ქრისტესთან შეხვედრა რამადანის დროს

სიზმარში გამოცხადებული ქრისტე, ჭეშმარიტების ძიება, მკაცრი ტრადიციები, ოჯახთან შეჯახება და ქრისტიანული ცხოვრება – ყოფილი მუსულმანის, წარმოშობით ჩეჩენი მაგომედ ტაიმასხანოვის გასაოცარი ისტორია.

ალექს: უკვე ერთი წელია ერთმანეთს ვიცნობთ და ყოველი საუბრისას იესო ქრისტეს სულ სხვა, უფრო საინტერესო ჭრილში ვხედავდი. ვხედავდი არა ისეთ იესოს, როგორიც დასავლურ წარმოდგენებშია, სადაც გვხვდება თეორიები კეთილდღეობაზე, სადაც მეგა-ეკლესიები და ქრისტიანული სუბ-კულტურაა, არამედ ვხედავდი იესოს სრულიად განსხვავებული თვალთახედვით, განსხვავებულ შუქზე და ეს ძალიან მიზიდავდა. 


ეს არის გადაოცრად ძლევამოსილი იესო, რომელიც, ერთი შეხედვით, სუსტი ჩანს შენს მიწაზე, სადაც ცხოვრობ, მაგრამ როგორც კი კარგად დააკვირდები დაინახავ ძლიერ იესოს, შესაძლოა, ნამდვილ იესოსაც კი. მინდა გაგვიზიარო ის, რაც თავს გადაგხდა, გვიამბე, სად დაიბადე, მოგვიყევი შენი ოჯახის შესახებ.


მაგა: დავიბადე გროზნოში, 1989 წელს. გავიზარდე რიგით ჩეჩნურ მუსლიმანურ ოჯახში. 4 წლის ასაკში დედა ავტოკატასტროფაში დავკარგე. დავრჩით მე და ჩემი ორი და. მე უფროსი ვარ… ჩვეულებრივ ჩეჩნურ ოჯახში გავიზარდე.


ალექს: თქვენი სასაუბრო ენა რუსული იყო?


მაგა: არა, ჩეჩნური. რუსული მეორე ენად ითვლებოდა.


ალექს: მაგრამ შენ კარგად ლაპარაკობ რუსულად.


მაგა: წესით, არ უნდა ვლაპარაკობდე რუსულად, რადგან 12 წლის ვიყავი, როცა საცხოვრებლად ევროპაში გადავედით, სადაც, ჩეჩნეთისგან განსხვავებით, რუსული საერთოდ არ ისწავლებოდა. ჩეჩნეთში რუსული მეორე ენად ისწავლებოდა სკოლებში. ამრიგად, რუსულის ნაცვლად სხვა ენას ვსწავლობდი. სწორედ ამიტომ რამდენიმე ენას ვფლობ, თუმცა მომწონს რუსული ენა, ყოველთვის მიყვარდა.


ალექს: თუმცა ჩეჩნურსაც კარგად ფლობ, ხომ?!


მაგა: რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა.


ალექს: თავისუფლად?!


მაგა: რა თქმა უნდა, ეს ჩემი მშობლიური ენაა, ოჯახში ჩეჩნურად ვსაუბრობთ.


ალექს: ქალაქი გროზნო. მოგვიყევი ამ ქალაქის, მისი კულტურის შესახებ.


მაგა: უპირველეს ყოვლისა, საერთოდ მუსლიმანურ კულტურაში ისლამი პირველ ადგილზე დგას. რადგან ისლამი წარმოადგენს ადამიანის, ნებისმიერი მუსლიმანის შინაგან მდგომარეობას. ყველაფერს, რასაც აკეთებ, რასაც გეგმავ, ყველაფერი უნდა ტრიალებდეს ისლამის ირგვლივ. უდიდესი ყურადღება ეთმობა იმას, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებ, ისლამს, რელიგიას უკავშირდებოდეს. მამაჩემი ამბობდა, რომ ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, მუსლიმანები ვართ და შემდეგ ჩეჩნები.


ალექს: როცა ამბობ, რომ რელიგიურ ოჯახში გაიზარდე, რას ნიშნავს ეს?


მაგა: ეს ნიშნავს ისლამის ხუთი სვეტს, ლოცვებს, რომლებიც აღევლინება.


ალექს: ყოველდღე, ხომ?


მაგა: ყოველდღიურად, რა თქმა უნდა, შეძლებისდაგვარად. ეს არის ალაჰის და მისი წინასწრმეტყველის, მუჰამედის თაყვანისცემა. ეს მოიცავს ასევე ყურანის კითხვას. მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემმა არ იცის არაბული ენა, ყურანის კითხვა შეუძლია ამ ენაზე. ჩვენთან დიდ ყურადღება აქცევენ იმას, რომ კითხვა მაინც შეგეძლოს ამ ენაზე, არაბულად ლაპარაკის სწავლა თუ არ შეგიძლია.


ალექს: რა სიხშირით და ფორმით მიმდინარეობდა ლოცვა თქვენს სახლში?!


მაგა: „ლოცვა“ არ არის შესაფერისი სიტყვა, რადგან ეს, ძირითადად, რიტუალია. დროთა განმავლობაში დავიწყე ამის შესახებ კითხვა და შესწავლა. არის არაბული სიტყვა „დუა“, რომელიც გულისხმობს მდგომარეობას, როცა ამ რიტუალური ლოცვების შემდეგ შეგიძლია ღმერთის წინაშე ქედის მოდრეკა და გულში ლოცვის წარმოთქმა. 


სამწუხაროდ, როგორც წესი, ასეთ მომენტებშიც კი ის დასწავლილია. იშვიათია, რომ ლოცვა გულიდან მოდიოდეს. ამიტომ ეს ისლამური რიტუალია, რომელსაც დღეში ხუთჯერ ასრულებ განწმენდისთვის. ამისათვის საგულდაგულოდ ემზადებიან, კითხულობენ სურებს ყურანიდან, რომელსაც მორწმუნეთა 70-80 პროცენტი ვერ იაზრებს, უბრალოდ დასწავლილი ლოცვები აქვთ, დაზეპირებული ადგილები.


ალექს: ამისთვის მთელი ოჯახი ერთად იკრიბება თუ ყველა ცალ-ცალკე ასრულებს რიტუალს?!


მაგა: როგორც წესი, მამაკაცები და ქალები ცალ-ცალკე ასრულებენ. 3 ან 4 ადამიანი იკრიბება ერთად. ჩვენც ერთად ვასრულებდით, 5 მამაკაცი ვიყავით სახლში, მამა გვხელმძღვანელობდა. საერთოდ, ვისაც შეუძლია „აზანის“, სპეციალური ლოცვის წაკითხვა, მას შეუძლია დადგეს წინ, მე და ჩემს ძმასაც შეგვეძლო ამის გაკეთება.


ალექსი: სახით მექასკენ ბრუნდებოდით, ხომ?


მაგა: დიახ, ეს მნიშვნელოვანია. სალოცავი ხალიჩის დაგებისას უნდა გაითვალისწინო, საით მდებარეობს მექა. დღეს უკვე ბევრი მობილური აპლიკაცია არსებობს, რომელიც ადამიანს მიმართულების გარკვევაში ეხმარება. უფრო მეტიც, მინახავს კომპასებით აღჭურვილი ხალიჩები, რომ მლოცველმა შეძლოს განსაზღვროს, საით უნდა მიბრუნდეს და ილოცოს. ამიტომ ეს მნიშვნელოვანი ასპექტია. არ შეიძლება, ხალიჩა იქ გაშალო, სადაც მოგესურვება და ილოცო.


ალექს: რას წარმოადგენს ისლამი შიგნიდან? გაქვთ თუ არა შეკითხვების, ეჭვების, დისკუსიის, ალტერნატიული აზრის უფლება?


მაგა: საერთოდ, ისლამში ყველაზე დიდ ცოდვად ითვლება ეჭვი. არ გაქვს დაეჭვების უფლება. უფრო მეტიც, ეჭვი არა უბრალოდ დიდი, არამედ უპატიებელი ცოდვაა. არ შეიძლება დაეჭვება ალაჰში ან ყურანში, რადგან ის ალაჰის სიტყვაა. არ შეიძლება ეჭვი გეპარებოდეს მუჰამედის წინასწარმეტყველების ჭეშმარიტებაში. ისლამური კულტურა არ ტოვებს ეჭვების ადგილს მორწმუნისათვის.


ალექს: გასაგებია, დავუბრუნდეთ ჩვენს გამოცდილებას. ჩვენთან, ქრისტიანებთან ხშირად ხდება, როცა ადამიანი ამბობს, რომ ღმერთი შეეხო, ან ბიბლიის კითხვისას ღმერთმა გაუცხადა რაიმე ჭეშმარიტება.


მაგა: დიახ.


ალექს: არსებობს თუ არა მსგავსი გამოცდილება მუსლიმანთათვის?


მაგა: ვერ ვიტყვი, რომ რაიმე მსგავსი მსმენია, უფრო მეტიც, იყო მომენტები, როცა ვცდილობდი მომეყოლა, თუ როგორ განვიცადე ქრისტესთან შეხვედრა, ჩემი გარშემო მყოფები კი შეგნებულად დუმდნენ ამაზე. ისლამში ასეთ რაღაცებზე ყურადღებას არ ამახვილებენ. ისინი მეუბნებოდნენ: „არ გვაინტერესებს“. მე კი ვეკითხებოდი: „როგორ შეიძლება ეს საინტერესო არ იყოს? ეს ხომ ისაა, რაც შინაგანად განვიცადე, ხომ არ ვიგონებ.“ შეიძლება ადამიანმა სიზმრები ნახოს, ასეთი შემთხვევები არის, მაგრამ ისეთი რამ, როგორიცაა ალაჰის განცდა, ან მისი შეხება, ისლამში არ არსებობს.


ალექს: როგორ შემიძლია დარწმუნებული ვიყო მის არსებობაში, თუკი პირადად

არასდროს განმიცდია მასთან ურთიერთობა? ეს იგივეა ვირწმუნო, რომ სადღაც არსებობს მაგომედი. უბრალოდ მეუბნებიან, რომ ის არსებობს. 


შეიძლება არსებობს, შეიძლება არა. გულწრფელად რომ ვთქვა, გაორება მექნებოდა: ის ან არსებობს, ან არა, მაგრამ როგორ შემიძლია ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ ის ნამდვილად არსებობს? როგორ არის მოწყობილი მუსლიმანის გონება, რომელიც არასდროს შეხებია ალაჰს პირადად?


