ბავშვობის წლები
ერიკ ჰენრი ლიდლი დაიბადა 1902 წლის 16 იანვარს ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ტიანცინში, შოტლანდიელ მისიონერთა ოჯახში. ის ჯეიმს და მერი ლიდლების მეორე ვაჟი იყო; ერიკს უმცროსი და ჯენი და ძმა ერნესტიც ჰყავდა. მაშინ, როცა ერიკს 6 წელი შეუსრულდა, ის და მისი უფროსი ძმა რობერტი ლონდონის სამხრეთით მდებარე მისიონერთა ვაჟებისთვის განკუთვნილ ელთამის კოლეჯში გაგზავნეს სასწავლებლად. თავად მშობლები კი ისევ ჩინეთში დაბრუნდნენ მსახურებისათვის. ისინი დროდადრო ჩადიოდნენ შვილების სანახავად და მცირე ხნით ოჯახი ისევ ერთიანდებოდა. ამ დროს ისინი ედინბურგში ცხოვრობდნენ ხოლმე.
მრავალგზის წარმატება სპორტში და პირველი ქადაგება
სკოლაში ერიკსა და რობერტს შესანიშნავი ათლეტური მონაცემები აღმოაჩნდათ. ისინი რაგბის თამაშობდნენ. ერიკი შესანიშნავი მორბენალი იყო. მას ხშირად „მფრინავ შოტლანდიელს“ უწოდებდნენ. უკვე 15 წლის ყმაწვილს მრავალი სპორტული ჯილდო ჰქონდა მოპოვებული. მის მიღწევათა შესახებ წერდნენ გაზეთები. არც ერთ შოტლანდიელ მორბენალს არ მოეპოვებინა მანამდე ოქროს მედალი, ერიკს კი დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ; ამავდროულად, ისინი, ვინც ერიკს იცნობდნენ, აღნიშნავდნენ, რომ მას საერთოდ არ ახასიათებდა პატივმოყვარეობა. პოპულარობის მწვერვალზე მყოფი ყმაწვილი დროს პოულობდა იმისათვის, რომ თავისი სულიერი კუნთებიც განევითარებინა. დილით ადრე დგებოდა, რომ უფლის წინაშე ელოცა და ბიბლია წაეკითხა. ღმერთთან ახლო ურთიერთობა ლიდლმა მთელი ცხოვრების განმავლობაში შეინარჩუნა.
ერიკს 21 წელი რომ შეუსრულდა, ის შოტლანდიელმა მახარებელმა დ. პ. ტომპსონმა მიიწვია, რათა თავისი დამოწმება წარმოეთქვა ახალგაზრდების შეკრებაზე. თავდაპირველად ერიკს მოწვევაზე უარის თქმა უნდოდა, რადგან ძალიან მორცხვი იყო და საკუთარი თავი მქადაგებლის როლში ვერ წარმოედგინა. ამავდროულად მან თავისი დისგანაც მიიღო წერილი, რომელიც ჩინეთიდან სწერდა. წერილში ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები იყო მოხმობილი: „ნუ გეშინია, რადგან მე შენთანა ვარ; ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ მე. გაგამაგრებ და შეგეწევი და მხარს დაგიჭერ ჩემი სიმართლის მარჯვენით.“ წმინდა წერილის სიტყვებმა გაამხნევა ლიდლი. ის გამოვიდა სიტყვით საევანგელიზაციო შეხვედრაზე. მას შემდეგ ერიკი რეგულარულად ქადაგებდა ქალაქ გლაზგოს სტუდენტურ საევანგელიზაციო გაერთიანებაში. უამრავი ადამიანი მოდიოდა ახალგაზრდა მქადაგებლისა და სპორტსმენის მოსასმენად. ის მიხვდა, რომ არ შეეძლო ღვთის მოწოდების უგულებელყოფა, რომელიც მისიონერობისკენ უხმობდა.
1921 წელს ერიკმა ედინბურგის უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც ქიმიას შეისწავლიდა. იქვე სწავლობდა მისი ძმაც. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ერიკმა ბაკალავრის ხარისხი მიიღო.
ჩემპიონობა თუ ღვთის განდიდება?
