ლოცვის ოთახის საიდუმლო – ალექსანდრე შევჩენკო

ჩვენ წინაშე არის ჯვარი. ჩვენ წინაშე არის შესაძლებლობა, წარვდგეთ ჯვრის წინ და ყოველმა ჩვენგანმა იცის, რა არის ჩვენთვის კონკრეტული საფუარი, რომელიც სადღაც იწვევს ჩვენს „გაფუებას“. ვიღაცას შური აქვს და არ შეუძლია, ამას გაუმკლავდეს. ვიღაცას უპატიებლობა, ვიღაცას შიში, ქვეყნიერებამ შემოაღწია შენში და როგორც სიმსივნის მეტასტაზები, ისე გაკავებს. შენ შეწყვიტე უფალზე დაიმედება. ეს გადაგეზარდა უკამაყოფილებასა და პრეტენზიაში, ეს არ არის ნორმალური, ეს ქვეყნიერების სულია, ქვეყნიერების ელემენტები. შენ შეგიძლია გოლგოთის ჯვართან ამ ყველაფრის დატოვება, შეგიძლია, გოლგოთის ჯვართან დატოვო ნებისმიერი ტვირთი.

მოგესალმებით, მეგობრებო. რასაკვირველია, ვცდილობ გავიღიმო და ვგრძნობ კიდეც სიხარულს გულში, რადგან მჯერა, როცა კამერის ობიექტივში ვიყურები, რეალურად თქვენ გესაუბრებით. ეს ჩვენი სცენაა. ისე მოვაწყვეთ, რომ შესაძლებელი ყოფილიყო პირდაპირი ტრანსლაციის განხორციელება. უჩვეულოა, დიდი ხანი ვიდექი ამ სცენაზე. ბევრი თქვენგანი კი იჯდა ამ დარბაზში და ჩვენ ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით, მაგრამ დღეს სურათი შეიცვალა. მე არაერთხელ მითქვამს, რომ ღმერთმა გვაჩუქა ურთიერთობების შესანიშნავი წლები ჩვენს ეკლესიაში და უსაზღვროდ ბედნიერები ვართ ამით. ჩვენ არ ვნანობთ არცერთ განვლილ დღეს, თუ როგორ ვცხოვრობდით ერთად, როგორ ვატარებდით დროს და როგორ ვემსახურებოდით ერთმანეთს, ეს მართლაც შესანიშნავი იყო. 

მწამს, რომ, ღვთის მადლით, ცხოვრება გაგრძელდება, მაგრამ ახლა ამ სიტუაციაში ვიმყოფებით. ჩვენ ვიცნობთ მრავალ ადამიანს ამ სფეროში და მრევლიდანაც ბევრი პიროვნება მუშაობს საავადმყოფოში. ჩვენ მათთვის ვლოცულობთ. გუშინ სახლში ვლოცულობდით ჩვენი ხალხის სახელისა და გვარების მოხსენიებით, რომლებიც მოწინავენი არიან, რომლებიც იმყოფებიან დიდი რისკის ქვეშ. გვსურს იცოდეთ, რომ გვიყვარხართ და ჩვენს ლოცვებში ხართ. დღეს ძალიან მინდა გაგიზიაროთ და გესაუბროთ იმის შესახებ, რომ სინამდვილეში ნეტარნი ვართ. წარმოდგენაც კი არ გვაქვს, თუ რამდენად ნეტარნი ვართ, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს შინაგანში სიცოცხლის წყალი მოჩქეფს და ეს არ არის მოგონილი, არც თვითშთაგონებაა, არც თვითნუგეში. ეს რეალურად ასეა. მე წარმოდგენაც არ შემიძლია, თუ როგორ შეიძლება გრძნობდნენ თავს ის ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ ურთიერთობა ღმერთთან. მათ გამო გულწრფელად, გულწრფელად ვწუხვარ. 

მინდა, დავიწყო იგავთა წიგნით, მე-20 თავის 27-ე მუხლით. აქ არის ძალიან მოკლე, მაგრამ მნიშვნელოვანი ტექსტი: „კაცის სული უფლის ლამპარია.“ ავტორი ამბობს, რომ უფალი განიხილავს ჩემს სულს, როგორც საკუთარ ლამპარს. ჩემი სულის მეშვეობით უფალს სურს, ანათოს სრულ სიბნელეში, სადაც პანიკაა, სადაც ადამიანები ვერაფერს ხედავენ. სიტუაციაში, სადაც, როგორც იტყვიან, საკუთარ ხელებსაც კი ვერ ხედავთ, არაფერი ჩანს, არაფრის გაგება და არაფრის ახსნა არ შეგიძლიათ. ამ დამაბნეველ პერიოდში ბევრი შეთქმულების თეორია, განმარტება და წინასწარმეტყველებაა, მაგრამ კაცის სული უფლის ლამპარია. არსებობს ბევრი ტექსტი როგორც ძველ, ასევე ახალ აღთქმაში, რომელიც მიუთითებს, რომ უფლის სული ცხოვრობს ადამიანის სხეულში; რომ ჩვენი სხეული არის ჩვენში მყოფი სულიწმიდის ტაძარი; რომ  ღმერთმა წარმოგზავნა თავისი ძის სული ჩვენს გულებში, რადგანაც ჩვენ მისი შვილები ვართ. და როგორც ღვთის ერთადერთ ძეს – იესოს ჰქონდა უფლება, ეწოდებინა ღმერთისთვის „მამა“: „აბბა, მამაო“. არც აბრაამი უწოდებდა მას ასე, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთის მეგობრად იწოდებოდა; არც დავითი მიმართავდა ღმერთს ასე, არც სამუელი. პირველი, ვისაც შეეძლო ღმერთთან ასე საუბარი, იყო მისი მხოლოდშობილი ძე.  