მაგა: ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ვფიქრობ, მიზეზი ისაა, რომ ადამიანი ამ გარემოში იზრდება, ბავშვობიდანვე ამაზე ესაუბრებიან და ამ გარემოში ხდება მისი ჩამოყალიბება. 


მეც ასე გავიზარდე. გარეშე პირები კი არ ჩაგაგონებენ რაიმეს, არამედ შენი ოჯახი და შენც ითვალისწინებ, თუმცა არის ერთი საინტერესო მომენტი, რომელიც შეიძლება უხეშად ჟღერდეს. ქრისტემ თქვა: „შეიცანით ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ“. 


ისმის კითხვა: „გათავისუფლება რისგან?!“ ალექს, ჩემდა გასაკვირად, მივედი დასკვნამდე, რომ ეს ტყუილისგან გათავისუფლებას ნიშნავს. ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ სიცრუისგან. მას შემდეგ რაც, ვირწმუნე, გულახდილი საუბრებისას, ვიჯექი საკუთარი მამის პირისპირ და უკვე მშვენივრად მესმოდა ეს ყველაფერი. 


გულახდილად ვეუბნებოდი მამას, რომ ეს არ იყო სიმართლე, თუმცა მისთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. „შენი ქრისტე ახლა ჩემ წინ რომ გაჩნდეს კიდეც, არ მჭირდება, არ ვირწმუნებ მას, ეს არაფერში წაადგება ჩვენს ტრადიციებს,“ – ამბობდა ის. გვერდით განსწავლული მუსლიმანი იჯდა, ჩემი ნათესავებიც იქ იყვნენ. რა უნდა მეთქვა ამაზე?!


ალექს: როგორი დამოკიდებულება იყო იესოს მიმართ შენს გარემოცვაში, შენს სახლში? როგორც ვიცი, იესოს, ისევე, როგორც დავითსა და მოსეს არა მარტო ბიბლიაში ან იუდაიზმში ვხვდებით, არამედ ისლამშიც. როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ იესოსადმი თქვენს სახლში?


მაგა: ალექს, სამწუხაროდ, არანაირი. იმ მიზეზის გამო, რომ ამ თემას არ განიხილავენ, იესოს შესახებ კითხვებს არ სვამენ. ბევრჯერ გვსმენია სასულიერო პირებისგან სახელები მოსე – მუსა, იბრაჰიმი – აბრაამი, მუჰამედი, მაგრამ არა იესოს სახელი, როგორც წესი. არ ვიცი, რატომ. ვცდილობდი გამეხსენებინა, როცა ფიქრებით ჩეჩნეთში, სახლში ვბრუნდებოდი, მაგრამ არა, არასდროს გამიგონია იესოს სახელი.


ალექს: პირველად როდის გაგიჩნდა შეკითხვები იესოს შესახებ და რატომ?


მაგა: ვერ ვიხსენებ, რომ იესოს მიმართ დიდი ინტერესი მქონოდა, ან რომ როგორღაც ვეძებდი მას. იქიდან გამომდინარე, რომ ოჯახში ამის პრაქტიკა არ არსებობდა, თითქოს ყურადღების მიღმა რჩებოდა ეს საკითხი. ასევე ღვთისმოშიში გარემოცვა მყავდა გარკვეულ ასაკამდე და ეს მომწონდა. 


ჩვენთან სახლში გამუდმებით იკრიბებოდნენ, აღინიშნებოდა მუსლიმანური დღესასწაულები, განსაკუთრებული ყურადღება კი ლოცვას ექცეოდა. აქედან გამომდინარე, უეცრად ამ საკითხს არ მიუქცევია ჩემი ყურადღება.


16-17 წლის ვიქნებოდი, რამადანის თვე იყო. თვე, როცა მუსლიმანები მარხულობენ მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე. ადრეული ასაკიდანვე მე და ჩემი ძმებიც ვმარხულობდით. ერთ ღამეს ვნახე სიზმარი. ცხოვრებაში პირველად ვიხილე იესო. სიზმარში ვნახე ბრბოთი გარშემორტყმული ძველი სახლი, ძველ დროში აშენებული. ვხედავდი ამ სახლს და ვხვდებოდი, ამ სახლში იმყოფებოდა იესო. მესმოდა, როგორ ყვიროდნენ სახლის გარშემო შეკრებილი ადამიანები: „ჯვარს აცვით, მოკალით ის“. 


მე კი ვიდექი და ჩემს თავს ვეკითხებოდი: „საინტერესოა, ნეტავ, რატომ. რა ჩაიდინა მან ისეთი, რომ ასე სასტიკად უსწორდებიან?“


ეს გულწრფელობის მომენტი იყო, ეს იყო გულიდან წამოსული შეკითხვები. იქ ვიდექი და წარმოდგენაც არ მქონდა, რომ მას ჯვარზე გააკრავდნენ, რადგან არ ვიცოდი წინარეისტორია, აქედან გამომდინარე, ძალიან ბუნებრივად ვუყურებდი საკითხებს. ჩემს თავს ვუსვამდი კითხვებს: „რის გამო უნდა მოექცე ასე ადამიანს? რატომ სურთ მისი ასე დამცირება?“


ამ ფიქრებში მივხვდი, რომ მიზეზს ვეძებდი მის დასაცავად, რადგან ისლამში იესო დიდ წინასწარმეტყველად მიიჩნევა. აქედან გამომდინარე, მსურდა დამეცვა ღვთის წინასწარმეტყველი. ამ ფიქრებშივე გავაცნობიერე, რომ ეს არ შემეძლო. მე ერთი ვიყავი, ისინი კი ბევრნი იყვნენ. მთელი ბრბოა შეკრებილი. უეცრად აღმოვჩნდი იმ შენობაში, სადაც იესო იყო დატყვევებული. მახსოვს ეს სურათი: შევედი შიგნით, იესო ხის სკამზე იჯდა. მიმოვიხედე, შემდეგ მას შევხედე და დავინახე მისი სახე, მისი თეთრი სამოსი. ის ადგა და ღიმილით მითხრა: „იცი, ვინ ვარ მე?!“ მე ვპასუხობ: „ვიცი, ვინც ხარ, შენ იესო ხარ.“


არ მახსოვს ჩვენი შემდგომი საუბარი, მაგრამ მახსოვს ბრბოდან ვიღაცამ დაიწყო ყვირილი იმის შესახებ, რომ შენობაში ვიღაც შევიდა. ის მოითხოვდა, რომ მცველები შემოეგზავნათ და მოეკლათ ის, ვინც იესოსთან შევიდა. ყველაფერი მესმოდა, იესო ჩემკენ შემობრუნდა და მითხრა: „შეგიძლია წახვიდე, ისინი ჩემთან მოვიდნენ და არა შენთან“. 


არ ვუპასუხე, მაგრამ გულში გადაწყვეტილი მქონდა, რომ ამ წუთს ხელიდან არ გავუშვებდი. შეიძლება, დავშავებულიყავი, მაგრამ მაინც დავიცავდი მას. ამ დროს შემოვიდა მაღალი მცველი, რომელსაც ხელში შუბი ეჭირა. ის თავს დამესხა და ჩვენ შორის ბრძოლა გაიმართა. მახსოვს, შემდეგ ავდექი. დავინახე, რომ მცველი ძირს იწვა, არ ვიცი, მკვდარი იყო თუ უბრალოდ გონდაკარგული. დავინახე შუბი, რომელიც მის გვერდით ეგდო. მთელი ამ დროის განმავლობაში ვაკვირდებოდი, რომ ქრისტე არ ერეოდა ბრძოლაში, ის აკვირდებოდა სიტუაციას. 


მე გულუბრყვილოდ შევბრუნდი მისკენ და ვუთხარი: „მამამ მთხოვა 10-საათისთვის არ გადამეცილებინა, ახლა სახლში უნდა წავიდე.“ დავემშვიდობე. იესო განუწყვეტლივ იღიმებოდა. წამოსვლისას მითხრა: „აი, ცელოფნის პარკი, ეს მამაშენისთვისაა. გადაეცი მას.“ ავიღე ეს ცელოფნის პარკი და გამოვედი. 


შემდეგ გამეღვიძა.


ეს იყო პირველი შეხვედრა იესოსთან ჩემს ცხოვრებაში. დილით, როცა მზის ამოსვლამდე ავდექით და ქვემოთ ჩავედით სასაუზმოდ, მამაჩემს ვუამბე სიზმრის შესახებ. მამა იჯდა, სხვებიც ისხდნენ მის გვერდით. მე კი ვუყვებოდი სიზმარს, რომელიც წინა ღამით მესიზმრა და მთელი არსებით ვგრძნობდი, 


რას ფიქრობდნენ ისინი: „შენ უხერხულ მდგომარეობაში ჩაგვაგდე, რადგან არ ვიცით, როგორი რეაქცია უნდა გვქონდეს ამაზე.საერთოდ, რატომ მოგვიყევი ამის შესახებ. რამადანის თვეა, ჩვენ მუსლიმანები ვართ, რატომ იესო და არა მუჰამედი? საერთოდ, რა რეაქცია უნდა გვქონდეს, რა უნდა გითხრათ ამის შესახებ?“ 


მამამ პირდაპირ მიმახვედრა, რომ სიზმარი სიზმარია და მასზე ყურადღების გამახვილება არ ღირს, რომ ჯობია დავივიწყო და ცხოვრება განვაგრძო.


ალექს: საერთოდ ამბობენ, რომ მუსლიმანები ასეთი შინაარსის ბევრ სიზმარს ნახულობენ. მართალია თუ არა ეს ფაქტი და რამდენად შეგიძლია ამის დადასტურება ან უარყოფა?


მაგა: დიახ, შემიძლია ეს დავადასტურო, რადგან იმ ადამიანის ცხოვრებაში, რომელიც არ არის ხელახლა შობილი, ღმერთი მოქმდებს სიზმრის და სინდისის მეშვეობით. ასეთი შემთხვევა უამრავია. შემიძლია ვთქვა, რომ მოქცეული მუსლიმანების 70-80%-მა იესო ქრისტე სიზმრების მეშვეობით ირწმუნა.
ზრდასრულ ასაკში დავინტერესდი, რით განსხვავდებოდა ისლამში არსებული ქრისტე ბიბლიური ქრისტესაგან. 


