პარალელური სამეფოები და სტრატეგიები – ალექსანდრე შევჩენკო

ქადაგებაში ხუცესი ალექსანდრე შევჩენკო საუბრობს საკითხზე, თუ როგორი რეაქცია და დამოკიდებულება უნდა ქონდეთ ქრისტიანებს ახალი კორონავირუსის შედეგად მსოფლიოში მომხდარი ძირეული ცვლილებებისადმი. ხუცესი მოუწოდებს მსმენელს, რომ გლობალური ძვრების დროსაც ახსოვდეს, რომ ღმერთი არის ისტორიის ავტორი და შემოქმედი.

მოგესალმებით, მეგობრებო. უპირველეს ყოვლისა, მინდა მოგილოცოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. ეს ჩვენი, ქრისტიანების დღესასწაულია და ჩვენი უფლებაა აღვნიშნოთ ის გამარჯვების სიხარულით აღსავსეებმა. ცხადია, ვერ ვმალავ  ჩემს გრძნობებს, ამ სცენაზე დგომისას და ჩვენი დარბაზის ყურებისას, რომელიც სრულად აღჭურვილია გადაღებისთვის. აქ არავინაა, გარდა რამდენიმე ოპერატორისა. გული მეკუმშება, რადგან უჩვეულოა ეს ყველაფერი. აქ ყოველთვის ბევრი ადამიანი იყრიდა თავს, იყო მისალმებები, მილოცვები,  მუსიკა, ბრწყინვალე პროგრამა, მაგრამ გასაგებია, რომ რაღაც ისე არ არის. ჩვენ ვცდილობთ ნაძალადევად გავიღიმოთ და შევქმნათ სადღესასწაულო ატმოსფერო, მაგრამ გონებას ერთი კითხვა გვიღრღნის: „რა ხდება? რით დასრულდება ეს ყველაფერი? ვინ დგას ამ ყველაფრის უკან?“ ჩვენ ვცდილობთ ამ აზრების განდევნას, რადგან ვიცით, რომ ქრისტიანული სამყარო აღნიშნავს უმნიშვნელოვანეს  მოვლენას, ვიცით, რომ  ქრისტე აღდგა მკვდრეთით, რომ სიკვდილი დაამარცხა, გვესმის მაგრამ ამის პარალელურად გონებაში გვიტრიალებს ეს კითხვები და ვფიქრობ,  მარტო მე არ ვარ ასე. სწორედ ამიტომ, დღეს მინდა ვისაუბრო თემაზე „პარალელური სამეფოები და სტრატეგიები“.

 

დიახ, მე მწამს, რომ არსებობს გლობალური ღვთიური სტრატეგია. ღმერთია ისტორიის შემომქმედი და ყველაფერი მისი დიადი, ძლევამოსილი ჩანაფიქრის მიხედვით მიდის. მაგრამ ღმერთს ჰყავს ოპოზიცია, მტერი, რომელსაც ასევე თავისი სტრატეგია აქვს და ყველაფერს აკეთებს, რომ შეაჩეროს ღვთიური გეგმაები, რომ დააზიანოს ისინი. ასე რომ დღეს ვისაუბრებთ თემაზე „პარალელური სამეფოები და სტრატეგიები“.

 

როცა სკოლაში ვსწავლობდით, ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ თავისუფალ თემაზე ესეს წერისას უნდა გაგვეთვალისწინებინა ერთი ფაქტი  – ნებიესმიერ ნაწარმოებში არსებობს საკვანძო ფრაზა, რომლის მეშვეობითაც მკითხველს ჩვენს ჩანაფიქრს ვაცნობთ, ეს ჩვენი ნააზრევია. ჩვენ ვართ ამ ნაწარმოების ავტორი. შემდგომ არის ცენტრალური ნაწილი, სადაც ვითარდება ავტორის მიერ მოფიქრებული ყველა სხვა მოვლენა და ბოლოს არის დასკვნა, დასასრული, სადაც ყველაფერი თავს იყრის, სადაც ყველაფერი გასაგები ხდება, სადაც ჩვენ ვიღიმით: „აი, ეს რას ნიშნავს.  აი, რას გულისხმობდა ის. აი, თურმე რა მნიშვნელობა ჰქონდა.“ და ასე შემდეგ. აი, ამას ეწოდება კვანძის გახსნა, ყველაფერი ნათელია, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა, მაგრამ ეს მხოლოდ დასასრულს მოხდა.

 

ან მოდით წარმოვიდგინოთ, რომ კითხულობთ რომელიღაც ცნობილ რომანს, ან უყურებთ ფილმს და ღელავთ, რადგან არ იცით ეს რით დასრულდება. ადამიანი განიცდის თუ როგორ დასრულდება ეს ყველაფერი, როგორ შემოტრიალდება სიუჟეტის განვითარება. ჩვენ, ზრდასრულებმა ვიცით, რომ ეს სპონტანურად არ ხდება. ამ ფილმს ჰყავს რეჟისორი და არსებობდა სცენარი, რომლის მიხედვით ჯერ მსახიობები შეარჩიეს, შემდეგ გადაიღეს და დაამონტაჟეს და ამ ფილმის დასასრულის შეცვლა ჩვენ არ შეგვიძლია.

 

ინერვიულებ, ილოცებ თუ ცვლილებების შეტანას ისურვებ, ვერაფერს გახდები, რადგან შენზე არაფერია დამოკიდებული. დასასრული აუცლიბელად იქნება, რადგან ფილმს ჰყავს რეჟისორი, რომელმაც ის გადაიღო. ზუსტად ასეა ჩვენს შემთხვევაშიც. ერთია როცა ვიმყოფებით განვითარებული მოვლენების შუაგულში და არ ვიცით რით დასრულდება ყოველივე და სრულებით სხვაა როცა დასასრულს უკან მოვიხედებით, ხელებს გავშლით და ვიტყვით: „აი, თურმე საით მივყავდით ღმერთს“.

 

დიახ ღმერთს, რადგან ღმერთს ეკუთვნის ბოლო სიტყვა, ის თავის სათქმელს ბოლოს ამბობს. ჩვენ ირგვლივ,   ბევრი ადამიანია, ბევრი ხმაური, ბევრი ჩანაფიქრი, ბევრი ინიციატივა, სხვადასხვა ადამიანი, სხვადასხვა ძალები, მაგრამ დაე ილაპარაკონ, დაე აკეთონ, დაე იხმაურონ, დაე წამოიწყონ. ბოლო სიტყვა მაინც ღმერთს ეკუთვნის, ამიტომ საკუთარ თავზე ამბობს: „მე ვარ ალფა და ომეგა, დასაწყისი და დასასრული, პირველი და უკანასკნელი.“

 

სიტუაციის უკეთ აღსაქმელად და სწორი დასკვნების გასაკეთებლად, ასევე იმისათვის, რომ სწორად მოვიქცეთ სხვადასხვა გარემოებაში, ისტორიას მივმართოთ. მოდით განვიხილოთ რამდენიმე ისტორიული სიუჟეტი, რომლებზეც ბიბლია გვიამბობს და გამოვიტანოთ დასკვნები.  ვნახავთ როგორ გრძნობდნენ ადამიანები თავს გარკვეული სიტუაციების ეპიცენტრში ყოფნისას და დასასრულს როგორ ცხადდებოდა ყველაფერი, რადგან  ღმერთია ისტორიის შემომქმედი.

 

ვიღაც უშვებს აზრს, რომ ისტორია მიედინება თავისთავად, რომ ისტორიის მიმართულების შეცვლა შეუძლიათ ჰიტლერს, მუსოლინს, სამეცნიერო აღმოჩენებს, ან ეპიდემიებს, რომლებიც ანადგურებდნენ ევროპას. არა, მე ასე არ ვფიქრობ. არ ვფიქრობ, რომ არსებობენ რაღაც ძალები ცისქვეშეთში, რომლებსაც შეუძლიათ დააზარალონ გლობალური ღვთიური ჩანაფიქრი დედამიწაზე და მთლიანად კაცობრიობაზე.