პავლე ამბობს: „რაკი ძენი ხართ, ღმერთმა მოავლინა თქვენს გულებში თავისი ძის სული.“ „და თუ მისი სული, ვინც მკვდრეთით აღადგინა იესო, დამკვიდრებულია თქვენში, ქრისტეს მკვდრეთით აღმდგენი თქვენს მოკვდავ სხეულებსაც გააცოცხლებს თავისი სულით.“  სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არსებობს ყველაზე ნამდვილი, პირდაპირი კავშირი ღვთის სულსა და ადამიანის სულს შორის, რომელიც ღვთისგან არის შობილი. სახარებაში არის კიდეც ტექსტები, სადაც მოციქული პავლე წერდა, რომ სულიწმიდა ესაუბრება ჩვენს სულს, რომ ჩვენ ღვთის შვილები ვართ. მესმის, რომ თუ გარედან შევხედავ ჩემს თავს ან თქვენ თქვენს თავს, რიგით, ჩვეულებრივ ადამიანებს დავინახავთ. ჩვენ ისეთივე სხეული გვაქვს, როგორიც სხვა ადამიანებს, ჩვენი სხეულებიც ასევე ექვემდებარება დაბერებასა და ავადმყოფობას. თუ გაფუჭებულ საჭმელს შევჭამ, მოვიწამლები, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი შეიძლება მოიწამლოს. მაგრამ ჩემ შიგნით დამალულია ძლიერი რეაქტორი, სიცოცხლის ძლევამოსილი ენერგია. საიდან ვიცი ამის შესახებ?! იმიტომ, რომ თავად სულიწმიდა მკვიდრობს ჩემში. და ეს ენერგია, ეს სიცოცხლე, აღდგომის ძალის საიდუმლო ჩემში კი არაა, არამედ თავად ღმერთში, სულიწმიდაში, ამიტომ პასუხისმგებლობა, რომელიც ჩემ წინაშე დგას, გასაგებია. მე უნდა გავატარო დრო სულიწმიდის თანდასწრებაში. დიახ, ჩვენ შექმნილნი ვართ ურთიერთობისთვის, ჩვენ მოგვწონს უკუკავშირი. არ შეგვიძლია მივმართოთ უბრალოდ სისტემას, რაიმე ფორმას ან კერპებს, ჩვენ გვსურს ურთიერთობა ცოცხალ პიროვნებასთან, რათა ვიგრძნოთ უკუკავშირი. აი, რატომ იზიდავს ბევრ ჩვენგანს ადამიანებთან ურთიერთობა უფრო მეტად, ვიდრე ღმერთთან. რადგან როცა ადამიანებთან გვაქვს ურთიერთობა, ცუდიც რომ იყოს ის, ვკამათობდეთ და მერე ვრიგდებოდეთ, ჩვენ მაინც გვიზიდავს ეს, რადგან არსებობს რაღაც ფორმა ურთიერთობის, რაღაც რეაქცია ჩვენს განცხადებებზე. 

ახლა ადამიანები უკიდურესობაში არიან ჩაცვენილნი, ისინი უბრალოდ მოთქვამენ და ითხოვენ ყურადღებას; მათ სჭირდებათ ყურადღება, რამდენიმე მოწონება, რამდენიმე კომენტარი, ამბობენ: „თუნდაც პლუსები დაწერეთ ჩემს კომენტარებში“, და თუ ვინმე უპასუხებს, ადამიანი ფიქრობს, რომ ამ დიდ პლანეტაზე ვიღაცამ მისი ხმა გაიგონა, ვიღაც გამოეხმაურა. თუნდაც უსაყვედურა, თუნდაც გალანძღა, მაგრამ რეაქცია ჰქონდა მის ნააზრევზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვსურს კონტაქტი, გვსურს ურთიერთობა და სწორედ ეს გახლავთ ყველაზე დიდი გამოწვევა, რომ ჩვენ სულ სხვა მხარეს გადავერთეთ, როცა უნდა ვავითარებდეთ ყველაზე ნამდვილ, ცოცხალ, პირად ურთიერთობებს სულიწმიდასთან. 

ჩვენ ძალიან დიდ დროს ვუთმობთ ადამიანებთან ურთიერთობას, ვუსმენთ სიახლეებს, კომენტარებს ვწერთ, ვუზიარებთ ერთმანეთს ემოციებს, ვიცინით, ვტირით,  ვცხოვრობთ ამ გარემოში. ამ გარემოს კი თავისი ტემპერატურა აქვს. ამ დღეებში, ბოლო კვირის განმავლობაში ძალიან მაღალი ტემპერატურაა დედამიწაზე. დედამიწა იწვის, ის ცეცხლშია. ეს სიტუაცია ასნებოვნებს ადამიანებს, ჩვენი სამეგობრო წრე დასნებოვნებული ხალხისგან შედგება, მე ახლა უშუალოდ ვირუსს არ ვგულისხმობ. მე ვსაუბრობ ვირუსის შიშზე, ვამბობ, რომ ჩვენ ვიკვებებით იმ ჭურჭლიდან, რომელიც ინფიცირებულია ამ პანიკითა და შიშით. ჩვენი ნერვები ვეღარ უძლებს წნეხს, რადგან ჩვენი კვების წყარო, სამწუხაროდ, არ არის ლოცვის ოთახი. სხვათა შორის, ჩემს დღევანდელ თემას დავარქვი „ლოცვის ოთახის საიდუმლო“ ან „როცა კარანტინი სასიკეთოა“, არ ვხუმრობ. ვფიქრობ, რომ თვით ღმერთისთვისაც რთულია ჩვენი მოწყვეტა ყოველდღიური ცხოვრებისგან, ჩვენი საზრუნავისგან, რომ შევძლოთ განმარტოება საკუთარ თავთან და დროის სასარგებლოდ გატარება.  

ჩვენ ძალიან დაკავებულნი ვართ და ვცხოვრობთ ადამიანების რეაქციების ხარჯზე, თითქოს ამით ვიკვებებით. ეს ხომ გულუბრყვილობაა, ეს ხომ სისულელეა. წარმოიდგინეთ, რომ გვჯეროდეს, თითქოს ტელეფონი იმუხტებოდეს ჩვენი საუბრით –  რაც უფრო მეტს ვსაუბრობთ, რაც უფრო მეტი ემოცია გვაქვს, ბატარეაც მეტად ივსება. სინამდვილეში, ამით ელემენტი მხოლოდ იცლება. ბატარეა უნდა შეაერთო დენის წყაროში, ის უნდა დაიმუხტოს საერთოდ სხვა ენერგიის მეშვეობით. 

ზუსტად ასეა ჩვენი სულიერი მხარე მოწყობილი. ბევრი ადამიანი დამოკიდებული გახდა იმაზე, რომ ცხოვრობს სხვა ადამიანების რეაქციებით; ივსება იმით, რომ კონტაქტი აქვს სხვა ადამიანებთან. ეს არაფრის მომცემია, მე ამას დარწმუნებით ვამბობ. შეხედეთ, რას წერს წინასწარმეტყველი იერემია მე-2 თავის მე-13 მუხლში: „რადგან ორი სიბოროტე ჩაიდინა ჩემმა ერმა: მე, ცოცხალი წყლის წყარო, დამტოვეს, რათა თავიანთთვის ამოეკვეთათ ჭები, დაბზარული ჭები, რომლებიც ვერ დააკავებენ წყალს.“ 

ამრიგად, ღმერთი თავს ადარებს წყლის წყაროს, წყაროს, რომელიც მიწიდან ამოდის. მიწის ქვეშ არის აბსოლუტურად სუფთა წყლის უზარმაზარი რეზერვუარები, ზღვები, რომლებსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ვერ ამოხაპავ და ღმერთი ამბობს: „თქვენ დატოვეთ ეს წყარო, თქვენ მე დამტოვეთ.“ წყლის გარეშე ცხოვრებას მაინც ვერ შეძლებთ, ამიტომ იმისთვის, რომ გეცოცხლათ, თავად გააკეთეთ თქვენთვის ჭები. თავად  ჩაასხით შიგნით წყალი. ეს წყარო, წყალსაცავი, წყლის რეზერვუარი, რომელიც ზოგს უფრო დიდი აქვს, ზოგს უფრო პატარა, თქვენ თავად აავსეთ და თავადვე სვამთ იქიდან. 