1924 წლის საზაფხულო ოლიმპიური თამაშები საფრანგეთში ტარდებოდა. ლიდლი უდავოდ გამარჯვებული უნდა გამხდარიყო ასობით მონაწილეს შორის. ასმეტრიანი დისტანცია მისთვის ყველაზე ხელსაყრელი იყო, თუმცა ას მეტრზე სირბილში შეჯიბრება კვირა დღეს დაემთხვა. ერიკი ძალიან ერთგული მორწმუნე იყო და ამიტომაც უარი თქვა შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღებაზე. მისი გადაწყვეტილება ფანატიზმის გამოვლინებად მიიჩნიეს. შეჯიბრებათა განრიგი ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე გამოაქვეყნეს და ერიკის გადაწყვეტილებაც კარგად მოფიქრებული და აწონ-დაწონილი იყო. მაშინ, როცა კვირა დღეს, ოლიმპიადაზე გაიმართა შეჯიბრება ას მეტრზე სირბილში, ლიდლი ღვთის დიდების შესახებ ქადაგებდა ღვთისმსახურებაზე. ის კითხულობდა ესაიას წიგნის მე-40 თავს:
„ვინ შეიცნო უფლის სული? და ვინ დამოძღვრა იგი თავისი რჩევით? ვისთან ბჭობდა ის და ვინ განაბრძნო იგი? და ასწავლა მას სამართლის გზა, ასწავლა მას ცოდნა და გონიერების გზა აცოდინა? აჰა, ხალხები, როგორც წვეთი კარდალიდან; და სასწორის პინაზე მტვრად ჩანან ისინი. აჰა, კუნძულებს, როგორც კორიანტელს, აღგვის. ლიბანი საკმარისი არ არის დასაწველად და მისი ცხოველნი საკმარისნი არ არიან სრულადდასაწველისთვის.
ყოველი ხალხი არაფერია მის წინაშე, არარაობაზე მცირედ და სიცარიელედ უჩანს მას.
ვის მიამსგავსებთ თქვენ ღმერთს? რა მსგავსებას გაუტოლებთ მას? ძეგლს ხომ ხელოსანი ჩამოასხამს, ოქრომჭედელი კი ოქროთი ავარაყებს და ვერცხლის ძეწკვებს უკეთებს მას.
ვინც ვერ გასწვდება ასეთ შესაწირავს, ირჩევს ულპობელ ხეს, გამოცდილ ხელოსანს ეძებს, რომ ურყევად დაადგმევინოს კერპი. განა არ იცით? განა არ გსმენიათ? განა არ გეუწყათ დასაბამიდან? განა არ გაგიგიათ დედამიწის საფუძვლები? ის არის, ვინც დედამიწის წრეზე ზის და მისი მცხოვრებნი კალიასავით არიან მის წინაშე. მან გადაჭიმა ცა ფარდასავით და გაშალა საცხოვრებლად, როგორც კარავი.
ის არის, ვინც მთავართ არაფრად აქცევს და ქვეყნის მსაჯულთ არარაობად ხდის.
დარგულიც არ იყვნენ, დათესილიც არ იყვნენ, მიწაშიც არ გაედგა ფესვი მათ ღეროს და, როგორც კი დაუბერა მათ, გახმნენ და ქარიშხალმა ჩალასავით წაიღო ისინი.
‘ვის მიმამსგავსებთ მე, რომ გავეტოლო?’ – ამბობს წმინდა. ‘მაღლა აღაპყრეთ თვალები და ნახეთ: ვინ შექმნა ესენი? ის, ვისაც თვლით გამოჰყავს თავისი ჯარი, ყველას თავისი სახელით მოუხმობს. მის დიდ ძალას და ძლევამოსილებას არავინ დააკლდება.’
რატომ ამბობ, იაკობ, და ლაპარაკობ, ისრაელ: ‘დაფარულია ჩემი გზა უფლისაგან და ჩემი სამართალი უსხლტება ჩემს ღმერთს?’
განა არ იცი და არ გსმენია? მარადიული ღმერთი, უფალი, შემქმნელი ქვეყნის კიდეებისა, არ იღლება და არ იქანცება, გამოუკვლეველია მისი გონება.
