დიტრიხ ბონჰოფერი (1906 წლის 4 თებერვალი – 1945 წლის 6 აპრილი) იყო პროტესტანტი ლუთერანი ხუცესი და ღვთისმეტყველი, რომელიც აქტიურად ეწინააღმდეგებოდა ჰიტლერის პოლიტიკასა და ნაცისტურ რეჟიმს.
ჰიტლერთან დაპირისპირების გამო იგი დააპატიმრეს და გაამწესეს ფლოსენბურგის საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც ომის დასრულებამდე ერთი თვით ადრე სიკვდილით დასაჯეს.
ბონჰოფერი წარმოადგენს ჰიტლერთან დაპირისპირებულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურას, რომლის ქრისტიანული ხედვაც განსაკუთრებულად შთამაგონებელია.
დიტრიხ ბონჰოფერის ბიოგრაფია
დაიბადა გერმანიის ქალაქ ბრესლაუში (ეს ქალაქი ახლა პოლონეთშია) 1906 წელს. მამა ფსიქიატრი და ნევროლოგი გახლდათ, დედა კი – მასწავლებელი, პროტესტანტი ღვთისმეტყველის შვილიშვილი. დიტრიხი მეექვსე იყო ბონჰოფერების რვაშვილიან ოჯახში.
აღსანიშნავია დიტრიხის მემკვიდრეობითი ნიჭი მუსიკასა და მხატვრობაში. ადრეული ბავშვობიდანვე ბონჰოფერი დიდებულ მუსიკალურ შესაძლებლობებს ავლენდა. მუსიკისადმი მისი ლტოლვა მთელი ცხოვრების განმავლობაში არ განელებულა. მთელი ოჯახის სამწუხაროდ, 14 წლის ასაკში მან განაცხადა, რომ სურდა მღვდელი გამხდარიყო.
1927 წელს დიტრიხმა დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი. ნაშრომით „Sanctorum Communio“ („წმინდანთა ერთობა“) მოიპოვა დოქტორის ხარისხი თეოლოგიაში. 1930 წელს გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, შემდეგ კი მოინახულა იტალია, ესპანეთი, კუბა და ლიბია. ბონჰოფერმა აიტაცა იდეა იმის შესახებ, რომ ეკლესიას მონაწილეობა უნდა მიეღო სოციალური სამართლიანობის აღდგენასა და ჩაგრულთა დაცვაში.
1931 წელს 25 წლის ბონჰოფერი დაბრუნდა ბერლინში, სადაც იგი მღვდლად აკურთხეს. 1930-იანი წლები გერმანიის ისტორიაში დიდი აღმავლობის პერიოდი იყო – ვაიმარის არასტაბილურობიდან და მასობრივი უმუშევრობიდან მოყოლებული 1933 წლის არჩევნებში ჰიტლერის გამარჯვებამდე.
მაშინ, როდესაც გერმანიის მოსახლეობა და ეკლესიის მნიშვნელოვანი ნაწილი სიხარულით ხვდებოდა ჰიტლერის არჩევნებში გამარჯვებას, ბონჰოფერი მის იდეოლოგიას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. ჰიტლერის კანცლერად არჩევიდან ორი დღის შემდეგ, 1933 წლის იანვარში, ბონჰოფერმა თავის რადიოგადაცემაში მკაცრად გააკრიტიკა ჰიტლერი, განსაკუთრებით კი, ფიურერის კერპთაყვანისმცემლური კულტი. ამის გამო რადიოგადაცემა შუა ეთერში გაწყვიტეს.
1933 წლის აპრილში ბონჰოფერმა გააპროტესტა ებრაელთა დევნა და განაცხადა, რომ ეკლესია ვალდებული იყო, შეწინააღმდეგებოდა მსგავს პოლიტიკას. 1933 წელს მან ხუცეს მარტინ ნიიმიოლერთან ერთად ჩამოაყალიბა „აღმსარებლობითი ეკლესია“, რომელიც ეწინააღმდეგებოდა გერმანიის ნაციონალისტურ-სოციალისტური პარტიის მიერ ლუთერანული ეკლესიის დამორჩილების მცდელობას.
