სამყაროს დასაწყისი – ჯონ ლენოქსი

ლენოქსი საუბრობს სამყაროს წარმოშობის შესახებ:
– რისი სჯეროდათ მეცნიერებს „დიდი აფეთქების“ თეორიამდე?
– უარყო თუ არა ღმერთის არსებობის საჭიროება „დიდი აფეთქების“ თეორიამ?
– შეძლებს თუ არა მეცნიერება მატერიალური სამყაროს ყველა საიდუმლოსათვის ფარდის ახდას?
– სჭირდება თუ არა სამყაროს შემოქმედი?
– მიუთითებს თუ არა მეცნიერება ღმერთზე?

მე-20 საუკუნის დასაწყისამდე ჯერ კიდევ არისტოტელეს შეხედულება იყო გაბატონებული, რომლის მიხედვითაც სამყარო მარადიული იყო და ადამიანებს სჯეროდათ, რომ ის ასევე სტატიკური გახლდათ.

 

მათი აზრით, ვარსკვლავები დიდად არც მოძრაობდნენ, „ირმის ნახტომის“ გარდა კი სხვა გალაქტიკების არსებობის შესახებ ხომ საერთოდ არაფერი იცოდნენ. ამრიგად, მათ აზროვნებაში სამყარო იყო მარადიული და სტატიკური, თუმცაღა შემდეგ ეს შეხედულება შეიცვალა.


უარყო თუ არა ღმერთის არსებობის საჭიროება „დიდი აფეთქების“ თეორიამ?
„დიდი აფეთქების“ თეორია ვერ უარყოფს ღმერთის, შემოქმედის არსებობის საჭიროებას. ეს გაუგებრობაა. „დიდი აფეთქების“ თეორია უბრალოდ ამბობს: „ჩვენ გვჯერა, რომ იყო დასაწყისი“. დაბადების წიგნიც სწორედ ამას ამბობდა ათასობით წლის განმავლობაში.


საქმე ისაა, რომ დაბადების წიგნი არა მხოლოდ იმას გვეუბნება, რომ სამყაროს დასაწყისი ჰქონდა, არამედ იმასაც, რის თქმაც მეცნიერებას არ შეუძლია, ანუ იმას, რომ სამყაროს დასაწყისის პირველმიზეზი გახლდათ თავად ღმერთი.


ამრიგად, ქრისტიანებს შიში არ უნდა აღეძრათ, როცა დიდი აფეთქების თეორიის შესახებ საუბარს მოჰკრავენ ყურს, რადგან, როგორც ზემოთ ვახსენე, სიტყვები − „დიდი აფეთქება“ − დამაბნეველი და არასწორია.


ამ დროს წარმოგიდგებათ ხმაურიანი აფეთქება, რომელიც ძალიან შორს არის ძირითადი იდეისგან, მაგრამ, მოდით, მთავარი გავიგოთ, რადგან ხშირად მითქვამს ფიზიკოსებისთვის: „ნახეთ, 1960-იან წლებამდე დაგჭირდათ მისვლა იმისათვის, რომ დაგეჯერებინათ, რომ სამყაროს აქვს დასაწყისი. 

 

მე ამის მანამ მჯეროდა, სანამ თქვენ დაიჯერებდით, რადგან მაქვს მიზეზები, რათა ვიფიქრო, რომ ბიბლიური გამოცხადება ჭეშმარიტია და უფრო მეტიც, ბიბლიის მსოფლმხედველობას სერიოზულად რომ მოჰკიდებოდით და არისტოტელეს შეხედულების ესოდენ ერთგული დამცველნი რომ არ ყოფილიყავით, გაცილებით უფრო ადრე დაინახავდით მოწმობას იმის შესახებ, რომ დროსა და სივრცეს აქვს დასაწყისი.“

 

ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბევრი მეცნიერი ამბობს: „კი, მაგრამ ბიბლიაში არაფერია ნათქვამი წინასწარ. მინდა გითხრათ, რომ ეს ასე არ არის, რადგანაც თუ ბიბლიის მსოფლმხედველობას სერიოზულად მოეკიდებით, აქვე, სულ თავიდან: დასაწყისში ღმერთმა შექმნა ცა და მიწა. 