აძლევს ძალას დაღლილს და უძლურს სიმტკიცეს უმატებს. და დაიღლებიან ყმაწვილნი და დაიქანცებიან, ჭაბუკნი კი წაბორძიკებით წაბორძიკდებიან, ხოლო უფლის მოიმედენი ძალას განიახლებენ; ასწევენ ფრთებს, როგორც არწივები, გაიქცევიან და არ დაიქანცებიან, ივლიან და არ დაიღლებიან.“
ერიკ ლიდლს შეეძლო ჩემპიონი გამხდარიყო და ინგლისისთვის სახელი მოეტანა, მაგრამ არ გააკეთა ეს, რადგან ღვთის მცნების შესრულება არჩია.
მთავრობის წარმომადგენლები, რომლებიც დიდ იმედებს ამყარებდნენ ლიდლზე, მას ქედმაღლობასა და სამშობლოს ღალატში ადანაშაულებდნენ. სპორტულმა კომენტატორებმა დაიწყეს მისი სირბილის სტილის გაკრიტიკება, რადგან ფინიშთან მისული ერიკი თავს უკან სწევდა და ცას უყურებდა. უელსის პრინცი ედვარდი არწმუნებდა ლიდლს: „არის დრო, როცა ჩვენ, როგორც მოქალაქეებს, მსხვერპლის გაღებას გვთხოვენ ერთგულების სახელით და ასეთი მსხვერპლის გარეშე ქვეყნის მიმართ ჩვენი ერთგულება არაფრად არ ღირს. ლიდლ, მგონია, რომ თქვენთვის ეს სწორედ შესაფერისი დროა.“ ამაზე ერიკმა უპასუხა: „სერ, ღმერთმა იცის, რომ მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, მაგრამ არ შემიძლია ასეთი მსხვერპლის გაღება… უფალმა შექმნა ქვეყნები, მან შექმნა მეფენი და ის კანონები, რომელთა მიხედვითაც მართავენ ისინი სამეფოებს. ეს კანონი კი ამტკიცებს, რომ შაბათი (კვირა დღე) მას ეკუთვნის, ამიტომაც მე სწორედ ასე ვიცავ ამ დღეს.“
ლორდმა ქედოგენმა ერიკი ქედმაღლობაში დაადანაშაულა, რაზეც მან უპასუხა: „ჩემი ქედმაღლობა, როგორც თქვენ თქვით, იქამდე გაიზრდება, სადამდეც ჩემი სინდისი და ჩემი შეხედულებანი მოითხოვს.“
ერიკს მალე მიეცა შანსი იმისა, დაემტკიცებინა, რომ მისი ასეთი გადაწყვეტილება სიამაყით ან ყალბი ღვთისმოსაობით არ იყო ნაკარნახევი.
ეროვნული გმირი
ლიდლმა ოთხასმეტრიან დისტანციაზე დაიწყო ფიქრი. ამ დისტანციაზე გამარჯვება კი შეუძლებელი ჩანდა. ამის შესახებ წერდნენ ჟურნალისტები და ცდილობდნენ, რომ ლიდლისთვის გარბენში მონაწილეობის სურვილი გაექროთ. ის მართლაც არ იყო ისეთი ძლიერი, რომ გრძელ დისტანციებზე ერბინა.
დადგა შეჯიბრების დღე. გარბენამდე მასაჟისტმა დაინახა, რომ ერიკს ხელში ქაღალდის ნაგლეჯი ეჭირა, რომელზეც ეწერა ციტატა 1-ლი მეფეთა წიგნიდან. უფალი ამბობს: „…ჩემს მადიდებელს განვადიდებ…“ ეს ნაგლეჯი უცნობმა ადამიანმა მისცა მას შეჯიბრების წინ. ამ სიტყვებით გამხნევებულმა ერიკმა დაიწყო გარბენი. ერიკი არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან ისეთი ბილიკი შეხვდა, სადაც მის გარდა არც ერთი მორბენალი არ იყო, რომ სირბილის ტემპი განესაზღვრა ერიკს. მიუხედავად ამისა, ერიკ ლიდლმა არა მხოლოდ გაიმარჯვა, არამედ მსოფლიო რეკორდიც მოხსნა. მან 400 მეტრი 47.6 წამში გაირბინა. მან ჩვეულ დისტანციაზე 4-ჯერ გრძელი მანძილი გაირბინა, მაგრამ უფალმა მას გამარჯვება მოაპოვებინა.