ვფიქრობ, თუ მთლიანად ამ თავს და სხვა თავებს ყურადღებით წავიკითხავთ, დაინახავთ, რომ უფალი დიდი ტკივილით საუბრობს, თუ როგორ გადაიტანეს ადამიანებმა ყურადღება ირგვლივ მყოფ ხალხზე. ამბობს, რომ ჩვენ ჩვენს ეკონომიკას ვაშენებთ ეგვიპტესთან, ასურეთთან, ადამიანებთან და მათზე ვამყარებთ იმედს. გვაქვს ჩვენი ბიზნესგარიგებები, ჩვენი ცხოვრება ერთი შეხედვით დუღს, მაგრამ ნამდვილი წყარო მიტოვებული გვაქვს; რომ ვერ შევძელით მასთან ურთიერთობის განვითარება; არ გამოგვივიდა ცოცხალი ურთიერთობის აგება. ჩვენ ჩვენს გარემოცვაში ვტირით, ვიცინით, ვცეკვავთ და განცდა მაქვს, თითქოს ღმერთი განზე დგას და აკვირდება ამ ყველაფერს სრულ მარტოობაში. ის არ არის ჩვენი სამეგობრო წრის ნაწილი, სადაც იღვრება მთელი ჩვენი ემოცია, ჩვენი სიხარული, ჩვენი ფიქრები, რითაც დაკავებულია მთელი ჩვენი გონება, სადაც მთლიანობაში მიედინება კიდეც ჩვენი ცხოვრება. ღმერთი თითქოს გვერდიდან გვაკვირდება და ამბობს: „თქვენ ჩაიდინეთ ორი დიდი დანაშაული. თქვენ მე დამტოვეთ და ცხოვრობთ მთლიანად პარალელური ცხოვრებით, რაღაც პარალელურ სამყაროებში.“

უკვე ახალ აღთქმაში, მათეს მე-6 თავის მე-5 მუხლიდან ქრისტე ამბობს: „ხოლო როდესაც ლოცულობთ, ნუ ემსგავსებით თვალთმაქცთ, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა თუ ქუჩის კუთხეში დგომა და ლოცვა, რათა თავი მოაჩვენონ ხალხს.“ წარმოგიდგენიათ, სადამდე დადის რელიგიური გეგმის მთელი ეს გარყვნილება, რომ ადამიანი, რომელიც ლოცულობს, ამას აკეთებს ქუჩაში. უნდა ჩაავლო ხელი, შეანჯღრიო და ჰკითხო: „რატომ აკეთებ ამას?! შენ მოხვედი ღმერთთან სასაუბროდ. რატომ უნდა აკეთო ეს ხალხის თვალწინ.“ და არა მხოლოდ თვალწინ, არამედ ქუჩის კუთხეში დგება, რომ ოთხივე კუთხიდან შეეძლოს ხალხს მისი დანახვა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს. არა უბრალოდ ქუჩებში, არამედ გზაჯვარედინზე დგება. ეს ყველაფერი სიგიჟემდე დადის. 

საინტერესოა, რით არის გამოწვეული ადამიანის ეს უცნაური ქმედება, რომელიც მოვიდა, რათა ესაუბროს ღმერთს, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა გააკეთოს საჯაროდ. ჩვენ უბრალოდ კი არ ვიცინით ამ ხალხზე და თითს ვიშვერთ მათ მხარეს, ვუყურებთ ჩვენს თავს მათში. მე უკვე აღარ ვარ ბიჭი, გარკვეული გზა გამოვიარე და ვაკვირდებოდი, როცა ადამიანები იკრიბებოდნენ კონფერენციებზე, როცა ადამიანები იკრიბებოდნენ ერთად ლოცვისთვის, ერთად თაყვანისცემისთვის, რამხელა ენერგია იხარჯება, რამხელა დინამიკაა და მე არაერთხელ მიფიქრია: საინტერესოა, თუ ყველა ამ ადამიანს მოვაშორებდით დარბაზს, აი, ეს ადამიანი ზუსტად ასეთი ენერგიით ილოცებდა ღვთის წინაშე?! ის ზუსტად ასე ატარებს დროს თავის ლოცვის ოთახში თუ ის უბრალოდ აქ იმუხტება? მთელი ეს ატმოსფერო მასზე ასე მოქმედებს? ის მზადაა – დახარჯოს ფული, გაიაროს მთელი ამერიკა ან გადაფრინდეს პლანეტის მეორე მხარეს იმისათვის, რომ მოხვდეს ამ კონფერენციაზე. ანუ რა გვანთებს ჩვენ? არა, მართლა მაინტერესებს. მე არავის ვაკრიტიკებ, უბრალოდ ხმამაღლა ვფიქრობ. რა აღგვძრავს, რა გვანთებს და გვამოქმედებს? მართლა მაშინ ვენთებით, როდესაც ბევრნი ვართ? სად არის ჩვენი ენერგიის წყარო, თუ შევხედავთ ადამიანებს, რომლებიც სცენაზე მღერიან ასეთი ენერგიით? მე არც კი ვახელ ხოლმე თვალებს თაყვანისცემის დროს. ამ დროს მე ღმერთს ვცემ თაყვანს. არავის ვაკვირდები, არავის ვაკონტროლებ, საერთოდ არ მაინტერესებს ეს, მაგრამ რამდენჯერმე მოხდა მსგავსი რამ, რომ ვუყურებდი ადამიანებს, რომლებიც ერთ კვირა დღეს მღეროდნენ სცენაზე, ხოლო მომდევნო კვირა დღეს დარბაზში იდგნენ. 