 

დასაწყისში მინდა წავიკითხო ტექსტი ესაიას წიგნის 46-ე თავიდან(46:10). აქ ღმერთი საუბრობს პირველ პირში, ძალიან მნიშვნელოვანი ტექსტია. ვის ეუბნება ამას ის? ჩვენ, ადამიანებს. მას სურს რაღაც მნიშნელოვნი გადმოგვცეს. დაფიქრდით იმაზე, რა სურს ღმერთს თქვას წინასწარმეტყველი ესაიას ბაგიდან: “დასაბამითვე ვაცხადებ დასასრულს…“

 

ღმერთის გარდა კიდევ ვის შეუძლია ასეთი რამ თქვას და პასუხი აგოს ამ სიტყვებზე? არავის! არავის! ის მოსწავლეც კი, რომელიც წერს თავის პატარა თხზულებას, თავისუფალია მიმართოს ფანტაზიას და მოიფიქროს დასასწყისი, კვანძის გახსნა და დასკვნა. ვის შეუძლია განსაზღვროს მსოფლიო მოვლენები? ვის შეუძლია თქვას იგივე, რაც ღმერთმა თქვა? ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ როცა ბოლოს ყველაფერი ისე სრულდება, როგორც ღმერთმა თქვა, მაშინ ყველა დუმს, ყველა ჩუმდება.

 

ღმერთმა დანიელს ხილვაში აჩვენა სხვადასხვა ფერადი მეტალისაგან გაკეთებული უზარმაზარი კერპი, ნაწილობრივ თიხისა და სპილენძის, ნაწილობრივ კი ვერცხლითა და ოქროთი ნაჭედი. შემდეგ უზარმაზარი ლოდი მოსწყდა მთის მწვერვალიდან. უზარმაზარი ქვა, ადამიანის ჩარევის, მისი ძალისხმევისა და სტრატეგიის გარეშე, თავისით მოსწყდა მთას, დაგორდა ფერდობზე და დაეცა ამ კერპს. კერპი ნაწილებად დაიშალა, ქვა კი გარდაიქმნა დიდ მთად, რომელიც სიმბოლირებდა ქრისტეს. საუბარია ახალ სამეფოზე, რომელიც მოვიდა ყოველგვარი ადამიანური ჩარევის გარეშე. კერპი კი წარმოადგენდა ოთხ  მსოფლიო ცივილიზაციას, რომელის ბედიც ზუსტად ისეთი გახლდათ, როგორც ღმერთმა უჩვენა დანიელს ათასწლეულების წინ.

 

ახლა ჩვენც ვუყურებთ ამ ყველაფერს და ვფიქრობთ: „ნუთუ ღმერთი ასე შორიდან ხედავდა ყველაფერს, მან არა მარტო წინასწარ იცოდა, არამედ შეეძლო ეჩვენებინა კიდეც მომავალი თავისი ხალხისთვის. ყველას უნდა ესმოდეს, რომ რა თქმა უნდა, იქნება კერძო ინიციატივები, აღდგება ვიღაც ალექსანდრე მაკედონელი, დაიპყრობს მსოფლიოს და გვეგონება, რომ ის ქმნის ისტორიას, ცვლის მოვლენებს თავისი გუნება-განწყობის შესაბამისად.

 

იყვნენ სხვა დიდი იმპერატორებიც, არსებობდა  რომის იმპერიაც. მერე რა? რას ცვლის ეს? ღმერთმა ყველაფერი წინასწარ განჭვრიტა და როგორიც არ უნდა ყოფილიყო კერძო ინიციატივები, ემთხვეოდა თუ ეწინააღმდეგებოდა იგი ღვთიურ ჩანაფიქრს, ეს პრაქტიკულად არაფერს ცვლიდა. ღმერთი წინასწარმეტყველი ესაიას მეშვეობით ამბობს: „დასაწყისიდანვე ვაცხადებ დასასრულს და უძველესი დროიდან იმას, რაც ჯერ არ მომხდარა; ვამბობ: ჩემი განზრახვა აღსრულდება და ყოველ ჩემს სურვილს ავასრულებ.“

 

ამიტომ მეგობრებო, პირველი მნიშნელოვანი დასკვნაა, რომ ჩვენს ისტორიას ჰყავს ავტორი. გასაგებია, რომ კაცობრიობის ისტორიაში გვევლინებოდნენ განსხვავებული პიროვნებები და არა მარტო განსხვავებული, არამედ ბოროტი ადამიანები, ბოროტებით  ამოძრავებულნი, კაცობრიობისთვის ცუდის მსურველნი. და მერე რა? ღმერთს მაინც აქვს ერთი დიდი გლობალური ჩანაფიქრი კაცობრიობისთვის და არავის ძალუძს ხელი შეუშალოს ღმერთს თავისი ჩანაფიქრის აღსრულებაში.

 

თავს უფლებას მივცემ წავიკითხო ზოგიერთი მონაკვეთი ჩემი გუშინდელი და დღევანდელი ჩანაწერებიდან, რათა ვიყო მაქსიმალურად ზუსტი და ბოლომდე ვთქვა, რისი გადმოცემაც მსურს. მიმაჩნია, რომ ის, რასაც ახლა წავიკითხავ ძალიან მნიშვნელოვანია და დაგეხმარებათ მოიპოვოთ სულიერი წონასწორობა, სიმშვიდე, რადგან ის მეც დამეხმარა და მეხმარება დღემდე, რომ გავუმკლავდე საკუთარ ემოციებს.

 

შეხედეთ. მე სრულიად გამოვრიცხავ იმის ალბათობას, რომ არსებობენ რაღაც ძალები, ხელისუფლებანი, მმართველობანი თუ სტიქიები ცისქვეშეთში, რომელთაც შეუძლიათ ავნონ გლობალურ ღვთიურ სტრატეგიას, რომელზეც ბიბლია საუბრობს. არ მწამს ამის და გამოვრიცხავ, რომ რომელიღაც ძალას შეუძლია იყოს იმდენად გავლენიანი, იმდენად ეფექტიანი, რომ ღვთიური გლობალური ჩანაფიქრი ჩაშალოს და დააზიანოს. ამის არ მჯერა. მე მჯერა, რომ არსებობს პარალელური სტრატეგიები დემონურ სამყაროში, არსებობენ ძალები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ღვთის ნებას, მაგრამ მათ არ შეუძლიათ ღვთის გეგმის განადგურება. ლუციფერი ჩაბმულია ღია ომში თავის უფალთან და თავის შემოქმედთან. ეშმაკს ნამდვილად აქვს სტრატეგია, რომელიც ღმერთის გეგმის, მისი ქმედებების საწინააღმდეგოა. მას სხვა მიზანი არ გააჩნია, ის უბრალოდ ღვთის მოწინააღმდეგეა და ეწინააღმდეგება ყოველგვარ სიწმინდეს. ის მხოლოდ იმითაა დაკავებული, რომ მაქსიმალურად ავნოს და ხელი შეუშლოს ღმერთის გეგმებს. გამოვრიცხავ იმის ალაბთობას, რომ გარკვეულმა ბნელმა ძალებმა შეიმუშავეს გეგმა, რომელიც აიძულებს ღმერთს შეაჩეროს ან შეცვალოს თავისი გეგმები. უბრალოდ არ მჯერა იმის, რომ არსებობს ისეთი ძალები, რომლებსაც შეუძლიათ ღმერთის გეგმების შეჩერება, ან ღმერთის იძულება, რომ სასწრაფოდ რაღაც მოიმოქმედოს, რათა დაიცვას თავისი გეგმები ბნელი ძალებისგან. მე ამის არ მჯერა. ღმერთი ყურადღების ღირსადაც არ მიიჩნევს დემონურ ინტრიგებს, რადგანაც ეს ყველაფერი ღვთიურ სტრატეგიასთან დაპირისპირების მხოლოდ საცოდავი მცდელობებია.