ეს დღე ისტორიაში შევიდა. ლიდლი ინგლისისა და შოტლანდიის ეროვნულ გმირად იქცა. ამ გამარჯვების წყალობით მთელმა მსოფლიომ გაიცნო ერიკ ლიდლი, როგორც გულწრფელი ქრისტიანი და ბრწყინვალე სპორტსმენი. მისი რეკორდი პარიზში ვერავინ მოხსნა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ხოლო ევროპაში – მომდევნო 12 წლის განმავლობაში.
გარბენამდე ერიკმა პუბლიკას მიმართა: „დღეს თქვენ შეჯიბრების საყურებლად მოხვედით, რათა ნახოთ, ვინ გაიმარჯვებს. მე კი ვისურვებდი, ამ გარბენის მიღმა უფრო მეტი დაინახოთ. მინდა, რომ თქვენც მიიღოთ მონაწილეობა სირბილში, რათა ეს გარბენი რწმენას შეადაროთ. ეს რთულია, რადგან ნებისყოფის, ენერგიისა და სულის მომართვას მოითხოვს. თქვენ გიხარიათ, როცა გამარჯვებული ფინიშს გადაკვეთს, განსაკუთრებით, თუ ეს ის მორბენალია, რომელსაც თქვენ გულშემატკივრობთ, მაგრამ რამდენ ხანს გრძელდება ეს სიხარული? შინ ბრუნდებით. შესაძლოა, ვახშამი დაგეწვათ, ან სამსახური დაკარგეთ. ასეთ შემთხვევაში, ვინ ვარ მე, რომ გითხრათ: ‘უნდა გწამდეთ, გქონდეთ რწმენა.’ ვისურვებდი, რომ რაღაც უფრო მუდმივი მომეცა თქვენთვის, მაგრამ მხოლოდ ის შემიძლია, რომ გზა გაჩვენოთ. მე არ მაქვს გარბენში გამარჯვების მოპოვების ფორმულა. თითოეული ადამიანი თავისი გზით გარბის. საიდან მოდის ძალა იმისა, რომ დავინახო გარბენის დასკვნითი ეტაპი? შიგნიდან. იესომ თქვა: ‘თქვენშია ცათა სასუფეველი. თუ მთელი გულით მეძიებთ მე, მიპოვით.’ სწორედ ამიტომ, თუ ქრისტეს სიყვარულს მიუძღვნით თავს, თქვენი ცხოვრების სარბიელს თანაბრად და კარგად გაირბენთ.“
მაშინ, როცა ლიდლს ეკითხებოდნენ, ლოცულობდა თუ არა გამარჯვებაზე, ის პასუხობდა, რომ უფალს მხოლოდ ერთ რამეს სთხოვდა: რომ უფლის სახელი განდიდებულიყო. ლიდლმა ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა ორას მეტრზე სირბილში, პარიზში გამართულ ოლიმპიადაზე.
ოლიმპიადაზე მიღწეული მისი წარმატების გამო უფრო მეტი ხალხი მიდიოდა მის ქადაგებათა მოსასმენად შოტლანდიაში. ბევრს უბრალოდ სურდა, ხელი ჩამოერთმია ჩემპიონისთვის. ერიკს არ უნდოდა, რომ სახარების ქადაგება მის წარმატებასთან ყოფილიყო დაკავშირებული. მას სურდა ქრისტე განედიდებინა საკუთარი ცხოვრებით, ამიტომ ის უნდა დამცრობილიყო. არც აღიარებამ და არც სპორტულმა მიღწევებმა ხელი არ შეუშალა ჩინეთში დაბრუნებასა და მისიონერად მსახურებაში, თავისი მშობლების მსგავსად. ცნობილია მისი გამონათქვამი: „მწამს, რომ უფალმა გარკვეული მიზნისათვის შემქმნა. მან სწრაფ ადამიანად შემქმნა და როცა დავრბივარ, ვრძნობ, რომ კმაყოფილია ჩემით.“
გულმოწყალებით განტმკიცებული ქადაგება
1925 წელს ის ჩინეთში, ქალაქ ტიანცინში გაემგზავრა მისიონერად. მატარებელში ჩაჯდომისას მან თქვა: „ქრისტე მსოფლიოსთვისაა. მსოფლიოს სჭირდება ქრისტე.“ მისი უცნაური გადაწყვეტილების შესახებ წერდნენ ჟურნალ-გაზეთები. მსოფლიოს უჭირდა უფლის მიმართ მისი მიძღვნილების გაგება…
ლიდლმა მსახურება დაიწყო ინგლისურ-ჩინურ ქრისტიანულ კოლეჯში. მისი მოწაფეები იყვნენ მდიდარი და გავლენიანი ხალხის შვილები, რომლებიც მომავალში ჩინეთის ელიტის წარმომადგენლები უნდა ყოფილიყვნენ. სწავლებისას ერიკი თავის სპორტულ ნიჭსაც იყენებდა, მაგრამ მთავარი მათთვის სულიერ ფასეულობათა გადაცემა იყო. 1929 წელს ლიდლმა ცოლობა სთხოვა ფლორენს მაკენზის, კანადელი მისიონერების ქალიშვილს, რომელიც მასზე ათი წლით უმცროსი იყო. ისინი დაინიშნნენ, მაგრამ გოგონას მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ მათ შვილს განათლება უნდა მიეღო და ამისათვის კანადაში უნდა გამგზავრებულიყო, ამრიგად, წყვილი იძულებული იყო, რომ ხუთი წლით განშორებოდა ერთმანეთს.