ყოველთვის მაოცებდა და მანაღვლიანებდა მათი ცვლილება. ვერ ვიგებდი, თუ რატომ არის, რომ ადამიანი სცენაზე მგზნებარედ სცემს თაყვანს ღმერთს, შემდეგ კი ჩაივლის ოთხ საფეხურს სცენიდან ქვემოთ და სულ სხვა ადამიანი ხდება. მაშ, რა ანთებს მას? რატომ ლოცულობს სხვადასხვაგვარად ერთი და იმავე ღმერთის წინაშე? შეიძლება ჩვენი ენერგიის წყარო თავად ღმერთი არ არის. შეიძლება ჩვენ ერთმანეთს ვაძლევთ ბიძგს და ვცვივდებით ეიფორიაში. ამიტომ ამბობს ქრისტე: არ მოიქცეთ ასე. თქვენ ხომ ჩემთან მოხვედით, მე ვარ თქვენი წყარო. ამიტომ ვამბობ, კარანტინი ბევრისთვის სასიკეთო აღმოჩნდება. ბოლოს და ბოლოს, ღმერთი შეძლებს ჩვენთან განმარტოებას, რათა თავიდან აღმოვაჩინოთ ცოცხალი წყლის ნამდვილი წყარო. შემდგომ ქრისტე ამბობს: „შენ კი, როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში, მოიხურე კარი და ილოცე შენი ზეციერი მამის მიმართ. და მამაშენი, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგებს შენ.“ ხოლო რუსულ სინოდალურ თარგმანში წერია: „ცხადად მოგაგებს შენ“, ანუ ის შენ ყველას წინაშე გაკურთხებს. გავა წლები, ადამიანები უკან მოიხედავენ და იტყვიან: „და მაინც, ეს ადამიანი კურთხეულია, მისი ოჯახი კურთხეულია, მისი ცხოვრება კურთხეულია, მისი ხელით ნამოქმედარი კურთხეულია.“ ამრიგად, ეს არ არის უბრალოდ ემოციები. ეს არ არის უბრალოდ თვითშთაგონება. ადამიანი, რომელიც სვამს ამ მარადიული ცოცხალი წყაროსგან, ის ნამდვილად არ აკეთებს ამას საჯაროდ. აი, ამით განსხვავდებიან ადამიანები. მართალია, ჩვენ ყველანი ქრისტიანები ვართ, მაგრამ ამით განვსხვავდებით. ერთნი ნამდვილად იღებენ თავიანთ სულიერ ცხოვრებას, გულის სიმშვიდეს, სიხარულს, ზეიმს. ისინი იღებენ ამას ლოცვის ოთახში. ისინი ამას არ აკეთებენ დემონსტრაციულად, მათ არ სჭირდებათ ეს ხმაური. ის ზედმეტია. მათ შეძლეს, დაემყარებინათ პირადი ურთიერთობა ღმერთთან. მათთან შედგა უკუკავშირი. მათ აქვთ ყველაზე ნამდვილი კავშირი, ურთიერთობა ღმერთთან. როგორ ვამყარებთ კავშირს ახლო ადამიანთან? როცა ჩვენ გვესმის ერთმანეთის, როცა გვსიამოვნებს მეორე ადამიანთან ერთად დროის გატარება. ეს დიდი ღირებულებაა და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ. 

შეხედეთ, მათეს სახარების 25-ე თავში არის ძალიან საინტერესო იგავი: „მაშინ მიემსგავსება ცათა სასუფეველი ათ ქალწულს, რომლებმაც აიღეს თავიანთი ლამპრები და გამოვიდნენ სიძის შესაგებებლად.“ საზეიმო დღეა სიძის, მისი მეგობრების, ნაცნობების ცხოვრებაში, ასეთი რამ ერთხელ ხდება ცხოვრებაში. „ხუთი მათგანი გონიერი იყო, ხუთი კი – უგუნური.“ მაგრამ არავინ იცოდა, მათ შორის ვინ იყო უგუნური, ვინ იყო გონიერი. ამრიგად, როგორც ჩანს, სიტუაცია მალავს რაღაც ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანს: აღმოჩნდა, რომ 5 მათგანი უგუნურია. „უგუნურებმა აიღეს თავიანთი ლამპრები, მაგრამ თან არ წაიღეს ზეთი. გონიერებმა კი თავიანთ ლამპრებთან ერთად თან წაიღეს ზეთიც თავიანთი ჭურჭლებით.“ აი, მთელი განსხვავებაც. „და რაკი სიძემ დაიგვიანა, ყველას რული მოერია და ჩაეძინა. მაგრამ შუაღამისას გაისმა ძახილი: აჰა, მოდის სიძე, გამოდით, გამოეგებეთ. (აი, ისიც – საზეიმო მომენტი). მაშინ ადგნენ ქალწულები და გამართეს თავიანთი ლამპრები. უგუნურებმა უთხრეს გონიერთ: გვიწილადეთ თქვენი ზეთი, ვინაიდან ჩვენი ლამპრები ქრება.“ დაიწყო პანიკა. 

ვფიქრობ, ყოველი ჩვენგანი ყოფილა სიტუაციაში, როცა გვიწევს – უარი ვუთხრათ ახლო მეგობარს ან ამხანაგს. ძალიან არასასიამოვნოა, როცა ის კრიტიკულ სიტუაციაშია და დახმარებას ითხოვს, ხოლო შენ უარი უნდა უთხრა მას. ეს ძალიან რთული მომენტი იყო, როცა მათ უარი უთხრეს. „გონიერებმა კი მიუგეს: ‘რომ არ შემოგვაკლდეს ჩვენცა და თქვენც, გიჯობთ წახვიდეთ ვაჭრებთან და იყიდოთ თქვენთვის.’ როცა საყიდლად წავიდნენ, მოვიდა სიძე; მზადმყოფნი მასთან ერთად შევიდნენ ქორწილში და დაიხშო კარი. შემდეგ მოვიდნენ დანარჩენი ქალწულნიც და სთხოვეს: ‘უფალო, უფალო, გაგვიღე ჩვენ.’ ხოლო მან პასუხად მიუგო: ‘ჭეშმარიტად გეუბნებით: არ გიცნობთ თქვენ.’“ ამრიგად, ჩემი ცხოვრების ყველაზე საზეიმო დღეს თქვენ მე არ შემხვდით. ჩვენ ყველანი ამისთვის ვემზადებოდით, ადრე უნდა გეფიქრათ სერიოზულად. უნდა გეფიქრათ ზეთზე, მის მარაგზე. მაგრამ თქვენ ცუდად მოემზადეთ და როცა მოვედი, თქვენ არ იყავით. მე თქვენ არ გიცნობთ. და მთავარი აზრი ამ იგავისა, როგორც მე ვფიქრობ… მასში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი აზრია, ყველას თავისი დასკვნა გამოაქვს, მაგრამ ჩემი თვალთახედვით ძალიან მნიშვნელოვანი აზრი არის ის, რომ ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში, ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში, ჩვენ ვერ შევძლებთ ერთმანეთის დახმარებას. ეს სასტიკად ჟღერს; როგორც ვთქვი, ეს ძალიან მტკივნეული და ძალიან არასასიამოვნოა. ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთის დახმარება რაღაც დოზით, რაღაც დონემდე, მაგრამ არის საკითხები, როცა ჩვენ ერთმანეთის დახმარებას ვერ შევძლებთ. და განსაკუთრებით, როცა ვეხებით სულიერ საკითხებს, ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ უნდა ვილოცოთ მასზე. კარგი, ჩვენ ვილოცეთ. „დაე, ყველამ ხელდასხმით ილოცოს ჩემზე, იმარხულეთ ჩემ გამო“ – არის სიტუაციები, სადაც ერთმანეთის დახმარება არ შეგვიძლია. ეს გონიერი ქალწულები აგზავნიან მათ სავაჭროდ, აგზავნიან მათ გამყიდველებთან. წადით, იქ ზეთის სავსე კასრებია. 

