კარლ ბართი დაიბადა 1886 წლის 10 მაისს, ბაზელში, ხუცესის ოჯახში. ბაზელსა და ბერნში გატარებული ბედნიერი ბავშვობის შემდეგ კარლი სწავლობდა ბერნის, ბერლინის, ტიუბინგენისა და მარბურგის უნივერსიტეტებში. 1908 წელს ის ჟენევის რეფორმატორულ ეკლესიაში ხუცესის თანაშემწედ დანიშნეს, ხოლო 1909 წლიდან მოყოლებული ხუცესად მსახურობდა.
ბართის პირველი მნიშვნელოვანი ნაშრომი „მოციქულ პავლეს წერილი რომაელთა მიმართ“ (1918 წელი) დაიწერა კიერკეგორის იდეებთან კავშირში. 1923 წლიდან კი ბართი ხდება რამდენიმე უნივერსიტეტის პროფესორი.
კარლ ბართმა უარი თქვა ლიბერალურ თეოლოგიაზე. მე-20 საუკუნის სხვა რელიგიურ მოაზროვნეთაგან განსხვავებით, რომლებიც ქრისტიანობას სხვა შეხედულებებს ამატებდნენ, კარლმა უარი თქვა მსოფლიო რელიგიებიდან ნასესხებ ნებისმიერ იდეაზე. ის მიიჩნევდა, რომ რელიგიები ადამიანთა მცდელობა იყო ღმერთამდე მისაღწევად, ქრისტიანობაში კი თავად ღმერთი ჩამოვიდა დედამიწაზე. ქრისტიანობა არ იყო ადამიანთა აღმოჩენა, არამედ ეს გახლდათ ღვთის გამოცხადება, ფიქრობდა ბართი.
თავდაპირველად ის წიგნს წერდა მხოლოდ საკუთარი თავისა და ახლო მეგობრებისათვის. პირველად მხოლოდ 1000 ეგზემპლარი დაიბეჭდა, რომლებიც ძლივს გაიყიდა.
მოგვიანებით, ბართმა დაწერა „ეკლესიის დოგმატიკა“ და სხვა თეოლოგიური ნაშრომები. მას ეკუთვნის „ბარმენის დეკლარაცია“, რომელიც ქრისტიანებს მათი რწმენის ისტორიულ ჭეშმარიტებათაკენ მოუწოდებდა მაშინ, როცა ჰიტლერის მომხრენი ნაციონალურ ეკლესიაში რწმენას პაროდიად აქცევდნენ, პაროდიად, რომელიც ჰიტლერს ტაშს უკრავდა და რელიგიის განკარგვის უფლებას აძლევდა. მაშინ, როცა ბართმა უარი თქვა ნაცისტურ რეჟიმთან თანამშრომლობაზე, მას პროფესორობა ჩამოართვეს ბონში.
კარლ ბართი გარდაიცვალა 1968 წლის 10 დეკემბერს ბაზელში