ტიანცინში ერიკმა მონაწილეობა მიიღო სტადიონის მშენებლობაში და 1932 წლიდან ასრულებდა რელიგიის საქმეთა მინისტრის მოვალეობებს. ის სირბილსაც არ წყვეტდა და ჩინელებს ვერაფერი გაეგოთ ამ უცნაური ადამიანისა, რომელიც დროდადრო მრავალრიცხოვან ქუჩებში დარბოდა.
1934 წელს ერიკი და ფლორენსი დაქორწინდნენ. მათ სამი ქალიშვილი შეეძინათ: პატრიცია, ჰეიზერი და მაურინი. მესამე ქალიშვილის ნახვას ვერც მოესწრო, რადგან ის ერიკის სიკვდილის შემდეგ დაიბადა.
1937 წელს იაპონია ჩრდილოეთ ჩინეთში შეიჭრა. ერიკი ამ დროს ჩინეთის ოლქ სიაშანგში მოღვაწეობდა. ამ ტერიტორიის ფართობი, დაახლოებით, 25 000 კვადრატული კილომეტრი იყო და ამ მანძილზე ერიკი ფეხით ან ველოსიპედით გადაადგილდებოდა; სტუმრობდა ეკლესიებს, ქადაგებდა და არ უშინდებოდა იაპონელთა მიერ ნასროლ ტყვიებს, რომლებიც მის თავზე ზუზუნებდა.
ერთხელ მან გაიგო, რომ ერთი იაპონელი კვდებოდა, რადგან სისხლისგან იცლებოდა. ის ორმოციოდე კილომეტრის დაშორებით იყო იმ ადგილიდან, სადაც იმ დროს ერიკი იმყოფებოდა. არავის უნდოდა მისი დახმარება, რადგან იაპონელების ეშინოდათ. ერიკმა იპოვა ეს ადამიანი, თავის ოთხთვალაში დააწვინა და გადაწყვიტა, რომ ჰოსპიტალში წაეყვანა. იმ ღამით ვერ იძინებდა, რადგან განიცდიდა, იცოდა, რომ თუ იაპონელები იპოვიდნენ მას, აუცილებლად მოკლავდნენ. ერიკმა გადაშალა ბიბლია და წაიკითხა ლუკას სახარებაში ჩაწერილი იესოს სიტყვები: „მცირედში ერთგული ბევრშიც ერთგულია; და ვინც მცირედშიც უსამართლოა, ბევრშიც უსამართლოა.“
ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ მან მშვიდად დაიძინა. მეორე დილით იაპონელი ჯარისკაცები უკვე ყველგან იყვნენ, მაგრამ ერიკის ოთხთვალას ვერ მიაგნეს. გზად ერიკმა კიდევ ერთი იაპონელი გადაარჩინა. მას დანა ჰქონდა ჩარტყმული კეფაში. ერიკმა ისიც ჰოსპიტალში წაიყვანა. პირველი ადამიანი გარდაიცვალა, მეორე კი გადარჩა და ქრისტიანობაზე მოექცა.
