ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიხალეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ცნობილი ადამიანები

დევიდ უილკერსონი

by ნატო კობახიძე 11 მარტი, 2025
11 მარტი, 2025 52 ნახვა

დევიდ რეი უილკერსონი (May 19, 1931 – April 27, 2011) იყო ამერიკელი ქრისტიანი მახარებელი, რომელმაც სახელი გაითქვა წიგნით „ჯვარი და დანა“. ის გახლდათ პირველი, რომელმაც დააფუძნა ქრისტიანული სარეაბილიტაციო პროგრამა Teen Challenge ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანებისთვის. უილკერსონი ასევე იყო ნიუ-იორკში არსებული ინტერდენომინაციური ეკლესიის – Times Square Church – დამაარსებელი და ხუცესი.

დევიდ უილკერსონი დაიბადა 1931 წლის 19 მაისს, ინდიანის შტატის ქალაქ ჰემონდში. ის იყო ქრისტიანი ორმოცდაათიანელი მქადაგებლის ოჯახში დაბადებული მეორე ვაჟი. დევიდი პენსილვანიაში, ბარნსბოროში გაიზარდა, როგორც თავად ამბობდა, „ბიბლიებით სავსე სახლში“. მისი მამა და პაპა ღვთის მსახურები იყვნენ. ახალგაზრდა უილკერსონმა ქადაგება უკვე 14 წლის ასაკში დაიწყო. სკოლის დამთავრების შემდეგ მისურის შტატ ქალაქ სპირნგფილდში მდებარე ბიბლიის კოლეჯში დაიწყო სწავლა. 1952 წელს კი ხელდასხმულ იქნა ღვთის მსახურად. 1953 წელს უილკერსონმა გვენდოლინ როუზ კაროზოზე იქორწინა. ის ხუცესად მსახურობდა პენსილვანიის შტატში, სკოტდეილისა და ფილიპსბურგის პატარა ეკლესიებში.

ერთი შეხედვით, მას ეკლესიის ღვთისმსახურის ხანგრძლივი ცხოვრება ელოდა წინ, თუმცა ასე არ მომხდარა, დევიდი მოუსვენარი ბუნების იყო და ამავდროულად, დაუოკებელი წყურვილი ჰქონდა იმისა, რომ უფრო მეტად შეეცნო ღმერთი და მეტად მორჩილი ყოფილიყო მისი. 1958 წლის ერთ მშვენიერ დღეს უილკერსონმა ჟურნალში Life Magazine შვიდი მოზარდის ფოტო ნახა, რომლებიც მხეცური მკვლელობისთვის უნდა გასამართლებულიყვნენ. ისინი ნიუ-იორკის ცნობილი ბანდების „ეგვიპტის მეფეებისა“ და „დრაკონების“ წევრები იყვნენ.

დევიდმა იგრძნო, რომ ღმერთი მოუწოდებდა, წასულიყო და ამ ბანდებისთვის ექადაგა ღვთის სიტყვა. მოგვიანებით წერდა, რომ იგრძნო, როგორ აღძრავდა სულიწმიდა მასში თანაგრძნობას ამ მოზარდების მიმართ. ნიუ-იორკში ჩასვლის შემდეგ, უილკერსონი მაშინვე სასამართლოში მივიდა, სადაც ამ მოზარდების საქმის განხილვა მიმდინარეობდა და მოსამართლეს სთხოვა ნებართვა იმისა, რომ მოზარდებისთვის ქრისტეს სიყვარულის შესახებ ეთქვა, თუმცა მოსამართლემ ის დარბაზიდან გააძევა. სასამართლო პროცესით პრესაც დაინტერესებული იყო და იქ მისული უილკერსონი, თავისდა უნებურად, ნიუ-იორკის ჟურნალ-გაზეთების მთავარ  თემად იქცა. ეს ამბავი ტელევიზიებმაც გააშუქეს. უილკერსონი შემდეგ ცნობილი გახდა, როგორც ბიბლიის მქადაგებელი, რომელმაც „ბანდის სასამართლო პროცესს შეუშალა ხელი“.

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო დარბაზში მოზარდებთან ლაპარაკი ვერ შეძლო, ამ ამბავმა მის წინაშე გზა გახსნა იმისათვის, რომ ბანდების წევრი ახალგაზრდებისთვის ქრისტეს სიყვარულის შესახებ ეუწყებინა. ასე გახდა იგი ქუჩის მახარებელი, რაც სახიფათო წამოწყება იყო, თუმცა ძალიან დიდი გარდატეხა მოახდინა ბევრი ადამიანის ცხოვრებაში.