ისლამი ამტკიცებს, რომ ის ჯვარზე არ გაუკრავთ და არ მოუკლავთ. ამრიგად, თუ ქრისტე ჯვარზე არ გაუკრავთ და არ მოუკლავთ, მაშასადამე, ის არც აღმდგარა. ვხვდებოდი, რომ ეს საფუძველშივე ეწინააღმდეგებოდა იმას, რასაც ბიბლია ამბობს. მახსოვს, ერთ საღამოს კომპიუტერთან ვიჯექი. შევეცადე მომეძებნა ინტერნეტში ის, თუ რას ამბობენ სწავლული ადამიანები ამაზე, რას ამბობს ისლამური საზოგადოება და ყურანში როგორ არის ეს აღწერილი. მსურდა დავრწმუნებულიყავი, რომ სწორად აღვიქვამდი იესოს, ანუ ისას, როგორც ყურანი უწოდებს მას.


ალექს: დიახ.


მაგა: მკაფიოდ მახსოვს ასეთი აზრი, რომელიც მანამდე არასდროს მომსვლია თავში. იმამს ვუსმენდი და უეცრად გავიაზრე, რომ მსურდა მეპოვა იმ შემოქმედისკენ მიმავალი გზა, რომელმაც შემქმნა მეც და ისიც, ვისაც ვუსმენდი. რატომ არ მივმართავ პირდაპირ მას?


იქვე მომივიდა სხვა აზრიც, რომელიც მეუბნებოდა: „ნუთუ გგონია, მუსლიმანი ასე გეტყვის: ‘ქრისტიანობა ჭეშმარიტებაა, მაგრამ ჩვენი ისლამი უკეთესია, რადგან ამის მიხედვით ვართ აღზრდილნი.’ ანდა, გგონია, რომ ქრისტიანი ხუცესი გეტყვის: ‘ იესო ისლამში უფრო რეალურია, თუმცა ჩვენ ქრისტიანები ვართ. არჩევანი შენზეა. შეგიძლია თავად აირჩიო, რომელიც უფრო მოგწონს“.


რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა არა, ეს ხომ ლოგიკურია. ყველა ადამიანს საკუთარი გამოცდილება აქვს და თავისი გამოცდილებიდან საუბრობს. სწორედ ამ მომენტში დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ რატომ არა მივმართავდი პირდაპირ ღმერთს. შემოქმედი ხომ უზენაესია, რომელმაც შექმნა ისიც, ვინც საუბრობს და მეც, ის ხედავს ჩვენს სულებს. მახსოვს, კომპიუტერი გამოვრთე, გვიანი საღამო იყო. არ მახსოვს რიტუალი შევასრულე თუ არა, დავდექი თუ არა მუხლებზე. სავარაუდოდ, არა.


ეს იყო გულწრფელობის წუთები, როვცა ყველაფერი ბუნებრივად ხდებოდა.


საწოლზე ვიწექი და ვამბობდი: „უფალო, მინდა ვიპოვო გზა, რომელსაც შენამდე მოვყავარ. გთხოვ, მაჩვენე, რომელ გზას მოვყავარ შენამდე. გპირდები, შენი მსახური ვიქნები, ისლამში იქნება ეს თუ ქრისტიანობაში.“


ამ სიტყვების შემდეგ, კვლავ სიზმარი ვნახე: თითქოს იმავე ოთახში ვიჯექი მაგიდასთან, სავარძელში და მესმოდა რამდენიმე ხმა, მაგრამ ვერავის ვხედავდი. ეს ხმები ჩამძახოდნენ, რომ იესო არ არსებობდა. მე კი ვპასუხობდი, რომ ქრისტე ისლამშიცაა და ქრისტიანობაშიც, რომ ის ნამდვილად არსებობდა. 


ამ ხმებმა ბოლომდე არ მომისმინეს, შემაწყვეტინეს და მშვიდად მითხრეს, რომ ქრისტე არ არსებობდა და აზრი არ ჰქონდა მის ძიებას. ვიგრძენი, რომ ისინი მეწინააღმდეგებოდნენ, მე კი ისევ ვამტკიცებდი, რომ ის არსებობდა.


ვიგრძენი, როგორ გარდაიქმნა ეს ხმა, საშინელ, დემონურ ხმად, რომელიც აქამდე არ მსმენოდა. ის მიყვიროდა. ძალიან შემეშინდა. უეცრად მივხვდი, რომ მას ვერ შევეწინააღმდეგებოდი, რადგან ძალიან ძლიერი იყო. უეცრად ჩემი ყურადღება რაღაცამ მიიპყრო, მარცხნივ შევბრუნდი, სადაც თეთრი კედელია და ამ კედელზე ეშმაკის გამოსახულება დავინახე. თავზე კაპიუშონი ჰქონდა.


მან მითხრა: „ასე, უბრალოდ არ გაგიშვებ, არც კი ეცადო, არ გაგიშვებ, რადგან ჩემი ხარ, მე მეკუთვნი.“ 


სიზმარში ყვირილი დავიწყე და გამეღვიძა. ოფლში ვცურავდი, საწოლი სველი იყო, ხელები მიკანკალებდა, მთელი სხეულით ვცახცახებდი, ვხვდებოდი, რომ რაღაც ხდებოდა. 


საბანი გადავიფარე თავზე, ვყვიროდი და ვლოცულობდი: „უფალო, მაპატიე, თუ რაიმე არასწორი გავაკეთე, ეჭვი არ მეპარება შენში, გთხოვ მიჩვენო გზა, რომელსაც შენამდე მოვყავარ. შენი ერთგული ვიქნები იმ გზაზე, რომელსაც მიჩვენებ.“


კვლავ და კვლავ ვიმეორებდი ამას. ისევ ჩამეძინა. ყველაფერი ძალიან საინტერესოდ ხდებოდა. რთული სათქმელია, სიზმარი იყო ეს, თუ ცხადი. კვლავ სიზმარი ვნახე, ყველაფერი თვალის დახამხამებაში ხდებოდა. ქუჩაში მივდიოდი, ბევრი ადამიანი იყო ჩემ გარშემო. ვსეირნობდი ამ ადამიანებს შორის და უეცრად ვიგრძენი, რომ ის, ვისი ხმაც ცოტა ხნის წინ მელაპარაკებოდა, უკან მომყვებოდა, ხედავდა ჩემს ყველა ნაბიჯსა და აზრს. 


შიშისგან უკან ვერ ვიხედებოდი და ვფიქრობდი, როგორ დამეღწია თავი მისგან.


მინდოდა ხალხითვის მეთხოვა დახმარება, მაგრამ ჩემს თავს ვეუბნებოდი: „შენ გარდა მას ვერავინ ხედავს, გიჟად ჩაგთვლიან, ფსიქიკურად შეშლილად.“


უეცრად, მარჯვნივ დავინახე ეკლესია, ღია კარი; დავინახე, რომ ადამიანები ისხდნენ, ღვთისმსახურება მიმდინარეობდა. შემდეგ წინ გამოვიდა ერთი ადამიანი და დაიწყო იესოს შესახებ საუბარი. 


ასეთი აზრი მომივიდა: იქ თუ შევალ, ის ვერ შეძლებს იქაც შემომყვეს. თითქოს რაღაც იყო ჩემთან და არ მტოვებდა. დემონის შემოტევასაც ვგრძნობდი, მაგრამ ამავდროულად, (რაც მოგვიანებით გავიაზრე), ღმერთის სულიც ჩემთან იყო, ის მიმიძღოდა და მიმართულებას მაძლევდა. თუმცა არ მათავისუფლებდა ამ ბოროტისგან და ეს ბრძოლა გრძელდებოდა. თუმცაღა ვგრძნობდი ძალას, რომელიც არ მტოვებდა. შევედი ეკლესიაში.


ხუცესი წინ იდგა, ბევრი ადამიანი იყო შეკრებილი, თავს კარგად ვგრძნობდი; ვაცნობიერებდი, რომ ის შიგნით ვერ შემოვიდოდა. მისთვის აკრძალული იყო იქ შემოსვლა. მივბრუნდი და დავინახე, რომ გარეთ იდგა, კართან. 


თავის ენაზე მითხრა: „მანდ შემოსვლა არ შემიძლია, მაგრამ დაგელოდები მანამ, სანამ გარეთ არ გამოხვალ. თავს არ დაგანებებ, ასე მარტივად ჩემგან ვერ წახვალ.“


გავიღვიძე თუ გონს მოვედი, ზუსტად არ ვიცი და დავიწყე ლოცვა: „ უფალო, მაჩვენე გზა, რომელსაც შენამდე მოვყავარ. მაპატიე, თუ რაიმე არასწორი გავაკეთე ან ვაკეთებ. ერთგული ვიქნები იმ გზაზე, რომელსაც შენ მიჩვენებ.“ 


შემდეგ მესამე სიზმარი ვნახე.


ალექს: ეს ყველაფერი ერთ ღამეს მოხდა?


მაგა: ყველაფერი მოხდა ერთსა და იმავე ღამეს.


ალექს: რამდენი წლის იყავი იმ დროს?


მაგა: თვრამეტის. ოდნავ მეტის. ეს იყო 2008 წლის ზაფხული. 


სიზმარში ვნახე, თითქოს სამოთხეში ვიყავი და ჩემ გარშემო თეთრად შემოსილი ადამიანები იყვნენ. ისეთ გარემოს ვხედავდი, რომლის აღწერაც, სიტყვებით გადმოცემაც შეუძლებელია. სასიამოვნო კეთილსურნელება იყო ყველგან. ვხვდებოდი, რომ ზეცაში ვიმყოფებოდი. მესმოდა ადამიანების ლაპარაკი. ისინი ამბობდნენ, თუ როგორ იხსნა ისინი იესომ, რათა აქ მოხვედრილიყვნენ;


ამბობდნენ, რომ მხოლოდ იესოს წყალობით იყვნენ სამოთხეში.
მესმოდა, როგორ ადიდებდნენ იესოს, როგორ გალობდნენ. მათი საუბრები, მათი გალობა, ყველაფერი, რასაც აკეთებდნენ, იესოსა და მისი დიდებისადმი იყო მიმართული. 


არ ვიცი, ვტიროდი თუ ვიღიმებოდი, უბრალოდ ვგრძნობდი იმ გარემოს, სადაც ვიმყოფებოდი. თითქოს მეშინოდა, რომ იქედან გამაგდებდნენ და წასვლა მომიწევდა. გონებაში ასეთი აზრი მომივიდა: „ხედავ, ყველას თეთრი სამოსი აცვია. მათ სამოსზე არ არის ლაქა. დასვრილი სამოსი აქ არავის აქვს, ყველას სუფთა სამოსი აცვია, რადგან ის უნდა იყოს თეთრი და გაწმენდილი.“ 


ტანზე დავიხედე და თან შიშმა შემიპყრო, რადგან ვიფიქრე, თუ ლაქა მექნებოდა სამოსზე , იქიდან გამაძევებდნენ, მაგრამ უდიდესი სიხარულით გავაცნობიერე, რომ ჩემი სამოსი თეთრი იყო, რომ ლაქა არ იყო მასზე. შინაგანად ვიგრძენი, რომ ეს იესოს დამსახურება იყო, რომ მხოლოდ იესოს მეშვეობით შეიძლებოდა იქ მოხვედრა. 


