ის აღდგა – ბილი გრემი

ბილი გრემი სახარებიდან კითხულობს მუხლებს. იოანეს სახარება მე-19 და მე-20 თავებიდან და 1-ლი კორინთელთა მე-15 თავიდან.

იოანეს სახარება, მე-19-მე-20 თავები

 

იმ ადგილას, სადაც ჯვარს აცვეს იგი, ბაღი იყო, ბაღში კი – ახალი სამარხი, რომელშიც ჯერ არავინ ჩაესვენებინათ. იქ ჩაასვენეს იესო, იუდეველთა პარასკევის გამო, რადგან ახლოს იყო სამარხი.

ერთშაბათს, დილაადრიან, როცა ჯერ ისევ ბნელოდა, მივიდა მარიამ მაგდალინელი სამარხთან და ხედავს, რომ ლოდი გადაგორებულია სამარხიდან. გაიქცა და მივიდა სიმონ-პეტრესთან და სხვა მოწაფესთან, რომელიც უყვარდა იესოს, და უთხრა მათ: „უფალი წაუღიათ სამარხიდან და არ ვიცით, სად დადეს.“ მაშინვე გამოვიდნენ პეტრე და სხვა მოწაფე და მივიდნენ სამარხთან. ორივენი ერთად მირბოდნენ, მაგრამ მეორე მოწაფე პეტრეზე სწრაფად გაიქცა და პირველი მივიდა სამარხთან. დაიხარა და დაინახა დაწყობილი ტილოები, მაგრამ არ შესულა. მივიდა სიმონ-პეტრეც მის შემდეგ, და შევიდა სამარხში და დაინახა დაწყობილი ტილოები. სუდარა, თავზე რომ ეხვია, იმ ტილოებთან კი არ იდო, არამედ ცალკე იყო დახვეული ერთ ადგილას.

მაშინ შევიდა სხვა მოწაფეც, სამარხთან პირველი რომ მივიდა, და იხილა და იწამა, რადგან აქამდე არ იცოდნენ წერილიდან, რომ იგი მკვდრეთით უნდა აღმდგარიყო. წავიდნენ კვლავ თავ-თავისთვის მოწაფეები. მარიამი კი იდგა სამარხთან, გარეთ და ტიროდა. მტირალი სამარხისაკენ დაიხარა და დაინახა თეთრებში შემოსილი ორი ანგელოზი, მსხდომარენი ერთი თავთით და მეორე ფერხთით, სადაც იესოს გვამი ესვენა. უთხრეს მას: „ქალო, რატომ ტირი?“ ეუბნება მათ: „ჩემი უფალი წაიღეს და არ ვიცი, სად დადეს.“ ამის თქმისას მოტრიალდა და დაინახა მდგომარე იესო. მაგრამ ვერ იცნო, რომ იესო იყო.

ეუბნება მას იესო: „ქალო, რატომ ტირი, ვის ეძებ?“ მას მებაღე ეგონა იგი და ეუბნება მას: „ბატონო, თუ შენ წაიღე, მითხარი, სად დადე, და მე წამოვიღებ.“ ეუბნება მას იესო: „მარიამ!“ მოტრიალდა მარიამი და ებრაულად უთხრა: „რაბუნი!“ (რაც ნიშნავს: მოძღვარო). ეუბნება მას იესო: „არ შემეხო, რადგან ჯერ არ ავსულვარ მამასთან. წადი ჩემს ძმებთან და უთხარი: ავდივარ ჩემს მამასთან და თქვენს მამასთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან.“ მარიამ მაგდალინელი მივიდა და აუწყა მოწაფეებს, რომ უფალი იხილა და ეს უთხრა მას.

 

1-ლი კორინთელთა 15

გაუწყებთ თქვენ, ძმანო, სახარებას, რომელიც მე გახარეთ, რომელიც კიდეც მიიღეთ და რომელზეც დგახართ. ვინაიდან თავიდანვე გადმოგეცით ის, რაც მე თავად მივიღე, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენი ცოდვებისათვის, როგორც წერილებშია, და რომ დამარხულ იქნა და რომ აღდგა მესამე დღეს, როგორც წერილებშია, და რომ გამოეცხადა კეფას და შემდეგ თორმეტს. შემდეგ გამოეცხადა ხუთასზე მეტ ძმას ერთდროულად, რომელთაგან უმრავლესნი აქამდე ცოცხალნი არიან, ზოგმა კი განისვენა.

 

ხოლო თუ ქრისტეზე იქადაგება, რომ ის აღდგა მკვდრეთით, როგორღა ამბობს ზოგიერთი თქვენგანი, არ არის მკვდრეთით აღდგომაო? მკვდრეთით აღდგომა თუ არ არის, ქრისტეც არ აღმდგარა. ხოლო ქრისტე თუ არ აღმდგარა, ჩვენი ქადაგებაც ფუჭია და ფუჭია თქვენი რწმენაც. მაშინ ჩვენ ვიქნებოდით ღვთის ცრუ მოწმენი, რადგან დავამოწმებდით ღმერთზე, რომ მან აღადგინა ქრისტე, რომელიც არ აღუდგენია, თუ მართლაც არ აღდგებიან მკვდრები. რადგან, თუ მკვდრები არ აღდგებიან, არც ქრისტე აღმდგარა. ხოლო თუ ქრისტე არ აღდგა, თქვენი რწმენა ფუჭია და კვლავ თქვენს ცოდვებში ხართ. მაშინ ისინიც დაღუპულან, რომელთაც ქრისტეში განისვენეს. და თუ ჩვენ მხოლოდ ამ ცხოვრებაში ვართ ქრისტეს მოიმედენი, ყველა ადამიანზე საცოდავნი ვყოფილვართ. მაგრამ მკვდრეთით აღდგა ქრისტე.

სხვა ქადაგებები

ისტორიული ფაქტები

ქრისტიანობის ისტორიის მიმოხილვა

მუსიკალური ბექგრაუნდი

ქრისტიანული სიმღერების განხილვა

ვისაუბროთ გამართულად

სწორი და არასწორი ფორმები ქართულ ენაში