ნეტარია, ვინც მოინანია და ვისაც აპატია ღმერთმა (ფსალმუნი 31-ე) | პოლ ტრიპი

ცოდვების აღიარებაზე უარის თქმას არასოდეს მოჰყვება კარგი შედეგი. თუ თქვენთვის მისაღები იქნება ის, რასაც ღმერთი არასწორად მიიჩნევს, ეს კარგს არაფერს მოგიტანთ. საბედნიეროდ, არსებობს მადლის ღმერთი, რომელიც გეუბნებათ: „მოდი ჩემთან, სიმართლე მითხარი, გაპატიებ და გაკურთხებ!“

ცოდვების მონანიებაზე ფიქრისას რა წარმოგიდგებათ გონებაში? ვფიქრობ, რომ ადამიანთა უმრავლესობას სძულს ცოდვების აღიარება. ჩვენ არ მოგვწონს იმის თქმა, რომ შევცდით, და ხშირად თავს ვიცავთ, მიუხედავად იმისა, რომ ვაცნობიერებთ საკუთარ შეცდომას. ვაყალიბებთ არგუმენტებს თავის გასამართლებლად, რათა ჩვენივე ცოდვა მისაღებად ვაქციოთ ჩვენთვის. კაცი, რომელიც ქალებს თვალს აყოლებს, იტყვის, რომ გულისთქმის ცოდვას არ სჩადის, არამედ უბრალოდ მშვენიერების ცქერით ტკბება; ადამიანი, რომელსაც ჭორაობა უყვარს, იტყვის, რომ კი არ ჭორაობდა სხვაზე, არამედ იმის გამო უყვებოდა მისი საქციელის შესახებ სხვას, რომ ელოცათ ამ შემცოდე ადამიანისთვის. მშობელი კი, რომელიც მთელი ხმით უკივის შვილს, იტყვის: „ამ გაბრაზებისას არ შემიცოდავს. მე უბრალოდ უფლის წინასწარმეტყველთა მსგავსად მივმართავდი ჩემს შვილებს: ‘ასე ამბობს უფალი!’“.
ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ არ ვაღიაროთ საკუთარი ცოდვა.

რას ვკითხულობთ 31-ე ფსალმუნში? ამ ფსალმუნში ვკითხულობთ იმის შესახებ, რომ ნეტარია ადამიანი, რომელიც აღიარებს ცოდვებს და მიიღებს პატიებას უფლისაგან. ნება მომეცით, წავიკითხო ამ ფსალმუნის პირველი ხუთი მუხლი:

„ნეტარია, ვისაც ეპატია დანაშაული, ვისი ცოდვებიც დაიფარა.
ნეტარია კაცი, რომელსაც უფალი ცოდვას არ ჩაუთვლის, და ვის სულშიც არ არის სიყალბე; როდესაც ვდუმდი, გაცვითა ჩემი ძვლები ყოველდღიურმა გოდებამ ჩემმა;
რადგან დღისით და ღამით მძიმდებოდა შენი ხელი ჩემზე, სინედლე ჩემი შეიცვალა ზაფხულის გვალვით.
ცოდვა ჩემი გაუწყე, და ბრალი ჩემი არ დამიმალავს. ვთქვი: ‘ვაღიარებ ჩემს ცოდვებს უფლის წინაშე.’ და შენ მომიტევე დანაშაული ჩემი ცოდვისა.“

 

აი, რა უნდა გესმოდეთ. ძველ აღთქმაშიც და ახალ აღთქმაშიც მკაფიოდ ჩანს ის, რომ ღმერთმა მოგვცა საშუალება იმისათვის, რომ შევძლოთ ცოდვების აღიარება და პატიების მიღება. ცოდვის აღიარება უფლის სამსჯავროს დასაწყისი როდია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ცოდვის აღიარება უფლის სამსჯავროს დასაწყისი როდია, არამედ ეს არის გზა იმისათვის, რომ შევაღოთ მადლის კარი და მივიღოთ პატიება ღვთისაგან. არასოდეს უნდა მივცეთ საკუთარ თავს იმის უფლება, რომ უარვყოთ ჩვენი ცოდვა ან ძალიან პატარად წარმოვაჩინოთ იგი, თითქოს ცოდვა არც ისე სერიოზული დანაშაული იყოს. ამით ღვთის მადლს ვაუფასურებთ. არასოდეს უნდა გადავაბრალოთ სხვას ჩვენი ცოდვის დანაშაული.

არასოდეს უნდა მივცეთ საკუთარ თავს იმის უფლება, რომ სხვების ცოდვებმა უფრო მეტად შეგვაწუხოს, ვიდრე საკუთარმა. მგონია, რომ მრავალი ჩვენგანი სხვების ცოდვების აღიარებას უფრო კარგად ახერხებს, თუმცა საკუთარი ცოდვების აღიარება უჭირს. ყოველთვის უნდა გვქონდეს სურვილი იმისა, რომ ჩვენი ცხოვრების ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენშივეა და არა ჩვენ გარეთ და ამ პრობლემას ბიბლია „ცოდვას“ უწოდებს. ანუ მე ვარ ყველაზე დიდი პრობლემა ჩემივე თავისთვის.

რატომ უნდა ვაღიარო ცოდვები? იმიტომ, რომ მჭირდება დახმარება; იმიტომ, რომ შემიძლია, გავექცე არსებულ სიტუაციას, გავექცე ამა თუ იმ ადამიანთან ურთიერთობას, მაგრამ საკუთარ თავს ხომ ვერ გავექცევი! და როცა ვცდილობ საკუთარი თავისგან გაქცევას, ბოლოს ისევ საკუთარ თავთან ვბრუნდები. არაფერი გამოდის! სწორედ ამიტომ, მე საკუთარი თავისგან მჭირდება ხსნა. ამისათვის მჭირდება ღმერთის მპატიებელი და მხსნელი მადლი, რომელსაც ჩემი ხსნა და შეცვლა შეუძლია. ამ მადლის კარს კი ცოდვების აღიარებით ვაღებთ. ცოდვების აღიარება იმის აღიარებაა, რომ ღვთიური დახმარება გვჭირდება.

ყური მიგდეთ: ფსალმუნის კითხვისას ვხედავთ, რამდენად დიდი განსხვავებაა ორ მდგომარეობას შორის: როცა მეფსალმუნე ჩუმადაა და უარს ამბობს საკუთარი ცოდვების აღიარებაზე და როცა ის დგამს ნაბიჯს და აღიარებს ცოდვას და ეს საოცარი მომენტია.

ცოდვების აღიარებაზე უარის თქმას არასოდეს მოჰყვება კარგი შედეგი. თუ თქვენთვის მისაღები იქნება ის, რასაც ღმერთი არასწორად მიიჩნევს, ეს კარგს არაფერს მოგიტანთ. საბედნიეროდ, არსებობს მადლის ღმერთი, რომელიც გეუბნებათ: „მოდი ჩემთან, სიმართლე მითხარი, გაპატიებ და გაკურთხებ!“

სხვა ქადაგებები

ისტორიული ფაქტები

ქრისტიანობის ისტორიის მიმოხილვა

მუსიკალური ბექგრაუნდი

ქრისტიანული სიმღერების განხილვა

ვისაუბროთ გამართულად

სწორი და არასწორი ფორმები ქართულ ენაში