ამ დროს გამეღვიძა. 


არ შემიძლია იმის თქმა, რომ…


ალექს: აი, ეს მესმის…


მაგა: დიახ, დიახ, ნამდვილად, იმ ღამის დავიწყება არ შემიძლია, ღმერთის ისეთ თანდასწრებას ვგრძნობდი. დაუძლეველი წყურვილი გამიჩნდა წამეკითხა სახარება, წამეკითხა მეტი იესოს შესახებ. ამავდროულად ყურანსაც ვკითხულობდი. ეს ალბათ უფრო მოვალეობის გრძნობით იყო გამოწვეული. ასე იყო საჭირო. არ შემეძლო ამაზე უარის თქმა.


ალექს: შენ უკვე მშობლებისგან განცალკევებით ცხოვრობდი ამ დროს, ხომ ასეა? და შინაგანად ძიების პროცესში იყავი…


მაგა: დიახ, დიახ, ასე იყო.


ალექს: მაგო, ცოტა ხნით შეგაწყვეტინებ, გქონდა თუ არა ერთხელ მაინც იმის შესაძლებლობა, ასე დაწვრილებით მოგეყოლა საკუთარი მამისთვის ეს ყველაფერი?


მაგა: არა, სამწუხაროდ არ მქონია. დაახლოებით, 10 წელი ველოდი ამ შესაძლებლობას, მინდოდა პირისპირ მომეყოლა მისთვის ეს ყველაფერი.


ალექს: რატომ, ნუთუ მას არ აინტერესებდა? არ სჯერა შენი?


მაგა: მგონია, რომ სჯერა. უბრალოდ, ჩემდა სამწუხაროდ, ისლამური კულტურა და აღზრდა არ იძლევა ასეთი საკითხების განხილვის უფლებას.


ალექს: ანუ დიდად სავარაუდოდ, როგორც ვფიქრობ, მას შენი სჯერა, რომ არ სჯეროდეს, მისთვის ეს უფრო მარტივი იქნებოდა.


მაგა: მჯერა, რომ ის არ არის გულგრილი ამ ყველაფრის მიმართ. უბრალოდ….


ალექს: თუმცა შენ არც ერთხელ არ მოგიყოლია.


მაგა: არა, არც ერთხელ. მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო. მამამ თავად დამირეკა, რადგან უკვე ცხადად ხედავდა, რომ რწმენის პრობლემები მქონდა, რომ არ ვასრულებდი იმას, რასაც მასწავლიდა. დამირეკა და მითხრა: „მინდა, დღეს ერთ ადამიანს შეხვდე, ჩვენს კარგ ნათესავს, ისლამურ სამყაროში საკმაოდ განათლებულ პიროვნებას, რომელსაც ბევრ რამ ესმის.“ 


მეც წავედი. ვხვდებოდი, რომ იმ დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგებოდა.
ჩემთვის მნიშვნელოვანი მომენტი იყო. განვიცდიდი, თუმცა მაინც მივედი, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მეუბნებოდა არ წავსულიყავი. 


მამაჩემი და ის გვერდიგვერდ ისხდნენ, გვერდითა ოთახში კი დედინაცვალი და ჩემი დები იყვნენ. ვგრძნობდი, როგორ ეკვროდა ყველას სუნთქვა განცდებისა და დაძაბულობისგან. 


თითქოს მესმოდა მათი ფიქრები: „თუ მამა მოთმინებას დაკარგავს, მარტო შენ კი არა, ყველას მოგვხვდება.“ მან საუბარი წამოიწყო: „შენ არ გაჰყვები შენს რწმენას, არ მაინტერესებს შენი იესო. ამიერიდან იმას გააკეთებ და ისე მოიქცევი როგორც მე გეტყვი. მოვალ შენს სახლში და წესრიგს დავამყარებ.“ ამ დროისათვის მე უკვე 30-ზე მეტის ვიყავი.


ალექს: შენ 30-ზე მეტი წლის იყავი და გყავდა საკუთარი ოჯახი.


მაგა: ამ დროისთვის უკვე 4 შვილი მყავდა და ის მეუბნებოდა, რომ ჩემს ნაცვლად გადაწყვეტდა ყველაფერს.


ალექს: და თქვენ ევროპაში ცხოვრობდით…


მაგა: დიახ.


ალექს: და ეს 21-ე საუკუნეა.


კაცი: დიახ, 21-ე საუკუნეა. ჩვენ ევროპაში გავიზარდეთ 12 წლიდან. 20 წელი, 20 წელზე მეტი გავატარეთ იქ, იქ ვიცხოვრეთ. არ ვიცი, როგორ მოვიკრიბე გამბედაობა, ატმოსფერო საშინლად დაძაბული იყო. ვხვდებოდი, რომ კითხვის დასმა უადგილო იქნებოდა, უბრალოდ თავი უნდა დამეხარა და ჩუმად გადამეყლაპა, რასაც მეტყოდნენ.


გულწრფელად გეტყვი, ალექს, არ ვიცი, საიდან მქონდა გამბედაობა ასეთ მომენტებში. ვფიქრობ, რომ არა ღმერთის სული, რომ არა ქრისტე, ალბათ ყველაფერი სხვაგვარად დასრულდებოდა. კრინტსაც კი ვერ დავძრავდი და ვერც მამას შევხედავდი თვალებში. ჩვენთან ეს უბრალოდ მიღებული არ არის. თავს ხრი და უსმენ, რასაც გეუბნებიან, რამდენი წლისაც არ უნდა იყო. 


მამა ხშირად მიმეორებდა: „მე მოგავლინე, ამიტომ შენ ჩემი ხარ.“ ჩვენს კულტურაში, თითქოს, განუყოფელია მამა და შვილი… ურთიერთობები და ჰარმონია ოჯახში. არა, არა.. მოგავლინე, ამიტომ მე მეკუთვნი და ცხოვრების ბოლომდე გააკეთებ იმას, რასაც მე გეტყვი.


ალექს: მაგო, მაპატიე, ისევ გაწყვეტინებ. უბრალოდ, ძალიან მნიშვნელოვანია შენი აზრის გაგება. შენი აზრით, ეს მხოლოდ კულტურული მომენტია თუ სულიერი მომენტიცაა; ვგულისხმობ, ასეთ მოთხოვნებს, თავდასხმებს ცალკეულ პიროვნებაზე.


მაგა: ვფიქრობ, ეს უფრო სულიერი მომენტია, განსაკუთრებით თუ ჩემს სიზმრებს გავითვალისწინებთ, საიდანაც გავიგე, რომ ეშმაკი ჩემს გაშვებას არ აპირებდა. მიმაჩნია, რომ სულიერ ბრძოლაზეა საუბარი.


ალექს: მაგო, შენ ხომ შეგეძლო გეთქვა მამისთვის: „რწმენა ჩემი პირადი საქმეა, ის ჩემს შინაგანშია, ჩემს სულშია. შემიძლია, ყველაფერი გავაკეთო, რასაც მთხოვ, პატივს გცემ და შეგიძლია დარწმუნდე ამაში, თუმცა შენ მიცნობ და შემოწმებაც არ გჭირდება, მაგრამ რწმენა, ამას ხომ ვერაფერს მოვუხერხებ?“ შეგეძლო ასე აგეხსნა მისთვის?


მაგა: არა. მთელი ამ წლების განმავლობაში, ასე ვთქვათ, ვყალიბდებოდი და ვცდილობდი გავრკვეულიყავი, ვეძებდი მიდგომებს, პასუხებს საკუთარ თავში, ყველაფერი ძალიან ჩახლართული იყო. ნუთუ არ შემეძლო რაიმე მეთქვა მამის ან ნებისმიერი სხვა ადამიანის აზრის საწინააღმდეგოდ? ქრისტიანობის მიღებიდან დიდი ხნის, 10-12 წლის განმავლობაში, ვეძებდი წუთს, როცა გულახდილად შევძლებდი მასთან ჩემს რწმენაზე საუბარს. 

თუმცაღა რაც უფრო ვუღრმავდებოდი ამ საკითხს, მით უფრო მეტად ვხვდებოდი, რომ ჩვენში ასეთი რამ მიუღებელი იყო.


მახსოვს ერთი მომენტი, როცა ჩემმა ცოლმა გამბედაობა მოიკრიბა, რადგან მამაჩემმა კითხვა დაუსვა მას, თუ რატომ არ აკეთებდა იმას, რასაც სთხოვდა. კითხვის მიზეზი ჩვენს ტრადიციებთან დაკავშირებული სათხოვარი იყო. ჩვენთან მიღებულია, როცა ბავშვი იბადება, თავს პარსავენ, შემდეგ კი მიაქვთ ეს თმა და წონიან.


ალექს: ბავშვის თმას წონიან?


მაგა: დიახ, ასეა მიღებული ისლამშიც და ჩვენს ტრადიციებშიც, თუმცა მე ასე არ მოვქცეულვარ. უბრალოდ, ვამოწმებდი, თუ შემეძლო უარი მეთქვა ისეთი წვრილმანის შესრულებაზე, როგორიც ბავშვის თავის გადაპარსვაა, თუ შევძლებდი საკუთარი მოსაზრების დაცვას.


ალექს: ეს ხომ შენი შვილია?


მაგა: ჩემი შვილია, საქმე რწმენასაც კი არ ეხება. მახსოვს, გამოვცადე მისი მოთმინება. ერთ საღამოს მოვიდა ჩემთან სახლში. ჩემი ცოლი იჯდა, ბავშვები დარბოდნენ, ის კი მეკითხება: „უკანასკნელად გისვამ შეკითხვას, რატომ არ ასრულებ რიტუალს?“ ამ დროს მოირბინა ბავშვმა, რომელსაც გრძელი თმა ჰქონდა.


ალექს: ბიჭი თუ გოგო?