 

და თუ ეს მართალია, შეგიძლიათ შეამოწმოთ. სწორედ ეს გააკეთეს ლემეტრმა, ჰაბლმა, ასევე, უილსონმა და პენზიასმა. ისინი ამოწმებდნენ იმას, რასაც ამტკიცებს ბიბლია. განა საინტერესო არ არის, რომ ხსენებულ პიროვნებებს ამ იდეისკენ უბიძგა ჟორჟ ლემეტრმა, რომელიც მღვდელი გახლდათ და რომელმაც პირველად წამოაყენა იდეა იმის შესახებ, რომ სამყარო სტატიკური არ არის და რომ ის ფართოვდება.


შეძლებს თუ არა მეცნიერება მატერიალური სამყაროს ყველა საიდუმლოსათვის ფარდის ახდას?


ვფიქრობ, ბევრი რამ დარჩება ჩვენი ცოდნის მიღმა. ჩვენ არ ვიცით, მეცნიერული გადმოსახედიდან, რა არის ცნობიერება; ჩვენ არ ვართ დარწმუნებულნი იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ენერგია, და სამყაროს საფუძვლების არსის გაგება მეტისმეტად რთულია ჩვენთვის. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ბევრი რამ ჩვენთვის მიუწვდომელი დარჩება და სულაც არ ვარ ამის წინააღმდეგი. 

 

ვფიქრობ, დაბადების წიგნში ღმერთი ბიძგს გვაძლევს იმისათვის, რომ გამოვიკვლიოთ სამყარო. მეცნიერებისათვის ხელის მოკიდების დავალება ბიბლიის პირველივე ფურცლებიდან ჩანს, სადაც ვკითხულობთ იმის შესახებ, თუ როგორ უბრძანა ღმერთმა ადამიანს ცხოველთათვის სახელების დარქმევა. 

 

ეს კი ტაქსონომიაა, რაც ფუძემდებლური აკადემიური დისციპლინა გახლავთ. ის ყველა დისციპლინაზე ვრცელდება. ეს საგანთათვის სახელების დარქმევაა და სწორედ ამას ცდილობდა ადამიანი სამყაროს დასაწყისში. თუმცაღა ამის ამომწურავად გაკეთება შესაძლებელია თუ არა, ეს საკითხი ღიად რჩება და ჩემთვის სრულიად მისაღებია ეს მდგომარეობა. სამყაროს უსასრულო პოტენციალი აქვს კვლევა-ძიებისათვის და ეს რასაკვირველია, მეცნიერებს ბევრ საქმეს აძლევს.
სჭირდება თუ არა სამყაროს შემოქმედი?

 

საჭიროების შესახებ იდეა დიდად საკვირველია. მე ჭეშმარიტებით ვარ დაინტერესებული: არსებობდა შემოქმედი თუ არ არსებობდა? ვიცი, რომ ეს შეხედულება ძალიან პოპულარულია დღეს, რადგან ჰოკინგმა აქცია ის პოპულარულად. ამ შეხედულების მიხედვით, შემოქმედის საჭიროება არ არსებობს. შემოქმედისთვის არაფერია საკეთებელი. თუმცაღა მე გულდასმით გავაანალიზე მისი არგუმენტები, ფაქტობრივად, წიგნიც დავწერე, რომელსაც „ღმერთი და სტივენ ჰოკინგი“ ეწოდება.