ამრიგად, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დღეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნაა – ნუ იფიქრებთ, რომ ასეთ კრიტიკულ მომენტში, როგორიც დღესაა და რაც ხდება დედამიწაზე, ჩვენ შევძლებთ ერთმანეთის დახმარებას, პირიქით, ახლა ვლინდება ჩვენი სულიერი ბუნება, ჩვენ ყველა აღმოვაჩენთ ჩვენს მარაგს. საუკეთესო, რაც შეგვიძლია, რომ გავაკეთოთ, როცა ლამპარი უკვე ქრება, ეს მომარაგებაა, ეს მარაგია, მარაგის შეგროვებაა, სულიერი მარაგის. რას ნიშნავს ეს?! ეს ნიშნავს იმას, რომ მე რეგულარულად ვატარებ დროს ღმერთთან. ჩემი სული მარაგდება გამოცდილებით, განცდით, იმედით, მშვიდობით. ანუ მე ვვითარდები ამ ურთიერთობებში და მარაგს ვაგროვებ წინასწარ. ხოლო როცა დგება ეს კრიტიკული მომენტი, როგორც ნაყამანი, რომელიც კეთროვანი იყო. მან თავის თავში შექმნა კონცეფცია, მოდელი: „მე ჩავალ, ის გამოვა, ის დიადი ადამიანია. ღმერთს მასთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს, ის უბრალოდ მოუხმობს ღვთის სახელს, შეიძლება შემეხოს კიდეც, შეიძლება ხელი გამოიწოდოს ჩემ მიმართ.“ ანუ მან შეიქმნა ასეთი წარმოდგენა, ხოლო თავად ნაყამანი თავს არ იწუხებდა იმასთან დაკავშირებით, რომ პირადი ურთიერთობა ჰქონოდა ისრაელის ღმერთთან. ხვდებით?! წინასწარმეტყველი კი ასე მოიქცა: გაგზავნა თავისი მსახური, რომელმაც მიუტანა რეცეპტი, ყველაზე ნამდვილი რეცეპტი. აი, როგორც დღეს ვიტყოდით: ფურცელი მივეცი და მასზე წერია; აი, ამას გააკეთებ და იქნები ჯანმრთელი. მაგრამ ეს იმდენად ეწინააღმდეგებოდა იმ წარმოდგენას, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ყველაფერი, რომ ნაყამანი გაბრაზდა და წავიდა. შემდგომ უკვე მსახურებმა დაითანხმეს: მოგვისმინე, ასე არ გააკეთო, ამხელა მანძილი გავიარეთ, ნუთუ ეს ასე რთულია? მოდი, მოვიქცეთ ისე, როგორც რეცეპტში წერია, როგორც ჩვენ გვითხრეს. მე ახლა მაქვს მთავარი შეკითხვა, რატომ გააკეთა ასე ღმერთმა? რატომ არ გამოვიდა უბრალოდ ელისე, დიადი წინასწარმეტყველი, არ ილოცა ნაყამანზე და ისიც მაშინვე განიკურნებოდა. 

დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთი მიჰყვებოდა გაცილებით ღრმა მიზანს, ღმერთს სურდა, დაემყარებინა ნაყამანთან პირადი ურთიერთობა. ღმერთს სურდა, რომ ნაყამანს გააზრებულად წაეკითხა თუნდაც ეს სიტყვა. უბრალოდ წაეკითხა ეს სიტყვა. წადი მდინარე იორდანესთან, ჩაყვინთე 7-ჯერ, თუნდაც რომ ეფიქრა მას ამ სიტყვაზე. ხოლო შემდგომ პირადად გახდა სასწაულის მოწმე და მონაწილე. შემდგომ ის შეაგროვებს ისრაელის მიწას, რამდენის წაღებასაც შეძლებდნენ ცხენები, წაიღებს ამ მიწას თავისთან, სირიაში და თაყვანს სცემს ისრაელის ღმერთს ამ მიწაზე. 

ამრიგად, მწამს, ღმერთი ამ დღეების განმავლობაში გვასწავლის, რომ არსებობს ისეთი კრიტიკული მომენტები, არსებობს ჩვენი სულიერი მარაგი, და ცხოვრების კრიტიკულ მომენტებში შეგვიძლია, მისით ვისაზრდოოთ, ჩვენ აქ ერთმანეთს ვერ დავეხმარებით. აქ ყველას ნამდვილად თავისი მარაგი უნდა ჰქონდეს. 

რამდენიმე სიტყვას ვიტყვი დავითზე. მიმაჩნია, რომ დავითი იყო მკაცრ კარანტინში. დავითი დიდხანს იყო განმარტოებული, ყმაწვილობაშიც კი. ვუყურებ დღეს ახალგაზრდა ადამიანებს; ვხედავ, რამდენად არიან სოციალურად განვითარებულნი, რამდენად ფართო საურთიერთო წრე აქვთ. ისინი სწავლობენ კოლეჯებში, გამუდმებით ტელეფონში არიან, მუდამ სწერენ ერთმანეთს. თავიანთი ჯგუფები აქვთ, თავიანთი მიმოწერა, ისინი სოციალურ ქსელში არიან. ერთმანეთზე ძლიერ არიან სოციალურად დამოკიდებულნი. 

დავითი იმყოფებოდა სრულ იზოლაციაში. არა იმიტომ, რომ ინტერნეტი არ ჰქონდა; იქ, მინდორში, სადაც ცხვრებს მწყემსავდა, ჩანს, რომ ძმები მას ცუდად ექცეოდნენ. ამას სხვადასხვა განმარტება და ვერსია აქვს, შეიძლება ის უკანონო შვილი იყო, მაგრამ მე ახლა ამაზე არ ვსაუბრობ.  თუმცა არის ერთი ტექსტი 21-ე ფსალმუნში, სადაც დავითი თავად წერს თავის თავზე. იფიქრეთ იმაზე, თუ რას წერს. ის მიმართავს ღმერთს და ამბობს: „რადგან შენ გამომიყვანე დედის მუცლიდან, დამამშვიდე დედის მკერდზე. შენით ვიმედოვნებდი დაბადებიდან. დედის მუცლიდან შენ ხარ ჩემი ღმერთი.“ თუ დავითი არ აჭარბებს, ძალიან მძიმეა, წლებთან ერთად მიხვდე, რომ დედის მუცლიდანვე „შენზე მოიმედედ დამტოვეს, უფალო.“ 