 

როცა ჩვენ ვუყურებთ მიმდინარე მოვლენებს ჩვენი ჭრილიდან, ჩვენი სანგარიდან, ისე ჩანს თითქოს „ჰამანები“ იმარჯვებენ. ალბათ, გახსოვთ ბოროტი ჰამანი ბიბლიდან, დიდი ძალაუფლებით და შესაძლებლობით, რომელმაც მოატყუა მეფე, თითქოს, მორდექაიმ თაყვანი არ სცა მას და ხელი მოაწერინა დოკუმენტებზე, რათა დაესაჯა ის. თუმცა ჰამანს არასაკმარისად მოეჩვენა მხოლოდ მორდექაიზე შურისძიება. მან ჩაიფიქრა მთელი ისრაელი ერის დასჯა მორდექაის გამო. ეს იყო სტრატეგია, გეგმა და როცა უყურებ ამ ყველაფერს მოვლენების შუაგულიდან გეჩვენება, რომ ღმერთი დუმს. გინდა რომ სასწრაფოდ დაუძახო ღმერთს დასახმარებლად და სასწრაფოდ ჩართო ამ პროცესებში, რადგან გგონია, რომ თუ ის ახლა არ ჩაერევა, ამ ადამიანის სტრატეგია განხორციელდება. სადამსჯელო პროცესი დაიწყება, რომელსაც ვერ შეაჩერებ, რადგან ყველა დოკუმენტი უკვე ხელმოწერილია. ეს ასე გვეჩვენება, როცა ჩვენ მოვლენების შუაგულში ვიმყოფებით, დასასრულს კი ყველაფერი პირიქით იქნება, დასასრულს ყველაფერი მოგვარდება, ყველაფერი დადგება თავის ადგილზე. ბოლოს გავიგებთ რატომ არ ეძინა მეფეს ღამით, და აღმოჩნდება, რომ ღმერთმა წაართვა მას ძილი. ხომ შეიძლება სხვაგვარად გაატარო დრო, როცა უძილობა გაქვს. მაგრამ არა, მაინცდამაინც მაშინ გაეცნო სამახსოვრო წიგნს მეფე, როცა წესით მატიანეს წელიწადში ერთხელ ან ორჯერ  კითხულობს ხოლმე და მაინცდამაინც მაშინ წააწყდა ჩანაწერებს, რომ მორდექაიმ ხელი შეუშალა შეთქმულებს მეფის მკვლელობაში. მეფის გული იცვლება, მაგრამ ამას მხოლოდ ბოლოს ხვდები.

 

მოვლენების შუაგულში კი გეჩვენება რომ ბნელი ძალები სჩადიან განუკითხაობას და მათ ვეღარავინ შეაჩერებს, რადგან მთელი ძალაუფლება მათ მხარესაა, მთელი ცბიერება მათ მხარესაა, მთელი ფული მათ მხარესაა. გეჩვენება, რომ ერთი საბრალო ადამიანი ხარ და არ შეგიძლია ამ ყველაფრის შეჩერება. ვხედავთ სახრჩობელას, რომელიც ჰამანმა გაამზადა. რადგან ჩვენ ამ მოვლენების შუაგული ვართ, ისე ჩანს  თითქოს ჰამანებმა, ჰეროდეებმა, ნერონებმა და ფარაონებმა, მასონებმა მზაკვრული გეგმა დასახეს ღმერთის საწინააღმდეგოდ და ჩვენ ახლა სასწრაფო წესით უნდა გავაღვიძოთ უფალი ჩვენს ნავზე, იმიტომ რომ მას სძინავს, როგორც ჩანს, ის არაფერს აკეთებს, უკვე ერთი თვეა განუკითხაობაა მთელ დედამიწაზე. როგორც ჩანს, ღმერთს სძინავს ჩვენს ნავზე სახელად პლანეტა დედამიწა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავაღვიძოთ ის, რათა მან დაუყოვნებლივ დააცხროს მოთარეშე ქარიშახლი, რათა გამოააშკარაოს ეს მზაკვრული გეგმა.

 

ოდესღაც მოწაფეებიც აღვიძებდნენ ქრისტეს, რადგან ძლიერ ეშინოდათ ქარიშხლის, ეშინოდათ, რომ ჩაიძირებოდნენ იესოსთან ერთად. ამიტომ სასწრაფოდ გააღვიძეს იგი და მან სტიქია დააცხრო. ზოგჯერ ისეთი განცდა მეუფლება, თითქოს მოწაფეები ფიქრობდნენ რომ საერთოდაც ეს მათ გამოასწორეს სიტუაცია, რადგან ეგონათ, რომ იესო რომ არ გაეღვიძებინათ, ჩაიძირებდონენ. ასე გაუმკლავდნენ გამოწვევას.

სინამდვილეში ქრისტე ცდილობდა ეთქვა მათთვის სრულებით საპირისპირო რამ: „მცირედ მორწმუნენო, რისი გეშინიათ, როგორ შეგეძლოთ დაგეშვათ აზრი, რომ ზღვის შემომქმედი, სტიქიებისა და ქარის შემომქმედი, შეიძლებოდა დაღუპულიყო აბობოქრებულ ტალღებში.“

 

ვისმენთ და თითოეული საკუთარ დასკვნებს ვაკეთებთ, გულის სიღრმეში გვრცხვენია კიდეც, მაგრამ ამავე დროს ვფიქრობთ: სხვაგვარად აბა როგორ?! ვიღუპებით, ვიღუპებით, ტალღები ნავში აღწევენ, შიში გვიპყრობს, ვერ ვუმკლავდებით. ვცდილობთ მის გაღვიძებას, მის ჩართვას ამ პროცესში. მაშინაც კი, თუ გვწამს ღვთის კეთილი ნებისა და მისი აღმატებული ძალის, როდესაც ისევ ჩვენი სანგრებიდან ვიყურებით, გვეჩვენება, რომ ეშმაკი იგებს ბრძოლას ღმერთთან, თავხედურად თავს ახვევს თავის სტრატეგიას და აიძულებს ღმერთს რეაგირება მოახდინოს, საპასუხო ნაბიჯი გადადგას, თავი დაიცვას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ახლა ღმერთმა უნდა შეცვალოს თავისი ბრძოლის სტრატეგია და თავდასხმიდან თავდაცვაზე გადავიდეს, რადგან რომელიღაც ძალებმა შეიმუშავეს ისეთი სტრატეგია, რომელიც საფრთხეს უქმნის ღვთიურ ჩანაფიქრს და ახლა ღმერთმა უნდა გადადოს ყველა თავისი გეგმა და დაუყოვნებლივ წესრიგი დაამყაროს დედამიწაზე.

 

მეგობრებო, ეს ასე არ არის, საფუძველშივე მცდარია.  ამიტომაც ვთქვი, შევხედოთ რამდენიმე ფრაგმენტს ისტორიიდან და წინასწარვე შევთანხმდეთ, რომ შევეცდებით ფეხდაფეხ გავყვეთ ამბავს და მოვლენების ეპიცენტრში წარმოვიდგინოთ თავი, ხოლო მოგვიანებით ვისაუბროთ ამბის დასასრულზე.  გავითვისოთ როგორ გრძნობდნენ იმ სიტუაციში ადამიანები თავს, როგორ ლოცულობდნენ , როგორ ღელავდნენ და შემდგომ ვნახოთ თუ რა გამოვიდა აქედან. ბოლოს და ბოლოს ვაღიარებთ, რომ ყოველთვის მთელი ისტორიის განმავლობაში ღმერთი იღებდა უშუალო მონაწილეობას. ეს ასეც არ არის. მე არ ვეთანხმები იმას, რაც ახლა ვთქვი. ღმერთი მონაწილეობას კი არ იღებდა, ის თავად არის ავტორი ამ ისტორიის. ღმერთი მართავს ისტორიას და თუ ასპარეზზე ჩნდებიან გარკვეული პერსონაჟები, მათი ოინები, რომელიღაც პარალელური სტრატეგიები, რათა საფრთხე შეუქმნან მის ჩანაფიქრს, ისინი იმდენად უმნიშვნელონი არიან ღმერთის ძალასთან, და სიბრძნესთან შედარებით, რომ მათი განხილვა და სათვალავში ჩაგდებაც არ ღირს. მათ ბიბლია  მრისხანების ჭურჭლებს უწოდებს, ღმერთი მათ გამიზნულადაც კი ინახავს, როგორც მოციქული პავლე ამბობს თვის წერილში.  ისინი ღმერთის თვალსაწიერში არიან, რათა მათი მეშვეობით გამოავლინოს თავისი სიდიადე და ძალა, მაგრამ უფალი მათთან არც კი საუბრობს, წინააღმდეგობაშიც კი არ შედის მათთან, რადგან  უმნიშვმნელონი არიან მისი ძლიერებისა და კაცობრიობისადმი მისი სიყვარულის ფონზე. და მაინც, ის მათ ინახავს, რათა მათი მეშვეობით მთელი სამყაროს თვალწინ თავისი უპირატესობის და ძლიერების დემონსტრაცია მოახდინოს, რომ ადამიანებს სწამდეთ მისი და ხედავდნენ მის ძალას.