„მფრინავი შოტლანდიელის“ ძალის საიდუმლო
1941 წლის 7 დეკემბერს იაპონელებმა დაბომბეს პერლ-ჰარბორი, რამაც ამერიკის შეერთებული შტატებიც ჩაითრია მეორე მსოფლიო ომში. ჩინეთში ცხოვრება საშიში გახდა ინგლისელებისთვის და ბრიტანეთის მთავრობამ თავის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა. ამ დროს ერიკმა თავისი ძმისგან, რობერტისგან, რომელიც ექიმი გახლდათ, მიიღო შეთავაზება, რომ დარჩენილიყო და ღარიბთათვის ემსახურა, ჩინელებისთვის, რომლებიც შიმშილით სიკვდილის ზღვარზე იყვნენ.
დაუსრულებლად მიდიოდნენ მათთან ადამიანები სამედიცინო დახმარებისათვის. შემდეგ რობერტი ავად გახდა და მისიის მთელი სიმძიმე ერიკს დააწვა ზურგზე. ის კვლავ შესანიშნავად დარბოდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა გარეული კურდღლის დაჭერა უწევდა სადილის მოსამზადებლად.
ლიდლის მეუღლე ფლორენსი უკვე მესამე ბავშვს ელოდებოდა. ჩინეთში ცხოვრების პირობები საშინლად გაუარესდა. ერიკმა გადაწყვიტა ცოლ-შვილი დროებით კანადაში გაეგზავნა. მისი ქალიშვილი პატრიცია იხსენებს: „ეს დიდი დილემა იყო მამისთვის, რადგან მას არ შეეძლო ჩვენთან ერთად წამოსვლა, არ შეეძლო გაქცევა. ამ რთულ წუთებში ის თავს ვალდებულად გრძნობდა დარჩენილიყო იმ ადამიანებთან, რომლებსაც ემსახურებოდა.“ ერიკი თავის ოჯახთან გამგზავრებას ერთი წლის შემდეგ აპირებდა, მაგრამ ყველაფერი ძალიან მალე შეიცვალა. ჩრდილოეთ ჩინეთში მცხოვრები ყველა უცხოელი იაპონელთათვის მტრად იქცა.
1943 წლის მარტის ბოლოს სამხედროებმა ხელთ იგდეს მისიონერული სადგური და ყველა საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს, რომელიც პეკინის ახლოს მდებარეობდა. ბანაკში ძალიან ბევრი სხვადასხვა სოციალური ფენისა და პროფესიის წარმომადგენელი ინგლისელი იმყოფებოდა. იქ იყვნენ მდიდარი ბიზნესმენებიც, მუსიკოსებიც და ტურისტებიც, რომლებმაც დროულად წასვლა ვერ მოახერხეს. ბანაკმა ყველა გაათანაბრა. ტყვეებს ყველაზე ბინძური სამუშაოების შესრულება უხდებოდათ. ერიკს უმძიმდა ტყვეთა ყურება, რომლებიც მთლიანად გატეხა არსებულმა სიტუაციამ. ის მათ მორალურად ეხმარებოდა, ბიბლიის შემსწავლელ ჯგუფებს უძღვებოდა ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის, აწყობდა სპორტულ შეჯიბრებებს, ასწავლიდა ქიმიის სახელმძღვანელოდან, რომელიც ზეპირად ახსოვდა და ასე შეძლო მისი აღდგენა.
მოზარდები, მისიონერთა შვილები მშობლებს დააშორეს და საკონცენტრაციო ბანაკში გაამწესეს. მათი რიცხვი სამასს აღემატებოდა. ისინი ძალიან მიეჩვივნენ ლიდლს და მას „ძია ერიკს“ უწოდებდნენ. ერთ-ერთმა ტყვემ მათ უთხრა, რომ ერიკი ოლიმპიური ჩემპიონი იყო სირბილში, რომელმაც კვირა დღეს შეჯიბრებაში მონაწილეობაზე უარი თქვა და ამის შემდეგ მოზარდები კიდევ უფრო მეტ პატივს სცემდნენ მას. ამ ბანაკს გადარჩენილი ერთ-ერთი გოგონა იხსენებდა, რომ ერიკი მათ დაეხმარა იმის გაგებაში, რომ ადამიანმა ყველაფერი უნდა მიიღოს ღვთის ხელიდან; საკონცენტრაციო ბანაკიც კი ცხოვრების ნაწილად უნდა აღიქვას, რადგან ამასაც თავისი დანიშნულება აქვს.
