25 წლის ასაკში, მახარებელმა ჯორჯ უაიტფილდმა განიზრახა ობოლთა თავშესაფრის გახსნა ჯორჯიის ახლად დაარსებულ კოლონიაში. მან ამ თავშესაფარს „ბეთ-ხაზდა“ უწოდა, რაც „წყალობის სახლს“ ნიშნავს. მან აღნიშნული სახელი თავშესაფრისთვის იმიტომ აირჩია, რომ იმედოვნებდა, ბევრი მოწყალე საქმე გაკეთდებოდა ობოლთა სახლის მეშვეობით. თავშესაფრის მშენებლობა დაიწყო 1740 წლის 25 მარტს. მთავარი შენობა ორსართულიანი უნდა ყოფილიყო, ოცი ოთახით. ორი მომცრო შენობა კი თავშესაფრის უკან უნდა მდგარიყო, სადაც განთავსებული იქნებოდა ლაზარეთი და გამოსასწორებელი სახლი.
უაიტფილდს უნდოდა, რომ ამ თავშესაფარში ბავშვებს სახარების ძლიერი გავლენა განეცადათ და მკაცრი დისციპლინა ესწავლათ. ყმაწვილებს ასევე უნდა შეესწავლათ სხვადასხვა ხელობა იმისათვის, რომ ზრდასრულობის ასაკის მიღწევის შემდეგ, თავად ეშრომათ ლუკმაპურისთვის. შედარებით პატარა ბავშვები მატყლის გაჩეჩას და დართვას სწავლობდნენ, უფრო მოზრდილები კი – მექანიკას და მეურნეობას. უაიტფილდი იმედოვნებდა, რომ ობოლთა თავშესაფარი საბოლოოდ უნივერსიტეტის დაარსების საფუძველი გახდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები თავად შოულობდნენ საკვებს საკუთარი შრომით, თავშესაფრის შენახვა მაინც ძალიან ძვირი აღმოჩნდა. ეს მძიმე ტვირთად დააწვა უაიტფილდს და ამის გამო ვალებიც დაედო. ბენჯამინ ფრანკლინმა თქვა, რომ მუშახელისა და მასალების სიმწირის გამო უმჯობესი იქნებოდა, ეს თავშესაფარი ფილადელფიაში აეშენებინათ და ამიტომაც სწორედ იქ გადაიყვანა ბავშვები. უაიტფილდმა კი მაინც ერთგულება გამოიჩინა მათ მიმართ, ვინც საკუთარი ფული შესწირა ჯორჯიაში ობოლთა სახლის აშენებას.
სიკვდილის წინ უაიტფილდმა ობოლთა თავშესაფარი ლედი ჰანდინგტონს უანდერძა, ინგლისელ ქველმოქმედ ქალბატონს; სთხოვა, რომ გაეგრძელებინა თავშესაფრის პრინციპების დაცვა და კოლეჯი დაეარსებინა. თუმცაღა, თითქმის 5 000 კმ-ის დაშორებით მცხოვრებმა ქალბატონმა, ჰანდინგტონმა, ვერ შეძლო თავშესაფრისთვის მეთვალყურეობის გაწევა და საჭირო სამუშაოთა ჩატარება, რის გამოც ეს საქმე დავიწყებას მიეცა.
1773 წელს ხანძარმა გაანადგურა თავშესაფარი. გარკვეული ხნის შემდეგ, იმავე ადგილზე აშენდა ახალი შენობა, „ბეთ-ხაზდას სახლი ბიჭებისათვის“, რომელიც დღემდე განაგრძობს არსებობას და რომელსაც ახლა „ბეთ-ხაზდას აკადემია“ ეწოდება.