 

განვიხილოთ სამი სიუჟეტი. ჩვენ მოვლენების შუაგულიდან დავაკვირდებით, თუ როგორ გრძნობდნენ თავს ადამიანები იმ კონკრეტულ მომენტში, შემდგომ კი ვნახავთ ამ სიტუაციის დასასრულს და განვიხილავთ ღმეღტის გეგმას ამ სიტუაციისთვის.  

 

პირველი ტექსტი ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო მონაკვეთია მოციქულთა საქმეების მე-7 თავიდან, სულიწმიდით აღვსილი სტეფანე ებრაელთა ისტორიას ჰყვებოდა და გამოყოფდა ამ ისტორიის ცალკეულ ფრაგმენტებს, თუ როგორ წარმართავდა ღმერთი ისრაელს. ეს სტეფანეს უკანასკნელი ქადაგება გახლდათ, რადგან ამის შემდეგ ის ქვებით ჩაქოლეს. აი, სტეფანეს საუბრის ფრაგმენტი:

 „ღმერთის მიერ აბრაამისთვის მიცემული აღთქმის შესრულების ჟამის მოახლოვებასთან ერთად“… კიდევ ერთხელ „ღმერთის მიერ აბრაამისთვის მიცემული აღთქმის შესრულების ჟამის მოახლოვებასთან , ხალხი მატულობდა და მრავლდებოდა ეგვიპტეში, ვიდრე აღდგებოდა ეგვიპტეზე სხვა მეფე, რომელიც არ იცნობდა იოსებს. ის ვერაგულად ექცეოდა ჩვენს მოდგმას, ავად ექცეოდა მამებს, რათა გადაეყარათ თავიანთი ჩვილები, რომ არ ეცოცხლათ. იმ დროს დაიბადა მოსე, რომელიც მშვენიერი იყო ღვთის წინაშე. სამ თვეს თავისი მამის სახლში იზრდებოდა. როცა გადააგდეს, ფარაონის ასულმა აიყვანა იგი და თავის შვილად გაზარდა.“

 

აქ სტეფანე, რომელიც სულიწმიდით იყო აღსავსე, გვიჩვენებს ორ სამყაროს შორის პარალელს. ჩანაფიქრი ღვთაებრივია. გახსოვთ ხომ რა ამოცანის წინაშეც ვდგავართ?! ჩვენ ვცდილობთ ვიპოვოთ სწორედ ეს პარალელური სტრატეგიები. ისინი ყოველთვის არსებობს. ღვთიური სტრატეგია და სატანის სტრატეგია ერთმანეთის პარალელურად არსებობს.

 

ამრიგად, სტეფანე ამბობდა, რომ მოახლოვდა დრო, რათა აღსრულებულიყო ღვთის აღთქმა აბრაამისადმი. რა და როდის აღუთქვა ღმერთმა აბრაამს? 400 წლით ადრე ღმერთმა აბრაამს საუბრისას უთხრა, რომ მისი შთამომავლები მონობაში 400 წელი იქნებოდნენ, თუმცა დაჰპირდა, რომ მათ ამ მონობიდან დაიხსნიდა. აბრაამის შთამომავლობამ შესაძლოა არაფერი იცოდა ამ საუბრის შესახებ, ან შესაძლოა დაივიწყეს ეს აღთქმა და შესაძლოა აღარც სჯეროდათ ამ ყველაფრის, მაგრამ ღმერთი ხომ მეფობს. და აი, მოვიდა დრო აღთქმულის აღსრულების. უხილავი ძალა, როგორც ცხოველი ისე აიჯაგრა, ის გრძნობდა რომ რაღაც დიადი, ღვთიური ჩანაფიქრი ახლოვდებოდა. ესმოდა თუ არა ეს ეშმაკს, ფაქტია, ის რეაგირებდა. ამიტომ ყველა დემონური სტრატეგია მიმართული იყო ღვთიური სტრატეგიის საწინააღმდეგოდ.

 

დავუბრუნდეთ მოვლენებს. მოსე სადაცაა უნდა დაიბადოს და იწყება არეულობა, ახალი ბრძანებულება შედის ძალაში, ადამიანები ვერ ხვდებიან რა ხდება, ისინი მონები არიან, დამცირებულნი, მათი ნება დიდი ხანია გათელილია, ისინი ვერ ხვდებიან რა უნდა ფარაონს, მაგრამ მის ყველა ახირებას ასრულებენ.  სად არის ღმერთი?! როგორ ვილოცოთ?! რატომ უარესდება და მწვავდება სიტუაცია? – ფიქრობენ ისინი, მაგრამ სინამდვილეში ახალშობილი იბადება, სწორედ ის ახალშობილი მოსე, რომელიც ისტორიაში შევა, როგორც ისრაელი ერის განმათავისუფლებელი. მშობლები ახალშობილი მოსეს დამალვას ცდილობენ, შემდგომ კი ფისით დაფარული კალათით ნილოსზე უშვებენ, საიდანაც ის ფარაონის სახლში აღმოჩნდება და მხოლოდ დასასრულს, როცა ისრაელი ეგვიპტის მონობას თავს დააღწევს, დასხდებიან ღამით კოცონთან ახლოს და იფიქრებენ:

 

„რა საოცარია, 80 წლის წინ დაიწყო ყველაფერი. 40 წელი გაატარა მოსემ ფარაონის სახლში, შემდეგ 40 წელი უდაბნოში, სანამ ებრაელ ერს ეგვპტიდან გამოიყვანდა. აღმოჩნდა, რომ 80 წლის წინ ღმერთმა დაიწყო თავისი აღთქმის აღსრულება. ჩვენ კი გვეგონა რომ ღმერთმა საერთოდ მიგვატოვა.“

 

ეს გახლდათ ერთი ფრაგმენტი, რამელიც გაზიარებაც თქვენთვის მინდოდა. მეორე ფრაგმენტი არანაკლებ მნიშვნელოვანი და საინტერესოა. ეს ამბავი ნაბუქოდონოსორის სამეფოში მოხდა. მაშინ  ისრაელი ბაბილონის ტყვეობაში ჩავარდა. რამდენიმე ახალგაზრდა ებრაელი ტყვე ყმაწვილი იმყოფებოდა მეფის კარზე, ისინი მართალი ადამიანები იყვნენ. გსმენიათ მათ შესახებ. ყმაწვილებმა გულში ჩაიდეს, რომ არ წაბილწულიყვნენ წარმართობით. მეფე რასაკვირველია წარმართი გახლდათ. ეს წარმართული სამყარო პირდაპირი გაგებით წარმართული და ველური იყო: იყვნენ კერპთმსახურები, ტაძრებში ტარდებოდა მსხვერპლშეწირვები და რიტუალები, იქ ნახავდით  ნამდვილ კერპებს. ნაბუქოდონოსორს თავში მოუვიდა აზრი აეგო დიდი კერპი და ადამიანებისთვის მისი თაყვანისცემა ებრძანებინა.