ჯო ქოთერილი, ბანაკში მყოფი ერთ-ერთი მოზარდი შემდეგ ჰყვებოდა, თუ რა იყო ერიკ ლიდლის ძალის წყარო: „რა იყო მისი წარმატების საიდუმლო? მან უპირობოდ მიუძღვნა საკუთარი თავი იესო ქრისტეს, თავის მხსნელსა და უფალს. მასთან ურთიერთობა მისთვის ყველაფერს ნიშნავდა. ყოველ დილით, ლამპის მოციმციმე შუქზე შეისწავლიდა ბიბლიას და ერთი საათის განმავლობაში ღმერთს ესაუბრებოდა. ასე გრძელდებოდა ყოველდღიურად. როგორც ქრისტიანს, ერიკ ლიდლს სურდა, უფრო მეტად შეეცნო ღმერთი, ხოლო, როგორც მისიონერს, უნდოდა, რომ ქრისტეს შესახებ უფრო მეტ ხალხს გაეგო.“
მიუხედავად იმისა, რომ ბანაკი ხალხმრავალი და ხმაურიანი იყო, ღმერთთან განმარტოებისას ლიდლი სწყდებოდა ტანჯვითა და ცრემლებით სავსე ქვეყნიერებას და უზენაესის ტახტის წინაშე ღებულობდა ძალას. ლიდლი კითხულობდა ბიბლიას და უბის წიგნაკში იწერდა აზრებს, რომლებიც კითხვისას მოსდიოდა თავში. მან ბიბლიის მთელი თავები იცოდა ზეპირად. საათებს ატარებდა ლოცვაში. ყოველი დღის დასაწყისში ღმერთს ხვდებოდა, ეს იყო „მფრინავი შოტლანდიელის“ ჩვევა და მისი ძალის საიდუმლო.
გმირული მსხვერპლი
სტივენ მეთქელფს, ბანაკში მყოფ ერთ-ერთ მოზარდს, ახსოვს, როგორ განუმარტა მათ ლიდლმა იესოს მიერ მთაზე წარმოთქმული ქადაგება. იესო თავის მოწაფეებს მოუწოდებდა, ყოფილიყვნენ ზეციერ მამასავით სრულყოფილნი. „ჩვენ ბევრს ვლოცულობთ ჩვენს მეგობრებზე,“ – ამბობდა ლიდლი. „ახლობლებზე, მაგრამ ქრისტე ამბობს, რომ მტრებზეც უნდა ვილოცოთ, ადამიანებზე, რომელთა სიყვარულიც ძალიან ძნელია, რომლებიც გვდევნიან.“ ერიკი მოითხოვდა, რომ მოზარდებს გამუდმებით ელოცათ იაპონელებზე, რომლებმაც ისინი მშობლებს დააშორეს და არ ჰქონოდათ მათდამი სიძულვილი. შედეგად სტივენი მისიონერი გახდა იაპონიაში.
ბანაკში არსებული პირობები შემაძრწუნებელი იყო. ერიკი დღედაღამ შრომობდა, ლოცულობდა ავადმყოფებზე, უვლიდა ბავშვებს. ნორმან კლიფმა, ბანაკში მყოფმა ერთ-ერთმა ტყვემ შემდეგ წიგნიც კი დაწერა სახელწოდებით „ბედნიერი გზის შიდა ეზო“ (“The Courtyard of the Happy Way”). წიგნში ის ერიკის შესახებ წერდა: „ის ყველაზე სათნო ქრისტიანი იყო, ვისაც კი ოდესმე ვიცნობდი. ბანაკში ყოფნის მთელი დროის განმავლობაში ერთხელაც კი არ მსმენია მისგან, რომ ვინმეს შესახებ ცუდი ეთქვას.“
მოგვიანებით, როცა უინსტონ ჩერჩილმა გაიგო, რომ სახელგანთქმული ინგლისელი ათლეტი იაპონელთა საკონცენტრაციო ბანაკში იმყოფებოდა, იაპონელებს მის სანაცვლოდ მაღალი თანამდებობის იაპონელი სამხედრო პირი შესთავაზა. ბოლო წუთს ერიკმა უარი თქვა წასვლაზე და ეს უფლება ორსულ ქალს დაუთმო. ეს ინფორმაცია მსოფლიოსთვის მხოლოდ 2008 წელს გახდა ცნობილი პეკინში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე. ეს გმირული საქციელი თავად ერიკის ოჯახის წევრებისთვისაც კი დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა.
