ქადაგებაში საუბარია იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს და რაოდენ მნიშვნელოვანია ქრისტიანისთვის ყველაფრის რწმენით კეთება და ყოველდღიურ ცხოვრებაში სულიწმიდის მორჩილება.
„გაქვს რწმენა? გქონდეს შენთვის ღვთის წინაშე. ნეტარია ის, ვინც თავის თავს არ სდებს მსჯავრს იმის გამო, რასაც ირჩევს. ვინც ეჭვობს ჭამისას, დამნაშავეა, ვინაიდან რწმენით არ იქცევა. ხოლო ყოველივე, რაც რწმენით არაა, ცოდვაა.“ (რომაელთა 14:22,23).
„რწმენით გადავიდნენ მეწამულ ზღვაზე, როგორც ხმელეთზე, ხოლო ეგვიპტელებმაც სცადეს, მაგრამ დაინთქნენ.“ (ებრაელთა 11:29).
„მინდა შეგახსენოთ უკვე ყველაფრის მცოდნეთ, რომ უფალმა იხსნა ხალხი ეგვიპტის ქვეყნიდან და შემდეგ დაღუპა ურწმუნონი.“ (იუდა 1:5).
ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ წინაშე დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი დგას და ეს არ არის მარტივი საკითხი, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენ, ვინც ქრისტიანულ ოჯახებში დავიბადეთ, გვაქვს ჩვენი სირთულეები იმ მხრივ, რომ ვიმოქმედოთ კოლექტიურად. ჩვენ კოლექტივიზაციის ბავშვები ვართ, ჩვენ კომუნა ვართ და გვინდა, რომ კარგად, წესიერად და ღირსეულად გამოვიყურებოდეთ. ჩვენ ასე გვესმის ეს საკითხი და ასე ვასწავლით ჩვენს შვილებსაც, რომ საზოგადოებამ არ უარგვყოს, რომ ვიყოთ ჩვენი საზოგადოების ნაწილი და თანაც ღირსეული ნაწილი. ჩვენც ვცდილობთ, ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ იმედი არ გავუცრუოთ მშობლებს; მშობლები კი ცდილობენ – იმედი არ გაუცრუონ შვილებს; ეკლესიის წევრები ცდილობენ – იმედი არ გაუცრუონ ხუცესს. ეს არასასიამოვნოა, გვეუხერხულება. ჩვენ ასეც ვამბობთ ხოლმე: „შენ ხომ არ შეგიძლია ამის გაკეთება; არ შეგიძლია, ასე გამაწბილო.“ და ჩვენც ვცდილობთ.
ყველა ჩვენი ქმედება, ჩვენს გადაწყვეტილებათა უმეტესობა, ჩვენს ქმედებათა უმეტესობა, ჩვენი საქციელის უმეტესობა მიმართულია იმისკენ, რომ ვაამოთ, არ განვარისხოთ, არ გავწყვიტოთ ურთიერთობა; რომ არ ვიყოთ გამოძევებულნი ჩვენი საურთიერთო წრიდან; რომ დავრჩეთ სოციუმში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანისთვის, რათა არ იყოს იზოლირებული, არამედ იყოს საზოგადოების ნაწილი. ეს უზომოდ მნიშვნელოვანია და ჩვენ ვიბრძვით ამ ადგილისთვის, ვიბრძვით ჩვენი რეპუტაციისთვის, ჩვენი კეთილი სახელისთვის. და როდესაც ადამიანს უკვე აღარაფერი რჩება კარგი და ყველაფერი უკვე გაფლანგული და დაკარგულია, აღარაფერი რჩება წმინდა… ადამიანს უნდა ჰქონდეს რაღაც წმინდა, მას უნდა ჰქონდეს თავისი სიწმინდეები, ეს მნიშვნელოვანია. როდესაც ადამიანს აქვს სიწმინდეები, ისინი, ასე ვთქვათ, იცავენ ამ ადამიანს. ყველას თავისი სიწმინდე აქვს. მშობლები სიწმინდეა, სინდისი სიწმინდეა, ღვთის სიტყვა სიწმინდეა, გარკვეული შინაგანი პრინციპები, რომლებსაც მისდევს ადამიანი, ესეც სიწმინდეა.
ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ ვღალატობთ ჩვენს სიწმინდეებს, ვანგრევთ საძირკველს. არსებობს საძირკველი, რომელზეც ყველაფერი, მთელი ცხოვრება შენდება. რამდენსაც არ უნდა ვცდილობდეთ და ვაშენებდეთ, თუკი საძირკველი დანგრეულია, – ბიბლია ამბობს – მართალმა რა უნდა ქნას? თუ დანგრეულია საძირკველი… არსებობს პირველმიზეზობრივი, ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცები ცხოვრებაში – ეს ჩვენი სიწმინდეებია. ამიტომაც თქვა ქრისტემ: ნუ მისცემთ სიწმინდეს ძაღლებს, რადგან ფეხით გათელავენ, მერე კი შემობრუნდებიან და თქვენ დაგგლეჯენ. ჩვენი სიწმინდეები გვიცავს ჩვენ და კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა, გავუფრთხილდეთ ამ სიწმინდეებს. თუმცა დღეს ვისაუბრებთ არა სიწმინდეებზე, არამედ იმაზე, თუ რატომ უწოდებს წმინდა წერილი ყველაფერს ცოდვას, რასაც რწმენის გარეშე ვაკეთებთ. ჩვენ ბევრ რამეს ვაკეთებთ, მათ შორის ბევრ კეთილ საქმესაც. ამას წინათ ვთქვი და დღესაც მინდა გავაგრძელო ამ საკითხის მიმოხილვა. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ არა ცოდვაზე, არამედ კეთილ, დადებით რაღაცებზე, რასაც ავტომატურად ვაკეთებთ, ხშირად ადამიანთა საამებლად, ხუცესის, ეკლესიის, მშობლების, ხელმძღვანელების საამებლად…
რატომ განაცხადა ღმერთმა ასე კატეგორიულად პავლე მოციქულის მეშვეობით, რომ ვინც ეჭვობს, ის განიკითხება, რადგანაც ყოველივე, რაც რწმენით არაა, ცოდვაა?..
წავიკითხოთ უშუალოდ ეს ადგილი, რომაელთა მიმართ მე-14 თავის 23-ე მუხლი, რადგან ბევრი დრო არ გვაქვს. რომაელთა მიმართ წერილის მე-14 თავი, 23-ე მუხლი. აქ საუბარია საკვებზე. და ისეთი საკითხები, როგორებიცაა საკვები, სამოსი, რა წავიკითხოთ, რას ვუყუროთ, როგორ ვილოცოთ, როგორ ვიგალობოთ და ა. შ. ძალიან ბევრია. ძალიან ბევრია ასეთი არაცალსახა საკითხები; საკითხები, რომლებიც სხვადასხვაგვარად გაგვიცხადდა თითოეულ ჩვენგანს; საკითხები, რომლებიც სხვადასხვანაირად გვესმის. აქედან იწყება განკითხვა და გასამართლება, რადგან ჩვენ სხვადასხვანაირად ვუყურებთ სხვადასხვა საკითხს და აქედან იწყება განკითხვა. როგორც აქ წერია: „ვინც ჭამს, ნუ დაამცირებს მას, ვინც არა ჭამს.“ ასე ვართ ადამიანები მოწყობილნი, რომ თუ მე ვჭამ – აქ საუბარია საკვებზე, იმაზე, რასაც ადამიანები ყიდულობენ ბაზრობაზე. იმ დროს სხვადასხვა შეხედულება იყო ამ საკითხთან დაკავშირებით. ამრიგად, თუ მე ვჭამ, მაშინვე ვამცირებ მას, ვინც არ ჭამს. ხოლო ის, ვინც არ ჭამს, ანუ ვინც თავს იკავებს რაღაცისგან, მაშინვე კიცხავს მას, ვინც ამისგან თავს არ იკავებს.
პავლე მოციქულს ესმის, რომ ასე არიან მოწყობილნი ადამიანები. ახლა ვსაუბრობ მეორეხარისხოვან რამეებზე, არ ვლაპარაკობ სიწმინდეებზე. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ უამრავ მეორეხარისხოვან საკითხზე, იმიტომ რომ ყველანი სხვადასხვანაირები ვართ. მე დღეს ძალიან მინდა, ვესაუბრო ინდივიდს, პიროვნებას – ადამიანს, რომელსაც ბევრი სხვადასხვაგვარი კითხვა აქვს თავისი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, აქვს სხვადასხვა შეხედულება ამა თუ იმ სიტუაციაზე… მაგრამ, გარდა ამისა, ჩვენ საზოგადოების ნაწილი ვართ. ამიტომაც ჩვენ განვიკითხავთ; განვიკითხავთ მას, ვინც ამას აკეთებს.