 

ეს სურათი ასე ჩანს ჩვენი თვალსაწიერიდან. სხვა ადამიანები არ შეწინააღმდეგებიან მეფეს, რადგან თავად სწამდათ ამ ღმერთების და მით უმეტეს, ასეთი ულტიმატუმის წაყენების შემდეგ ყველა თაყვანს სცემდა კერპს. სინამდვილეში ისტორიის ეს  ფრაგმენტები ავლენენ ცალკეულ ადამიანებს, რომლებიც სხვა სულის მატარებელნი არიან, სხვა მსოფლმხედველობის, სხვა ღირებულებების, სხვა შეხედულებები აქვთ სულიერ სამყაროზე.  ყველა ეს ამბავი ასეთ ადამიანებზე მოგვითხრობს. ისინი ექცევიან საზოგადოების ყურადღების ცენტრში, ხოლო ღვთიური ჩანაფიქრის მიხედვით, რომელიც მოგვიანებით ცხადდება, ღმერთმა აირჩია ეს ადამიანები, რომ მათი მეშვეობით განდიდდეს.

 

ამრიგად, თუ დროს სწრაფად უკან გადავახვევთ და ნაბუქოდონოსორის ისტორიის დასასრულს ვნახავთ, ღმერთს ვკთხავთ თუ რა იყო მისი ჩანაფიქრი ამ ყველაფერში. უფალი კი გვეტყოდა: „მსურს, რომ ამ წარმართულ სამყაროში, რომელსაც ნაბუქოდონოსორი მართავს,  უკლებლივ ყველა აღიარებდეს რომ მე ვარ ჭეშმარიტი ღმერთი, რომ წარმართული ღვთაებები არაფერს წარმოადგენენ. ესაა ჩემი ჩანაფიქრი და ჩემი გეგმა. “

 

ღმერთის ჩანაფიქრი ჩვენთვის მხოლოდ ბოლოს ცხადდება, მაგრამ მაშინ როცა მოვლენათა შუაგულში ვიმყოფებით, არ ვიცით რით დასრულდება ყოველივე. გვეჩვენება, რომ ბნელმა ძალებმა და დემონებმა გაიღვიძეს ნაბუქოდონოსორში, რათა აეშენებინა ეს კერპი. მსურს სწრაფად წავიკითხო ეს ტექსტი, მაგრამ ძალიან საინტერესოა და ვიცი, რომ თქვენი ეს იცით. მოდით ვნახოთ ორიგინალში როგორ წერია, დანიელის წიგნი მესამე თავი: „მაშინ განრისხებულმა ნაბუქოდონოსორმა ბრძანა“, გნრისხებულმა, რადგან მან შადრაქს, მეშაქსა და ყაბედ-ნეგოს მისცა შანსი მეფის ბრძანება აღესრულებინათ მის თვალწინ, თუ არადა გავარვარებულ ღუმელში ჩაყრას დაჰპირდა.  ისინი კი კვლავ იმეორებდნენ: „ჩვენ მაინც არ ვცემთ თაყვანს კერპს, ჩვენ ცოცხალი ღმერთის გვწამს.“ განრისხებულმა ნაბუქოდონოსორმა ყმაწვილებს აღუთქვა, რომ საკუთარი შეხედულებებისა და მეფის წინაშე თავხედობისთვის მათ სიკვდილი ელოდათ. ნაბუქოდონოსორი აღივსო რისხვით, რადგან მისთვის არავის არასდროს ასეთი წინააღმდეგობა არ გაუწევია.  „შადრაქზე, მეშაქზე და ყაბედ-ნეგოზე გაბრაზებულს სახის გამომეტყველება შეეცვალა და ბრძანება გასცა, ღუმელი შვიდმაგად და უფრო მეტად გაეხურებინათ, ვიდრე ჩვეულებრივ ახურებდნენ.“

 

ამრიგად, შვიდჯერ მეტი შეშა მოიტნეს, შვიდჯერ მეტი საწვავი. ალი იმდენად დიდი იყო და ცეცხლი ისე მძვინვარებდა, თითქოს ნაბუქოდონოსორიც და ეს უზარმაზარი ღუმელიც ბრაზისგან ერთნაირად იწვოდნენ. შემდეგ „უბრძანა შეეკრათ შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო და ცეცხლით გავარვარებულ ღუმელში ჩაეყარათ. მაშინ ეს კაცები თავიანთი ქვედა და ზედა სამოსებით, მოსასხამებითა და სხვა შესამოელით შემოსილნი, შეკრეს და ცეცხლით გახურებულ ღუმელში ჩაყარეს.  რაკი მკაცრი იყო მეფის ბრძანება და ღუმელი მეტისმეტად იყო გახურებული, ის კაცები რომლებიც შადრაქს, მეშაქსა და ყაბედ-ნეგოს ჰყრიდნენ ღუმელში, ცეცხლის ალმა დახოცა. ხოლო ის სამნი-ცეცხლით გახურებულ ღუმელში შებოჭილნი ჩაცვივდნენ.  მაშინ ფეხზე წამოიჭრა გაოცებული ნაბუქოდონოსორი და თავის მთავრებს უთხრა: “განა სამი შებოჭილი კაცი არ ჩავყარეთ ცეცხლში?” მიუგეს და უთხრეს მეფეს: “ჭეშმარიტად, მეფევ!” მიუგო მან და თქვა: “შეხედეთ, ხელ-ფეხ გახსნილ ოთხ კაცს ვხედავ, შუაგულ ცეცხლში მიდიმოდიან უვნებლად. მეოთხე, შესახედაობით ღვთის ძეს ჰგავს!” მიუახლოვდა ნაბუქოდონოსორი ცეცხლით გავარვარებული ღუმელს და შესძახა…

 

ნახეთ, როგორ იცვლება ყველაფერი ჩვენ თვალწინ, სულ რამდენიმე წუთში და არა საათებში, იცვლება წარმოდგენა ღმერთზე და კერპზე, საკუთარ თავზე, ყველაფერზე. ამრიგად, დგება კულმინაცია, კვანძის გახსნა დიადი ღვთიური ჩანაფიქრისა. „შესძახა და უთხრა: გამოდით და აქ მოდით უზენაესი ღვთის მორჩილნო. მაშინ შადრაქი მეშაქი და ყაბედ-ნეგო გამოვიდნენ შუაგული ცეცხლიდან.  შემოიკრიბნენ სატრაპები, მთავარნი, მეფისნაცვალნი და მეფის მრჩევლები, საფუძვლიანად დაათვალიერეს ისინი და აღმოჩნდა რომ ყმაწვილთა სხეულებისთვის ცეცხლს ვერაფერი ევნო, თავზე თმაც კი არ შეტრუსოდათ, სამოსელიც არ შეცვლოდათ და კვამლის სუნიც კი არ უდიოდათ.“

 

და აი, დასასრულიც: “კურთხეულია შადრაქის, მეშაქისა და ყაბედ-ნეგოს ღმერთი, რომელმაც თავისი ანგელოზი მოავლინა და იხსნა თავისი მსახურები, რომლებიც მას მიენდნენ, არ დაემორჩილნენ მეფის ბრძანებას და თავიანთი სხეულები გასწირეს, რომ თავიანთი ღმერთის გარდა, არც ერთი ღმერთისთვის არ ემსახურათ და თაყვანი არ ეცათ. ამიტომ ვბრძანებ…“

 

