დუაიტ ლ. მუდის მეხუთე კლასის შემდეგ სკოლაში არ უვლია. ის ვერ წერდა, მეტყველებაზე კი ეტყობოდა, რომ საშინლად ამახინჯებდა ენას, რადგან გრამატიკა არ იცოდა. ხშირად უხეშად და ტლანქად იქცეოდა. მუდი არასოდეს გამხდარა ხელდასხმული მსახური ეკლესიაში. ქრისტესკენ მოქცევამდე ცოტა ხნით ადრე მან ისე გააბრაზა იტალიელი ფეხსაცმლით მოვაჭრე, რომ ეს უკანასკნელი ბასრი დანით გამოეკიდა მოსაკლავად. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ღმერთმა დუაიტ მუდი გამოიყენა იმისათვის, რომ მრავალი ადამიანი მოექცია ქრისტესკენ. მუდის ქრისტიანული ცხოვრება დაიწყო 1855 წლის 21 აპრილს, როცა მან ქრისტე ირწმუნა.
დუაიტი მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ნორთფილდიდან ბოსტონში ჩავიდა მაშინ, როცა ჯერ კიდევ მოზარდი იყო. ამ უზარმაზარ ქალაქში მან თავი მარტოსულად იგრძნო. ბიჭს ძალიან უნდოდა სამუშაოს შოვნა. ბიძამ იგი ფეხსაცმლით მოვაჭრესთან წაიყვანა იმ პირობით, რომ ის მორჩილი იქნებოდა და ივლიდა ეკლესიაში (Mt. Vernon Congregational Church). მუდი გაზრდილი იყო უნიტარულ ეკლესიაში, რომელიც უარყოფდა ქრისტეს სრულ ღვთაებრიობას და ყურადღებას არ ამახვილებდა იმაზე, რომ ადამიანს ცოდვებისგან ხსნა სჭირდებოდა. ახალ ეკლესიაში კი დუაიტმა მოისმინა ამ ყოველივეს შესახებ, მაგრამ მან წუთისოფლის სიამენი არჩია და იფიქრა, რომ მონანიება და ხსნის მიღება სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრეც შეეძლო.
მიუხედავად ამისა, საკვირაო სკოლის მასწავლებლის, ედვარდ კიმბოლის კეთილი გულის გამო, დუაიტი მისი მეგობარი გახდა და ისინი მთელი ცხოვრების განმავლობაში გულითადი მეგობრები იყვნენ. ედვარდი მოუწოდებდა დუაიტს ეკლესიაში სიარულისა და ბიბლიის შესწავლისკენ. მუდი ცდილობდა ბიბლიის წაკითხვას, მაგრამ ვერ იგებდა.
მდგომარეობა სწორედ 1855 წლის 21 აპრილს შეიცვალა. კიმბოლი ფეხსაცმლის მაღაზიაში მივიდა იმისათვის, რომ მუდისთვის ეთხოვა, რომ მოენანიებინა და ქრისტესთვის მიეძღვნა საკუთარი სიცოცხლე. დუაიტმა ყურადღებით მოუსმინა და ირწმუნა უფალი იმ დღეს. შემდეგ კი დაუყოვნებლივ იწყო საკუთარი რწმენის შესახებ დამოწმება გარშემომყოფთათვის, მათ შორის, თავისი ოჯახის წევრთათვის, მაგრამ მათ არ სურდათ მისი რწმენის გაზიარება. „მე ყოველთვის უნიტარელი ვიქნები“, ამბობდა დედამისი (თუმცა მანაც ირწმუნა ქრისტე სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე).
თავიდან დუაიტი ეკლესიის წევრად არ მიიღეს, რადგან როცა ჰკითხეს, თუ რა მოიმოქმედა ქრისტემ მისთვის, ანერვიულებულმა ბიჭმა უპასუხა, რომ კონკრეტულად არაფერი იცოდა ამის შესახებ. ეკლესიის წინამძღვრებმა იფიქრეს, რომ ეს მიუღებელი პასუხი იყო.
მოგვიანებით, როცა მუდი ჩიკაგოში გადავიდა, ქუჩებში ხეტიალობდა, რათა ყმაწვილი ბიჭები ეპოვა თავისი საკვირაო სკოლისათვის. მას ძალიან უნდოდა ადამიანთა სულების ხსნა და განზრახული ჰქონდა, რომ ერთი დღეც არ გასულიყო ისე, რომ ვინმესთვის არ ეთქვა იესო ქრისტეს შესახებ. ხშირად მისი ქცევა აღიზიანებდა უცნობებს, როცა ის მათ ეკითხებოდა, იყვნენ თუ არა ქრისტიანები, თუმცა მუდის მიერ დასმული პირდაპირი კითხვა მრავალი მათგანის სინდისს ეხებოდა.
დუაიტ მუდიმ მილიონამდე ადამიანი მოაქცია ქრისტესკენ. მის მიღწევათა შორის აღსანიშნავია მუდის ბიბლიური ინსტიტუტი, რომელიც დღემდე ერთ-ერთი ცნობილი და ავტორიტეტული თეოლოგიური სასწავლებელია.