ბანაკში ერიკი დაავადდა. ხანდახან ეჩვენებოდა, რომ თავი უსკდებოდა ძლიერი, მფეთქავი ტიკივილისგან. ბანაკში მყოფი ექიმი, ანა ბაკენი, ვარაუდობდა, რომ ეს ძლიერ დაძაბულობასა და გადაღლას, ცუდ კვებას უკავშირდებოდა. რენტგენის აღჭურვილობა კი ბანაკში არ იყო. ერიკი გრძნობდა, რომ მახსოვრობას კარგავდა. ბანაკში მისი ერთ-ერთი მოვალეობა გახლდათ ტყვეებისთვის წყლის მიტანა. სულ მცირე, სამი საათის განმავლობაში უწევდა წყლის ამოქაჩვა მიწის სიღრმიდან. ამ დროის განმავლობაში წიგნი ედო წინ და ვარჯიშობდა წიგნის ნაწყვეტების დამახსოვრებაში. ყოველდღე სულ უფრო და უფრო უარესდებოდა მისი მდგომარეობა.
1945 წლის 21 თებერვალს ის ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ერიკი მოზარდებს ესაუბრებოდა იმის შესახებ, რომ მნიშვნელოვანია ღვთის ნება მივიღოთ ისეთი, როგორიც არის ის და არა ისეთი, როგორადაც ჩვენ წარმოგვიდგენია. ის მათ ელაპარაკებოდა ღვთის სრულ მორჩილებაზე. ერიკის უკანასკნელი სიტყვები იყო: „შენით ვარ გარემოცული, უფალო… ეს სრული კაპიტულაციაა…“ ერიკ ლიდლი გათავისუფლებამდე ხუთი თვით ადრე გარდაიცვალა.
ნორმან კლიფი იხსენებს: „ცივი დღე იყო. ერიკის კუბოს წაღებაში ვეხმარებოდი სხვებს. ეკლესია სავსე იყო ხალხით: იქ მორწმუნეებიც იყვნენ და ურწმუნოებიც…“ ის დაკრძალეს წამებულთა მავზოლეუმში, რაც დიდი პატივი იყო ევროპელისათვის. დაკრძალვას ბანაკში მყოფი ყველა ტყვე ესწრებოდა. მთელი ბანაკი გლოვობდა. ბევრმა მოზარდმა, ამის შემდეგ, საკუთარი ცხოვრება მისიონერულ საქმიანობას მიუძღვნა. ლენგდონ ჰილკეი მოგვიანებით დაწერს: „მთელი ბანაკი, განსაკუთრებით მოზარდები, რამდენიმე დღეს გონზე ვერ მოდიოდნენ, ისეთი დიდი იყო ის სიცარიელე, რომელიც ერიკის დაკარგვის შემდეგ დარჩა…“
დევიდ მაკკესლენდი, ავტორი ფილმისა – „ერიკ ლიდლი: სუფთა ოქრო“ – ამოწმებდა, რომ ერიკს საერთოდ არ გააჩნდა ეგოიზმი, ის ღვთის მორჩილი მსახური იყო. ის გაცილებით უკეთესად ცხოვრობდა, ვიდრე ამას ქადაგებდა. ამას ყველა ხედავდა. მისი დაკრძალვიდან ერთი დღის შემდეგ ერთმა ურწმუნო ადამიანმა ერიკის შესახებ თქვა: „ჩვენ შორის იესო ქრისტე ცხოვრობდა და ის გუშინ გარდაიცვალა…“
1980 წელს ჰოლივუდში გადაიღეს ფილმი ერიკ ლიდლის შესახებ, სახელწოდებით „ცეცხლოვანი ეტლები“, რომელმაც ოსკარი მიიღო. ერიკის შესახებ დაწერილია წიგნები, გადაღებულია დოკუმენტური ფილმები. ჩინეთში, იმ ადგილზე, სადაც საკონცენტრაციო ბანაკი იყო, 1991 წელს დადგეს მემორიალური დაფა, რომელზეც ამოკვეთილია ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები: „ხოლო უფლის მოიმედენი ძალას განიახლებენ; ასწევენ ფრთებს, როგორც არწივები, გაიქცევიან და არ დაიქანცებიან, ივლიან და არ დაიღლებიან.“
წყარო: http://www.heroes-of-faith.com