პავლე მოციქული აგრძელებს ამ აზრს და ამბობს: „ვინ ხარ შენ, სხვისი მონის განმკითხველო? თავისი უფლის წინაშე იგი დგას ან ეცემა…“ საინტერესო აზრია. „თავისი უფალი“, ინგლისურად “lord”, ანუ ბატონი. მონა საკუთრებაა. ამის წაკითხვა და გააზრება გვმართებს ძველი ბერძნული ფილოსოფიის პერსპექტივიდან. მონა იმ დროს უფროსის საკუთრება გახლდათ. ამიტომაც აქ წერია, რომ მონა თავისი ბატონის წინაშეა, ის მისი საკუთრებაა. ამიტომაც ჩემი სამსჯავრო ამ მონის თუ სხვა ცალკეული ადამიანის მიმართ საერთოდ არაფერს ნიშნავს. როგორც თავად პავლე მოციქულიც ამბობდა: ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, როგორ განმსჯიან მე სხვა ადამიანები. მაგრამ ეს პავლე მოციქული იყო, გიგანტი. ის გაზრდილი იყო იმ სულიერ საფეხურამდე, რომ მისთვის ძალიან უმნიშვნელო გახლდათ, თუ რას ფიქრობდნენ მასზე სხვა ადამიანები; მაგრამ ადამიანთა უმეტესობისთვის ძალიანაც ბევრს ნიშნავს, თუ რას ფიქრობენ ჩვენზე სხვა ადამიანები, თუ როგორ გვეპყრობიან ისინი და ავხსნი ახლა, რატომ.
ის წერს: „ვინ ხარ შენ, სხვისი მონის განმკითხველო? თავისი უფლის წინაშე იგი დგას ან ეცემა, – ის მაინც თავისი ბატონის საკუთრებაა, – მაგრამ წამოყენებული იქნება, ვინაიდან ღმერთს ძალუძს მისი წამოყენება. ზოგი დღეს დღისგან განარჩევს, ზოგი კი ყველა დღეს ერთნაირად განიკითხავს. ყველა თავის რწმენაში იყოს მტკიცე.“ ზოგიერთ თარგმანში წერია: თითოეული მოიქცეს ისე, როგორც უკარნახებს გონება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადია. ანუ მოიქეცი ისე, როგორც გესმის, რაშიც მოწოდებული ხარ. დარჩი იმაში, რაც ნასწავლი გაქვს, მოიქეცი შენი გონების კარნახისამებრ. „ვინც პატივს მიაგებს დღეს, უფლისათვის მიაგებს..“ ანუ უფლისთვის აკეთებს ამას და არა იმისთვის, რომ ვინმეს რამე დაუმტკიცოს; რომ ვინმე გაკიცხოს; რომ გამორჩეული იყოს და ამაღლდეს მასზე, ვინც არ ასხვავებს დღეებს. არა იმისთვის, რომ დაყოფა მოხდეს ჯგუფებად; არა იმისთვის, რომ შემოიკრიბოს თანამოაზრეები. გააკეთე ეს, როგორც უფლისთვის.
ძალიან მინდა, დღეს თითოეულს ცალკე გესაუბროთ. დავუშვათ, რომ ახლა თითოეულს შენობით გესაუბრებით, თითოეულს – პირადად. ნეტავ შეიძლებოდეს რამე ისეთ მდგომარეობაში გადასვლა, რომ არა როგორც საზოგადოებას გესაუბროთ, არამედ როგორც ცალკეულ პიროვნებებს. რაზე ვსაუბრობთ ახლა ჩვენ? იმაზე, რომ ეს უფლისთვის უნდა ვაკეთოთ. ჩვენ ვამბობთ, რომ ყველაფერი, ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, როგორც უფლისთვის, ისე უნდა ვაკეთოთ. განარჩევ დღეს დღისგან? აკეთე ეს უფლისთვის; თუ არ ასხვავებ დღეს დღისგან, აკეთე ესეც უფლისთვის. „ვინც ჭამს, უფლისათვის ჭამს, რადგან მადლობას სწირავს ღმერთს. ხოლო ვინც არ ჭამს, უფლისათვის არ ჭამს და მადლობას სწირავს ღმერთს.“ როგორ ვიცვამთ, როგორ ვგალობთ, როგორ ვსაუბრობ ახლა ამ სცენაზე და ა. შ. შესაძლებელია თუ არა საერთოდ, რომ ვისწავლოთ ყველაფრის ისე კეთება, როგორც უფლისთვის? თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პავლე მოციქული მონებსაც კი ასწავლიდა, რომლებიც უღლის ქვეშ იყვნენ და რომლებზეც დომინირებდა მიწიერი ბატონების ნება, ასწავლიდა: ყოველივე, რასაც აკეთებთ, გააკეთეთ, როგორც ღვთისათვის. თუნდაც ყოფითი სამუშაოები შეასრულოთ, რასაც თქვენი მიწიერი ბატონები გიბრძანებენ, დამოკიდებულება თქვენი იყოს, როგორც ღვთისათვის – აკეთე ეს, როგორც ღვთისათვის.
ჩვენ, ქრისტიანულ ოჯახებში დაბადებული ბავშვები, ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებთ მექანიკურად, მაგრამ არა როგორც ღვთისათვის, იმიტომ რომ ასეა მიღებული, იმიტომ რომ მე სხვაგვარად არ შემიძლია, ყველა ასე აკეთებს, იმიტომ რომ მე ნაწილი ვარ ამ საზოგადოების, იმიტომ რომ და იმიტომ რომ… იმიტომ, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, როგორც ადამიანებისთვის, წრფელად რომ ვაღიაროთ. შემდეგ პავლე მოციქული წერს: „მაშ, შენ რატომ განიკითხავ შენს ძმას? ანდა რატომ ამცირებ შენს ძმას? ჩვენ ხომ ყველანი წარვდგებით ღვთის სამსჯავროს წინაშე. ამიტომ ნუღარ განვიკითხავთ ერთმანეთს, არამედ უფრო იმას განიკითხავდეთ, რომ ძმამ ძმა არ დააბრკოლოს და არ აცდუნოს.“ და 22-ე მუხლი: „გაქვს რწმენა? გქონდეს შენთვის ღვთის წინაშე.“ – ისევ და ისევ „ღვთის წინაშე.“ შენი რწმენა და შენი ღმერთი. შენსა და ღმერთს შორის, – „ნეტარია ის, ვინც თავის თავს არ სდებს მსჯავრს იმის გამო, რასაც ირჩევს. ვინც ეჭვობს ჭამისას, დამნაშავეა, ვინაიდან რწმენით არ იქცევა. ხოლო ყოველივე, რაც რწმენით არაა, ცოდვაა.“ თუკი უცებ და მოკლედ შევაჯამებთ ამ თავს და პავლე მოციქულის ძირითად აზრს, ის საუბრობს იმის შესახებ, რომ თავისუფალი ადამიანი, რომელიც ჭამს საკვებს, ამით ის უბიძგებს სხვა ადამიანებსაც, რომ მათაც ჭამონ, რომ მათაც იგივე გააკეთონ, რადგან ისინიც ამ საზოგადოების ნაწილნი არიან. ისინიც, გვიყურებენ რა ჩვენ, იწყებენ იმავეს კეთებას, მაგრამ პირადი გამოცხადების გარეშე და ზოგჯერ, რაც უფრო უარესია, საკუთარ შეხედულებათა საწინააღმდეგოდ. იმიტომ, რომ ისინი საზოგადოების ნაწილნი არიან და თუკი ისინი ხედავენ, რომ მე ასე ვიქცევი, თუკი ისინი ხედავენ, რომ ჩემთვის ეს ნებადართულია, ისინიც იწყებენ იმავეს გაკეთებას, მიუხედავად იმისა, რომ სხვა შეხედულებები შეიძლება ჰქონდეთ ამ საკითხებზე.