დაახლოებით 15 წუთი გავიდა, 10-15 წუთია გასული იმ მომენტიდან, როცა ყმაწვილების დასჯა შეწყდა და სიტუაციამ საპირისპიროდ შემობრუნება დაიწყო.  წარმოგიდგენიათ?! მთელი ეს იმპერია ერთი მიმართულებით მოძრაობდა და 10-15 წუთში იგივე მრისხანე ნაბუქოდონოსორმა თქვა: „ამიტომ ვბრძანებ, თუ რომელიმე ხალხიდან, ტომიდან ან ენიდან ვინმე აუგს ილაპარაკებს შადრაქის, მეშაქისა და ყაბედ-ნეგოს ღმერთზე, ასო-ასო აიკუწოს, მისი სახლი კი ნანგრევებად იქცეს, რადგან არ არსებობს სხვა ღმერთი, ასე რომ შეეძლოს ხსნა! ამის შემდეგ კვლავ აღამაღლა მეფემ შადრაქი, მეშაქი და ყაბედ-ნეგო ბაბილონის ქვეყანაში.“ სხვა თარგმანში კი წერია: „მან თქვა, რომ ყველა ადამიანი რომელიც დაამცირებს შადრაქის, მეშაქისა და ყაბედ-ნეგოს ღმერთს ასო-ასო აიკუწება, მისი ქონება განადგურდება ან მიწასთან გასწორდება.“

 

ასე დასრულდა ეს სიტუაცია. როცა თვალს ადევნებ მთელ ამ ისტორიას და ხედავ მის დასასრულს, ხვდები, რომ ღმერთი არის ავტორი ყოველივესი რაც ხდება. ამიტომ რაც  უნდა ხდებოდეს დღეს, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ გვესმის, რომ ღმერთია ავტორი და მისი სტრატეგიები, მისი გეგმები მარადიულია.  არავის ძალუძს გაანადგუროს ღვთიური ჩანაფიქრი.

 

ახლა კი რამდენიმე სიტყვა ჩვენი სააღდგომო კვირის შესახებ, აგრეთვე ცოტაოდენს ვისაუბრებთ პარალელურ სტრატეგიებზე. ჩვენ რასაკვირველია ვთანხმდებით, რომ ღმერთს ყოველთვის ჰქონდა კაცობრიობის  ხსნის დიადი გეგმა. ჯერ კიდევ სამყაროს დაარსებამდე შემუშავებული, მანამდე, როცა ჯერ კიდევ არ არსებობდა მტვრის ნაწილაკიც კი, როგორც იგავთა წიგნში წერია, ღმერთს უკვე ჰქონდა გეგმა. მან იცოდა, რომ ადამიანი დაეცემოდა, იცოდა, რომ საჭირო იქნებოდა დაკლულიყო კრავი, იესო დათანხმდა ამ გეგმას,  ეს ღვთიური გეგმა იყო ჯერ კიდევ მაშინ, როცა ლუციფერიც კი არ იყო, ხომ გესმით?!

 

ეს ღვთიური ჩანაფიქრია  და ღმერთმა დაიწყო კიდეც მისი განხორციელება. ყველაფერი ხდებოდა ამ სცენარის მიხედვით. იგებდნენ ამას თუ არა ადამიანები ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა მეშვეობით, მოსწონდათ ეს იესო ქრისტეს მოწაფეებს თუ არა. თუმცა ალბათ, არ მოსწონდათ, იმის გათვალისწინებით, რაც  ჯვარცმის წინ მოხდა. ისინი შევიდნენ იერუსალიმში, სადაც  იესოს სახელი უფრო მეტად ცნობილი იყო, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკოსის. ყველა მხოლოდ მასზე საუბრობდა, აღიარებისა და დიდების ზენიტში იყო და  უეცრად ყველაფერი ისე შემოტრიალდა, ისე მოულოდნელად შეიცვალა ყველაფერი. რასაკვირველია, როცა მოწაფეები იქ იმყოფებოდნენ ჯერ კიდევ ვერ იგებდნენ წერილს, ვერ იგებდნენ ღმერთის დიდ ჩანაფიქრს. მათ ეჩვენებოდათ, რომ ბნელმა ძალებმა ამოხეთქეს ისე, როგორც ჯინმა ბოთლიდან და მათი შეჩერება შეუძლებელი იყო. ამ დროს კი იესო, რომელიც მათთვის ყოველთვის ავტორიტეტი იყო,  რომელიც არასდროს მარცხდებოდა, დუმს და არაფერს პასუხობს თავის დასაცავად.

ბორის პასტერნაკს, რომელსაც ძალიან ვაფასებ, აქვს ასეთი შესანიშნავი სტრიქონები:


„…მაგრამ არსთა წიგნში უკვე გადაშლილა

წმინდაზე უწმინდესი გვერდი,

ახლა გაცხადდება ადრე დაწერილი,

ამინ. დე, აღსრულდეს ხვედრი.

 

ხედავ, დრო გავს იგავს. იგი მდინარებით

შემობრუნდება და მოიდებს კვლავ ალს,

სახელითა მისი საზარ დიდებისა

წამებას მივიღებ და სამარეს ჩავალ.

ჩავალ, რათა აღვდგე მას დღესა მესამეს

და მერე, ვით ტივების მწკვრივები ტბორზე,

ბნელიდან რიგებად გამოვლენ მზისაკენ

საუკუნეები ჩემს სამსჯავროზე.“

 

გრძნობთ ამ სიდიადეს და მაშტაბებს?! გრძნობთ სიუჟეტის დასასრულს? გრძნობთ, რომ ის ნამდვილად ღმერთია, ვერავინ შეძლებს მიუთითოს რამე, დააკისროს პასუხისმგებლობა ან ჰკითხოს: „რა გააკეთე, როგორ გაბედე, ვინა ხარ შენ?!“ შეხედეთ როგორ ამბობს პასტერნაკი, რომ ამით დასრულდება ყველაფერი:

 

„სამარეს ჩავალ, რათა აღვდგე მას დღესა მესამეს

და მერე, ვით ტივების მწკვრივები ტბორზე,

ბნელიდან რიგებად გამოვლენ მზისაკენ

საუკუნეები ჩემს სამსჯავროზე.“

 

ვის შეუძლია შეცვალოს ეს ჩანაფიქრი? თუმცა ამას ჩვენ ვუყურებთ დღეს ასე, ამ გადასახედიდან, რადგან ვიცით რა ხდებოდა,  მაგრამ რას ხვდებოდნენ თავად მოწაფეები, რას გრძნობდნენ იმ მომენტში? რა თქმა უნდა, სატანას ყოველთვის ჰქონდა პარალელური სტრატეგია, რა თქმა უნდა, ეშმაკს სძულდა იესო. პირველი დღიდანვე, როდესაც ის დაიბადა, ჰეროდე უკვე მძვინვარებდა, ხოცავდნენ მრავალ ახალშობილს, რა თქმა უნდა სულიერი სამყარო რეაგირებდა. რასაკვირველია, არსებობს პარალელური სტრატეგიები. რასაკვირველია, იესო იძულებული იყო ეგვიპტეში გაქცეულიყო, იმიტომ რომ მისი მოკვლა სურდათ. რასაკვირველია, რახელი დასტიროდა თავის შვილებს და არ სურდა ნუგეში, ვინაიდან ისინი აღარ იყვნენ. ღვთის სიტყვაში იყო ნაწინასწარმეტყველები, რომ ქალები დაიტირებდნენ თავიანთ ვაჟებს, რომლებსაც დახოცავდნენ. რა თქმა უნდა, ეშმაკსაც ჰქონდა თავისი სტრატეგია. ჩვენ ვიცით, რომ ის ცდილობდა იესოს ცდუნებას უდაბნოში, ცდილობდა გზიდან გადაეხვევინებინა მისთვის, მაგრამ არ გამოუვიდა. ამიტომ წერია ლუკას სახარებაში, რომ ეშმაკმა ის დროებით დატოვა. სურდა ცდუნება, თუმცა არაფერი გამოუვიდა, ამიტომ დრომდე მიატოვა ის და არჩია შორიდან დაკვირვებიდა იმის ნაცვლად, რომ ეცდუნებინა იგი. სულით აღვსილი იესო გალილეაში დაბრუნდა და მისი ამბავი მთელ არე-მარეს მოედო.