აქაც, შეერთებულ შტატებში და ევროპაშიც ამას აპრაქტიკებენ და ურჩევენ, რომ როცა ახალშობილი იბადება, არ მოაცილონ დედას. თუნდაც რაღაც დროით დააწვინონ ის დედის მკერდზე, რომ ეს სტრესი რაც დედის საშოდან გამოსვლით გადაიტანა, დაივიწყოს, როგორღაც იგრძნოს დედის სითბო და სუნთქვა, მისი სხეულის სუნიც კი. ეს ხომ მშობლიური და ახლოა მისთვის. დავითი წერს, რომ მას მკაცრად მოექცნენ, როგორც ჩანს. როგორც კი მოევლინა ქვეყანას, ის დატოვეს ღმერთის იმედად. ამრიგად, ეს გარკვეულწილად დისკომფორტია, როცა იზოლირებული ხარ, როცა მინდორში ხარ, როცა მარტო ხარ; მაგრამ რომ გვქონოდა სათვალთვალო კამერები და რომ დავკვირვებოდით დავითს, თუ როგორ ატარებდა დროს მინდორში, როცა ის მარტო იყო?! ცხვრებთან დიდად ვერ ისაუბრებ, ვერ დაელაპარაკები მათ. რასაკვირველია, გინდა იურთიერთო ვიღაც ცოცხალთან. 

მახსოვს, ვსაუბრობდი ადამიანთან, რომელმაც დიდი ხანი გაატარა მარტო საკანში. დიდი ხანი. ის ამბობდა, რომ ადამიანი რეალურად შეიძლება შეიშალოს, თუ მას ყოველგვარი კომუნიკაციისგან სრულ იზოლაციაში მოაქცევენ. ეს ადამიანი ჰყვება, რომ მას კამერაში ჰყავდა ობობა და მას ისე ეშინოდა, რომ ეს ობობა არ მომკვდარიყო! იმიტომ, რომ ის ერთადერთი ცოცხალი არსება იყო, რომელსაც ის ადამიანი ესაუბრებოდა. „შეიძლებოდა ჭკუიდან შევშლილიყავი, დიდი ხნით სრულიად მარტოდ ყოფნის გამო,“ – ამბობდა ის. ასე რომ, ვფიქრობ, დავითმა როგორღაც დაიწყო თავისი განცდების გამოხატვა. რა თქმა უნდა. შენ ადამიანი ხარ და გსურს, ვინმესთან გამოხატო საკუთარი თავი; გსურს, გახსნა შენი შინაგანი სამყარო; გსურს, იტირო, ისაუბრო ხმამაღლა ვინმესთან. მე ასეთი რამ ხშირად მემართება. თუნდაც გუშინ. 

მანქანით მივდიოდი, რომ დამირეკა ერთმა ადამიანმა და მითხრა: ალექსანდრე, მე არც კი ვიცი, რა მსურს, ალბათ უბრალოდ საუბარი მინდა, სულში სიმძიმე მაქვს. ხშირად ვუსმენ ხოლმე ადამიანებს, უბრალოდ ვუსმენ მათ და სულში ვლოცულობ მათთვის. როგორი მნიშვნელოვანია მარტოსული ადამიანისთვის, უბრალოდ რომ მოუსმინონ მას. ამ ურთიერთობაში, რასაკვირველია, შემოქმედებითობა გვეხმარება; შემოქმედებითი ადამიანები საკუთარ ემოციებს გამოხატავენ, თუნდაც ლექსებში ღვრიან მათ. მეჩვენება, რომ დავითმა დაიწყო ამის როგორღაც გამოხატვა: შეიძლება სიმღერებში, შეიძლება თავის არფაზე დაკვრით. შეიძლება ცდილობდა ლექსების წერას; მაგრამ ვისთვის? ვინ მოუსმენს?! ვინ იქნება მისი აუდიტორია? 

და აი, მან დაიწყო ღმერთთან საუბარი. მე თითქმის დარწმუნებული ვარ. აი, დავითი ესაუბრება ღმერთს. წარმომიდგენია ის მომენტი და დავითის განცდები, როცა ის მიხვდა, რომ გაჩნდა უკუკავშირი, რომ ის ჰაერზე არ საუბრობს, რომ მას უსმენენ. უკუკავშირის გააზრება აღგვაფრთოვანებს და მარტოობა უკვე აღარ არის მომაკვდინებელი; არამედ ეს იქცევა განმარტოებად, როცა ორნი განმარტოვდებიან, უკვე ორნი. გარშემო სამყაროსგან განცალკევდებიან, რადგან დანარჩენები მათ ხელს უშლიან. ამ მომენტიდან ყველაფერი იცვლება. ეს მარტოობა, იზოლაცია, კარანტინი, რომელშიც დავითი იმყოფებოდა, გარდაიქმნება საოცარ დროდ, რადგანაც დავითი იწყებს შემოქმედთან ურთიერთობას ერთი ერთზე. მათ შორის ურთიერთობა იწყება და ეს ადამიანი ამ ურთიერთობაში ვითარდება. იმიტომ, რომ ეს საუკეთესო გარემოა, სადაც შეიძლება განვითარდეს ნებისმიერი ჩვენგანი. და აი, ასეთია უკვე დავითი – ნორჩი და სუფთა, თავისი დასკვნებით, თავისი გამოცდილებით, ღირებულებათა საკუთარი სისტემით, პირადი რწმენით: როცა იქ მოდიოდა დათვი, მგელი და მიჰყავდა ცხვარი, დავითი თავს უფლებას აძლევდა, გამოეცადა საკუთარი თავი ღმერთთან ერთად და ის ცხვარს ართმევდა მტაცებელს. ამით ის არსად ტრაბახობდა, არ დებდა YouTube-ზე, რომ ეჩვენებინა: „აი, შეხედეთ!“ დღეს რამდენ ნახვას დააგროვებდა, ალბათ. მაგრამ ეს იყო პირადი გამოცდილება. ეს იყო უკვე დავითი, ის ჩამოყალიბებული გახლდათ, მიუხედავად თავისი ახალგაზრდა წლებისა. 

ერთხელ კი, შემდგომ, მოვიდა ბრძოლის ველზე და დაინახა სურათი, რომლის გაგებაც სრულიად არ შეეძლო. ვიღაც უზარმაზარი სიმაღლის ადამიანი-გოლიათი გამოდიოდა და ძალიან უხეში ფორმით ამცირებდა ისრაელის ჯარს. დასცინოდა ღმერთს; როგორც ჩანს, სალანძღავ სიტყვებსაც იყენებდა ღმერთის მისამართით. ყველა ეს ადამიანი, ათასობით ადამიანი, იძულებული იყო, მოესმინა მისთვის. 