მაგა: გოგო. ჩემმა ცოლმა დამასწრო და უპასუხა – არ ვიცი, ასე მოხდა, არადა ის ყველაზე მოკრძალებული ადამიანია მსოფლიოში. მოკლედ მან უთხრა: „იმიტომ რომ ჩვენც გვაქვს ჩვენი ღირებულებები და ჩვენ ასე არ გვსურს.“ მახსოვს, მამაჩემი აფეთქდა, განრისხდა. ბინძური სიტყვებით გვლანძღავდა მე და ჩემს მეუღლეს და გვეუბნებიდა, რომ არ გვქონდა არანაირი ღირებულებები და არც შეიძლებოდა გვქონოდა. ამბობდა: ‘თქვენ ის ღირებულებები გექნებათ, რომლებზეც მე მიგითითებთ. თქვენ არ გაქვთ უფლება იმისა, რომ გქონდეთ ღირებულებები, რადგან ამ ოჯახში მათ მე განვსაზღვრავ.’


მახსოვს, მთელი შინაგანით ვგრძნობდი, რომ საქმე სერიოზულად იყო, ვხვდებოდი, რომ გამოსავალი უნდა მეპოვა. როგორღაც უნდა დამეცვა ჩემი ოჯახი და ასევე უნდა მქონოდა საკუთარი ღირებულებები. იმ დროს სტუმრებიც იყვნენ ჩვენთან და ისე გამოვიდა, რომ მამაჩემმა მათ თვალწინ გამოავლინა თავშეუკავებლობა და სიბრაზე. წასვლისას დაგვიბარა, რომ ჩვენი სტუმრები იქნებოდნენ მოწმენი იმისა, რომ როცა მოვიდოდა და ნახავდა, რომ გოგონას თმა არ ექნებოდა გადაპარსული, თავად ჩაატარებდა რიტუალს ყველას თვალწინ ჩემი ცოლის ნაცვლად. 


ამის შემდეგ კარი გაიჯახუნა და წავიდა. იქვე ისხდნენ ჩემი დები და ძმები. ისინი თავდახრილნი ისხდნენ და არაფრის თქმა არ შეეძლოთ მის წინაღმდეგ, რადგან ის ავტორიტეტია ოჯახში. მესმოდა, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა, მესმოდა რომ საფრთხე არსებობდა, რომ ეს სერიოზული საუბარი იყო, რადგან მამაჩემი უბრალოდ ისე არაფერს ამბობს და თუ ამბობს, ასრულებს კიდეც. გულწრფელად რომ ვთქვა, საერთოდ არ ჰქონდა ბავშვის თმას განსაკუთრებული მნიშვნელობა. ამაზე არ ვამახვილებდი ყურადღებას.


ალექს: რა თქმა უნდა.


მაგა: უბრალოდ ვაკვირდებოდი, თუ როგორ პრინციპულად მოქმედებდა მამაჩემი. ვხვდებოდი, რომ თუ აქ დავუთმობდი, მას შემდგომშიც ექნებოდა ძალაუფლება ჩემს ოჯახზე.


როგორც წესი, სამწუხაროდ, ასე ხდება ხოლმე ჩვენს კულტურაში, ამიტომ ჩვენ გადავედით, რადგან მივიჩნიე, რომ ჯობდა მამისგან შორს ვყოფილიყავით, ვიდრე მისი გავლენის ქვეშ მოვქცეულიყავით ან მის წინააღმდეგ გადაგვედგა ნაბიჯები. ჩვენ ვისაუბრეთ და მე მას ვუთხარი: „ვფიქრობ, უნდა წავიდე შენგან. შენ წინააღმდეგ წასვლას, მირჩევნია ათასჯერ შევიცვალო საცხოვრებელი. მან გამომხედა და მითხრა: „კარგი პოზიციაა, სწორია, ყოჩაღ, ჩემ წინააღმდეგ არც უნდა წახვიდე.“ ამიტომ ჩვენც გადავედით, მაგრამ კვლავ ვეძებდი შესაძლებლობას, რომ უკან დავბრუნებულიყავი.


ალექს: მაგო, მხოლოდ მამაშენია ასეთი? ასე ვთქვათ, ძალიან მორწმუნე მუსლიმანიან ძალიან მკაცრი, პრინციპული ადამიანი? ასე ვთქვათ გამონაკლისი თქვენს საზოგადოებაში.


მაგო: არა, არა, იმიტომ რომ მუსლიმანურ ოჯახებში, ძირითადად, ყველგან ასეა. როგორც ერთმა ადამიანმა თქვა, ოჯახში მამის უნდა ეშინოდეთ. მახსოვს, ხშირად, როცა სკოლიდან სახლში ვბრუნდებოდი და პირველ კითხვას, რომელსაც ვუსვამდი კართან მდგომ ადამიანს იყო: „მამა სახლშია?“ თუ მამა სახლში იყო, მაშინ დაძაბული უნდა ვყოფილიყავი, არ შემეძლო თავისუფლად ყოფნა, ხოლო თუ მამა სახლში არ იყო, შემეძლო ჩანთა მიმეგდო, ხმამაღლა მესაუბრა განვლილ დღეზე. ამის გამო, სამწუხაროდ, ვფიქრობ, რომ როგორღაც, აი, ასეთია მთელი ისლამური კულტურა.


ალექს: როგორ ფიქრობ, მამაზე გარემოებები ახდენს გავლენას, თუ პირიქით, თავად ქმნის გავლენის ატმოსფეროს თქვენს წრეში? დავუშვათ, მამამ რომ შენთან დიალოგის სურვილი გამოთქვას, ღმერთმა ქნას, რომ ეს ასეც მოხდეს, შეიცვლება თუ არა ტემპერატურა და ატმოსფერო მთელ გარემოცვაში? ანუ რომელი რომელს განსაზღვრავს?


მაგო: შესაძლოა მძიმეა ამის აღიარება, მაგრამ ატმოსფეროა განმსაზღვრელი, რადგან ყველა გიყურებს, თავს ბევრი რამის უფლებას ვერ მისცემ. შეიძლება, ხარ კიდეც ავტორიტეტული პიროვნება, მაგრამ, ამავდროულად, დამოკიდებულიც ხარ გარშემო მყოფთა აზრზეც. არ შეგიძლია თავის წარმოჩენა ამ ჩარჩოებს მიღმა.


ალექს: გამოდის, რომ რაღაც სტრუქტურის ნაწილი ხარ და უბრალოდ რიგით რგოლს წარმოადგენ ფასეულობათა მთელ ამ სისტემაში.


მაგო: ასეა. სოლომონმა კარგად თქვა: „ადამიანთა მოშიშარს მახე უგია.“ არ მსურს მამაჩემის ავტორიტეტის ეჭვქვეშ დაყენება, რადგან მიმაჩნია, რომ მამა ნამდვილად ავტორიტეტული ადამიანია, როგორც ბელგიის ჩეჩნურ დიასპორაში, ისე ოჯახსა და მთელ სანათესაოში, თუმცა ამავე დროს ნათლად ვხედავ, რომ მუსლიმანური საზოგადოება ძლიერ ზეგავლენას ახდენს ადამიანის ქმედებაზე, განსაკუთრებით მაშინ, თუ თავი უკვე წარმოაჩინე, როგორც ძლიერმა პიროვნებამ. დამოკიდებული ხდები, რადგან ამ საზოგადოებაში სხვაგვარად მოქცევა აღარ შეგიძლია.


ალექს: საინტერესო სამკუთხედი იქმნება: შენ; იესო ქრისტე, რომელმაც პირველმა გამოავლინა შენთან ურთიერთობის ინიციატივა და მამა, რომელიც თითქოს, ყოველთვის უხილავად დგას თქვენ შორის. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მის გარეშე საქმე არ გამოდის. გქონდა თუ არა სიზმრები მამაზე, გარდა იმ სიზმრისა, სადაც ქრისტემ ცელოფნის პარკის გადაცემა გთხოვა მამისთვის. თუ იცი, რა იდო იმ ცელოფნის პარკში, ან რას ნიშნავდა ეს ყოველივე?!


მაგო: გარკვეული დროის შემდეგ, როცა უკვე მორწმუნე ვიყავი, გავაცნობიერე, რომ ეს იყო საჩუქარი, რომელიც ქრისტემ გადასცა მამაჩემს და ჩემი აზრით, ის ამ ჟესტით ამბობდა: „უთხარი მას, რომ მე ვაძლევ საჩუქარს, ვაძლევ ხსნას. ის მთელი ცხოვრება ცდილობს აამოს თავის ღმერთს, მაგრამ მადლსა და გადარჩენას მას მე ვთავაზობ.“ დროთა განმავლობაში დავასკვენი, რომ საუბარი იყო საჩუქარზე.


ალექს: საუკუნო სიცოცხლის საჩუქარზე, გადარჩენის საჩუქარზე.


მაგო: დიახ. დიახ. მსხვერპლზე, რომელიც ქრისტემ გაიღო. ეს არის უმთავრესი განსხვავება: ისლამი არ აღიარებს ქრისტეს მსხვერპლს. თუ ის ჯვარზე არ გაუკრავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ არც მსხვერპლი ყოფილა და არც აღდგომა, ამიტომ ისლამში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, ის უბრალოდ წინასწარმეტყველი გახლდათ. 


ისლამი ამბობს, რომ იესო კვლავ დაბრუნდება, დაქორწინდება, შვილები შეეძინება და სიბერით გარდაიცვლება. ამ საკითხებს მაშინაც კი ჩიხში შევყავდი, როდესაც უკვე ქრისტიანი ვიყავი, რადგან ვერ ვხვდებოდი, რა როლი აქვს იესოს ისლამში. ისლამის მიხედვით, იესომ მისია ვერ შეასრულა. უნდოდათ მისი ჯვარზე გაკვრა, თუმცა ყურანი ამბობს, რომ ალაჰმა ის თავისთან აიყვანა და მის ნაცვლად ჯვარს სხვა ადამიანი აცვეს. ყურანის თანახმად, ამის შემდგომ ის დაბრუნდება, დაქორწინდება, შვილები ეყოლება და მოხუცი გარდაიცვლება. თუ დავუკვირდებით, გაჩნდება შეკითხვა: საერთოდ რა მიზანი ჰქონდა მის მოსვლას? ამას უკვე ვეღარ ვხვდები…


ალექს: დიახ, გასაგებია. სხვა სიზმრებიც გინახავ მამასთან დაკავშირებით?