არსებულ ვითარებაში საკმაოდ რთული იყო ერთდროულად ნაცისტური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლისა და საეკლესიო მოღვაწეობის მორიგება. ბონჰოფერი გულგატეხილი იყო ეკლესიის სისუსტით და ამიტომაც, 1933 წლის შემოდგომით, ის ლონდონში გაემგზავრა, სადაც ის ერთ-ერთ გერმანულენოვან ეკლესიაში იყო მიწვეული.
ორი წლის შემდეგ ბონჰოფერი ბერლინში დაბრუნდა, რადგან გრძნობდა მშობლიურ მხარეში დაბრუნებისა და ნაციზმის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოწოდებას. მისი დაბრუნებიდან ცოტა ხნის შემდეგ ეკლესიის ერთ-ერთი წინამძღვარი დააპატიმრეს, ხოლო მეორე შვეიცარიაში გაიქცა. ბონჰოფერმა დაიბრუნა სწავლების უფლება, რომელიც 1936 წელს ჩამოართვეს, როგორც პაციფისტსა და ქვეყნის მტერს.
1937 წელს ნაცისტური კონტროლი ქვეყანაში ძალიან გამკაცრდა. ჰ. ჰიმლერმა დახურა აღმსარებლობითი ეკლესიის სემინარია. ორი წლის განმავლობაში ბონჰოფერი მოგზაურობდა აღმოსავლეთ გერმანიაში, სადაც ატარებდა კერძო სემინარებს სტუდენტებისთვის.
ამ პერიოდში ის გამუდმებით წერდა ნაშრომებს ღვთისმეტყველების შესახებ, მათ შორის იყო „მოწაფეობის ფასი“, სადაც ის განიხილავდა იესო ქრისტეს მიერ მთაზე წარმოთქმულ ქადაგებას.
„იაფფასიანი მადლია ის მადლი, რომელსაც საკუთარ თავს თავად ვანიჭებთ. იაფფასიანი მადლია, როდესაც ვქადაგებთ მიტევებას და არ ვამბობთ, რომ აუცილებელია მონანიება; როცა ვქადაგებთ ნათლობას და არ ვამბობთ, რომ საეკლესიო დისციპლინაა საჭირო; როცა ვქადაგებთ ზიარებას და არ ვაცხადებთ, რომ ცოდვების აღიარებაა აუცილებელი… იაფფასიანია მადლი მოწაფეობის გარეშე, მადლი ცოცხალი და განკაცებული იესო ქრისტეს გარეშე.“ (დიტრიხ ბონჰოფერი „მოწაფეობის ფასი“).
იმის შიშით, რომ ჰიტლერის ერთგულებაზე ფიცის დადებას მოსთხოვდნენ ან დააპატიმრებდნენ, ბონჰოფერი 1939 წელს გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ორი წელიც არ გასულა, რომ გერმანიაში დაბრუნდა, რადგან ფიქრობდა, რომ ამერიკაში წასვლა შეცდომა იყო.
ბონჰოფერს გერმანიაში დაბრუნებისას აღარ მისცეს სტატიების გამოქვეყნებისა და საჯარო გამოსვლების უფლება. მიუხედავად ამისა, მან მოახერხა გერმანულ სამხედრო სადაზვერვო სამსახურთან შეერთება. შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე ასევე დაუახლოვდა ჰიტლერთან დაპირისპირებულ რამდენიმე ოფიცერს.
ჰიტლერის მოწინააღმდეგეთა შორის ყველაზე მძლავრი დაჯგუფება სწორედ გერმანულ სამხედრო სადაზვერვო სამსახურში ჩამოყალიბდა. ბონჰოფერს ჰქონდა ინფორმაცია იმ მრავალ შეთქმულებასთან დაკავშირებით, რომლებიც ჰიტლერის მკვლელობას ისახავდა მიზნად.
სწორედ მეორე მსოფლიო ომის ამ წყვდიადით მოცულ პერიოდში შეეპარა ეჭვი საკუთარ პაციფიზმში, რადგან ხედავდა გაბატონებულ რეჟიმთან გააფთრებული ბრძოლის აუცილებლობას.