დაწერილია, რომ ზოგიერთები გარბოდნენ, ისინი ფსიქოლოგიურად ვერ უმკლავდებოდნენ ამას. ისინი უკვე კანკალებდნენ ამ პროპაგანდის გამო. მთელი თვე-ნახევრის განმავლობაში ეს ინფორმაცია, რომელიც იღვრებოდა ამ ბინძური პირიდან, იმდენად თრგუნავდა ადამიანებს… ის ანადგურებდა მათ თვითშეფასებას. ის უბრალოდ დასცინოდა მათ: „ვინ ხართ თქვენ, საულის მონებო, ვინ ხართ თქვენ? თქვენ არარაობანი ხართ! არ შეგიძლიათ, თქვენს ათას კაცს შორის იპოვოთ ერთი ადამიანი, მშიშარები ხართ და არარაობანი!“  მე კიდევ რბილად ვამბობ. 

აი, ეს ორი სკოლა, შეხედეთ, აი, ორი წყარო, საიდანაც საზრდოობენ ადამიანები. დავითი გაიზარდა თავის სკოლაში, ის გაიზარდა განმარტოებაში, მინდვრებში. ის მოვიდა სპეტაკი, ის ვერ მოწამლეს ამ პროპაგანდით. და მისმა სპეტაკმა სულმა, რომელიც ურთიერთობდა ღმერთთან, გაიგონა, თუ რას ამბობდა ეს უღმერთო. მას გაუჩნდა ბუნებრივი რეაქცია, არანაირი ტრაბახი, ეს იყო ყველაზე ნამდვილი, წმინდა სულიერი რეაქცია გოლიათის მიმართ. მან თქვა: „მე მოვკლავ მას.“ ყველა გაოცებით შეხედავს მას და კითხვას სვამს: „ვინ თქვა ეს? ვინ ხარ შენ?! როგორ დაგიძახოთ?! საიდან მოხვედი?! რამდენი წლის ხარ?! გაქვს საბრძოლო გამოცდილება?!“   „ეს არ არის მნიშვნელოვანი. მე მოვკლავ მას. მე სხვა სკოლა მაქვს გავლილი.“  

მგონია, რომ დღეს უკვე, როცა ამ ვირუსმა, როგორც გოლიათმა, უბრალოდ დატანჯა ყველა, ეს სიახლეები, როგორც შავი ღრუბელი, ისეა ჩვენს თავზე. მათ ამოტუმბეს მთელი ჟანგბადი და ჯანსაღი აზრი. სიტყვა „კორონავირუსი“ ამ თვეების განმავლობაში ყველაზე ხშირად იქნა გამოყენებული. ალბათ ღმერთის სახელი სამყაროს ასეთი რაოდენობით არ გამოუყენებია, როგორც ეს სიტყვა – „კორონავირუსი“. ამრიგად, მან დაიპყრო ადამიანების გონება, მან მოახდინა ცნობიერებისა და ეკონომიკის პარალიზება. 

მეგობრებო, ის ადამიანები, რომლებიც ნამდვილად ჩამოყალიბდნენ ღმერთის თანდასწრებაში, სხვა სულის მქონენი არიან. მათ სხვა სწავლება მიიღეს. და ამიტომ, ახლაც კი, მიუხედავად ამ იზოლაციისა, მიუხედავად ამ კარანტინისა, ყველაზე კარგი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ გამოვრთოთ ინტერნეტი; შევწყვიტოთ ამაზე საუბარი, რამდენადაც შესაძლებელია, გარდა გონივრული ნაწილისა, რომ ვიყოთ ინფორმირებულები იმის შესახებ, თუ რა ხდება. მაგრამ ეს არის ოქროს შანსი, რომ დავუბრუნდეთ წყაროს, დავუბრუნდეთ ჭებს, რომელიც ნაგვით დაიფარა, როცა ჩვენ არ გვქონდა დრო, როცა გიჟური რბოლა გვქონდა გამართული და ვიყავით ძალიან, ძალიან დაკავებულნი; ახლა ჩვენ გამოგვიჩნდა დრო. 

სერიოზულად გეუბნებით, ალბათ, ეს საუკეთესო რამაა, რისი გაკეთებაც შეგვიძლია შექმნილ სიტუაციაში. ამიტომ ვამთავრებ ჩემს მიმართვას ასეთი ლოცვით: მოდით, მოვბრუნდეთ ჩვენი რეზერვუარებიდან, ჩვენი სოციალური ქსელებიდან, იმისგან, რომ ერთმანეთის მეშვეობით ვივსებოდით ენერგიით, რომელიც არ კვებავს ჩვენს სულს და დავუბრუნდეთ წყაროს. 

გაიხსენეთ იაკობი, როცა ის გარბოდა ლაბანისგან. წაიყვანა თავისი ცოლები და გარბოდა მისგან. ლაბანი მინდორში ცხვარს კრეჭდა, როდესაც უთხრეს, რომ იაკობი წავიდა. ის გამოედევნა მას, 7 დღე მისდია და დაეწია. ის აგრესიულია; სურს, თავს დაესხას მას, მაგრამ წინა ღამით ღმერთი გამოეცხადა ლაბანს და უთხრა: „არ გაუკეთო არანაირი ბოროტება იაკობს.“ მიუხედავად იმისა, რომ იაკობი ბევრჯერ შეცდა ცხოვრებაში, ბევრი რამ გადახდა, ღმერთი იყო მასთან. და წერია, რომ ის შეხვდა ლაბანს. 

იაკობის ხალხმა და ლაბანის ხალხმა თავი მოუყარეს ქვების დიდ მთას. მიაქციეთ ყურადღება, მათ გააკეთეს თავისებური საზღვარი და შეჰფიცეს ერთმანეთს, რომ არ გადავიდოდნენ ამ ზღვარს. არც ლაბანი გადავიდოდა ამ ტერიტორიაზე და არც იაკობი გადავიდოდა იმ ტერიტორიაზე. აი, ასე დაადგინეს თავისთვის. ჩვენ არ გადავკვეთთ საზღვარს ბოროტებისთვის, დასრულდა! იაკობმა თავი მოიკვეთა ლაბანის ოჯახისგან, 20 წლის თანაცხოვრების შემდგომ. და შემდეგ რა? შემდეგ რა? შემდეგ ესავია, წინ ესავია და იაკობი აგზავნის ხალხს: გაიგეთ მაინც, როგორ არის ესავი, ჩემი ძმა; ჩვენ 20 წელია, არ გვინახავს ერთმანეთი, ან დაახლოებით ამდენი ხანია. 