უილკერსონის მსახურების მეშვეობით ქრისტიანობაზე მოქცეულ ბანდის წევრებს შორის ყველაზე ცნობილია ნიკი კრუზი, რომელიც ნიუ-იორკის ყველაზე საშიში და სასტიკი ბანდის, „მაუ მაუს“ მეთაური გახლდათ. ნიკი მოგვიანებით თავადაც სახარების მქადაგებელი გახდა და დაწერა ავტობიოგრაფიული წიგნი „გაიქეცი, პატარავ, გაიქეცი“.

დევიდ უილკერსონს ეროვნული აღიარება მოუტანა ჯონ და ელიზაბეთ შერილებთან თანაავტორობით დაწერილმა ავტობიოგრაფიულმა წიგნმა „ჯვარი და დანა“ უილკერსონის ქუჩის მსახურების შესახებ. წიგნი 1963 წელს გამოიცა და მალე ბესტსელერად იქცა. ოცდაათზე მეტ ენაზე ითარგმნა და ორმოცდაათ მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. 

1960 წელს ბრუკლინში უილკერსონმა დააარსა ქრისტიანული სარეაბილიტაციო პროგრამა ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულთათვის. დღეისათვის უკვე 250 ცენტრი არსებობს ამერიკის 48 შტატში, ათასი ცენტრი კი 95 ქვეყანაში.

1967 წელს დევიდ უილკერსონმა დაიწყო ახალგაზრდული სამახარებლო მსახურება Youth Crusades. მსახურება მიმართული იყო საშუალო კლასის მოზარდებისადმი. მახარებელი მიზნად ისახავდა იმას, რომ დაეცვა ეს ახალგაზრდები, რათა ისინი ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარებას არ გაეტაცა და ძალადობაში არ გადაშვებულიყვნენ. 1971 წელს უილკერსონმა თავისი მსახურების შტაბ-ბინა ტეხასის შტატის ქალაქ ლინდეილში გადაიტანა.  

იმავე წლის 22 სექტემბერს კი დააარსა ორგანიზაცია World Challenge, რომლის მიზანიც იყო სახარების გავრცელება მთელ მსოფლიოში. უილკერსონი იხსენებდა:

„1986 წელს, შუაღამისას, 42-ე ქუჩაზე მივდიოდი და გული საშინლად მტკიოდა ნანახის გამო. ტაიმს სკვერი, ძირითადად, მეძავებითა და სუტენიორებით, სახლებიდან გამოქცეული მოზარდებით, ნარკომანებითა და ჯიბის ქურდებით იყო დასახლებული და აქვე მრავლად იყო კინოს სახლები, სადაც პორნოგრაფიულ და ძალადობრივ ფილმებს უშვებდნენ.
მივდიოდი და ვხედავდი, როგორ მოიხმარდნენ კრეკ-კოკაინს 10-12 წლის ბავშვები. ღმერთს შევღაღადებდი, რომ რამე მოემოქმედებინა, რაიმე, რათა ამ ფიზიკურად ღატაკ და სულიერად მკვდარ ადამიანებს დახმარებოდა. ვტიროდი და ვლოცულობდი, ‘ღმერთო, შენ დაამოწმე ამ ჯოჯოხეთურ ადგილზე.“

პასუხად ღმერთმა მას ისევ ნიუ-იორკში მსახურებისკენ მოუწოდა მას. უილკერსონმა „ტაიმს სკვერის ეკლესია“ დააფუძნა, როგორც თავად ამბობდა, „ფიზიკურად ღატაკი და სულიერად მკვდარი“ ადამიანების დასახმარებლად. ეკლესია დაარსდა 1987 წელს და 2001 წლამდე მისი ხუცესი თავად უილკერსონი გახლდათ.  

დევიდ უილკერსონი არ ქადაგებდა რომელიმე დენომინაციის სახელით. მისთვის მთავარი იყო – ექადაგა ბიბლიის თანახმად, რათა ადამიანები მოქცეულიყვნენ უფალ იესო ქრისტესაკენ და დაეწყოთ ღმერთის ძიება.  

ის ამბობდა:

„მე არ ვქადაგებ რომელიმე დენომინაციის მოძღვრებას. ეს ეკლესია არცერთ დენომინაციას არ ეკუთვნის. ჩვენ არ ვართ არც ორმოცდაათიანელები, არც ბაპტისტები, არც მეთოდისტები და არც კათოლიკეები. ჩვენ ვართ სულიწმიდით აღვსილი ხალხი და გვწამს ბიბლიის“.

ცხრა წლის განმავლობაში, 1999 წლიდან 2008 წლამდე დევიდ უილკერსონი მთელ მსოფლიოში მოგზაურობდა და ქადაგებდა ქრისტიანულ კონფერენციებზე, ამხნევებდა ქრისტიან ღვთისმსახურებსა და მათ ოჯახებს, რათა მათში ქრისტეს მსახურების მოშურნეობა განახლებულიყო.

