კრიზისის დროს ადამიანთა პირველი რეაქცია შიშია. ამ დროს კი გაურკვევლობის და სათუო მომავლის განცდა ღრმად იდგამს ფესვებს შეშინებული ადამიანის გულში. კორონავირუსის გავრცელება, ნეგატიური ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან, ერთგვარ „შავ ღრუბელს“ ქმნის ჩვენს გონებაში და უიმედობა გვიპყრობს. ასეთ დროს უბრალოდ მიდი ღმერთთან, გადმოღვარე შენი გული და მიანდე შენი ცხოვრება. მოისვენე მის სიმშვიდეში და გახსოვდეს, რომ უფლის სიტყვა ცოცხალი და მოქმედია მარადიულად!
მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. წუთისოფელი რომ იძლევა, მე ისე არ გაძლევთ. ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდება.
ნუ გეშინია, რადგან შენთან ვარ, ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ; განგამტკიცებ, შეგეწევი და მხარს დაგიჭერ ჩემი სიმართლის მარჯვენით.
არაფერზე იდარდოთ, არამედ ყოველგვარ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს,
და ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიცავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში.
თავად უფალი წაგიძღვება, ის იქნება შენთან, არ მოგშორდება და არ მიგატოვებს; ნუ შეგეშინდება და ნუ შედრკები.
უფალი ღმერთი შუქია ჩემი და გადარჩენა – ვის შევუშინდე? ჩემი სიცოცხლის ბურჯია უფალი – ვინ შემაძრწუნებს?
ნუ გეშინიათ, მტკიცედ იდექით და იხილავთ უფლისმიერ ხსნას, რომელსაც დღეს მოიმოქმედებს თქვენთვის და ეგვიპტელებს, რომელთაც დღეს ხედავთ, მეტად აღარ იხილავთ უკუნისამდე.
განა ნაბრძანები არა მაქვს შენთვის, განმტკიცდი და ძლიერ გამხნევდი-მეთქი? ნუ შეძრწუნდები და შეთრთოლდები, რადგან შენთან იქნება უფალი, შენი ღმერთი, ყველგან, სადაც კი წახვალ!
რადგან მე, უფალი – შენი ღმერთი, შენი მარჯვენის დამკავებელი გეუბნები: „ნუ გეშინია, მე შეგეწევი!
სიკვდილის აჩრდილთა ველზეც რომ ვიარო, ბოროტების არ შემეშინდება, რადგან შენა ხარ ჩემთან; მანუგეშებენ შენი კვერთხი და შენი საყრდენი.
თქვენი ყველა საზრუნავი მას მიანდეთ, რადგან ის (უფალი) ზრუნავს თქვენზე.