მაგო: დიახ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ვირწმუნე. დროდადრო ღმერთი სიზმრების მეშვეობით განამტკიცებდა ჩემს რწმენას. ეს იყო წინასწარმეტყველური სიზმრები, რომლებიც მესიზმრებოდა გარკვეულ მომენტებში. ისინი ჩემს გონებასა და გულში აღიბეჭდა, თუმცა შემდეგ მსგავსი რამ აღარ განმეორებულა. სიზმრები შეწყდა. მთელი არსებით ვაცნობიერებდი, რომ საქმე ეხებოდა გარკვეულ წინასწარმეტყველებას, მომავალს. მახსოვს ქრისტიანობაზე მოქცევის შემდეგ, როდესაც უკვე სახარებას ვკითხულობდი, სიზმარში ვნახე, რომ ნაპირთან ვიდექი, ქვემოთ კი ბინძური წყლის გუბე იყო. 


ამ ბინძურ წყალში ყველა ჩემი ნათესავი იდგა, მათ შორის, მამაჩემიც. მე მთიდან ვუყვებოდი კეთილ უწყებას იმის შესახებ, რომ იესომ ისინი გამოისყიდა, რომ მსხვერპლი უკვე გაღებულია და ჩვენ ეს მსხვერპლი უნდა მივიღოთ, მოვინანიოთ და ვაღიაროთ იესო ქრისტე ჩვენს მხსნელად. ვხედავდი, როგორ ამოდიოდნენ ერთმანეთის მიყოლებით გუბიდან ადამიანები, არ მახსოვს სახეები, ვერ ვხედავდი, კონკრეტულად, ვინ იყვნენ ისინი, მაგრამ მახსოვს, რომ ისინი ერთმანეთის მიყოლებით ამოდიოდნენ.


ალექს: შენი ნათესავები?!


მაგო: ჩემი ნათესავები, დიახ. ამოვიდა ყველა, ყველა მამაჩემის გარდა. მამა კვლავ გუბეში იდგა. მახსოვს იმდენად დავიღალე, რომ ფოფხვით დავიწყე ჩამოსვლა ამ მთიდან. ვეუბნებოდი: „მამა, შეხედე მთას. უკვე ყველა მთაზეა. უკვე ყველა ამოვიდა. შენ რატომ დგახარ?“


ალექს: გასაოცარია.


მაგო: „უნდა ამოხვიდე აქედან, ხომ ხედავ რომ წუმპეში დგახარ, კიდევ რა მტკიცებულება გჭირდება?“ აქ ერთი საინტერესო რამ მინდა აღვნიშნო: ცოტა ხნის წინ სამკუთხედი ახსენე: მამაჩემი, იესო და მე. ვიცოდი, რომ თუ მამაჩემი შეცვლიდა ჩემ მიმართ დამოკიდებულებას, სანათესაოშიც უმალვე დამშვიდდებოდნენ და მყისიერად შეცვლიდნენ მიდგომას ჩემდამი. ერთ-ერთი ბოლო საუბრისას მამამ მითხრა: „შენ კარგად იცი, თუ ერთხელ მაინც დავრეკავ ნათესავებთან ჩეჩნეთში და ვეტყვი, რომ სამუდამოდ გაწყვიტონ შენთან ურთიერთობა, არც ერთი ადამიანი ჩვენი სანათესაოდან არ დაგელაპარაკება. არ მაიძულო, ამის გაკეთება, რადგან შემიძლია ისე მოვაწყო, რომ ყველამ უარგყოს. ჩემი ერთი სიტყვაც საკმარისი იქნება ამისთვის.“


მას მართლაც აქვს ამის ძალაუფლება. მახსოვს, ამ სიზმარში როგორღაც პირიქით მოხდა, ყველა ამოვიდა მამას გარდა. გადავწყვიტე თავად ჩავსულიყავი და დამერწმუნებინა, რომ ამოსულიყო. საბოლოოდ, წყალში რომ ჩავედი, ვიგრძენი, მეც წუმპეში ვიყავი მასთან ერთად. ვსაყვედურობდი, ვეუბნებოდი, რომ ამოსულიყო იქედან, რომ ყველა ზემოთ ელოდა. მამა მომიბრუნდა და მითხრა: „არ შემიძლია აქედან ამოსვლა, არ შემიძლია ამ გუბიდან ამოსვლა.“ 


რაც უფრო დიდხანს ვსაუბრობდით, მით უფრო მეტად ვგრძნობდი, როგორ მაწვებოდა ზემოდან და მითრევდა ჭაობში. ვგრძნობდი, რომ ღრმად ვეფლობოდი. და მაშინ, როცა ვიგრძენი, რომ წყალმა დამფარაა, ამ ბინძურ ჭაობში მყოფმა ყვირილი დავიწყე. ქრისტეს ვუხმობდი. თითქოს გავიაზრე, რომ მამა ცდილობდა, ჩავეძირე. 


ვლოცულობდი: „უფალო, დამეხმარე, შემიწყალე, ამას ვერ ვუმკლავდები.“ ვიგრძენი, როგორ გადმოვიდა ჩემზე ძალა და დავიწყე სუნთქვა წყლის ქვეშ. როგორღაც ამოვედი წყლიდან, მამაჩემიც ამოვიყვანე, რომელიც მხრებზე მყავდა წამოკიდებული. წყლიდან ამოვედი და ვიგრძენი, რომ მისია შესრულებული იყო.


ალექს: ასეთ ფასად.


მაგო: დიახ, ასეთ ფასად.


ალექს: ეს მამისთვის არ მოგიყოლია?


მაგო: არა, არა, ამის შესახებ არასდროს მითქვამს მისთვის და არა მხოლოდ მისთვის, არამედ არც ნათესავებისა და ჩემი დებისთვის.


ალექს: თუ გსურს სახელები არ დაასახელო, რომ არავინ გაამხილო, მაგრამ მინდა გკითხო, ახლო ნათესავებიდან ვინმესთან გულახდილად თუ გისაუბრია?


მაგო: დიახ, დიახ.


ალექს: როგორი იყო მათი რეაქცია?


მაგო: მე ვესაუბრე ერთ ჩემს ახლო ნათესავს. დიდხანს ვეძებდი შესაძლებლობას, რომ მასთან ღიად და გულწრფელად მესაუბრა. ერთ დღეს მან თვითონ დამირეკა და მითხრა: „შეგიძლია მოხვიდე?“ მეც წავედი. ის მარტო იყო სახლში და ჩვენ ვსაუბრობდით.


ბნელი ღამე იყო, გარეთ ვისხედით. მთხოვა მომეყოლა ჩემი ამბავი მისთვის. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ჩემი მოსმენა სურდათ. ვგრძნობდი, რომ გულის სიღრმეში სჯეროდა ჩემი, ესმოდა, რომ რაღაცამ კი არ გამიტაცა, არამედ სერიოზული გარდატეხა მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რომ რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა.


მოკლედ ჩვენ ვსაუბრობდით. პირველად მასთან გავბედე თავისუფლად საუბარი. ის ყურადღებით მისმენდა და შემდეგ მკითხა: 


„მერე რა მოხდება? რას გააკეთებ? მაინც ვერ შეძლებ ამის შესახებ ხმამაღლა ლაპარაკს, არავინ მიგიღებს. რას უზამ შენს რწმენას? შენ ხომ არ შეგიძლია მამის საწინააღმდეგოდ მოქცევა, შენ ერთი ხარ, ჩვენ კი ბევრნი. იქნებ, დაივიწყო ეს ყველაფერი, რასაც განიცდი. იქნებ, შეწყვიტო საუბარი ამის შესახებ? თაყვანი ეცი იესოს, მაგრამ ისლამში დარჩი. შეგიძლია თაყვანი სცე იესოს, მაგრამ ისე გააკეთე ეს, რომ შენზე არ განრისხდნენ, რომ ამის შესახებ არავინ გაიგოს. 


მე მჯერა შენი, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, ამას როგორ გადაიტან. ყველა შენ წინააღმდეგ ამხედრდება, არაფერი გამოგივა. იქნებ, შენს გულში შეინახო შენი რწმენა, შენს ოჯახში, ხოლო საჯაროდ ისე გააკეთე, რომ მამას აამო ყველაფერში. გააკეთე ყველაფერი, რასაც ის გეუბნება, რადგან სხვანაირად არ შეგიძლია მოქცევა, ის მამაშენია.“


ალექს: სხვათა შორის, ეს კარგი კითხვაა. რატომ არ უნდა მოიქცე ასე: გწამდეს ქრისტე, აღიარებდე მას, გქონდეს მასთან პირადი ურთიერთობა, მაგრამ ამავე დროს, ნათესავებთან ურთიერთობების გამო გააგრძელო მეჩეთში სიარული, დაიცვა ტრადიციები. ხელსაყრელია. დაახლოებით, 10 წლის წინ გაჩნდა ასეთი ტერმინი „ქრისლამი“- ქრისტიანობისა და ისლამის გაერთიანების მცდელობა. საერთოდ, როგორ ფიქრობ, რატომ არ შეიძლება ასე მოქცევა?


მაგა: ქრისტე ამბობს, წადით და იყავით ჩემი მოწმენი, გახსოვს ეს ადგილი? დაამოწმეთ ჩემზე. როცა ადამიანი ქრისტესთან მიდის, ის ამას გრძნობს. მე ქრისტე ვიგრძენი, განვიცადე იგი. არ შემიძლია უარვყო ის, რაც განვიცადე. მაშინ მიზანმიმართულად უნდა ვაქციო ზურგი ჭეშმარიტებას, უბრალოდ გვერდით გადავდო ის, თითქოს არ გჭირდება, ამიტომ ეს შეუთავსებელია.