მაშინ, როდესაც ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს გენერალურმა მდივანმა ვისერ ჰუფტმა ბონჰოფერს ჰკითხა, რისთვის ლოცულობდა, მან უპასუხა: „ჩემი ერის დამარცხებისთვის.“
სადაზვერვო სამსახურის დახმარებით გერმანელ ებრაელთა გარკვეული ნაწილი გადაიყვანეს ნეიტრალურ შვეიცარიაში. სწორედ ამ ქმედების გამო, 1943 წელს, ბონჰოფერი დააპატიმრეს. მან ტეგელის სამხედრო ციხეში, სადაც წელიწადი და ექვსი თვე გაატარა, დაწერა ნაშრომი „ეთიკა“ (Ethics), რომელიც დაცვის კეთილგანწყობილ მოსამსახურეთა მეშვეობით გავრცელდა ციხის გარეთ. თავის წერილებში იგი საუბრობს საკუთარი პატიმრობის მნიშვნელობაზე.
1944 წლის 20 ივლისის შეთქმულების ჩაშლის შემდეგ ბონჰოფერი ჯერ გესტაპოს მიერ დაცულ სპეციალურ ციხეში, შემდგომ ბუჰენვალდის და ბოლოს ფლოსენბურგის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს.
საკონცენტრაციო ბანაკში არსებული პირობების მიუხედავად, ის მაინც ინარჩუნებდა ღრმა სულიერებას, რაც ყველასთვის შესამჩნევი იყო. ბონჰოფერი მუდამ ეხმარებოდა მასთან ერთად მყოფ სხვა პატიმრებს. პეინ ბესტიც, ბრიტანელი ოფიცერი, ერთ-ერთი პატიმარი იყო, რომელსაც ბონჰოფერი ასე ახასიათებდა:
„ის განსხვავებული იყო, ძალიან მშვიდი და უბრალო. მისი სული მართლაც ანათებდა ჩვენი ციხის ბნელ უიმედობაში. სხვებს არ ჰგავდა, ღმერთი მისთვის ძალიან რეალური იყო.“
1945 წლის 8 აპრილს ბონჰოფერი სამხედრო სასამართლოს გადასცეს, რომელმაც მას ჩამოხრჩობით სიკვდილის განაჩენი გამოუტანა. მრავალი შეთქმულის მსგავსად, ისიც მავთულით ჩამოახრჩვეს, რათა სიკვდილი მეტად მტკივნეული ყოფილიყო. მასთან ერთად სიკვდილით დასაჯეს შეთქმულების მონაწილეები – ადმირალი ვილჰელმ კანარისი და ჰანს ოსტერი.
სიკვდილით დასჯამდე ცოტა ხნით ადრე ერთ-ერთი პატიმრის დახმარებით ბონჰოფერმა ჩიჩესტერის ეპისკოპოსს, ჯორჯ ბელს გაუგზავნა წერილი: „ეს დასასრულია, ხოლო ჩემთვის ცხოვრების დასაწყისი.“
მისი სიკვდილის თვითმხილველი – საკონცენტრაციო ბანაკის ექიმი – მოგვიანებით წერდა:
„მე დავინახე ხუცესი ბონჰოფერი, რომელიც მუხლმოყრილი გულმხურვალედ ლოცულობდა. შეძრული ვიყავი ამ მოსიყვარულე კაცის მიერ, რომლის ლოცვასაც უფალი უთუოდ ისმენდა. სიკვდილით დასჯამდე რამდენიმე წუთით ადრე მან ძალიან მოკლედ ილოცა და მშვიდად გაემართა სახრჩობელისკენ. ჩემი ორმოცდაათწლიანი პრაქტიკის განმავლობაში ის ერთ-ერთი იყო იმ უიშვიათეს ადამიანთაგან, რომლებიც ასე მშვიდად მიჰყვებოდნენ უფლისაკენ მიმავალ ამ რთულ გზას.“
ბონჰოფერის თეოლოგია
„ისინი, ვინც ქრისტეს მიჰყვებიან, თავისუფლდებიან საკუთარი მძიმე უღლისაგან, რათა ატარონ იესო ქრისტეს მსუბუქი უღელი… იესოს მცნებები სიცოცხლის განადგურებას როდი განიზრახავს, არამედ მის დაცვას, გაძლიერებასა და კურნებას.“
თარგმანი: გიორგი ნასყიდაშვილი