავი და თავისი ერთადერთი ძე გაიღო მსხვერპლად, რომ შენთვის სიყვარული დაემტკიცებინა, რომ შეეძინა უამრავი არასრულყოფილი შვილი, სრულყოფილი, წუნდაუდებელი, უნაკლო, უცოდველი ძის სანაცვლოდ. და ვინ გარბის ასეთი მამისგან, როდესაც რაიმე აწუხებს? მიირბინე მისი მადლის ტახტთან შვილობის გაბედულებით, რადგან მას აქვს იმედი და მომავალი შენთვის.
წინასწარ განსაზღვრა ჩვენი შვილობა იესო ქრისტეს მეშვეობით თავისი ნებისამებრ.
საყვარელნო! ამიერიდან ღვთის შვილნი ვართ, ოღონდ ჯერ არ გამომჟღავნებულა, რანი ვიქნებით. ვიცით, რომ როცა გამომჟღავნდება, მისი მსგავსნი ვიქნებით, რადგან ვიხილავთ მას, როგორიც არის.
ხოლო ვინც მიიღო იგი და ირწმუნა მისი სახელი, მისცა მათ ხელმწიფება ღვთის შვილებად გახდომისა.
ნახეთ, როგორი სიყვარული მოგვცა მამამ, რათა გვეწოდოს და ვიყოთ ღვთის შვილნი. სოფელი იმიტომ არ გვიცნობს ჩვენ, რომ არ შეიცნო იგი.
ვინაიდან თქვენ ყველანი ღვთის შვილები ხართ ქრისტე იესოში რწმენით.
როგორც მამა შეიწყნარებს შვილებს, შეიწყნარა უფალმა მოშიშნი მისნი.
ყველაფერი წუწუნის გარეშე და უყოყმანოდ გააკეთეთ. რათა შეიქნათ უბიწონი და სუფთანი, ღვთის შეუბილწავი შვილები ჭირვეულ და უკუღმართ თაობაში, რომელშიც ისე ანათებთ, როგორც მნათობები სამყაროში.