ერთხელ მამაჩემის წინ ვიჯექი, ემოციურად მელეპარაკებოდა, მიბიძგებდა, რომ აზრი შემეცვალა. მახსოვს, ამ დროს ღმერთს ველაპარაკებოდი ჩემს გულში: „უფალო, როგორ უნდა ვისაუბრო ახლა? ჩვენთან ხომ მიღებულიც კი არ არის ამაზე საუბარი. კარი დაკეტილია ჭეშმარიტებისთვის. როგორ შევძლებ ამის გაკეთებას? ჩვენთან ხომ მიღებული არ არის ის, რომ მამას თუნდაც შეკითხვები დაუსვა, რადგან ეს უკვე თავხედობად და ავტორიტეტის შელახვად ითვლება. ეს არ არის მიღებული ჩვენთან.“


ამ ფიქრებით გარემოცულმა შინაგანად მკაფიოდ გავიგონე პასუხი: „შენ სხვაგვარად მოიქეცი. შეეწინააღმდეგე. თუ სხვა არავინ მოიქცევა ასე, რადგან სხვაგვარად არანაირი ცვლილება არ იქნება. ადექი და შეეწინააღმდეგე, ჭეშმარიტებაზე ისაუბრე, მიუხედავად იმისა, რომ ეს თქვენთან არაა მიღებული. დაამსხვრიე ეს დაბრკოლება. შენ გააღე ეს დაკეტილი კარი. თუ შენ არ ისაუბრებ ამაზე, თუ გამუდმებით მოერგები გარემოებას, მაშინ არანაირი ცვლილება არ მოხდება.“


ამიტომ ვფიქრობ, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში უფალი მიბიძგებდა ამისკენ, თუმცა მე 10 წელი ვდუმდი ჩემი რწმენის შესახებ და არაფერს ვეუბნებოდი საკუთარ მამას. 10 წელი მისთვის სიტყვაც არ მითქვამს ჩემი რწმენის შესახებ. ფიქრობდი იმ განცდების შესახებ, რომლებიც ქრისტესთან მისვლის შემდეგ განვიცადე, იმ სიყვარულის შესახებ, რომელიც ქრისტეს აქვს ჩვენ მიმართ, ვფიქრობდი სახარების შესახებ, რომელიც ადამიანებისთვის არის განკუთვნილი და ვხვდებოდი, რომ არ შემეძლო ასე ცხოვრების გაგრძელება. არა მხოლოდ ამის გამო, არამედ იმიტომაც, რომ მიყვარს ჩემი მშობლები და არ მსურს ისინი დაიღუპონ. მინდა, რომ მათაც იცოდნენ კეთილი უწყების, ქრისტეს მსხვერპლის შესახებ.


ალექს: არასდროს განაწყენებულხარ იესოზე, რომ ის, ასე ვთქვათ, თქვენ შორის ჩადგა? მანამდე გქონდა ოჯახი, სადაც ყველაფერი კარგად იყო მანამ, სანამ არ გამოჩნდა იესო.


მაგო: არა, არა, ყოველთვის ვგრძნობდი, რომ მამას ვუყვარდი. გარკვეული ხნის განმავლობაში მამასთან ერთად ვმუშაობდი. შემდეგ ისე მოხდა, რომ მან მე ჩამაბარა პროექტის დასრულება, რომელიც მალე უნდა დასრულებულიყო და თავად სხვა პროექტზე გადაერთო. 


ყოველთვის მქონდა განცდა, რომ არავის ესმოდა ჩემი, არავის აინტერესებდა ჩემი ინდივიდუალურობა. წყენაც მქონდა გულში და ვფიქრობდი, რა უნდა გამეკეთებინა, როდესაც ვერ ვაკმაყოფილებდი იმ სტანდარტებს, რასაც ჩემგან მოითხოვდნენ. ნათესავები ხშირად მიმეორებდნენ: „შენ უნდა შეესაბამებოდე სტანდარტებს, მთელი ძალით უნდა ცდილობდე. არ ისაუბრო შენს გრძნობებზე, ახლა ეს არავის სჭირდება და შენს მხარეს არავინ დაიჭერს.“


ასეთი განცდები მქონდა მაშინაც კი, როცა მუსლიმანი ვიყავი. მახსოვს ერთი ასეთი შემთხვევა: ჩავედი სარდაფში, სადაც მშენებლობის შემდეგ უნდა შემეგროვებინა რაღაც ნივთები. ძალიან ბნელოდა, წელში მოხრილი დავდიოდი და ვაგროვებდი ნივთებს. შეიძლება უბრალოდ ჩემი ფიქრი იყო, შეიძლება ზებუნებრივი შეხება, მაგრამ კარგად გავიაზრე, რომ ვერავინ ხედავდა ჩემს შინაგან სამყაროს და არავის სჭირდებოდა ის, რასაც ვგრძნობდი. მგონია, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ ჩამოვყალიბდი ასეთად, რადგან ბავშვობაში არ შემეძლო მამაჩემთან გულახდილად საუბარი. 


ამ მხრივ პრობლემა მქონდა. ჩემთვის ეს რთული იყო. კედელს მივეყრდენი და ქვითინი დავიწყე, ავტირდი. გავიაზრე, რომ დაკარგული ვიყავი, ვფიქრობდი: „რას ვაკეთებ? საერთოდ ვის ვაინტერესებ?“ მაშინ 16-17 წლის ვიქნებოდი. მახსოვს, ასეთ დროს ვამბობდი: „უფალო, თუ შენც ვერ ხედავ ჩემს შინაგან სამყაროს, იმას თუ რას განვიცდი, მაშ, დაკარგული ადამიანი ვარ.“


შემდეგ, სიზმარში, როცა ქრისტე გამომეცხადა, ვიგრძენი, როგორ იწვევდა ის ჩემში ბუნებრიობის განცდას და მე შემეძლო ბუნებრივი, ნამდვილი ვყოფილიყავი მასთან.


ალექს: როდესაც შენი ესმით, ითვალისწინებენ შენს აზრს, შენთან საუბრობენ კიდეც…


მაგო: დიახ, მახსოვს, როცა უკვე მორწმუნე ვიყავი, ბევრჯერ დავმდგარვარ სხვადასხვა სირთულის წინაშე, თუმცა ყოველ ჯერზე ვამჩნევდი, რომ შინაგანად მშვიდად ვიყავი იმის გამო, ქრისტე იყო ჩემს ცხოვრებაში, იმის გამო, რომ ის მისმენდა. ვიცოდი, რომ ჩემი ლოცვები შესმენილი იყო და მარტო არ ვიყავი, ეს გასაოცარი განცდაა. როცა ჩემ გარშემო ადამიანები ამბობდნენ, რომ გამოსავალი არ არსებობდა, მე მშვიდობით ვიყავი გარემოცული. ვგრძნობდი მშვიდობას და უფრო მეტად მტკიცდებოდა ჩემი რწმენა და აზრი იმის შესახებ, რომ მარტო არ ვიყავი.


კარგად მახსოვს ის დრო, სანამ ეს მოვლენები მოხდებოდა, სანამ ვირწმუნებდი, საშინლად ვიღლებოდი. ერთხელ დამესიზმრა, რომ ქუჩაში ვსეირნობდი, ირგვლივ სიმწვანე და ბევრი ლამაზი ხე იყო, სიმყუდროვე იგრძნობოდა.


მარცხნივ სახლი დავინახე. მამაჩემი მშენებელია და ბუნებრივია, მშენებლობასთან ხშირი შეხება გვქონდა. ვათვალიერებდი ამ შენობის ყველა წახნაგს და ვფიქრობდი, რა ლამაზად იყო იგი აგებული. მშვენიერი იყო არა მარტო ფასადი, ასევე წინა ეზო, უკანა ეზოც და ჭიშკარიც. ფიქრებში გართულმა, უეცრად შევნიშნე, რომ ბოსტანში ამ სახლის პატრონი იჯდა და თითქოს გაზეთს კითხულობდა ან რაღაც ეჭირა ხელში. დავასკვენი, რომ ალბათ ის გახლდათ სახლის მეპატრონე. ჩემ ყურადღება მის სიახლოვეს მყოფმა ორმა ლომმა მიიპყრო.


ვუყურებდი და ვფიქრობდი: „ოჰო, ხედავ, ლომი მოუშინაურებია ადამიანს.“ ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა ორი ლომის ყოლა სახლში და სანამ მათ ვათვალიერებდი, დავინახე, რომ ბოსტნის ჭიშკარი ღია იყო და მათ გამოსვლა შეეძლოთ, ჭიშკართან კი ვინმეს შეიძლებოდა გაევლო. ჯერ კიდევ გაოგნებული ვიყავი. „შეხედე“, – ვამბობდი და სანამ ამ გაურკვევლობაში ვიყავი, ლომებმა დამინახეს, როგორ ჩავიარე მათ ახლოს და ჩემკენ გამოიქცნენ. ირგვლივ მიმოვიხედე და გავაცნობიერე, რომ მარტო ვიყავი მინდორზე. 


სახლის მეპატრონის, ლომებისა და ჩემ გარდა სხვა არავინ იყო. მივხვდი, რომ გადარჩენა შეუძლებელი იყო. დავასკვენი, რომ შანსი აღარ მქონდა. თუ მეპატრონე არ შეაჩერებდა მათ, ისინი უბრალოდ დამგლეჯდნენ. ცოტა ხანში უკვე ვგრძნობდი, როგორ მგლეჯდნენ ისინი და როგორ მდიოდა სისხლი სხეულიდან.


ტკივილს ვერ ვგრძნობდი, თუმცა ვიცოდი, როგორ მგლეჯდნენ. ვხედავდი სისხლს ჩემს სხეულზე და მექანიკურად ვცდილობდი მათ მოშორებას. ამ დროს დავინახე, რომ ირგვლივ უამრავი ადამიანი იყო. ისინი თვალს ადევნებდნენ ამ სცენას. ვიცანი ამ ხალხის 70%. ისინი ჩემი ნათესავები იყვნენ. ვხედავდი, როგორ მაკვირდებოდნენ დიდი ინტერესით. აინტერესებდათ როგორ დასრულდებოდა ეს ყველაფერი.


ალექს: გასაოცარია.


მაგო: არავინ ერეოდა. უბრალოდ ღობესთან იდგნენ და ინტერესით აკვირდებოდნენ, ფიქრობდნენ: „გაუმკლავდება ლომებს თუ არა?“ მახსოვს, გაოგნებული ვიყავი. ვერ ვხვდებოდი, ვერ ვიგებდი რატომ არ ცდილობდა არავინ რამის გაკეთებას, რატომ არ მეხმარებოდა არავინ. შემდეგ ღმერთს მოვუხმე.
ვღაღადებდი და ვამბობდი: „უფალო ვერ ვუმკლავდები. ისინი მომკლავენ, ვერ მოვერევი მათ, დამეხმარე.“ ვუხმობდი იესოს და ვგრძნობდი, რომ რაღაც ხდებოდა ჩემს თავს… როგორც სამსონზეა დაწერილი, სწორედ ისე შიშველი ხელებით შევძელი ლომების ყბების გაგლეჯა. დავინახე, როგორ ეგდო ეს ორი ლომი ჩემს ფეხებთან გაგლეჯილი ყბებით.


ირგვლივ მიმოვიხედე, ხალხი საგონებელში იყო ჩავარდნილი. ვერ იჯერებდნენ მომხდარს და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „მან მაინც დაამარცხა ისინი, ეს შეუძლებელია, ეს ამოუხნელია.“ ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ვერ შევძლებდი ამას. თითქოს, მათ უკვე იცოდნენ როგორი იქნებოდა დასასრული, ამიტომაც მათთვის მოულოდნელი იყო ასეთი დასასრული. ისინი ვერ აცნობიერებდნენ ამას.