ჩემი აზრით, შემოქმედის თავიდან მოშორების მისეული მეთოდი საერთოდ არ გამოდგება, რადგან ჰოკინგი საუბრობს სამყაროს შესახებ. ასევე სამყაროზე საუბრობენ სხვებიც, მაგალითად, ლორენს კრაუსი, არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. ნება მომეცით, თავად ჰოკინგის ციტატა მოგიყვანოთ. ის ამბობს: „იმის გამო, რომ არსებობს ისეთი კანონი, როგორიც არის გრავიტაცია, სამყაროს შეუძლია საკუთარი თავის შექმნა არაფრიდან და ის შექმნის კიდეც“.


ეს არის ჰოკინგის წიგნის მთავარი სათქმელი. წიგნის სათაურია „დიდებული ჩანაფიქრი“ და მისი ავტორები არიან ჰოკინგი და მლოდინოვი. ზემოხსენებული ციტატის წაკითხვის შემდეგ გაოგნებული დავრჩი, რადგან, დავიწყოთ იმით, რომ ის საკუთარ თავს ეწინააღმდეგება. იმის გამო, რომ არსებობს გრავიტაციის კანონი, იმის გამო, რომ არსებობს რაღაც, სამყაროს საკუთარი თავის შექმნა შეუძლია არაფრიდან. ეს სრული შეუსაბამობაა.


ასევე, თქმა იმისა, რომ სამყაროს შეუძლია – საკუთარი თავი შექმნას არაფრიდან, ლოგიკური უაზრობაა. თუ ვიტყვი, რომ x (იქსი) ქმნის y-ს (იგრეკს), უხეშად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს იმას, რომ თუ გაქვთ x (იქსი), შეიძლება ბოლოს მიიღოთ y (იგრეკი). 

 

მაგრამ თუ ვიტყვი, რომ x (იქსი) ქმნის x (იქსს), ეს ჩემთვის ნიშნავს იმას (უკაცრავად, რომ პროვოკაციულად ჟღერს ჩემი სიტყვები), რომ უაზრობა უაზრობად რჩება, მაშინაც კი, როცა გავლენიანი და ცნობილი მეცნიერები ამბობენ ამას. ამრიგად, ეს ზემოხსენებული ციტატის მეორე შეცდომაა. ეს ლოგიკური უაზრობაა.


მაგრამ იდეა „არაფრის“ შესახებ უაღრესად საინტერესოა. ამ დღეების განმავლობაში მე სწორედ „არაფრის“ შესახებ ვკითხულობ ლექციებს, რადგან „არაფერი“ სინამდვილეში ძალიან საინტერესოა. რატომ? იმიტომ, რომ როგორ იღებენ ისინი სამყაროს „არაფრიდან“? როგორ და ცნება „არაფრის“ ხელახლა, სხვანაირად განსაზღვრების მეშვეობით. ძალიან რთულია ამის დაჯერება, მაგრამ ლორენს კრაუსი თავის წიგნში „სამყარო არაფრიდან“ წერს: „იმის გამო, რომ ‘რაღაც“ ფიზიკურია, ‘არაფერიც’ ფიზიკური უნდა იყოს, განსაკუთრებით, თუ ამას განვსაზღვრავთ, როგორც ‘რაღაცის უქონლობას’“. ეს აბსოლუტური უგუნურება და აბსურდია.


თუ ასეთ უკიდურესობამდე მიდიხართ ღმერთის თავიდან მოსაშორებლად, უნდა ითქვას, რომ საერთოდ არ გამოგდით მისი თავიდან მოშორება; საერთოდ არ გამოგდით სამყაროს მიღება არაფრიდან; ამრიგად, თქვენ არ შეგიძლიათ იმ პრობლემის გადაჭრა, რომელი პრობლემაც ესოდენ წარმტაცად აღგვიწერეს კრაუსმა და ჰოკინგმა საკუთარი წიგნების დასაწყისში.