კიდევ უფრო ყურადღებით თუ დავაკვირდებით, ჩვენ ბევრ რამეს ვაკეთებთ ჭოჭმანითა და ეჭვებით. ჩვენ ორჭოფი ადამიანები ვართ, რადგანაც ჩვენ არ ვმოქმედებთ რწმენით. რწმენა არის შესაძლებლობა იმისა, რომ გააკეთო რაღაც ღვთის წინაშე და ღვთისთვის. ნებისმიერი რამ. ღვთის გამო მე მივდივარ ეკლესიაში, ღვთის გამო და ღვთისთვის მე ვგალობ, ღვთისთვის ვწირავ ფულს, ხოლო თუ ეს ღვთისთვის არ იქნება, მე არ მინდა ფულის გაღება. მახსოვს, როგორ ვვითარდები სულიერად. მახსოვს ასეთი კატეგორიულობა და პრინციპულობა, როდესაც ვხედავ, რომ ჩემ მარჯვნივ და მარცხნივ მჯდომარე ადამიანები იღებენ ჯიბიდან კლასიკურ კუპიურას, დოლარს, რა თქმა უნდა, და ემზადებიან შესაწირავისთვის.
კარგად მახსოვს, ჯერ კიდევ 16-18 წლის ვიყავი და სულ საგონებელში მაგდებდა ეს საკითხი, ჩემთვის ვფიქრობდი: რისთვის არის ეს? იმისთვის, რომ როდესაც ჩამოივლის ქისა, რომლითაც აგროვებენ შესაწირავს, ისე არ გადავცე ის სხვა ადამიანს, რადგან ის შეხედავს, რომ მე არ ჩავაგდე იქ არანაირი კუპიურა. ანუ მრცხვენია, ერთიანად ვწითლდები და ვხვდები, რომ ჯერ კიდევ სახლიდან უნდა მოვამზადო საკუთარი ტრადიციული კუპიურა, რომ ჩავაგდო ის ქისაში. უბრალოდ ვამბობ, რომ ჩვენ ყველანი ასე ვიზრდებოდით და მეც მათ შორის. მესმის, რომ ასეთი საკითხები კიდევ ბევრია, ძალიან ბევრი. ვაკეთებთ კი ყველაფერს, როგორც ღვთისათვის? შეგვიძლია თუ არა, დავძლიოთ ამ კოლექტიურ ზეწოლას – „ყველა ასე აკეთებს“, „ყველა ასე იქცევა“? შეგვიძლია თუ არა გავიგოთ, რომ ღმერთი მუშაობს ჩვენთან ინდივიდუალურად? რომ ის უბრალოდ ჩვენს გულს უყურებს? თითქოსდა ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ ამაზე, მაგრამ ყოველივე, რასაც რწმენით არ ვაკეთებთ, ფასდება, როგორც ცოდვა. თუმცა ადამიანური თვალსაზრისით, ეს ცოდვა არ გახლავთ. პირიქით, სიკეთედ მიიჩნევა: ფულის შეწირვა, ლოცვა, ეკლესიაში სიარული.
პარასკევს ღამით მქონდა შესაძლებლობა ჩემს მეუღლესთან და ვალერი და ალინა ხიმიჩებთან ერთად მომენახულებინა ნიკი კრუზი კოლორადოში. ის 50 წლის იუბილეს აღნიშნავდა, იგულისხმება თავის მეუღლე გლორიასთან ერთად ქორწინების 50 წლის იუბილე და ასევე თავისი მსახურების 50 წლის იუბილე. ვიწრო წრეში მოხდა აღნიშვნა, დაახლოებით 130-140 ადამიანი ესწრებოდა, ანუ დაახლოებით 70 წყვილი იყო მხოლოდ. მას პრინციპულად არ სურდა ამ ყველაფრის ვიდეოზე აღბეჭდვა. ის საერთოდ ძალიან თავისებური ადამიანია, იგრძნობა მასში დევიდ უილკერსონის სკოლა, ანუ მას საერთოდ არ უყვარს საჯაროობა, არ უყვარს – იყოს საჯარო ფიგურა. და რაც საინტერესოა: იქ იყვნენ მოწვეულნი სავსებით სხვადასხვაგვარი ადამიანები, ძალიან განსხვავებული ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან, მეტსაც ვიტყოდი: ძალიან უცნაური ადამიანები, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც მასთან სადმე გადაკვეთილან, უფრო სწორად ის გადაკვეთილა მათთან. ეს ადამიანები გამოდიოდნენ იქ და მიმართავდნენ ერთმანეთს და იცით, რა აღვნიშნე? იმ საიუბილეო საღამოზე, უპირველეს ყოვლისა, არ იყო სიცრუე. სიცრუე! თქვენ იკითხავთ: „სად ნახე საერთოდ სიცრუე?“ ოჰოჰო… თვალთმაქცობის გამავრცელებელი ყველაზე დიდი ადგილი ეკლესიაა. ყველაზე დიდი ადგილი, დარწმუნებული ვარ. ციხეში არ არის იმდენი თვალთმაქცობა, როგორც ეკლესიაში; ქვეყნიურ ცხოვრებაში არ არის იმდენი თვალთმაქცობა, რამდენიც ეკლესიაში. „რატომ?“ იკითხავთ. იმიტომ, რომ ეკლესიაში დგინდება ღვთიური სტანდარტები, ხოლო ჩვენ ვრჩებით ჩვეულებრივ ადამიანებად. და თუ მოვდივართ ეკლესიის ტერიტორიაზე, ჩვენ ხომ არ შეგვიძლია, ვიყოთ ჩვეულებრივი ადამიანები! სიტუაცია გვაიძულებს – ვიყოთ სხვანაირები. ხოლო იყო სხვანაირი და გქონდეს შინაგანად ღვთიური ხასიათი, ეს სულაც არ არის მარტივი. ეს არის ბრძოლა, ცრემლები, ეს არის დაცემა, სირცხვილი, იმიტომ რომ ჩვენ ყველაზე ჩვეულებრივი ადამიანები ვართ. ამიტომაც თვალთმაქცობის ყველაზე დიდი გამავრცელებელი რელიგიაა. სწორედ ამიტომ თქვა ქრისტემ: ერიდეთ ფარისეველთა საფუარს, რომელიც გახლავთ თვალთმაქცობა. ეს არის საფუარი და ის აფუებს. აფუებს მთელ საზოგადოებას და ჩვენ არ შეგვიძლია სხვაგვარად. ყველა ასე იქცევა, ყველა ასე აკეთებს, ყველა ასე აღაპყრობს ხელებს, ყველა ასე ხუჭავს თვალებს, ყველა ასე ლოცულობს. და ჩვენ გვიჭირს – ვკონცენტრირდეთ ჩვენს შინაგან სულიერ განვითარებაზე.