ხალხი მივიდა ესავთან; შეეცადნენ, რბილად გასაუბრებოდნენ მას; დაბრუნდნენ და თქვეს: ესავმა აიყვანა 400 ადამიანი და მოდის შენთან შესახვედრად. და იქ წერია, როგორ ლოცულობდა იაკობი ღვთის წინაშე. მან თავიდანვე თქვა: მეშინია, მეშინია 400 კაცის. მე სერიოზულად ვაწყენინე ჩემს ძმას, გავრბოდი მისგან. ჩვენ ერთმანეთი ამდენი წელია არ გვინახავს. არ ვიცი, რით დამთავრდება ეს ყველაფერი. არ ვიცი, რა არის მის გულში. და ის იწყებს საჩუქრების გაგზავნას. ის თავის ბანაკს ისე აწყობს, რომ ჯერ ადამიანების ერთი ჯგუფი მიდის, შემდგომ – მეორე. მათ ასობით თხა მიჰყავთ, ცხოველები, ყოველგვარი საზრდო – ეს ყველაფერი საჩუქრად იყო. ამრიგად, მან გათვალა, როცა ესავი მოახლოვდებოდა, ის შეხვდებოდა ადამიანების ერთ ჯგუფს, შემდეგ ადამიანების მეორე ჯგუფს. ის შეეკითხება: ვინ ხართ თქვენ?! ისინი კი უპასუხებენ: ეს ყველაფერი იაკობმა დაგეგმა. ისინი  უპასუხებენ: ეს ყველაფერი ძღვენია შენი მონისგან – იაკობისგან, შენი ძმა იაკობისგან. მან ყველაფერი ადამიანურად გათვალა, მაგრამ გული მაინც უთრთოდა, თითქოს ბეწვზე ეკიდა.  

დგება ყველაზე საინტერესო მომენტი, როცა მან უკვე ყველა გადაიყვანა მდინარეზე და გაუშვა. იქ წერია სამი ასეთი სიტყვა: „დარჩა იაკობი მარტო.“ იცით, ნებისმიერ შემთხვევაში ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ჩვენ ვრჩებით მარტო. როცა ნუგეშის დროს რაც არ უნდა თქვა, თითქმის არაფერს ცვლის და რაც მთავარია, სულში არაფერს ცვლის. ჩვენ შეიძლება გვითხრან: „გაუძელი, ირწმუნე, ყველაფერი კარგად იქნება.“ მაგრამ ეს სიტყვები მხოლოდ ხმაურია.  

და იქ წერია, რომ იაკობი დარჩა მარტო და დაიწყო ბრძოლა, ბრძოლა თვით ღმერთთან. შესაძლოა, ღმერთს სერიოზული კითხვები ჰქონდა იაკობთან. იაკობსაც ჰქონდა ღმერთთან კითხვები. ეს იყო ძალიან სერიოზული დიალოგი. და ვინც ებრძოდა იაკობს, ჰკითხა მას: „რა გქვია შენ, რა არის შენი სახელი?“ ღმერთმა ისედაც იცის, რა არის მისი სახელი; ღმერთმა ყველაფერი იცის, მაგრამ მას სურდა, რომ ადამიანს ეს თავისი ბაგით ეთქვა. იაკობმა ამოიძახა: „მე იაკობი ვარ.“ როცა იაკობმა პირმშოობა წაართვა ძმას, იქ ესავი ეუბნება თავის მამას, ისააკს. ის ამბობს: „მან უკვე ორჯერ გამაცურა, მან ორჯერ მომატყუა, შეცდომაში შემიყვანა, ისეთივეა მისი სახელიც.“ ანუ, სავარაუდოდ, იაკობის სახელი დაახლოებით ნიშნავს „არამზადას და ძმის ქუსლს ჩაჭიდებულს“. 

როგორც ჩანს, იაკობისთვის ძალიან რთული იყო თავის თავთან შეხვედრა. როგორც ჩანს, მისთვის რთული იყო – ღმერთთან პირისპირ დარჩენილსაც კი ეთქვა: „მე ბევრი დავაშავე, მე ბევრჯერ მოვატყუე.“ როგორც ჩანს, ღმერთი ამას წლები ელოდა იაკობისგან. დადგა მომენტი, როცა იაკობმა თქვა: „მე იაკობი ვარ.“ საინტერესოა ის, თუ როგორ მოიქცა ღმერთი: როგორც კი იაკობმა ეს თქვა, ღმერთმა უთხრა მას: „ამ მომენტიდან მე შენ გიწოდებ სხვა სახელს, შენ იაკობი აღარ ხარ, შენ ხარ ისრაელი.“ და მან იაკობს თეძოს სახსარი დაუზიანა. და მან ბეჩავმა გადაკვეთა მდინარე დილით, მარტომ; წინ არ იცოდა, რა ელოდა; უკან არ შეიძლება – იქ უკვე საზღვრები იყო გავლებული. წინაც არ შეიძლება და უკვე არ იცი, სად წახვიდე; არც უკან არ შეიძლება, არც წინ. დაწერილია, რომ ის კოჭლობდა, უკვე ფიზიკურადაც ჯანმრთელობამ უმტყუნა. ეს ბრძოლა მას ძვირად დაუჯდა. მაგრამ სულში, სულში ის იყო გიგანტი, გოლიათი. ამ ადამიანმა სულში იცოდა, რომ ყველაფერი ღვთის ხელშია. დღეს მე ღმერთთან ვისაუბრე.  

მე გისურვებთ და გირჩევთ ყველას, სერიოზულად, ამ კარანტინის დროს გაატარეთ დრო თქვენს ლოცვის ოთახში. ეს საუკეთესოა, რის გაკეთებაც შეგვიძლია მთელ ამ სიტუაციაში. სწორედ იქ არის ჩვენი ნუგეშის, სიხარულის, ენერგიის, ცხოვრების წყარო, იქ არის აღდგომის სული, იქ არის ძალა, რომელიც ამ დაავადებას, ამ ხველას შთანთქავს. იქ რეალურად ყველაფერია. იქ არის წყარო. არა რაღაც ფორმულით – აი, ასე გააკეთეთ, პირველი, მეორე, მესამე – და მიიღებთ ასეთ შედეგებს. არ დაიჯეროთ ეს, არ არსებობს არანაირი ფორმულა. ღმერთი თავად არის წყარო. ის ჩვენი წყაროა. ღმერთმა გაკურთხოთ თითოეული თქვენგანი, უფალმა დაგიფაროთ ყველა. ჩვენ ვრჩებით კავშირზე ტექნოლოგიების მეშვეობით. ახლა უფრო ხშირად გვექნება ურთიერთობა, უფრო მეტ დროს გავატარებთ ერთად. გაუფრთხილდით თავს, გაუფრთხილდით ახლობლებს, გაუფრთხილდით თქვენს ნერვებს. თუ რაიმეს ავრცელებთ ან აგზავნით, გაგზავნეთ ის, რაც მომდინარეობს სულიწმიდისაგან და გაუზიარეთ ეს უწყება სხვა ადამიანებს. ადამიანები მადლიერნი იქნებიან თქვენი, ეს ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ყველასათვის. უფალი გფარავდეთ. 

Accordion Content

სხვა ქადაგებები

ისტორიული ფაქტები

ქრისტიანობის ისტორიის მიმოხილვა

მუსიკალური ბექგრაუნდი

ქრისტიანული სიმღერების განხილვა

ვისაუბროთ გამართულად

სწორი და არასწორი ფორმები ქართულ ენაში