ეს შეკითხვა თავის დროზე დასვა ლაიბნიცმა: „რატომ არსებობს ‘რაღაც’, ნაცვლად ‘არაფრისა’?“


სწორედ ამიტომაც, ვერ ახდენს ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ზემოხსენებული მცდელობანი იმის თქმისა, რომ ღმერთი არ გვჭირდება. ვფიქრობ, სწორედაც რომ გვჭირდება ღმერთი. საინტერესო ის არის, რომ იმ ადამიანების შეხედულება, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სამყარო არაფრიდან იქმნება, საფუძველსაა მოკლებული, რადგან მათი „არაფერი“ სინამდვილეში არის „რაღაცა“, კვანტური ვაკუუმი ან რაიმე მსგავსი.


დიახ, ვფიქრობ, რომ გვჭირდება ღმერთი, რადგან ეს ადამიანები იტყვიან, რომ სამყაროს ქმნიან ბუნების კანონები, მაგრამ ეს ბუნების კანონები საიდანღა მოდის? ამ შეკითხვას ისინი უკვე აღარ სცემენ პასუხს.


ამრიგად, ვფიქრობ, რომ სანამ დავიწყებდეთ, საჭიროა ღმერთი, რომელმაც ისე უნდა მოაწყოს სამყარო, რომ ამ სამყაროს თავისი კანონები ჰქონდეს.
ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი იმისა, რის გამოც მორწმუნე ვარ (ჩემს ქრისტიანობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ), გახლავთ ის, რომ შეიძლება მეცნიერულ ძიებათა წარმოება. ისე, როგორც ამას აკეთებდნენ ნიუტონი, გალილეი, კეპლერი, კლერკ მაქსველი, ბებიჯი და უნდა თქვას, რომ ყველა მათგანი მორწმუნე იყო. რატომ? იმიტომ, რომ სამყარო შექმნილია გონიერი ღმერთის მიერ.


კლაივ ლუისი შესანიშნავად წერს ამის შესახებ: „ადამიანები მეცნიერები გახდნენ, რადგან ისინი მოელოდნენ კანონის გამოვლინებას ბუნებაში და იმიტომ მოელოდნენ კანონის გამოვლინებას ბუნებაში, რადგან სწამდათ კანონმდებლის.“


ხშირად ვეუბნები ადამიანებს: „იცით, თანამედროვე მეცნიერება იუდეურ-ქრისტიანული მსოფლმხედველობის საჩუქარია კაცობრიობისათვის. სწორედ ამიტომაც, არ მრცხვენია იმის, რომ ერთდროულად მეცნიერიც ვარ და ქრისტიანიც, რადგან ქრისტიანობამ მოგვცა მსოფლმხედველობა მეც, ნიუტონსაც და სხვა მეცნიერებსაც. 

 

ღმერთისადმი რწმენა ხელს არ უშლიდა მათ მეცნიერულ საქმიანობაში, პირიქით, რწმენა იყო მამოძრავებელი ძალა ამისათვის. ვფიქრობ, ისევ უნდა დავინახოთ ის, რომ სწორედ ეს არის თანამედროვე სამეცნიერო კვლევა-ძიების ნამდვილი წყარო.
მიუთითებს თუ არა მეცნიერება ღმერთზე?


მჯერა, რომ მეცნიერება ღმერთისკენ მიგვითითებს და ამის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოწმობა შეგვიძლია ასტრონომიიდან და კოსმოლოგიიდან მოვიყვანოთ და მას „სამყაროს ზუსტი მოწყობა“ ეწოდება.


მახსოვს, ერთხელ დისკუსია გავმართე ოქსფორდის ერთ ცნობილ ფილოსოფოსთან, რომელიც ათეისტია. მან მთხოვა, სიტყვით გამოვსულიყავი მისი სტუდენტების წინაშე და მესაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ მწამს ღმერთის.

 

ბოლოს მითხრა: „ვიმედოვნებ, მეცნიერებიდან თქვენს საუკეთესო არგუმენტს გამოიყენებთ ათეიზმის წინააღმდეგ.“


ვუპასუხე: „კი, ბატონო, თუ თქვენთვის ცნობილია ასეთი არგუმენტი, მითხარით მის შესახებ.“


მან მითხრა, რომ თუ ოდესმე მორწმუნე გახდებოდა, მხოლოდ სამყაროს ზუსტი მოწყობის გამო.