 

და ვინ იყო სატანა, რომ შეძლებოდა და შეეჩერებინა ეს დიდებული, მარადიული ჩანაფიქრი, რომლის უკანაც ღმერთი იდგა. როგორ შეეძლო, როგორ?! ვინ არის ის ღმერთთან შედარებით?! დღესაც, მეგობრებო, ვინ არის ის?! საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, რომელი ილუმინატები, რომელი სტრატეგიები, რა მნიშვნელობა აქვს? ღმერთი ყოველთვის იტყვის ბოლო სიტყვას.

 

ამიტომ იესო წინ მიიწევდა, მტერი კი თვალს არ აშორებდა მას. არის ძალიან მნიშვნელოვანი ტექსტი, რომელსაც წავიკითხავ. ნახეთ, როგორ არის ამის შესახებ მოთრობილი სახარებაში. „ეს რომ თქვა, ხმამაღლა დაიძახა: ლაზარე, გამოდი გარეთ!“ იესოს ავტორიტეტი მყისვე ამაღლდა,  ყველა ამის შესახებ საუბრობდა, შეუძლებელი იყო ამის შესახებ არ ესაუბრათ.

 

ეშმაკი ფიქრობს როგორი სტრატეგია შეიმუშაოს. მისი სტრატეგია ძალიან მარტივია: მანიპიულირება, კომპრომატების შეგროვება და ცდუნება, შემდგომ კი მართვა, ხოლო თუ არაფერი გამოსდის, არც პირველი არც მეორე და არც მესამე, მაშინ უნდა შეგაჩეროს, უნდა მოკვდე. ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს. ეს არის ეშმაკის მთელი სტრატეგია, მას არ გააჩნია სხვა სტრატეგია. მას მხოლოდ ერთი სტრატეგია აქვს, რომ შეაჩეროს ღვთის გეგმები. სულ ესაა.

 

ამრიგად, იესოს ავტორიტეტი ამაღლდა, ამას ყველა ხედავს.  აღსანიშნავია, ლაზარეს შემთხვევა, რომელსაც ბევრი იცნობდა, რომელიც დამარხეს, მისი საფლავიდან კი საშინელი სუნი გამოდიოდა. იესოს დაძახილზე იგი სამარხიდან გამოვიდა, ფაქტი ჯიუტია, წინ ვერ აღუდგები.

 

„და გამოვიდა მიცვალებული სახვევით ხელ-ფეხ შეკრული და სახეშესუდრული. უთხრა მათ იესომ: გახსენით და გაუშვით, წავიდეს. მაშინ მარიამთან მისულმა ბევრმა იუდეველმა, რომლებმაც იხილეს, რაც მოახდინა იესომ, ირწმუნა იგი. ზოგიერთი მათგანი კი წავიდა და უთხრა ფარისევლებს, რაც მოახდინა. მაშინ შეკრიბეს მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა სინედრიონი და თქვეს: რა ვქნათ?“ ეს დგას ჩვენი დღის წესრიგში: რას მოვუხერხებთ ამ ყველაფერს? ეს კაცი მრავალ სასწაულს ახდენს. თუ თავის ნებაზე მივუშვით, ყველა ირწმუნებს: მოვლენ რომაელები და წაგვართმევენ ჩვენს ადგილ-მამულსაც და ხალხსაც.”

 

ანუ პირდაპირ თუ ვიტყვით, მათ ჰქონდათ გეგმა, მათ ჰქონდათ თავიანთი სტრატეგია. ისინი იღებდნენ პასუხისმგებლობას, ისინი მიიჩნევდნენ თავს გავლენიან ადამიანებად, რომ არ დაეშვათ რომაელების მიერ ხალხის დაპყრობა.

 

ისედაც ყველაფერი ცუდად იყო და კიდევ იესო, რომელიც საერთოდ არ ეხებოდა რომაელებს, ყველა მას მიჰყვებოდა, ყველას მისი სწამდა და სინედრიონის ავტორიტეტი ეცემოდა. მათი სტრატეგია უკვე არავის აინტერესებდა. ხედავთ როგორ ეჯახება ორი სტრატეგია ერთმანეთს.და  აი, ისინი გადაეკვეთნენ კიდეც. ამ ორი სტრატეგიის გადაკვეთამ გამოიწვია ბოლო ნაბიჯის გადადგმა: “ერთმა მათგანმა, ვინმე კაიაფამ, რომელიც იმ წელიწადს მღვდელმთავარი იყო, უთხრა მათ: არაფერი არ იცით. სხვა თარგმანში წერია: არაფერი გაგეგებათ, თუ რა ხდება? ვერ ხვდებით, რომ გვიჯობს ერთი ადამიანი მოკვდეს ხალხისთვის, ვიდრე მთელი ერი დაიღუპოს?“  ანუ ის პირდაპირ ეუბნება, რომ იესო უნდა მოკვდეს. რომ თავიდან უნდა მოიშორონ და ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს.

 

„ეს თავისით კი არ უთქვამს, არამედ იმ წელიწადს მღვდელმთავრად მყოფმა იწინასწარმეტყველა, რომ იესო უნდა მომკვდარიყო ხალხისათვის. და არა მარტო ხალხისათვის, არამედ იმისთვისაც, რომ ერთად შეეკრიბა ღმერთის გაფანტული შვილები. იმ დღიდან გადაწყვიტეს მოეკლათ იგი.” შეიძლება მათ ხმა მისცეს, შეიძლება ყველას მისცეს უფლება ეთქვათ საბოლოო სიტყვა, მაგრამ ფაქტია, ყველა შეთანხმდა, რომ იესო უნდა მომკვდარიყო. ეს სტრატეგიაა, დიახ ეს სტრატეგიაა. აღსანიშნავია, რომ თავად მღვდელმთავარმა, ქრისტეს მიმართ მტრულად განწყობილმა, იწინასწარმეტყველა. იწინასწარმეტყველა, რომ იესო მოკვდებოდა ხალხისთვის, რათა ხალხი არ დაიღუპოს, ერთი მოკვდება, რომ ყველამ იცოცხლოს.

 

ახლა ის, რასაც ბოლოს განვიხილავთ, თუ როგორ გრძნობდნენ თავს ადამიანები, მიუხედავად ღვთიური სტრატეგიისა, მიუხედავად ეშმაკის სტრატეგიისა, რომელმაც მკაფიოდ განიზრახა იესოს მოკვლა. ისინი ფიქრობდნენ, რომ იესოს დაადუმებდნენ და აღკვეთავდნენ დიად ღვთიურ ჩანაფიქრს. ყოველ შემთხვევაში ასე ფიქრობდნენ. ხოლო მოწაფეები  დაიფანტნენ. გეთსემანიის ბაღში ვიღაც ერთი ცდილობდა შორიდან დაკვირვებას, ის დაიჭირეს, მან დატოვა თავისი სამოსი და შიშველი გაიქცა. პეტრემ შეაღწია მღვდელმთავრის ეზოში და უნდოდა ეხილა თუ როგორი იქნებოდა დასასრული. ისინი არ იყვნენ მზად ამისთვის. ისინი შოკირებულნი იყვნენ. არ იცოდნენ რა ექნათ. ამის  შემდგომ ჯვარს აცვეს იესო. ყველა ელოდა, როდის ჩაერეოდა ღმერთი, როდის?! ის უკვე ყვიროდა „ელი, ელი, ლამა საბაქთანი.“  ხალხი ამბობდა: „ელიას ეძახის,  შეიძლება ელია მოვიდეს. ის ხომ უნდა გადარჩეს. ის თუ მოკვდება, მოკვდება და დასრულდება ყველაფერი რასაც ის გვასწავლიდა, რისიც გვწამდა. ის თუ მოკვდება, სიკვდილი  აღსასრულს ნიშნავს, ეს ჩიხია, იქნებ ელია მოვიდეს.“ მაგრამ ელია არ მოვიდა. სიბნელე იყო მთელ მიწაზე. ავაზაკები ყვიროდნენ: „იხსენი შენი თავი და ჩვენც გვიხსენი, ყველა გიწამებთ.“ ადამიანები ფიქრობდნენ, შეიძლება ღმერთი ახლა ჩაერიოს, მაგრამ არაფერი მოხდა. “ხოლო იესომ კვლავ შეღაღადა ხმამაღლა და განუტევა სული. და, აჰა, შუაზე ჩაიხა ტაძრის ფარდა, იძრა მიწა და დასკდნენ კლდეები.” აი, ასე ჩანდა ეს ადამიანთა თვალებიდან. საშინელებაა და ძალზე მძიმე, რადგან მათ არ შეეძლოთ ევარაუდათ, რომ შესაძლებელი იყო ის კვლავ დაბრუნებულიყო ახალ სხეულში. ამის დაჯერება რთული იყო.

 

დღეს  კი ჩვენ აღდგომას აღვნიშნავთ, ეს ჩვენ უკვე 2000 წლის შემდეგ გავიაზრეთ, რაღაც გავიგეთ, შევისწავლეთ, წავიკითხეთ უამრავი წიგნი. მაგრამ როგორ იყო შესაძლებელი იმის რეალობად აღქმა, რომ ის კვლავ დაბრუნდება, როცა ქალები დილით წავიდოდენ, რათა  მისი სხეულისთვის  ეცხოთ ნელსაცხებელი. ისინი ჯერკიდევ გზაში მიმავალნი ფიქრობდნენ, თუ ვინ გადააგორებდა ლოდს მათთვის და აჰა, ლოდი გადაგორებული დახვდათ, ანგელოზები ისხდნენ შესასვლელთან, სრული ქაოსი ატყდა. ისინი გაიქცნენ და მოწაფეებს მოუყვნენ ნანახი, პეტრე ადგილიდან მოწყდა, იოანეც, გაიქცნენ და სამარხში შევარდნენ. ხელში სუდარა აიღეს, რადგან ახსოვდატ როგორ შეახვიეს. ტილო, რომელიც თავზე ჰქონდა შემოხვეული ცალკე დაედოთ. ანგელოზი ზის სამარხში, მე უბრალოდ გაოცებული ვარ, რადგან ღმერთს ჰქონდა ჩანაფიქრი. ადამიანებს, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ, არ შეეძლოთ ამის ახსნა. ისინი ფიქრობდნენ, რომ ბნელმა ძალებმა ამოხეთქეს ჯოჯოხეთიდან და განუკითხაობა ჩიადინეს. მაგრამ ღმერთს ჰქონდა ჩანაფიქრი, ყველაფერი სრული სიზუსტით, გეგმის მიხედვით მიდიოდა. და რა იყო ღმერთის გეგმებში?

 

რამდენიმე წუთი დარჩა, სანამ ვილოცებთ. ის თუ რა იყო ღვთის გეგმაში, ძალიან კარგად არის დაწერილი კოლასელთა მიმართ წერილში. მეორე თავი, 13 მუხლიდან. მე ორჯერ წავიკითხავ ამ ტექსტს. ის უბრალოდ საოცარია:

 

“და თქვენც – ანუ მე და თქვენ – მკვდრები შეცოდებებში და თქვენი ხორცის წინადაუცვეთლობაში, გაგაცოცხლათ მასთან ერთად და მოგიტევათ ყველა შეცოდება. განჩინებებით წაშალა თანანადებთა ხელით წერილი, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ იყო, აიღო იგი შუაგულიდან და ჯვარს მიამსჭვალა. განაიარაღა მთავრობანი და ხელმწიფებანი. სააშკარაოდ შეარცხვინა და ჯვრით იზეიმა მათზე გამარჯვება.“  ხოლო ახალ თარგმანში წერია: „ღმერთმა გაიმარჯვა მათზე ჯვრის მეშვეობით, შემდეგ კი წამოასხა ისინი, როგორც ტყვეები გამარჯვებულის ტრიუმფალურ მსვლელობაში.“ სხვა თარგმნის მიხედვით: „სააშკარაოდ განაქიქა და ჯვრით იმძლავრა მათზე.“ კიდევ ერთხელ, ახალი თარგმანით: „ღმერთმა გააუქმა ჩვენ წინააღმდეგ დებულებათა ხელწერილი, აიღო იგი შუაგულიდან და ჯვარს მიამსჭვალა.“ – ეს იყო მისი ჩანაფიქრი, ორიგინალური, თავდაპირველი, მაგრამ ასე არ ეჩვენებოდათ მოწაფეებს, –  „განაიარაღა მთავრობანი და ხელმწიფებანი; საჯაროდ შეარცხვინა და ჯვრით იზეიმა მათზე გამარჯვება.“ 

 

ამიტომ სიკვდილი დასასრული არაა. ყველა ფიქრობდა რომ ეს დასასრული იყო, რადგან არასდროს მომხდარა, რომ ვინმე დაბრუნებულიყო სიცოცხლეში სიკვდილის შემდეგ. მაგრამ სიკვდილი არაა ჩიხი, ეს არ არის ფსკერი. როგორც ვერა სერგეევნა კუშნირმა თქვა: „სიკვდილი ეს არის ზღურბლი, რომელსაც ახალ სიცოცხლეში გადავყავართ.“ ასევე შესანიშნავად თქვა დერჟავინმა:


„ვხედავ, დასჭირდა უეჭველად ეს შენს სიმართლეს,

ჩემი უკვდავი არსებობა კარზე მიადგეს

სიკვდილის ქვესკნელს, სულმა იცვას მკვდრეთის სამოსი,

თუმცა შენი ხმა მომიხმობდეს, სიკვდილგამოვლილს,

ამ გზით დავბრუნდე სამუდამოდ, ნათელის მფენო,

შენს უკვდავებას შევუერთდე, მამაო ჩვენო!“


მოგიწოდებთ რომ ვილოცოთ: უფალო, მადლობას გიხდით, რომ შენი გზები არ არის ჩვენი გზები და შენი ზრახვები არ არის ჩვენი ზრახვები. როგორც ზეცაა მიწაზე მაღალი, ასევე მაღალია შენი გზები, იმაზე აღმატებული, ვიდრე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ და ვიდრე შეგვიძლია გავიგოთ. ჩვენ უბრალოდ ვჩერდებით და ვამბობთ: „როგორი მიუკვლეველნი არიან შენი გზები ღმერთო, რა დიადი ხარ! შენ ხარ ჭეშმარიტად ალფა და ომეგა, დასაწყისი და დასასრული. დასასრულს იტყვი შენს ბოლო სიტყვას. ჩვენ გვწამს, რომ შენ აღდექი მკვდრეთით. ჩვენ გვწამს, რომ გამოგვიხსენი ჩვენი ცოდვებისგან, ჩვენ დღეს აღვნიშნავთ და ვზეიმობთ მთელ ქრისტიანულ სამყაროსთან ერთად შენს გამარჯვებას ეშმაკზე, შენს გამარჯვებას ცოდვაზე, შენს გამარჯვებას სიკვდილზე, ამიტომ სიკვდილი უკვე მოგებაა ჩვენთვის და ჩვენ ვუყურებთ მას, როგორც ზღურბლს, რომელსაც ახალი სიცოცხლეში გადავყავართ. მადლობას გიხდით, ძვირფასო იესო, ამინ.  მეგობრებო, იდღესასწაულეთ, ეს ჩვენი ზეიმია.

 

მე მახსენდება ბილი გრემის სიტყვები, მან თქვა: „მე წაკითხული მაქვს ბიბლიის ბოლო გვერდი – ბოლოს ყველაფერი კარგად იქნება.“

 

მე მინდა ამ სიტყვებით დავასრულო და განუგეშოთ, რომ ბოლოს ყველაფერი კარგად იქნება. ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!

სხვა ქადაგებები

ისტორიული ფაქტები

ქრისტიანობის ისტორიის მიმოხილვა

მუსიკალური ბექგრაუნდი

ქრისტიანული სიმღერების განხილვა

ვისაუბროთ გამართულად

სწორი და არასწორი ფორმები ქართულ ენაში