მაშინ, როცა ჯერ კიდევ იეზუიტი ახალმოქცეული იყო, ჟან დე ბრებიოფი გულმხურვალედ ლოცულობდა იმის შესახებ, რომ ღმერთს სახიფათო მისიის შესასრულებლად წარეგზავნა. ღმერთმა უპასუხა მის ლოცვებს.
ჟანი ფრანგი იყო, ნორმანდიიდან. მას თავისი წინაპრების სიმამაცე გამოჰყოლოდა. ის აირჩიეს იმისათვის, რომ ახალ საფრანგეთში ეშრომა სახარების გასავრცელებლად და ამან ჟანი ძალიან გაახარა. ის 1625 წელს ჩავიდა კვებეკში. ცხოვრობდა ვიგვამში (პატარა ქოხი). 1626 წლიდან დაწყებული ის და კიდევ ერთი მისიონერი ორი წლის განმავლობაში შრომობდნენ ჰურონებს შორის, მაგრამ მხოლოდ მცირეოდენ წარმატებას მიაღწიეს ინდიელთა მოქცევის საქმეში. ბრებიოფი საფრანგეთში გაიწვიეს 1629 წელს, როცა ბრიტანეთმა იგდო ხელთ კონტროლი საფრანგეთის კოლონიაზე, მაგრამ საფრანგეთმა ისევ დაიბრუნა კანადა 1633 წელს და ბრებიოფიც დაუბრუნდა თავის სამოღვაწეო ასპარეზს.
ძალიან დამღლელი და უიმედო იყო ჟანის შრომა, რადგან ინდიელები არ იჩენდნენ ინტერესს ქრისტიანობის მიმართ. თექვსმეტი წლის განმავლობაში ჟან დე ბრებიოფი სხვადასხვა ტომს შორის იღვწოდა და თანდათანობით მცირე, თუმცა მზარდ წარმატებას აღწევდა ჰურონებს შორის.
1648 წელს იროკეზებმა შეუტიეს ჰურონებს. მაშინ ჟანი გადაურჩა სიკვდილს. ამავე წლის მარტში მაცნემ გააფრთხილა ჰურონები, რომ იროკეზები კვლავ თავდასხმას აპირებდნენ. ჟანს შეეძლო გაქცევა, მაგრამ, ნაცვლად ამისა, ის ქალებს და ბავშვებს დაეხმარა, რომ ტყეში გახიზნულიყვნენ. მხოლოდ ყველაზე გაბედულნი დარჩნენ. ისინი ჟანსა და მის ახალგაზრდა დამხმარეს, გაბრიელ ლალემანტს, არწმუნებდნენ, რომ წასულიყვნენ. ეს მათი ბრძოლა არ იყო, ამბობდნენ ისინი. იეზუიტებმა უარი თქვეს წასვლაზე, თუმცა იცოდნენ, რომ მტრის ხელთ ჩავარდნის შემთხვევაში, წამება ელოდათ. ახლა, როგორც არასოდეს, მათ ესმოდათ ის, რომ ჰურონებს სულიერი რჩევა, ნათლობა და სიკვდილისწინა წესების აღსრულება სჭირდებოდათ.
იროკეზების შემოტევა რომ დაიწყო, ორივე იეზუიტი ჰურონებს შორის დაქროდა. ისინი ამხნევებდნენ მათ, ლოცვისკენ მოუწოდებდნენ, დაჭრილებს აქცევდნენ ყურადღებას, ნათლავდნენ მომაკვდავებს. იროკეზებმა სძლიეს ჰურონებს. შეიპყრეს ბრებიოფი, ლალემანტი და სამოცი ჰურონი მეომარი, რომელთაც სცემეს და სენტ იგნასიში წაასხეს. ბრებიოფი ჰურონებს მოუწოდებდა, ქრისტეს ერთგულნი დარჩენილიყვნენ სიკვდილამდე.
იეზუიტებს სამოსი გახადეს, გაშოლტეს, შემდეგ ბოძებს მიაბეს და ცეცხლით აწამეს. ჟანი ნაშუადღევიდან ოთხ საათამდე იტანჯა. ყვირილის ძალა აღარ ჰქონდა და მაინც ლოცულობდა თავის მტანჯველთა გადარჩენისათვის. იროკეზებმა ადუღებული წყალი გადაასხეს მათ ნათლობის რიტუალის დაცინვის ნიშნად. მათ დაანაწილეს ჟანის სხეული, სკალპი ააძვრეს ჯერ კიდევ ცოცხალს და გული ამოაჭრეს, რომელიც შემდეგ შეჭამეს კიდეც. ეს მოხდა 1649 წლის 16 მარტს. მეორე დილით ლალემანტიც ასეთვე ტანჯვა-წამების შედეგად გარდაიცვალა.