იდეა ის გახლავთ, რომ უკანასკნელი 50 თუ 100 წლის განმავლობაში აღმოჩენილ იქნა ის, რომ დედამიწა უნიკალური ადგილია იმ გაგებით, რომ მზისგან უფრო შორს რომ ვიყოთ, დიდი სიცივის გამო სიცოცხლე შეუძლებელი იქნებოდა ჩვენს პლანეტაზე, ამავენაირად: მზესთან რომ უფრო ახლოს ვიყოთ, ასევე შეუძლებელი იქნებოდა სიცოცხლის არსებობა დიდი სიცხის გამო.


დედამიწა არა მხოლოდ ამის გამოა უნიკალური ადგილი, არამედ იმის გამოც, რომ ბუნების ძირითადი მუდმივები იმდენად ზუსტად არის მოწყობილი სიცოცხლის არსებობისათვის, რომ თავად მეცნიერები, მნიშვნელობა არ აქვს, ათეისტები არიან ისინი, ქრისტიანები თუ სხვა მსოფლმხედველობის მქონე ადამიანები, ფიქრობენ, რომ სამყაროს მოწყობას ნამდვილად სჭირდება ახსნა. 

 

ამ აზრის არიან სტივენ ჰოკინგი, ლორდ როსი და სხვები. ყველა მათგანი ფიქრობს, რომ რაღაც არსებობს. ეს დაუძლეველ ცნობისმოყვარეობას აღძრავს ჩემში და მჯერა, რომ არსებობს რაღაც.


იმისათვის, რომ თავიდან მოვიშოროთ ზუსტი მოწყობის იდეა (რაც შეუძლებელია), საჭიროა, გამოვიყენოთ რაღაც ხრიკი, რათა გავზარდოთ სხვა ალბათობათა რიცხვი და ამის გაკეთების ერთ-ერთი საშუალებაა მულტივერსი ანუ მულტისამყარო.


სამეცნიერო თვალსაზრისით, კვანტური ფიზიკა მასწავლა სერ ჯონ პოლკინგჰორნმა. ის ამბობდა, რომ ეს მულტისამყარო, ეს სამყაროები ჩვენთვის მიუწვდომელია. მე ვიტყოდი, რომ გაცილებით უფრო ბუნებრივია, უფრო კეთილგონივრულია, გვჯეროდეს შემოქმედის მიერ შექმნილი ერთი სამყაროს არსებობის, ვიდრე გვჯეროდეს მულტისამყაროსი, რომელთანაც არ გვაქვს წვდომა და არც იმის მტკიცებულება, რომ ის საერთოდ არსებობს.


ამის შესახებ ბევრი დაიწერა, თუმცა მე ეს საინტერესოდ მიმაჩნია, რადგან აუცილებელი არ არის მეცნიერების მთავარი დინების წინააღმდეგ წახვიდეთ, რათა ეს მოსაზრება არგუმენტად გამოიყენოთ. სწორედაც რომ ოფიციალური მეცნიერება აღიარებს იმას, რომ სამყარო ზუსტად არის მოწყობილი. 

 

ასევე იზრდება მტკიცებულებათა რიცხვიც, რომელთა მიხედვითაც ბიოლოგიური ორგანიზმები ასევე ზუსტად არიან მოწყობილნი. ეს კი უკვე სრულიად სხვა საფეხურია.

შემდეგ ნახეთ

ისტორიული ფაქტები

ქრისტიანობის ისტორიის მიმოხილვა

მუსიკალური ბექგრაუნდი

ქრისტიანული სიმღერების განხილვა

მიმდინარეობს რეორგანიზაცია

გადაცემა მალე დაემატება