ვხედავდი, როგორ ეუბნებოდნენ ერთმანეთს: „ეს შეუძლებელია.“ ამ დროს ჩემთან სახლის მეპატრონე მოვიდა. მის სახეს ვერ ვხედავდი. მან მითხრა: „აი, გასაღები იმ ყველაფრისა, რასაც შენი თვალები აქ ხედავენ. იმის გამო, რომ შენ მათ გაუმკლავდი, ეს ყველაფერი ახლა შენია.“ მან მომცა გასაღები და მე გამეღვიძა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ვირწმუნე. 


ამ წინასწარმეტყველურმა სიზმრებმა ჩამოაყალიბეს ჩემში რწმენა და ხასიათი, აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ სწორი მიმართულებით მივდიოდი, რომ ქრისტეს ეჭირა ჩემი ხელი და წინ მიმიძღვებოდა, მიუხედავად ყველა სირთულისა.


ალექს: მაგო, შენი ცოლიც ქრისტიანია?


მაგა: დიახ, დიახ, ჩემი ცოლიც ქრისტიანია. 18-19 წლის ვიყავი, როცა ერთმანეთი გავიცანით, ის პირველი ქრისტიანი მორწმუნე იყო, ვინც ცხოვრებაში პირადად ვნახე. ძირითადად, იმ მუსლიმანთათვის, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც საზღვარგარეთ არასდროს უმოგზაურია და არ დაინტერესებულა ქრისტიანებით, ქრისტიანობა შემოიფარგლება მართლმადიდებელი მღვდლებით, დიდი ჯვრებითა და ტაძრებით. ჯვრის დანახვისას ვამბობდით, რომ ეს რუსი ღმერთი იყო. ასე ვფიქრობდი მაშინ, როცა მოზარდი ვიყავი. სამწუხაროდ, ასეთ შთაბეჭდილებას ჩვენი წარსული და კულტურა გვიქმნიდა.


ჩემთვის ეს თემა საინტერესო აღმოჩნდა. ჩვენ ვურთიერთობდით, ვსაუბრობდით. ისლამის შესახებ ბევრს ვესაუბრებოდი და ვუმტკიცებდი მის სისწორეს. ფაქტობრივად ლექციებს ვუტარებდი. სწორედ ამ პერიოდში დავიწყე ღმერთის ძიება, მანამდე, სანამ იმ სამ სიზმრს ვნახავდი.


ჩვენ ვსაუბრობდით და მე ყველანაირად ვცდილობდი, რომ ისლამის ჭეშმარიტება დამემტკიცებინა. ამ გოგონასადმი, რომელიც ახლა უკვე ჩემი ცოლია, რა თქმა უნდა, არ მქონდა არავითარი უარყოფითი დამოკიდებულება. მასთან გულწრფელი ვიყავი, რადგან არ მიმაჩნდა, რომ მტერთან მქონდა დისკუსია. ჩვენ ძალიან ბევრ საკითხს ვეხებოდით.


ალექს: მინდა ბოლო კითხვა დაგისვა. როცა არავინ გიყურებს, როცა არ ხარ კამერების წინ, როცა მარტო ხარ თუნდაც პარკში ან ავტომობილით მიდიხარ, იძინებ ან იღვიძებ, როგორ ურთიერთობ იესოსთან ახლა?


მაგო: ალექს, ეს გასაოცარია. მე არ შემიძლია ვიყო ის, ვინც ვარ. ეს ძალიან მაკვირვებს.


ალექს: ღმერთის წინაშე!


მაგო: ღმერთის წინაშე. მახსოვს, ქრისტიანობაზე მოქცევის შემდეგაც, ეს გრძნობა ჩემთვის დიდხანს იყო უცხო. როგორც წესი, რწმენა ჩვენთან ფორმალობასთან არის დაკავშირებული, წეს-ჩვეულებება და რიტუალებთან. ერთმა ჩემმა ნათესავმა გოგონამ მკითხა: „შენ სწორად ლოცულობ? ისე, როგორც არის მიღებული?“ ამ დროს აღმოვაჩინე, რომ არ ვყოფ ლოცვას სწორად და არასწორად, უბრალოდ ჩემი გული ლოცულობს და ჩემი სული მიმართავს ქრისტეს. ვგრძნობ ამ ატმოსფეროს.


თვალებში შევხედე და ვუთხარი: „ქრისტე არ არის რელიგია, ის პიროვნება და მე ვირწმუნე არა ქრისტიანობა, არამედ ქრისტე. ქრისტე ერთადერთია, ვინც თქვა: „მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო და პოვებთ სულის სიმშვიდეს.“


ეს სიტყვები, სახარების კითხვისას გულის სიღრმეში მწვდებოდა და უკეთესად ვიაზრებდი ქრისტეს სიტყვებს: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე.“


ვიმეორებდი ამ სიტყვებს და ვაცნობიერებდი, რომ ის არ ამბობს, რომ მას აქვს ჭეშმარიტება. როგორც წესი, ვუსმენთ ადამიანებს და ვამბობთ, აი, ამ ადამიანს აქვს ჭეშმარიტება ან ამ რელიგიაში არის ჭეშმარიტება. არა, მას არ უთქვამს: „მე მაქვს ჭეშმარიტება, მე გასწავლით, მე მომბაძეთ“, არა, მან თქვა: „მე ვარ ჭეშმარიტება.“ მას არ უთქვამს, რომ იცის გზა, არამედ თქვა, რომ ის თავად არის გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე და ვერავინ მივა მამასთან მის გარეშე.“


დავასკვენი, რომ იესოს გვერდის ავლით ღმერთამდე მისასვლელი გზა არ არსებობს. სწორედ ამით განსხვავდება დანარჩენი რელიგიები ქრისტიანობისგან, რომ ისინი ქრისტეს გვერდით ავლით ეძებენ ღმერთთან მისასვლელ გზას, მათ შორის ისლამიც. მე გავიაზრე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ქრისტეს სიტყვების მოსმენა, მისი მორჩილება და გაცნობიერება იმისა, რასაც ქრისტე ამბობს: „თქვენ შეგიძლიათ ეცადოთ გულმოდგინედ, მაგრამ ჩემი გვერდის ავლით ამას ვერ შეძლებთ.“


ამიტომ აქ მოვდივარ თუ სხვაგან, ნებისმიერ დროს, უბრალოდ შემიძლია ვიტირო ღმერთის წინაშე და იესო განვადიდო. ვეუბნები მას: „უფალო, გადიდებ განვლილი წლებისთვის, შენი მფარველობისთვის, ყველა წუთისთვის; იმისთვის, რომ შემიძლია ჩემი ცხოვრების ნებისმიერ მონაკვეთს თითი დავადო და ვთქვა, რომ ქრისტე ჩემთან იყო. ეს გასაოცარია.


აქამდე მსგავსი არაფერი ყოფილა. უბრალოდ ვცხოვრობდი, თუ ალაჰის საამებლად არაფერს აკეთებდი, ეს ნიშნავდა, რომ სერიოზული პრობლემა გქონდა.



ერთხელ ერთმა ადამიანმა, რომელიც იმ დროს ჯერ კიდევ მუსლიმანი იყო ასეთი რამ თქვა: 


„მზად ხარ, რომ გადაიხადო საფასური იმ შემთხვევაში, თუ ქრისტიანობა აღმოჩნდება სიმართლე, თუ ქრისტიანობა ჭეშმარიტებაა? მზად ხარ ამისთვის?“



ეს ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვაა, რომელსაც ადამიანმა უნდა უპასუხოს, როცა ირჩევს, ირწმუნოს თუ არა ქრისტე. ამ დროს ადამიანები ჩერდებიან, რადგან წინ დიდ დაბრკოლებას ხედავენ, რომლის გადალახვაც არ შეუძლიათ; უკან იხედებიან, სადაც ყველაფერი დალაგებულია, სადაც ყველაფერი ნორმალურადაა. იქ არიან მშობლები, ნათესავები, იქ თავს მათ განუყოფელ ნაწილად გრძნობენ. ამ წუთიდან კი სხვანაირად უნდა გააგრძელო, ამიტომ კითხვა: „მზად ხარ საფასურის გადასახდელად?“ – ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა.


ალექს: მაგო, თუ დავუბრუნდებით ჩვენს პირველ შეკითხვას, ხანდახან იქმნება შთაბეჭდილება, რომ იესო ძალიან სუსტია. ავიღოთ მამაშენი, შემდგარი ადამიანი, რომელსაც აქვს ფული, პატივი, ავტორიტეტი, ყველა ნათესავი მის ირგვლივაა, თუნდაც ჩეჩნეთში, თუნდაც აქ ბელგიაში, სადაც ცხოვრობდით. შენ კი, რამდენი წელია მორწმუნე ხარ და გარბიხარ, ცხოვრობ ასეთ პრიმიტიულ პირობებში…


მაგო: მე ახლახან ისევ გადავიკითხე სახარება და მომეწონა ერთი ადგილი, სადაც ქრისტე ამბობს: „მე და მამაჩემი მივალთ… “


ალექს: „…და მასთან დავიდებთ სავანეს.“


მაგო: დიახ, დიახ. როცა ჩემს ცოლს ხმამაღლა წავუკითხე ეს სიტყვები, მან თქვა: „ეს უბრალოდ უნდა განიცადო.“ ვფიქრობ, რომ ქრისტე თავისუფლად მოდის.


ალექს: შესანიშნავია, რაც შენ ახლა გაიხსენე. იქ იესო ამბობს: „ვისაც მე ვუყვარვარ, მამაჩემიც შეიყვარებს მას, ჩვენ მივალთ მასთან და დავივანებთ.“


მაგო: ამინ, ამინ. ვფიქრობ, რომ ამის შემოთავაზება რელიგიას არ ძალუძს, უბრალოდ არ შეუძლია. ამას მხოლოდ ქრისტე იძლევა და მე არასდროს ვინანებ ჩემს არჩევანს. ბედნიერი ვარ, რომ ჯერ კიდევ მაშინ ეს ჩემს ცხოვრებაში მოხდა, არასდროს დავივიწყებ იმ დროს. სამუდამოდ მადლიერი ვარ იესოსი იმისათვის, რომ მაშინ გვერდი არ ამიარა.

შემდეგ ნახეთ

ისტორიული ფაქტები

ქრისტიანობის ისტორიის მიმოხილვა

მუსიკალური ბექგრაუნდი

ქრისტიანული სიმღერების განხილვა

მიმდინარეობს რეორგანიზაცია

გადაცემა მალე დაემატება