2011 წლის 27 აპრილს 79 წლის დევიდ უილკერსონი ავტოავარიის შედეგად დაიღუპა.

ორმოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში ის ქადაგებდა და ასწავლიდა ღვთის სიტყვას და წერდა წიგნებს. ის არის ავტორი 30-ზე მეტი წიგნისა. უკანასკნელი სათქმელი, რომელიც მან სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გამოაქვეყნა თავისი ერთ-ერთი მსახურების ვებგვერდზე, ასეთია:

„ნეტარ არიან ისინი, ვისაც სწამთ, როდესაც არ ჩანს ლოცვაზე პასუხი; ვინც ღმერთს ენდობიან უიმედობაშიც კი მაშინ, როცა ყველა ღონე უძლურია.

ვიღაც უიმედობაშია ჩავარდნილი – იმედის დასასრული ყველა ღონის დასასრულია. საყვარელი ადამიანი სიკვდილის პირასაა და ექიმები იმედს არ იძლევიან. სიკვდილი გარდაუვალია. იმედი აღარ ჩანს.

სასწაული, რომლისთვისაც ლოცულობდით, არ ხდება. სწორედ ამ დროს მოდიან სატანის ურდოები და თავს ესხმიან თქვენს გონებას შიშით, ბრაზითა და დამთრგუნველი შეკითხვებით: ‘აბა, სად არის შენი ღმერთი ახლა? ხომ ლოცულობდი ცრემლის გაშრობამდე. მარხულობდი. დაპირებებს ეჭიდებოდი. ენდობოდი.’

მკრეხელური აზრები შემოიჭრება თქვენს გონებაში: ‘ლოცვამ არ გაამართლა. რწმენამ არ გაამართლა. ნუღარ ენდობი ღმერთს. არ დაგიფასდება!’ საერთოდ არსებობს ღმერთი? ამის შესახებ კითხვებიც კი შემოიჭრება თქვენს გონებაში. ასეთი იყო სატანის იარაღი საუკუნეების განმავლობაში.  

თქვენ, ვინც შავეთის ველზე დადიხართ ახლა, ისმინეთ ეს სიტყვები: გოდება ბნელ და საშინელ ღამეებში გაგრძელდება, თუმცა ამ სიბნელეში მალე გაიგონებთ მამის ხმას: ‘მე შენთანა ვარ. ახლა არ შემიძლია იმის თქმა, რატომ ხდება ასე, მაგრამ ერთ დღესაც ყველაფერს მიხვდები. დაინახავ, რომ ეს ყოველივე ჩემი გეგმის ნაწილი იყო. ეს არ იყო შემთხვევითობა. შენ არ დამარცხებულხარ. მტკიცედ იდექი. ნება მომეცი, ხელები მოგხვიო ტკივილის ჟამს’.

საყვარელნო, ღმერთი არასოდეს დამარცხებულა. ის მუდამ სიკეთითა და სიყვარულით მოქმედებდა. როცა ყველა ღონე უძლურია, მისი სიყვარული იმარჯვებს. მტკიცედ ჩაეჭიდეთ თქვენს რწმენას. მტკიცედ იდექით მის სიტყვაში. სხვა არავითარი იმედი არ არსებობს ამ ქვეყნიერებაზე“. 


ამავე კატეგორიის

ნიკი კრუზი

5 მარტი, 2025

დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

31 ოქტომბერი, 2022

ფაიე ეჯერტონის თარგმნილი ახალი აღთქმა ნავაჰოს და აპაჩების...

30 ნოემბერი, 2021

ჰილდა უიტბელი − ბრიტანეთში მოღვაწე მონაზონი

22 ნოემბერი, 2021

ფრანცისკო ხავიერი − იეზუიტი მისიონერი ინდოეთსა და იაპონიაში

9 ნოემბერი, 2021

ასა მაჰანი − თავისი დროის პროგრესული განმანათლებელი

5 ნოემბერი, 2021

მარსილიუს პადუელი − დემოკრატიის მომხრე და პაპიზმის წინააღმდეგი

4 ნოემბერი, 2021

ფრიდრიხ აუგუსტ ტოლუკი − ღვთისმეტყველი, რომელმაც ისლამს ქრისტიანობა...

1 ნოემბერი, 2021

ივან პროხანოვი − მოლოკნების მოძრაობის წარმომადგენელი რუსი რეფორმატორი

26 ოქტომბერი, 2021

ულრიხ ცვინგლი

12 ოქტომბერი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    10 ბიბლიური ციტატა სიამაყის შესახებ

    10 ნოემბერი, 2020
  • 3

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 4

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც უნდა წაიკითხოთ მარცხისას და დაცემისას

    20 იანვარი, 2021
  • 5

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიხალეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები