დიახ, მე ოპტიმისტი ვარ. მწამს, რომ შემიძლია ქვეყნიერების ძლევა ქრისტეს ძალით! არ მეშინია ჩემ გარშემო არსებული ყველა ცოდვისა და ბოროტების, ყველა გულისთქმისა და ცდუნების. შემიძლია, პირდაპირ და თავაწეულმა ვიარო ამ ყოველივეს შუაგულში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ქვეყნიერებიდან მივდივარ. არა. მე ყოველდღე ქვეყნიერებაზე ვცხოვრობ და ცდუნებანიც ყოველდღე ჩემ წინაშეა, მაგრამ მე მაქვს ძალა მათთვის წინააღმდეგობის გასაწევად! თქვენც გაქვთ ძალა ამისათვის, იგივე ძალა, რომელსაც იესო ქრისტე გვაძლევს.
მინდა, ჩემთან ერთად გადაშალოთ 101-ე ფსალმუნი, საიდანაც წავიკითხავ ძალიან უცნაურ სიტყვებს, ესენია მე-6 და მე-7 მუხლები: „დავემსგავსე უდაბნოს ვარხვს, გავხდი, ვითარცა ბუკიოტი ნანგრევებში. უძილო ვიქმენ და ვზივარ, ვითარცა ეული ჩიტი სახურავზე.“ ამ კვირაში პრეზიდენტმა რეიგანმა პრესკონფერენციაზე მსოფლიოს განუცხადა: „შეგიძლიათ, ან პესიმისტურად უყუროთ მსოფლიოს, ან ოპტიმისტურად.“ მან თქვა: „მე ოპტიმისტურ შეხედულებას ვირჩევ.“
დღეს მინდა ვისაუბრო იმის შესახებ, თუ რატომ ვარ ოპტიმისტი. წმინდა წერილის ამ მონაკვეთს ერთი პატარა, საინტერესო ისტორია უკავშირდება. 1954 წელს ინგლისში ვიყავით. სამთვიანი სამახარებლო მსახურება გვქონდა ლონდონში, ჰერინგეის არენაზე. ჩემი ცოლი „წიგნის ჭიაა“. უყვარს წიგნების ძველ მაღაზიებში სიარული და ძველი წიგნების ყიდვა, ან უბრალოდ, მათი თვალიერება. ასეულობით ძველი წიგნი აქვს უკვე, რომლებიც წლების განმავლობაში შეიძინა, მათ შორის არიან კლასიკოსებიც.
სწორედ ამ დროს, ლონდონში, წიგნების მაღაზიაში ყოფნისას ჩემმა ცოლმა ერთი ტანდაბალი, მოხუცი კაცი შენიშნა. მთლად მოხუციც არა, შუა ხნის ასაკის იქნებოდა. ძალიან იმედგაცრუებული და დანაღვლიანებული ჩანდა. ის ჩემს ცოლთან მივიდა და ჰკითხა: „თქვენ მისის ბილი გრემი ბრძანდებით?“ რუთმა მიუგო: „დიახ.“ კაცმა უთხრა: „იცით, ისეთი იმედგაცრუებული ვარ. ოჯახი მენგრევა. ყველაფერი მე მემართება. არ ვიცი, რა გავაკეთო.“ რუთმა ჰკითხა: „არ გინდათ, ჰერინგეიზე მოხვიდეთ და სახარება მოისმინოთ?“ და მან ბილეთები მისცა, რომლებსაც ჩანთით დაატარებდა. იმ წელს ლონდონში ყოფნისას ჩემს ცოლს ის კაცი აღარ უნახავს.
თუმცაღა აინტერესებდა, რა შეემთხვა იმ კაცს. ლოცულობდა მისთვის. ერთი წლის შემდეგ ისევ ლონდონში დავბრუნდით. უემბლის სტადიონზე ვატარებდით სამახარებლო მსახურებას, სადაც ღია ცის ქვეშ ვიყავით და მოხდა ისე, რომ ყოველდღე წვიმდა. მხოლოდ ბოლო საღამოს არ უწვიმია, მაგრამ სამაგიეროდ ძალიან ციოდა. „შესანიშნავ“ დროს ვატარებდით წვიმასა და სიცივეში; მაგრამ, საშუალოდ, 60 ათასი ადამიანი ესწრებოდა მსახურებას ყოველდღე, ბოლო საღამოს კი, დაახლოებით, 90 ათასი ადამიანი მოვიდა.
მიუხედავად სიცივისა, რუთი მაინც წავიდა წიგნების იმავე მაღაზიაში და წიგნების თვალიერებისას ისევ ის შუახნის კაცი შენიშნა, რომელსაც თვალები უბრწყინავდა და მხნედ გამოიყურებოდა. რუთმა თქვა, რომ არავის სახეზე არ უნახავს ასეთი ბედნიერი გამომეტყველება. კაცმა უთხრა მას: „იცით, მე იმ ღამით ვიყავი არენაზე. საკუთარ მხსნელად მივიღე ქრისტე. ჩემმა ცოლმაც მიიღო ქრისტე და ახლა ქრისტიანული ოჯახი გვაქვს.“
მან ასევე თქვა: „იცით, თქვენი მეუღლის მიერ წაკითხულმა რომელმა მუხლებმა მიბიძგა იმისკენ, რომ ღმერთი მერწმუნა? ეს 101-ე ფსალმუნი იყო.“ მან რუთს ბიბლია გადაუშალა და უჩვენა ეს მუხლები. „დავემსგავსე უდაბნოს ვარხვს, გავხდი, ვითარცა ბუკიოტი ნანგრევებში. უძილო ვიქმენ და ვზივარ, ვითარცა ეული ჩიტი სახურავზე.“ ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ეს მახარებლური მუხლები იყო, თუმცა იმ კაცისთვის სწორედ ასე გახლდათ. „ეს სიტყვები ჩემს მდგომარეობას აღწერდა. თავს ისე ვგრძნობდი, როგორც უდაბნოში მყოფი ვარხვი,“ – თქვა მან.
ვარხვი არ ცხოვრობს უდაბნოში. ის, სადღაც ტეხასში, გალვესტონის მსგავს ადგილზე მკვიდრობს. „უძილო ვიქმენ და ვზივარ, ვითარცა ეული ჩიტი სახურავზე.“
„სწორედ ასე ვგრძნობდი თავს იმ საღამოს და ამ სიტყვებმა შეცვალა ჩემი ცხოვრება,“ – თქვა კაცმა.
დღეს მთელი კაცობრიობა სწორედ ასეთი ვარხვის, ასეთი ეული ჩიტის მსგავსია. დიკენსი 1775 წლის საფრანგეთის რევოლუციის შესახებ წერდა, რომ ეს იყო ყველაზე ცუდი და ამავდროულად, ყველაზე კარგი დრო და დღესაც სწორედ ასეა. ძვ. წ. აღ-ის მე-4 საუკუნეში დამოკლემ რაღაც თქვა სირაკუზის მეფის საწინააღმდეგოდ და ამიტომაც, მის თავზე ალესილი ხმალი ჩამოკიდეს, რომელსაც მხოლოდ ცხენის ერთი წვრილი ძუა იჭერდა.
არსებობს განსხვავება ოპტიმისტსა და პესიმისტს შორის. ერთი ასეთი ისტორია არსებობს ორი პატიმრის შესახებ: პესიმისტი იხედებოდა გარეთ და მხოლოდ გისოსებს ხედავდა, ოპტიმისტი კი – ვარსკვლავებს.
გუშინ ჩვენ წავიკითხეთ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და ცნობილი ოჯახის შვილის შესახებ. მას ყველა იცნობთ, ვინაობა რომ დავასახელო. ეს ადამიანი ინდოეთში წავიდა და შემდეგ განაცხადა: „მე უარვყოფ კაპიტალიზმს. მე უარვყოფ კომუნიზმს. ინდოეთში სამუდამოდ საცხოვრებლად ჩამოვედი, რათა მქონდეს უზენაესი ღმერთის მადლი.“ მან ახალი სახელი დაირქვა. მას იმედი ჰქონდა, რომ წარსულის დავიწყებით და ახალი სახელის არჩევით რომელიმე გურუს ფერხთით იპოვიდა პასუხს.
სამიოდე წლის წინ ინდოეთიდან მოვდიოდით, დელის ახალ აეროპორტში მივედით. ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით ვიყავით, მთებში, სადაც ვქადაგებდით. დელის აეროპორტი ამერიკელი სტუდენტებით იყო სავსე! ყველგან ისინი იწვნენ. უნივერსიტეტის სტუდენტები.
როცა ვიკითხე, თუ ვინ იყვნენ ისინი, მითხრეს, რომ სამი 747 უნდა ჩამოფრენილიყო მათ წასაყვანად. მითხრეს: „ეს სტუდენტები ინდოეთში იმყოფებოდნენ და გურუებთან სწავლობდნენ. ახლა კი იმედგაცრუებულნი ბრუნდებიან უკან.“ ახალგაზრდები ეძებენ რაღაცას; რაღაცას, რაც მათ სიმშვიდესა და ბედნიერებას მოუტანს ამ შეშლილ სამყაროში. ზოგიერთი ახალგაზრდა ადამიანისთვის არაფერს აღარ აქვს აზრი. ზოგიერთს კი საკუთარი გმირი ჰყავს.
მახსოვს, 15-20 წლის წინ ხალხი ჭკუას კარგავდა ელვის პრესლიზე. დღეს კი ვიცით, თავისი სიცოცხლის ბოლო ხანებში როგორ იყო დამოკიდებული იგი ნარკოტიკებზე, რომლებმაც, დიდად სავარაუდოდ, კიდეც დააჩქარა მისი ადრეული გარდაცვალება.
ბევრი ადამიანი, ვინც თქვენი გმირია და ბევრი, ვის შესახებაც ფიქრობთ, რომ სათავეში არიან, სინამდვილეში, შინაგანად ფსკერზე არიან. ეძებენ რაღაცას და ამ რაღაცას ვერ პოულობენ საკუთარ პოპულარობაში, ვერც ხალხისგან მიღებულ თაყვანისცემასა და დიდებაში, ვერც ფულში, ვერც ფილოსოფიაში… ამ რაღაცის პოვნა იესო ქრისტეში შეუძლიათ მათ… და ასევე თქვენც.
6:41-6:49
პასუხის პოვნა იესო ქრისტეს პიროვნებაში შეგიძლიათ. ბევრ თქვენგანს დაუკმაყოფილებელი მისწრაფებანი აქვს სულში.
7:00-7:19
დავრდომილის განკურნებისას იესომ უთხრა მას: „გამაგრდი, შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები.“ ეს კაცი პარალიზებული იყო, თუმცა ქრისტემ იცოდა, რომ მას უფრო ღრმა საჭიროებები ჰქონდა. ამიტომაც ამბობდა: „არა პურითა ერთითა ცოცხლობს კაცი.“ უფალი იესო ამბობდა, რომ ადამიანის ცხოვრება მისი ქონების სიუხვეზე როდია დამოკიდებული. არის რაღაც თქვენს ცხოვრებაში, გაცილებით უფრო ღრმა, რის დაკმაყოფილებაც მატერიალიზმს არ შეუძლია. ფულს არ შეუძლია. სიამოვნებას არ შეუძლია.
ერთ-ერთი რამ, რაც აუცილებლად გჭირდებათ, არის ცოდვების პატიება, რადგან ყველამ შევცოდეთ ღმერთის წინააღმდეგ. სიტყვა „ცოდვა“ ნიშნავს „კანონდამრღვევს“. თქვენ და მე ვართ ღმერთის კანონების დამრღვევნი. ბიბლიაში დაწერილია, ვინც მთელ რჯულს იცავს და ერთში შესცოდავს, იგი ყველაფერში დამნაშავე ხდება. ამრიგად, ჩვენ ღმერთის მთელი რჯულის დამრღვევნი ვართ. ღვთის რჯულის, ღვთის კანონების დარღვევისათვის კი არსებობს სასჯელი და ეს სასჯელი არის სიკვდილი, სამსჯავრო და ჯოჯოხეთი. ეს არის სასჯელი.
ჩვენ ყველანი მსჯავრდადებულნი ვართ. დამოკლეს მსგავსად შიშველი მახვილის ქვეშ ვსხედვართ და სიკვდილის შემდეგ მსჯავრი იქნება ჩვენზე. ჩვენზე უკვე არის მსჯავრი. ჩვენ უკვე ვართ მსჯავრდადებულნი. იესო ქრისტე იმისათვის მოვიდა, რომ ვეხსენით ამ მსჯავრისა და ცოდვის სასჯელისაგან.
„ნუ შეცდებით, ღმერთს ვერ შეურაცხყოფთ, რადგანაც ვინც რას დათესავს, მასვე მოიმკის.“ ადამიანი ცოდვის მახეშია გაბმული. ჩვენ მახეში ვართ თაგვის მსგავსად.
ამ კვირაში ჰიუსტონში გადის ფილმი, რომელსაც „პირველი სასიკვდილო ცოდვა“ ეწოდება. უნდა ითქვას, რომ პირველი სასიკვდილო ცოდვა ადამმა და ევამ ჩაიდინეს ედემის ბაღში, როცა ისინი აუჯანყდნენ ღმერთს, დაარღვიეს ღმერთის კანონები და ამიტომაც, მე და თქვენ მემკვიდრეობით გადმოგვეცა ცოდვისკენ მიდრეკილება. ეს კაენსა და აბელსაც გადაეცათ და ჩვენ ვიცით, რომ კაენმა მოკლა თავისი ძმა.
მას შეშურდა. სიამაყით აღივსო და მოკლა საკუთარი ძმა. მკვლელობა ედემის ბაღის გარეთ მოხდა. დღესაც მრავალი მკვლელობა ხდება მთელ მსოფლიოში. გარდა ამისა, ჩვენ ვიტანჯებით სულიერი და საუკუნო სიკვდილისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ სხეულის გარდაცვალების შემდეგ, სული განწირულია იმისათვის, რომ მთელი მარადისობა ღმერთისგან შორს გაატაროს.
სწორედ ამიტომაც არის ესოდენ მნიშვნელოვანი ის, რომ ცოდვები მოინანიოთ და ქრისტესკენ მიბრუნდეთ, სანამ ჯერ კიდევ არის დრო. ჩვენ ცოდვის მახეში ვართ გაბმულნი.
დღეს ვიგებთ 54 წლის შვილის შესახებ, რომელმაც 94 წლის დედას სცემა ფულის მისაღებად. 1200 დოლარის გამო. შემდეგ კი დანაშაულით გამოწვეული სინდისის ქენჯნის გამო თავი მოიკლა.
მადლობა ღმერთს, ბიბლია გვეუბნება საოცარი პატიების შესახებ. „ნეტარია კაცი, ვისაც უფალი ცოდვას არ ჩაუთვლის, და ვის სულშიც არ არის სიყალბე.“
ღმერთს შეუძლია გაპატიოთ, რადგან ქრისტე მოკვდა ჯვარზე ჩვენი ცოდვების გამო. რაკი უფალი იესო საკუთარი ნებით გაეკრა ჯვარს, ამიტომაც, ღმერთს შეუძლია – გვაპატიოს ცოდვები და ამავდროულად, სამართლიანი დარჩეს.
იმას ვგულისხმობ, რომ ღმერთის წინაშე იდგა პრობლემა. როგორ შეეძლო ღმერთს, ადამიანისათვის ცოდვები მიეტევებინა და ამავდროულად, სამართლიანი, წმინდა და მართალი დარჩენილიყო? ვინაიდან ღმერთს რომ ზურგზე ხელი მოეთათუნებინა ჩვენთვის და ეთქვა: „გაპატიე“, ის მატყუარა იქნებოდა! ხოლო თუ ღმერთი მატყუარა იქნებოდა, მაშ, ღმერთიც აღარ იქნებოდა. სწორედ ამიტომ, ვიღაცას უნდა გადაეხადა საზღაური.
ჩვენ დამნაშავენი ვართ. ვინ გადაიხდის საზღაურს? უფალმა იესომ გადადგა ეს ნაბიჯი. სწორედ ამისთვის მოვიდა ის.
11:02-11:05
ამიტომ გამოიყენება სიტყვა „სისხლი“ წმინდა წერილში, რადგან „სისხლი“ ნიშნავს „სიცოცხლეს“. მან საკუთარი სიცოცხლე ჩვენთვის გაიღო ჯვარზე. „იესო ქრისტეს სისხლი გვწმენდს ყოველგვარი ცოდვისაგან.“ საოცარია იმის ცოდნა, რომ ყველა შენი ცოდვა ქრისტეს სისხლით არის დაფარული. დიახ, ქრისტეს ჯვრის მეშვეობით ღმერთს ძალუძს, გვაპატიოს ცოდვები.
11:30-11:40
ცოტა ხნის წინ წავიკითხე, რომ შეერთებული შტატების საჰაერო ძალების წარმომადგენლები ცდილობდნენ ფრენისას დაკარგული მაიორის მოძებნას, რისთვისაც 10 მილიონი დოლარი დაიხარჯა. ღმერთმა გაცილებით უფრო მეტი გადაიხადა თითოეული ჩვენგანისთვის.
ლოს-ანჯელესელმა მწერალმა, ელის რამირეზმა დაწერა ამ კვირაში იმის შესახებ, რომ ერთი დღე ეტლში მჯდარმა გაატარა, ვითომ ქვედა კიდურები ჰქონდა პარალიზებული. ამან მას სრულიად ახლებურად დაანახვა ის, თუ რას ნიშნავს შეზღუდული შესაძლებლობები. რამდენჯერმე გავატარე რამდენიმე საათი თვალებახვეულმა, რათა გამეგო, რას ნიშნავს სიბრმავე. ამის მეშვეობით სრულიად სხვაგვარად დავინახე ის, თუ რას ნიშნავს შეზღუდული შესაძლებლობები.
ღმერთი ჩამოვიდა დედამიწაზე და გახდა კაცი. ის ადამიანის სხეულში მოვიდა და გახდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე. ზეცის დიდებული მეფე ადამიანის სხეულში მოვიდა. მან იცხოვრა ადამიანის მსგავსად, ოღონდ უცოდველად და ბოლოს მოკვდა ჯვარზე. მან საკუთარ თავზე აიღო ჩვენი ცოდვები. მას არასოდეს უთქვამს ტყუილი. მას არასოდეს ჩაუდენია მრუშობის ცოდვა. მას არასოდეს გასჩენია შური სხვის მიმართ. არასოდეს ჰქონია გულისთქმა. და მაინც, ის დამნაშავე გახდა ამ ცოდვების გამო, რადგან საკუთარ თავზე ჰქონდა ჩვენი ცოდვები აღებული.
და როცა ხელები მიულურსმეს და გვერდი განუგმირეს, როცა სისხლი წასკდა და ზეცის ანგელოზები მზად იყვნენ, მის გადასარჩენად მოსულიყვნენ, მან თქვა: „მიუტევე, მამაო, რამეთუ არ იციან, რას აკეთებენ.“
დღეს უფალი თქვენც გეუბნებათ: „გაპატიებ, თუ ჩემთან მოხვალ მონანიებითა და რწმენით.“
თავის 1-ელ წერილში, 1-ლი თავის მე-18 და მე-19 მუხლებში მოციქული პეტრე წერს: „არა ხრწნადი ვერცხლით ან ოქროთი იქენით გამოსყიდულნი მამებისგან გადმოცემული ამაო გზიდან, არამედ ქრისტეს ძვირფასი სისხლით, როგორც უბიწო და უმანკო კრავისა.“
ჩვენ გამოსყიდულნი ვართ არა ვერცხლითა და ოქროთი… რადგან მთელი მსოფლიოს ოქროსაც კი არ ძალუძს შენი სულის გამოსყიდვა. შეგიძლიათ, მთელი ფული ქველმოქმედებას მოახმაროთ ან ეკლესიას შესწიროთ, მაგრამ ეს არ გიხსნით. შეგიძლიათ, მთელი ცხოვრების განმავლობაში კეთილი საქმეები აკეთოთ, მაგრამ ვერც ეს გიხსნით. შეიძლება, ქალაქში არსებულ ყველა ეკლესიაში იაროთ, მაგრამ ესეც ვერ გადაგარჩენთ.
თქვენ უნდა მოინანიოთ ცოდვები და რწმენით მიიღოთ ქრისტე. „ვინაიდან მადლით ხართ გადარჩენილები, რწმენის მეშვეობით, და ეს თქვენგან კი არ არის, არამედ ღვთის ნიჭია, არა საქმეთაგან, რათა არავინ დაიკვეხოს.“ ვერ შეძლებთ თქვენით ხსნის მოპოვებას. მხოლოდ მადლით ხართ დახსნილნი. სიტყვა „მადლი“ ნიშნავს დაუმსახურებელ კეთილგანწყობას. იმას, რასაც არ იმსახურებთ. ღმერთი ხსნას საჩუქრად გაძლევთ. ხსნას ვერ იყიდით, ვერც გამოიმუშავებთ. ეს საჩუქარია!
ღმერთი გთავაზობთ საჩუქარს, თუმცა თქვენ უნდა გაიწოდოთ ხელი და მიიღოთ იგი. ბიბლია გვასწავლის, რომ მსოფლიო სისტემას ბოროტი მართავს. ძალადობის, ეგოიზმის, ამბიციისა და სიამეთა ძიების სატანური ძალები მართავს ქვეყნიერებას.
მსოფლიო სისტემა კი ძალიან ძლიერია. ამ სისტემას ახასიათებს გარეგნული რელიგიურობა, მეცნიერულობა, კულტურულობა და ელეგანტურობა, თუმცა შიგნიდან სავსეა მეტოქეობით, ამბიციებით, გულისთქმებითა და სიძულვილით, სიხარბითა და შურით. ასეთია ეს ქვეყნიერება! უფალი იესო ამბობს, რომ ეს ქვეყნიერება არ შეგიყვარებთ, რადგან მე მომყვებით. მე შემიძულეს და თქვენც შეგიძულებენ. და ხშირად, კრიზისის დროს ბოროტებით სავსე ეს ქვეყნიერება მხოლოდ შეიარაღებული ძალის მეშვეობით ახერხებს თავისი ძალაუფლების შენარჩუნებას; იმას არ ვამბობ, რომ ყველა ბოროტია; იმას ვამბობ, რომ ქვეყნიერებაზე უამრავი ცოდვაა, ქვეყნიერებაზე არსებული ბოროტება ეშმაკის მიერ იმართება.
თუმცა უფალი იესო დაუპირისპირდა ქვეყნიერებას, მის ბოროტებას, ის დაუპირისპირდა ეშმაკს და გაიმარჯვა! მან დაამარცხა სიკვდილი, რომელიც კაცობრიობის უკანასკნელი დიდი მტერია.
ჯვრის მეშვეობით ვართ ჯვარცმულნი ქვეყნიერებისათვის. სხვა სიტყვებით, ჯვარზე ქრისტეს სიკვდილის გამო, შეგვიძლია, რომ ქვეყნიერების სისტემა და მთელი მისი ძალაუფლება ჯვარს ვაცვათ. მას აღარ აქვს ძალაუფლება ჩვენზე. ცოდვა აღარ ბატონობს ჩვენზე. ცოდვა აღარ მეფობს ჩვენზე. შეიძლება შევცოდოთ, თუმცა რა წამს შევცოდავთ, სულიწმიდა მყისვე გვამხილებს, ვდგებით და ვინანიებთ ჩვენს ცოდვებს, ხოლო უფალი, რომელიც მართალი და ერთგულია, მოგვიტევებს და გაგვწმენდს ყოველგვარი ურჯულოებისაგან.
ბიბლიაში დაწერილია, რომ ქრისტემ განაიარაღა მთავრობანი და ხელმწიფებანი. სააშკარაოდ შეარცხვინა და ჯვრით იზეიმა მათზე გამარჯვება. ქვეყნიერების დამარცხების შესაძლებლობას იესო ქრისტეს სახელი გვაძლევს. მე მაქვს ძალა, მე მაქვს ძალაუფლება! ასევე თქვენც!
მე, მორწმუნეს, მაქვს ძალაუფლება ქვეყნიერების ბოროტების წინააღმდეგ. დაე, მოვიდეს ცდუნებანი, დაე, ეცადოს ეშმაკი ჩვენს გადაცდენას გზიდან, ჩვენ უკვე გვაქვს ძალაუფლება მის წინააღმდეგ. ეს არის მიზეზი იმისა, რისთვისაც ვსწავლობთ წმინდა წერილს და ზეპირად ვიმახსოვრებთ მასში დაწერილს, რადგან უფალმა იესომ სწორედ ღვთის სიტყვა დაუპირისპირა ეშმაკს, როცა ეს უკანასკნელი მის ცდუნებას ცდილობდა. იესოს არ უკამათია მასთან, ის წმინდა წერილის მეშვეობით დაუპირისპირდა ეშმაკს. ის სამჯერ ამბობს: „დაწერილია“ და ეშმაკი სამგზის დამარცხდა. მაცდუნებელი მოვა, დიახ, თუმცა თქვენ გაქვთ ღვთის სიტყვის ძალაუფლება, სულიწმიდის ძალა, რომელიც გეხმარებათ ცდუნებებსა და განსაცდელებთან გამკლავებაში.
დიახ, მე ოპტიმისტი ვარ. მწამს, რომ შემიძლია ქვეყნიერების ძლევა ქრისტეს ძალით! არ მეშინია ჩემ გარშემო არსებული ყველა ცოდვისა და ბოროტების, ყველა გულისთქმისა და ცდუნების. შემიძლია, პირდაპირ და თავაწეულმა ვიარო ამ ყოველივეს შუაგულში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ქვეყნიერებიდან მივდივარ. არა. მე ყოველდღე ქვეყნიერებაზე ვცხოვრობ და ცდუნებანიც ყოველდღე ჩემ წინაშეა, მაგრამ მე მაქვს ძალა მათთვის წინააღმდეგობის გასაწევად! თქვენც გაქვთ ძალა ამისათვის, იგივე ძალა, რომელსაც იესო ქრისტე გვაძლევს.
და ბოლოს, უნდა ვთქვათ ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ. ის ამბობს: „ნუ შეკრთება თქვენი გული. იწამეთ ღმერთი და მიწამეთ მე. ჩემი მამის სახლში ბევრი სავანეა. ასე რომ არ იყოს, არ გეტყოდით. მე მივდივარ, რათა ადგილი გაგიმზადოთ. როცა წავალ და ადგილს გაგიმზადებთ, ისევ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა, სადაც მე ვარ, თქვენც იქ იყოთ.“
დიახ, იესო ქრისტე დაბრუნდება. ის თავის სასუფეველს დაამყარებს და იმეფებს სამუდამოდ, უფლის სასუფეველი იქნება გამარჯვებული! დღეს მსოფლიოში არსებული არცერთი იდეოლოგია მარადიული არ იქნება. არცერთი! მხოლოდ ქრისტე იქნება მარადიული მეფეთა მეფე და უფალთა უფალი! და ის კვლავ მოვა, რათა ცეცხლის ალით იძიოს შური მათზე, ვინც არ შეიცნო ღმერთი და არ ემორჩილება უფალ იესოს სახარებას. ისინი დაისჯებიან საუკუნო სასჯელით.
„როცა ის მოვა, იმ დღეს, რათა განდიდდეს თავის წმინდებს შორის და მიეგოს პატივი ყველა მორწმუნეს, რათა იწამოთ ჩვენი მოწმობა თქვენ მიმართ იმ დღეს.“ ამ პატარა ფრაზას ხშირად შეხვდებით ბიბლიაში: „იმ დღეს“, „უკანასკნელ დღეს“. ეს სიტყვები ბევრგანაა წმინდა წერილში. ეს არის უფლის დაბრუნების დღე. ყოველდღე იმ იმედით ვიძინებ, რომ ქრისტე აუცილებლად დაბრუნდება.
არა, მსოფლიო ატომური ომის შედეგად არ აფეთქდება. კაცობრიობა სრულად არ განადგურდება. ღმერთს სხვა გეგმები აქვს. მისი გეგმის მიხედვით, ქრისტე უნდა გამეფდეს. მან უნდა იმეფოს. ბოროტება კი უნდა განადგურდეს. ეშმაკი ჯოჯოხეთში იქნება ჩაგდებული თავის დემონებთან ერთად. დაისადგურებს საყოველთაო სიხარული. საყოველთაო მშვიდობა. საყოველთაო სამართლიანობა. წმინდა წერილში დაწერილია, რომ მე და თქვენ არჩევანის წინაშე ვართ. იესო ნავეს ძემ თქვა: „აირჩიეთ დღეს, ვის ემსახუროთ.“ ელიამ კი თქვა: „როდემდე უნდა მერყეობდეთ ორ აზრს შორის?“
იესო ამბობს: „არავის შეუძლია, ორ ბატონს ემსახუროს.“ ის ასევე ამბობს: „შედით ვიწრო კარიბჭით, ვინაიდან ფართოა კარიბჭე და განიერია გზა, რომელსაც დაღუპვისაკენ მიჰყავს, და მრავალნი დადიან მასზე. ვინაიდან ვიწროა კარიბჭე და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლისაკენ მიჰყავს, და მცირედნი პოვებენ მას.“
როგორც ვხედავთ, მათეს სახარების მე-7 თავში ქრისტე ორი გზის შესახებ ლაპარაკობს. ის ამბობს ასევე ორი ხის შესახებ. სიცოცხლეს ადარებს ხეს. ერთი ხე ისხამს კარგ ნაყოფს, ხოლო მეორე – ცუდს. ადამიანი ხის მსგავსია.
იესო ასევე ორი საძირკვლის შესახებ საუბრობს: ერთმა კაცმა აიშენა სახლი ქვიშაზე და ქარმა დაანგრია იგი, მეორემ კი სახლი კლდეზე ააშენა და მისი დანგრევა ვერაფერმა შეძლო. თქვენ რაზე აშენებთ? უნდა აირჩიოთ.
ალბათ მკითხავთ: „ბილი, რა უნდა მოვიმოქმედოთ?“
უპირველეს ყოვლისა, უნდა მოინანიოთ. სიტყვა „მონანიება“ ნიშნავს ცხოვრების წესის შეცვლის სურვილს. ღმერთს უნდა უთხრათ: „ღმერთო, ცოდვილი ვარ. მაპატიე. მინდა, რომ სხვანაირად ვიცხოვრო.“
შემდეგ კი ბავშვური რწმენით, ისე, როგორც ბავშვი ენდობა მშობლებს, უნდა მიენდოთ უფალ იესოს, რომელსაც შეუძლია თქვენი დახსნა. შემდეგ კი უნდა გაჰყვეთ მას და ემსახუროთ მიუხედავად იმისა, რა ფასად შეიძლება დაგიჯდეთ ეს.
ქრისტიანობის ისტორიის მიმოხილვა
ქრისტიანული სიმღერების განხილვა
სწორი და არასწორი ფორმები ქართულ ენაში