იმ საღამოზე, სადაც ვიყავი, დგებოდნენ ადამიანები და უბრალოდ ჰყვებოდნენ, ჰყვებოდნენ, რა გააკეთა ღმერთმა მათ ცხოვრებაში. რამდენიმე ისტორიამ უბრალოდ გამაოცა. იქ ყველა ისტორია მართლაც გასაოცარი იყო. ადგა ერთი ადამიანი, შეიძლება ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი და დაიწყო საუბარი. მან თქვა: „მამაჩემი, მას სანი ჰქვია, ახლა ავადაა და ვერ დაესწრო ამ საღამოს, მაგრამ ის ძალიან მადლიერი იყო თქვენი, ნიკი, იმის გამო, რაც მოხდა.“ მამამისი კლინიკაში იყო და რა მოხდა თურმე. მოხდა ის, რომ ის ადამიანი, რომელსაც სანი ჰქვია და რომელმაც ვერ შეძლო მოსვლა და რომელიც თითქმის ნიკი კრუზის ხნისაა, იყო საშინელი ნარკომანი და ნარკოდილერი – ის ნარკოტიკებით ვაჭრობდა. ნიკი კრუზს სულ ახალი მონანიებული ჰქონდა, ანუ თითქმის 50 წლის წინ მოხდა ეს ამბავი. ნიკი კრუზი ანთებული იყო და სურდა, ემსახურა უფლისთვის, თუმცა არ იცოდა, როგორ; როგორ გაეხსნა სარეაბილიტაციო ცენტრი და ა. შ. არაფერი იცოდა. ის უბრალოდ ჩაეჭიდა ამ ადამიანს და უთხრა: მე შენ არ გაგიშვებ, სანამ ღმერთი არ გაგათავისუფლებს. მაგრამ ისე მოხდა, რომ ნიკი კრუზი ახალი დაქორწინებული გახლდათ, მათ თაფლობის თვე ჰქონდათ; მან თავის ცოლთან, გლორიასთან, თანაცხოვრების დაწყების პირველი ორი კვირა გაატარა. წარმოგიდგენიათ, მან დატოვა თავისი ახლად შერთული მეუღლე და წაიყვანა ეს ადამიანი, რომელსაც აღკვეთის სინდრომი ჰქონდა, სულ ნერწყვი და ოფლი სდიოდა. წაიყვანა და ჩაიკეტა მასთან ერთად ბინაში 2 კვირით, დაახლოებით 10 დღე. კართან დივანი მიადგა, რომ ის არ გაქცეულიყო, რომელიღაც მაღალ სართულზე იყვნენ და ეძინა იქ და ყოველდღე დილიდან საღამომდე ლოცულობდა და ეუბნებოდა მას: მე უბრალოდ არ გაგიშვებ აქედან, სანამ ქრისტე არ გაგათავისუფლებს შენ. გავიდა დრო და ეს ადამიანი განიკურნა, სულიწმიდამ აავსო მისი გული და ის გახდა მორწმუნე. ახლა კი ეს ადამიანი ეკლესიის ხუცესია და მან თავისი ცხოვრების 50 წლის განმავლობაში გახსნა 600-მდე ეკლესია. იმ საღამოზე კი მისი ვაჟი იდგა ნიკი კრუზის წინაშე, და აცრემლებული და აკანკალებული ხმით ეუბნებოდა ნიკის: ჩვენ ყველანი ჩამოვფრინდით, რომ გვეთქვა თქვენთვის მადლობა, რადგან ეს ჩვენი მემკვიდრეობაა, ეს ჩვენი მამაა. ჩვენი მიწიერი მამის მემკვიდრეობა ნარკოტიკები იქნებოდა, ის ალბათ სადმე ქუჩაში ან ციხეში მოკვდებოდა, ან მას უბრალოდ ყელს გამოსჭრიდნენ. მაგრამ ეს არის ღვთიური სიმდიდრე და მემკვიდრეობა, რომელმაც თქვენი მეშვეობით, ნიკი, შეცვალა მამაჩვენის სიცოცხლე და ახლა ჩვენ, მისი ყველა შვილი ჩამოვფრინდით, რათა გითხრათ მადლობა. მან სთხოვა თავის ნათესავებს ფეხზე ადგომა და ალბათ დაახლოებით 10-15 ადამიანი ადგა დარბაზში. მან გააგრძელა: ჩვენ ყველას თქვენდამი მადლიერების ნიშნად, ნიკი, გვსურს, შემოგწიროთ 1000 დოლარი თქვენი და გლორიას თანაცხოვრების ყოველ თითო წელზე და გადასცა მას 50 000-დოლარიანი ჩეკი. იცით, იქ უამრავი გასაოცარი მომენტი იყო, მაგრამ მე მაინც იმას ვუყურებდი, რომ ეს ადამიანი, ნიკი კრუზი, მაინც ადამიანური დარჩა, ის დარჩა ღმერთისთვის გულგახსნილი და ძალიან უბრალო, აბსოლუტურად არასტანდარტული, დამოუკიდებელი, რომელსაც არ უყვარს კომპრომისებზე წასვლა, არადა მთელი ცხოვრება შედგება კომპრომისებისგან. ადგა ნიკი კრუზის მდივანი ქალბატონი, და თქვა: იცით, ცოტა ხნის წინ ჩვენ ძალიან რთული სიტუაცია გვქონდა მისიაში, მსახურებაში. ჩვენ არ გვქონდა ფული და ამ დროს მოვიდა ადამიანი, რომელმაც თქვა: ნიკი, მე მაქვს ძალიან დიდი თანხა შენი მსახურებისთვის, მინდა, მხარი დავუჭირო შენს მსახურებას ფინანსურად, მაგრამ შენ უნდა… და ამაზე ნიკი კრუზმა შეაწყვეტინა და უთხრა: „არა! არანაირი ‘უნდა’, მე კომპრომისებზე არ მივდივარ. შეგიძლია, წახვიდე.“ ამ ადამიანმა აიღო ფული და წავიდა. ამ ქალბატონმა, რომელიც უკვე 20 წელზე მეტია, რაც მისი მსახურების საბჭოს წევრია, თქვა: „აი, ასეთია ნიკი კრუზი. ის არ მიდის კომპრომისებზე.“
დღეს მინდა უბრალოდ ჩვენზე ვისაუბროთ, საკუთარ თავებზე, კომპრომისებზე, თუ რამდენ რამეს, რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ არა როგორც ღმერთისთვის, არამედ როგორც ადამიანებისთვის, რათა არ დავკარგოთ რამე, რათა არ შევრცხვეთ, რათა დავრჩეთ და ვიყოთ მისაღებნი ადამიანებისთვის. ჩვენ გვეშინია მიუღებლობის. მთელი ჩვენი ყურადღება მიმღებლობაზე გვაქვს გადატანილი, იმაზე – მიგვიღეს თუ არა ადამიანებმა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ადამიანებმა მიგვიღონ, მაგრამ ეს არ არის მარტივი საკითხი, ეს რთული საკითხია. იოანეს სახარების მე-5 თავის 43-ე მუხლში ქრისტე ამბობს: „მე მოვედი მამაჩემის სახელით და არ მიღებთ. სხვა ვინმე თუ მოვა თავისი სახელით, მას მიიღებთ.“ იმიტომ, რომ ნებისმიერი, ვინც თავისი სახელით მოდის, მოდის იმავე წესებით და ეს აბსოლუტურად ქვეყნიური წესებია. ყველანი, რომლებიც მოდიან საკუთარი სახელით, იღებენ ერთმანეთს. ხოლო ქრისტე ამბობს: „მე კი ჩემი მამის სახელით მოვედი. მე მამას ვემორჩილები. მე მამას ვემორჩილები და თქვენ კი არ მიღებთ. რატომ?“ შემდგომ ის ამბობს: „როგორ შეგიძლიათ ირწმუნოთ, როცა ერთიმეორისაგან იღებთ დიდებას, ხოლო დიდებას ერთადერთი ღვთისაგან არ ეძებთ?“ აი, რას ვაკეთებთ ჩვენ! ჩვენ ერთმანეთისგან ვიღებთ დიდებას. რა არის დიდება? დიდება არის აღიარება. დიდება ნიშნავს, რომ შენ თავისიანად გაღიარეს. დიდება ნიშნავს შენს დამსახურებათა აღიარებას. შენ მიგიღეს, შენ გაღიარეს, შენ მათიანი ხარ. და ჩვენ ამ დიდების მოსაპოვებლად ყველაფრისთვის მზად ვართ. ამიტომაც თქვა ქრისტემ: „თქვენ არ შეგიძლიათ გწამდეთ“. შეუძლებელია ასე რწმენა, რადგან რწმენა – ნამდვილი, ღვთიური რწმენა აამებს ღმერთს. რწმენის გარეშე შეუძლებელია ღვთისთვის მოსაწონად ყოფნა. ნამდვილი, ღვთიური რწმენა არის კონცენტრირება იმაზე, რომ აამო ღმერთს. ამიტომაც ამბობს პავლე მოციქული: „ადამიანებს რომ ვაამებდე, ქრისტეს მონა აღარ ვიქნებოდი.“ ანუ იმდენად დიდი ანტიპოდებია, იმდენად დიდი წინააღმდეგობრიობაა, რომ შეუძლებელია ამ ორი რამის შეთავსება. რაც ქრისტემაც თქვა: „ვერ შეძლებთ – ორ ბატონს ემსახუროთ, აუცილებლად შეგზიზღდებათ ერთი და გეყვარებათ მეორე. სხვანაირად შეუძლებელია. იმიტომ, რომ ეს ყველაფერი გულის გავლით ხდება.“
და აი, ჩვენ ვეძებთ დიდებას ადამიანთაგან. მოდით, სიტყვა „დიდება“ შევცვალოთ, რადგან გვეშინია მისი, ის, ასე ვთქვათ, „იკბინება“ და სულაც არაა ქრისტიანული, ამიტომ ჩავანაცვლოთ სიტყვა „აღიარებით“, რადგან დიდება აღიარებაა – კოლექტიური, საზოგადოებრივი აღიარება. „მე თავისიანად მაღიარეს! მორჩა, მე პატივს მცემენ. როგორც იქნა, დავიმსახურე საზოგადო აღიარება. მე მათიანი ვარ, დამთავრდა!“ და ამიერიდან, რასაკვირველია, ამისთვის, ამ ჩემი აღიარებისთვის ხელჩართული ვიომებ, რადგან ეს ჩემი რეპუტაცია, ჩემი დიდება, ჩემი აღიარებაა.
ქრისტე ამბობს, თქვენ არ შეგიძლიათ გწამდეთ. შეუძლებელია გწამდეთ. ხოლო ყოველივე, რაც რწმენით არაა, ცოდვაა. და ეს კონფლიქტი უფრო მწვავდება იმითაც, რომ ჩვენ ეკლესიაში ვართ, რაც არ უნდა იყოს. აქ ხომ საუბარია ლოცვაზე, შესაწირავზე. მაგალითად, შევეხოთ შესაწირავს. რატომ ვწირავ თანხას? რისთვის ვწირავ? – როგორ თუ რატომ? ჩვენ ყველანი შევთანხმდით. როგორ თუ რისთვის? მე ხომ სინდისი დამქენჯნის, რომ არ შევწირო. შეხედეთ, რამდენ რეალურ მიზეზს ვასახელებ. მე ხომ ხალხი ვერ გამიგებს, თუ შევწყვეტ შეწირვას. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ მე სხვებზე მეტს გამოვიმუშავებ, ბევრად მეტს; რადგან ხედავენ, როგორ ვიცვამ, როგორი მანქანით დავდივარ, და მე ხომ მჭირდება, რომ ეს აღიარება არ დავკარგო, რომ არ მომისროლონ ბორტს მიღმა. ამისათვის მინიმუმ 3-ჯერ, 5-ჯერ მეტი უნდა გავიღო, რომ დავრჩე ამ ადამიანთა წრეში. ეს არის ჩემი ძირითადი მოტივატორი; სხვაგვარად, სინდისი შემჭამს, ადამიანები ვერ გამიგებენ. მე ასე მეუბნებიან კიდეც ადამიანები: როგორ არ გრცხვენია, აგერ უბრალო ადამიანმა გაიღო იმდენი, რამდენიც შენ. აი, შესაწირავი გროვდება შენობის საყიდლად.
ჩვენ ვეძებთ საკუთარ თავებში მიზეზებს, ჩვენ ვეძებთ ჩვენში მოტივებს, რომლის მიხედვითაც მოვიმოქმედებთ ამა თუ იმ რაღაცას. ნამდვილი რწმენა და ღმერთთან ერთად ცხოვრება გულისხმობს ყველაფრის ღმერთისთვის კეთებას, როგორც ის ღარიბი ქვრივი ქალი. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, მან ყველაზე ბევრი იმიტომ არ ჩადო, რომ მას ჰქონდა გაცილებით მეტი შემოსავალი, ვიდრე იმ მდიდრებს, რომლებიც დიდ შესაწირავებს დებდნენ საგანძურში. საქმე ის არ გახლდათ, თუ რამდენი დადო მან და რამდენი დარჩა, არა… საქმე ისაა, რომ იმ დროის კანონი ავალდებულებდა ადამიანს.
ჩვენ ხომ გვაქვს ვალდებულებები, კანონის შესრულების ვალდებულება, რჯულისა და მცნებების შესრულების ვალდებულება, გადმოცემებისა და ტრადიციების შესრულების ვალდებულებები. ეს არის მოთხოვნების რაღაც მინიმუმი. ჩვენ გვაინტერესებს მარადიული სიცოცხლე და ვგავართ იმ ახალგაზრდა მდიდარ ბიჭს, რომელიც ეკითხებოდა ქრისტეს: ‘უფალო, რა სიკეთე უნდა გავაკეთო იმაში დასარწმუნებლად, რომ უზრუნველყოფილი მაქვს სამუდამო სიცოცხლე? თუკი ჩვენ შევხედავთ იმ ღარიბ ქვრივს, რომელმაც ყველაზე ბევრი დადო; მან ეს გააკეთა არა იმიტომ, რომ რაიმეს შეეძლო ეიძულებინა ის, რადგან რჯული ითხოვდა მეათედს. თუ შენ იძლევი ყველაფრის მეათედს, რჯულის მორჩილი ადამიანი ხარ. მაგრამ ამ ქალმა აიღო და ჩადო მთელი თავისი სარჩო. ანუ ეს არ იყო მისი შემოსავლისა და მსხვერპლის თანაფარდობის საკითხი. ეს გახლდათ მისი ღმერთისადმი დამოკიდებულების საკითხი. აი, სად იწყება ყველაფერი. აი, სად იწყება ნამდვილი სულიერი ცხოვრება. ეს არის ის, რაც მხოლოდ და მხოლოდ ჩემსა და ღმერთს შორის ხდება. ეს არის ჩემი ურთიერთობა ღმერთთან. მხოლოდ და მხოლოდ მე და ღმერთი. საბოლოოდ, ჩვენ ყველანი მივალთ აქამდე, რადგან ღმერთის წინაშე ჩვენ მარტონი წარვდგებით. როგორც არ უნდა გვინდოდეს ჩვენი შვილებით ტრაბახი, რომლებიც პატიოსნად ჩაცმულები და მოწესრიგებულები არიან; როგორც არ უნდა გვინდოდეს სხვისით ტრაბახი, არ გამოგვივა სხვისი ხორცით თავის შექება, რაზეც პავლე მოციქული წერს გალატელთა მიმართ ეპისტოლეში, რომ არსებობენ ადამიანები, რომელთაც უნდათ – დაიკვეხნონ სხვისით, რომლებიც იძენენ თავიანთ მსგავს მიმდევრებს: აი, ჩვენი შრომის ნაყოფები. აი, შეხედეთ, როგორი მისაღები საზოგადოება ვართ. იცით, რა გახლავთ ყველაზე დიდი ფასეულობა? ვრჩებოდეთ იმაში, რაც ვისწავლეთ. ხომ გვასწავლის ღმერთი რაღაცებს, ის აუცილებლად გვასწავლის. ცხებულება, წერს იოანე მოციქული, რომელიც თქვენ მიიღეთ, თქვენშია ან თქვენში რჩება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვაა. განმარტოვდით ცოტა ხნით და ჩაუკვირდით ამ სიტყვას. „თქვენში რჩება“ ნიშნავს, რომ სისტემატურად იმყოფება თქვენში. მაგრამ ჩვენ რაში ვართ და რაში ვრჩებით? ცხებულება, რომელიც ჩვენშია, ჭეშმარიტი და უტყუარია, ამიტომ მას უნდა მივენდოთ. ცხებულება – ეს არის ღვთის თანდასწრება, როდესაც ღმერთი გვინახულებს, როდესაც ის გვეხება ლოცვისას. ის აუცილებლად რაღაცას ელაპარაკება ჩვენს გულს, მას აუცილებლად რაღაც შეტყობინება მოაქვს ჩვენთვის, ის აუცილებლად გვიზიარებს თავის საიდუმლოებებს, ის აუცილებლად გვიცხადებს თავის რწმენას, მას სურს გაგვიცხადოს თავისი ნება. ღმერთი არ იმალება, ღმერთი აცხადებს თავს.
ღმერთის ბევრი სხვადასხვა გამოცხადება არსებობს სამყაროში. ღმერთი მიცხადდება, როდესაც კონცენტრირებულად ვლოცულობ, კონცენტრირებულად ვეძებ მის სურვილებსა და მის გულს. მაშინ მე გამოვიცნობ მის სურვილებს და აი, მაშინ ვიღებ იმის შესაძლებლობას, რომ ვაამო მას. რატომ? იმიტომ, რომ დაწერილია: „ცხებულება, რომელიც ჭეშმარიტი და უტყუარია, თქვენშია – და შემდეგ: რასაც იგი გასწავლით, მასში დარჩით.“ ანუ უნდა ვიყო, უნდა ვრჩებოდე ერთგული იმისა, რასაც ღმერთი მასწავლის მე, რასაც ღმერთი გასწავლის შენ სწორედ პირადი ურთიერთობების დონეზე. აქ შეუძლებელია კოლექტიური განათლების მიღება, არ გამოვა კოლექტიური სკოლა და სწავლა. თუნდაც ყველას რომ კოლექტიურად გვესწავლა, სულაც ღმერთს რომ ესწავლებინა ჩვენთვის კოლექტიურად, ეს შეუძლებელი იქნებოდა, რადგან არსებობს მხოლოდ ინდივიდუალური სწავლების სკოლა ადამიანის სულსა და ღმერთის სულს შორის.
ქრისტე ბევრს უქადაგებდა და მას ბევრი ხალხი მიჰყვებოდა, მაგრამ ეს არაფერს ცვლიდა ამ ადამიანთა ცხოვრებაში და ის ამას პირდაპირ ეუბნებოდა მათ: თქვენ მომყვებით არა იმიტომ, რომ მოისმინეთ სიტყვაო. დღესაც არსებობს ბევრი სხვა მიზეზიც იმისა, თუ რატომ მივყვებით ღმერთს, ძალიან ბევრი მიზეზი. არსებობს ერთი ასეთი მყიფე ზღვარი, ერთადერთი ზღვარი, როგორც შესაძლებლობა იმისა, რომ ვაამოთ ღმერთს რწმენით. როგორც შესაძლებლობა იმისა, რომ როდესაც ვწირავთ ფულს, ვაკეთოთ ეს ღმერთისთვის და უბრალოდ განვიცადოთ კმაყოფილება, მივიღოთ პასუხები ყველა ჩვენს კითხვაზე იმ მომენტში, რომ ვუთხრათ ღმერთს: უფალო, მე გავაკეთე ის, რის გაკეთებაც მიბრძანე და კითხვები უბრალოდ გაქრა. თუკი ადამიანი ამას არ აკეთებს, როგორც ღვთისათვის, არამედ აკეთებს იმის გამო, რომ ყველა ასე აკეთებს; იმის გამო, რომ შეთანხმდნენ; იმიტომ, რომ ჰქონდეს აღიარება, ის მაინც ყოველთვის გაღიზიანებული იქნება: „რაში დახარჯეთ ეს ფული? რატომ გადაწყვიტეთ თქვენით? რა უგუნურად იხარჯება თანხები, მე აღარ მოგცემთ თქვენ ფულს“ და ა.შ. ასეთი საკითხები ძალიან ბევრია და კიდევ უფრო მეტი და მეტი იქნება იქამდე, ვიდრე უბრალოდ არ ვისწავლით რწმენით ცხოვრებას.
ცოტა ხნის წინ ერთ ადამიანთან საუბრისას ერთი ისეთი საინტერესო სიტყვა მივიღე ჩემთვის დასამოძღვრად, უბრალოდ დავიჯერე, რომ ეს უფლისგან იყო. ეს ადამიანი რწმენაში ახლად მოქცეულთაგანია, ჩემი ახლო მეგობარი. ჩვენ ვისხედით სულ რამდენიმე დღის წინ და ვსაუბრობდით, და მან მკითხა: „მითხარი, რას ფიქრობ, როდესაც ადამიანი მიდის ღმერთთან, რისგან ათავისუფლებს მას ღმერთი?“ მე ვუპასუხე: „ალბათ, საკუთარი „მე“-სგან, სიამაყისგან, ადამიანი უმორჩილებს თავის ნებას ღმერთისას და ა. შ.“ „არა, – მითხრა მან, – არის რაღაც კიდევ უფრო სერიოზული, რომლისგანაც ღმერთი ათავისუფლებს ადამიანს.“ მე ვუთხარი: „იქნებ ალკოჰოლის და სხვა დამოკიდებულებებისგან, რაღაცისადმი მიდრეკილებებისაგან…“ „არა, არა, არის რაღაც უფრო ღრმა, რისგანაც ღმერთი ათავისუფლებს ადამიანს.“ მე ვკითხე: „რისგან? უკვე მაინტრიგებ. აბა, რისგან ათავისუფლებს ღმერთი ადამიანს?“ მან მითხრა: „სიცრუისგან. ღმერთი ათავისუფლებს ადამიანს სიცრუისგან.“ იმიტომ, რომ როდესაც ჩვენ შევიცნობთ თავისუფლებას, ის გვათავისუფლებს ჩვენ სიცრუისგან.
ყველგან სიცრუეა, ყველგან საშინელი სიცრუე და ტყუილია. მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც გავა სინათლეზე, რათა გამოცხადდეს მისი საქმეები, თუნდაც ისინი ბოროტი იყოს, თავისუფლდება სიცრუისგან; თავისუფლდება სიცრუის გაგრძელების სურვილისგან; რადგან ყველა ცრუობს; რადგან ყველა დაინფიცირებულია ამით; რადგან ეს საფუარია. პეტრემაც კი, დიდებულმა მოციქულმა, ეკლესიის სვეტმა – როდესაც მოვიდა იაკობისგან გამოგზავნილი ხალხი, როცა იერუსალიმი პეტრეს მმართველობის ციტადელი იყო და მან იცოდა, რომ იქ დაბრუნდებოდა და მას ძალიან არაკეთილგანწყობილად შეხვდებოდნენ, რადგან მოვიდნენ იქიდან ადამიანები – დაიწყო დამალვა და წარმართებისგან განზე გადგომა, სხვა მაგიდასთან დაჯდომა და ეს ძალიან მტანჯველი იყო პეტრესთვის, რადგან მთავარი იყო, ის არ ემხილებინათ იმაში, რომ წარმართებთან ერთად ერთ სუფრასთან ჭამდა საკვებს. და აი, რაღაცნაირად უნდა გაიაროს ეს მომენტი შეუმჩნევლად და გამოძვრეს ამ სიტუაციიდან და ყველა ყურადღებით აკვირდება ამას.
არსებობს ღმერთი ზეცაში, რომელიც ხედავს ამ ყოველივეს და პეტრეს ესმის, მან პირველად გაიგო, რომ არ აქვს მიკერძოება ღმერთს: „ჭეშმარიტად ვრწმუნდები, რომ ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ერში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის.“ მაგრამ სიტუაცია გსრესს, სიტუაცია ყელში გიჭერს, გახრჩობს, სიტუაცია გამოსავალს არ იძლევა, რადგან ერთი მხრივ, არის ღვთის აღიარება, ღვთის დიდება, მაგრამ, მეორე მხრივ, არის საზოგადოებრივი აღიარება, ადამიანების აღიარება და ეს ყველაფერი არ არის მარტივი. რა ხდება ამ დროს? საზოგადოება „ფუვდება“ – სხვებმაც დაიწყეს პეტრესთან ერთად თვალთმაქცობა. ბარნაბაც კი, პავლე მოციქულის პირველი მიმდევარი, მისი მარჯვენა ხელი, ბარნაბაც კი… დიდი წუხილით აღნიშნავს ამ ფაქტს პავლე თავის ეპისტოლეში: „თვით ბარნაბაც კი ჩაითრია მათმა თვალთმაქცობამ.“ ბარნაბაც კი. შემდეგ პავლე აგრძელებს და ამბობს, რომ ყველას თანდასწრებით წინ აღუდგა პეტრეს.
ამრიგად, ჩვენ დღეს ვსაუბრობთ სიმართლეზე. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ რას აკეთებს ღმერთი ჩვენს გულებში, რომ დავემორჩილოთ მხოლოდ და მხოლოდ იმას, რასაც ბადებს ჩვენში სულიწმიდა. იცით, არსებობს ჩვენი შეხედულებები, და ჩვენი სინდისი დაკავშირებულია ჩვენს შეხედულებებთან. არსებობს ასევე მსჯავრი, როდესაც ადამიანი მიდის თავისი შეხედულებების საწინააღმდეგოდ და მას სინდისი ქენჯნის. თუნდაც ეს შეხედულებები არასწორი იყოს, სინდისი მაინც აწუხებს ადამიანს, ის მაინც ცუდად გრძნობს თავს. არსებობს ასევე შთაგონება, როდესაც, მაგალითად, სულიწმიდა შთაგაგონებს ან აღგძრავს რაღაცისთვის. პავლე მოციქული წერდა, რომ სულის მიერ აღძრული მიდიოდა იერუსალიმში. მას აკავებდნენ ადამიანები. შეხედეთ, როგორი გაორება ხდება. ძალიან დიდი გაორება. ყველა ადგილას, სადაც მიდის პავლე მოციქული, ყველგან, ამას თავად ამბობს საქმე მოციქულთა წიგნში: „სულიწმიდა ყველა ქალაქში მიმოწმებს და მეუბნება, რომ ბორკილები და ტანჯვა-ვაება მელის.“ და მართლაც, ყველა ქალაქში ასე იყო, პავლე მიდიოდა ახალ ადგილას, იმ დროს არც ფოსტა იყო, არც არავის რამე შეტყობინებას არ უგზავნიდა; მიდიოდა ახალ ადგილას და ხვდებოდნენ ადამიანები, წინასწარმეტყველები და ეუბნებოდნენ: თუ წახვალ იერუსალიმში, ბორკილები და ტანჯვა გელოდება. შევიდა რომელიღაც სახლში და მოვიდა უცნობი წინასწარმეტყველი. იქვე ქამარი ეგდო, აიღო ეს ქამარი და თქვა: „კაცს, რომელსაც ეს სარტყელი ეკუთვნის, ასე შეკრავენ იერუსალიმში იუდეველები და წარმართებს მისცემენ ხელში.“
ამრიგად, პავლეს ესმოდა, რომ სულიწმიდა ყველგან, დააკვირდით, უფლის ნება – სულიწმიდა, ყველა ადგილას, დაწყებული პავლეს გულის აღძვრით, როდესაც ის ამბობდა, რომ სულიწმიდით აღძრული მიდიოდა იერუსალიმში, სულიწმიდა ამოწმებს ღმერთის ნებას. აი, ეს არის ღმერთის ნება. ასე ცხადდება ღმერთის ნება. „წადი იერუსალიმში, ეტანჯე სახელისთვის. სიცოცხლე არად მიღირს.“ და ეს შეიჭრა პავლე მოციქულის გულში. აი, ეს არის ღმერთის ნება და სულიწმიდა ყველგან ამოწმებდა ამას. მაგრამ არიან ასევე ადამიანები, არის ჰორიზონტალური ურთიერთობები იმასთან მიმართებით, რაც ხდება პავლეს ცხოვრებაში. ისინი კისერზე ეკიდებოდნენ მას, კოცნიდნენ, არწმუნებდნენ, სთხოვდნენ. მათი გულებიც რაღაცით იყო აღძრული: „არ გააკეთო ეს, არ წახვიდე იქ.“ პავლემ მიუგო მათ: „ამას რას სჩადიხართ? ტირილით მიურვებთ გულს?“ რატომ აკეთებთ ამას? გულს მიტეხთ. და დაწერილია, რომ როდესაც ვეღარ გადააფიქრებინეს, თქვეს: „იყოს უფლის ნება.“
ასეთი ბრძოლა ხდება თითოეული ადამიანის გულში, ძალიან ბევრია მსგავსი მომენტები – პატარებიც და დიდებიც. ასეთ ბრძოლას გავდივართ, რადგან სულიწმიდას სურს, განავითაროს ჩვენში ინტუიცია იმისა, რომ ვემორჩილებოდეთ ღმერთს, ჩემო ძმებო და დებო. ამიტომ მე მივხვდი ერთ ძალიან მნიშვნელოვან რამეს, რომ ჩვენ ისიც კი არ ვიცით, როგორ ვილოცოთ სწორად. როდესაც ვლოცულობთ, მაშინაც კი ადამიანურ ნებას გამოვხატავთ, წარმოგიდგენიათ?! ჩვენ ლოცვის დროსაც კი ცოდვას ჩავდივართ. რატომ? იმიტომ, რომ რწმენის მიხედვით არ ვლოცულობთ. ჩვენ ლოცვის უნარიც კი არ გვაქვს, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ აი, მაგალითად, შეგეკითხებით: რატომ უნდა იარო ეკლესიაში? მტკივნეული საკითხია. თქვენ შეიძლება თქვათ, რომ ეს ისეთი სულელური კითხვაა, რომ არც კი უნდა წამოიჭრას. ასეთი საკითხების წამოჭრა საერთოდ არ შეიძლება, ასე შეიძლება მოვდუნდეთ, ჩვენ მტკიცედ უნდა ვიდგეთ, უნდა შთავაგონებდეთ რაც შეიძლება მეტ ადამიანს, რომ იარონ ეკლესიაში. მე კი წინ ვიყურები, ვუყურებ გზის დასასრულს. საერთოდ როგორია გზის დასასრული? თუ არ არსებობს სერიოზული მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა იარო ეკლესიაში, მაშინ მართლაც რატომ უნდა იარო ეკლესიაში? მე გონიერი ადამიანი ვარ და მინდა ვიცოდე, რატომ დავდივართ ეკლესიაში, რატომ დადიან ჩვენი შვილები ეკლესიაში, რატომ ვაძალებთ მათ ამას, თუკი პირდაპირ ასე ვეუბნებით: ნუ მარცხვენ, ჩვენ ერთად უნდა წავიდეთ ეკლესიაში. მაგრამ ეს არ არის ჩემთვის არგუმენტი, ეს საერთოდ არ არის არგუმენტი. ამიტომ მე მივდივარ დასკვნამდე, რომ აზრი არ აქვს ეკლესიაში სიარულს. რა მნიშვნელობა აქვს ეკლესიაში სიარულს… ჩვენ პროგრამები გვაქვს, ვაინტერესებთ და მოვმართავთ ისე ადამიანებს, რომ ოღონდაც კვირაობით გავავსოთ დარბაზი, ძალა კი უფრო და უფრო ნაკლები გვაქვს, იმიტომ რომ ვცრუობთ. და იცით, რატომ ვცრუობთ? იმიტომ, რომ აზრი არ აქვს ეკლესიაში სიარულს, თუკი ამას არ განვიხილავთ, როგორც პლატფორმას მსახურებისთვის. თუ ეს არ არის მსახურების პლატფორმა, სადაც თითოეული ადამიანი პოულობს თავის მსახურებას, ისე, როგორც ნიკი კრუზმა იპოვა თავისი მსახურება, დაემორჩილა რა სულიწმიდას და არ შეწყვიტა ლოცვა, ვიდრე არ გაიგო, რისკენ მოუწოდებდა მას უფალი.
იმ შემთხვევაში, თუ ეკლესია არ არის პლატფორმა იმისა, რომ განვავითაროთ ჩვენი სულიერი ნიჭები და განვიცადოთ ღვთიური მოწოდების სისრულე, მაშინ მე ვეთანხმები და ზუსტად ვიცი, რომ ღმერთს ზეცაში ესმის ახლა ჩემი, არ აქვს აზრი ეკლესიაში სიარულს, არ აქვს საბოლოო აზრი. დიახ, აქ შეგვიძლია, ვიპოვოთ ნუგეში; დიახ, შეგვიძლია, ერთად ვგალობთ; დიახ, ეს ყველაფერი კარგია; დიახ, ჩვენ ვივსებით, მაგრამ თუკი მთავარ კითხვას არ ვუპასუხებთ? რისთვის მოვდივართ აქ, რას ავითარებს აქ ღმერთი? – სხეულს, სხეულს. თითოეული ჩვენგანი კი ცალ-ცალკე მისი ასოები, ნაწილები ვართ, ანუ ამ სხეულის ორგანოები. თუკი ეს არ ხდება, მე თქვენ გიწინასწარმეტყველებთ, ჭეშმარიტებას გეუბნებით, ისინი, რომლებიც არ დაკავდებით ღვთის წინაშე თქვენი პირადი მსახურების საკითხით იმ მოწოდებაში, რომელიც ღმერთმა განსაზღვრა, თქვენ ასი პროცენტით წახვალთ ეკლესიიდან. თქვენ ვეღარ დაინახავთ ამაში აზრს, ეს თქვენთვის გახდება ტვირთი ან ჩვენ ვიქნებით იძულებულნი – გაგართოთ, გაგამხიარულოთ, რომ არ შეწყვიტოთ ეკლესიაში სიარული; იმიტომ, რომ საბოლოო არსი ყველაფრისა იქნება ის, რომ შევინარჩუნოთ ადამიანები ეკლესიაში. საჭიროა პროგრამები, რაღაცების შეცვლა, რომ ბავშვები მღეროდნენ. „აი, ჩემი შვილები მღერიან და ჩვენ ფოტოაპარატებით დავრბივართ და ვუღებთ ფოტოებს, დღეს ხომ ჩემი შვილები მღერიან!“ ბებიებიც და ბაბუებიც პირველ რიგებში ცდილობენ გაძრომას: „ჩვენი პატარები გამოდიან! როგორ გამოვტოვებთ ამ მსახურებას, დღეს ხომ ჩვენი შვილიშვილები მღერიან.“ აქამდეა დაყვანილი ეკლესიის არსი. სულ ამაშია ეკლესიის მთელი მნიშვნელობა. ამიტომაც ვამბობ, რომ მოდით, ბოლოში ვიყუროთ. აზრი არაფერს ექნება, თუკი არ გავიგებთ, რომ ეკლესია – ეს არის ქრისტეს სხეული, რომელიც მოწოდებულია – უპასუხოს ობოლ ბავშვთა საჭიროებებს; მოწოდებულია – შეასრულოს დავალება და მისია, რომელიც ღმერთმა ჩადო თითოეული ადამიანის ცხოვრებაში.
შეუძლებელია სულიერი განვითარება კოლექტიურად. განვითარება შესაძლებელია მხოლოდ ინდივიდუალურად სულიწმიდისადმი მორჩილებით, როდესაც ის აღგვძრავს თითოეულ ჩვენგანს, რომ შევასრულოთ მისი ნება, აი, მაშინ იწყება განვითარება. იმ მომენტიდან, როდესაც ადამიანი დგამს პირველ ნაბიჯებს ღვთისადმი მორჩილებაში.
ახლახან მოგვივიდა ერთი ძალიან საინტერესო წიგნი დაღესტნიდან და აუცილებლად გაგიზიარებთ მას. ძალიან საინტერესოა. ქალბატონი წერს ბიოგრაფიას ფსევდონიმით. მან გამომიგზავნა წერილი და მადლობას მიხდიდა ქადაგებებისთვის, გადაცემებისთვის. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მომღერალი დაღესტანში და მან ირწმუნა ქრისტე. ეს იყო ადამიანი საშინელი წარსულით, ბავშვობაში გადატანილი ძალადობით, საშინელი ბედით, მუსლიმანური ოჯახით. მაგრამ ყველაზე საინტერესო იცით, რა არის, რომ მას არსად არ უსწავლია. ჩვენ ისე ხშირად ვამბობთ: „იცით, ალექსანდრე, თქვენ ხომ არ შეგიძლიათ ისაუბროთ მსახურებაზე, ეს ისეთი სერიოზული საკითხია. ამისთვის აუცილებელია სულიერად გაზრდა, ხელდასხმულიც უნდა იყოთ დიაკვნურ ან ხუცესურ მსახურებაზე. ეს ცალკეული ადამიანებისთვისაა.“ პარადოქსია, ხვდებით? ადამიანი, რომლისთვისაც არავის უსწავლებია, არავის, არავის, გარდა ცხებულებისა, რომელიც შევიდა მის გულში. არავის უსწავლებია, მაგრამ ვკითხულობდი, თუ რას აკეთებს და აკეთებდა ღმერთი მის ცხოვრებაში ბოლო წლების განმავლობაში და მაოცებდა. ჩვენებს ხანდახან ასობით, ათასობით ადამიანს შეკრებ და იმის მეათედიც კი არ გაგვიკეთებია, რისი გაკეთებაც ღმერთმა შეძლო ქალბატონის მეშვეობით, რომელმაც სახარება არ იცოდა, მაგრამ ემორჩილებოდა სულიწმიდას.
ჩვენ ვსაუბრობთ სულიწმიდისადმი მორჩილებაზე, როდესაც ის აღგვძრავს რაღაცის გასაკეთებლად. ჩვენ არ შეგვიძლია, უბრალოდ ვისაუბროთ ადამიანთა დიდ მასაზე; არ შეგვიძლია, უბრალოდ ვიცრუოთ, ვითვალთმაქცოთ, რომ ყველაფერი კარგად გვაქვს. კარგადაა ყველაფერი მაშინ, როდესაც ხდება პირადი კონტაქტი და ადამიანი იწყებს ღმერთისა და ღვთიური წინამძღოლობის ძიებას უშუალოდ თავის ცხოვრებაში. იცით, კიდევ რა არის საინტერესო? ჩვენი დრო იწურება, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ რის თქმას ვცდილობ თქვენთვის. დავითი, მაგალითად, სტრატეგი იყო. ის ხშირად ხვდებოდა ზუსტად ანალოგიურ სიტუაციებში, ანალოგიურ სამხედრო სიტუაციებში, მე ხაზს ვუსვამ სიტყვა „ანალოგიურს“. თითქოსდა უკვე შეგიძლია, დაამყარო იმედი შენს საკუთარ გამოცდილებაზე. შენ უკვე იყავი ასეთ სიტუაციაში, შენ უკვე გაქვს გამოცდილება. როგორც უფროს ადამიანებს აქვთ გამოცდილება ბავშვების აღზრდაში; როგორც გამოცდილ ხუცესს აქვს ეკლესიის წინამძღოლობის გამოცდილება. რა არის გამოცდილება? ეს ნიშნავს იმას, რომ მე უკვე ვიყავი ამ სიტუაციაში ასჯერ, მე მაქვს გამოცდილება. და რა? რა და ეს ნიშნავს, რომ უნდა ენდო გამოცდილებას, რადგანაც გამოცდილება არ იტყუება. ეს მართალია. მაგრამ დავითს არ წაუგია არცერთი ომი არა იმიტომ, რომ ჰქონდა გამოცდილება, არამედ იმიტომ, რომ ყოველთვის გამოიყურებოდა, როგორც შტერი ბიჭუნა: „უფალო, წავიდე თუ არ წავიდე? დავეწევი თუ არ დავეწევი?“ ყოველ ჯერზე, რაც არ უნდა მსგავსი სიტუაცია ყოფილიყო, რაც არ უნდა მარტივად მოსჩვენებოდა მას სიტუაცია ადამიანური თვალსაზრისით, ის ამბობდა, მომიტანეთ ეფოდი, ღმერთს უნდა დავეკითხო. და ეს დავითი ისე მოსწონდა ღმერთს, ისე მოსწონდა!
იცით, ვიმედოვნებ, რომ უფლის დახმარებით, მალე შევძლებ ერთი საინტერესო წიგნის დასრულებას, რომელსაც ვუწოდე: „თავდასხმა უმაღლეს სუვერენიტეტზე.“ ნება მომეცით, წავიკითხო ფრაგმენტი ამ წიგნიდან: „სულიერი ცოდნა…“ იცით, არსებობს ასეთი ცნება: „სულის მიერ ეძლევა ადამიანს ცოდნის სიტყვა.“ სული იძლევა. შესაძლებელია ინტელექტუალური ცოდნის დაგროვება, გამოცდილებისა და დიდი ცოდნის, მაგრამ იცით, რა? ცოდნა აამპარტავნებს. ცოდნა განმასხვავებს იმ დანარჩენი ადამიანებისგან, რომელთაც ეს ცოდნა არ აქვთ. სწორედ ამის თაობაზე თქვა პავლემ: „ის, რაც ჩემთვის მოგება იყო, წაგებად ჩავთვალე ქრისტეს გულისათვის,“ არა, არა, ასე კი არა, ქრისტეს შეცნობისათვის მე ყველაფერი ნაგვად მივიჩნიეო. რა, განა არ შეიძლება ყველა უპირატესობა და ცოდნა შევუთავსოთ ქრისტეს შემეცნებას? არა, მოგვიწევს რაღაცის მსხვერპლად გაღება. საჭირო იქნება რაღაცის მსხვერპლად გაღება, რადგან იმისათვის, რომ შევიცნოთ ქრისტე, გავიხსნათ მისი სულიერი ცოდნისთვის და გავიხსნათ იმისათვის, რომ სულმა მოგვცეს ცოდნა, რადგან სული იძლევა ცოდნის სიტყვას, – უნდა გავიღოთ მსხვერპლად ჩვენი გამოცდილება. რაც არ უნდა მარტივად და სულელურადაც კი ჟღერდეს: „უფალო, დავედევნო მათ თუ არ დავედევნო? დავეწევი თუ ვერ დავეწევი?“ ღმერთს ისე მოსწონს ეს.
ვკითხულობ ამონარიდს: სულიერი ცოდნა უნდა გამოვიყენოთ მისი არსებობის მომენტში. როგორც კი ღმერთი გვიცხადებს რაღაცას, მაშინვე უნდა გავაკეთოთ ის. ეს არის, ფაქტობრივად, ყველა წარმატების გასაღები. ცოდნა მოდის როგორც აფეთქება, როგორც განათება, ღმერთი სინათლეს გვფენს და უეცრად ხვდები, რომ შენ ეს იცი, უბრალოდ იცი უკვე ეს რაღაც. შენ უკვე ფლობ შინაგან ცოდნას. ასეთი ცოდნა ძალიან ფასეულია, რადგან ის, უპირველესად, დროულია. და ის აუცილებლად არის ან შენთვის, ან სხვისთვის . არა უბრალოდ იმიტომ, რომ გაგიფართოვდეს მსოფლმხედველობა, ეს არ არის ამ ტიპის ცოდნა, რომ დაიკვეხნო იმით. ეს ცოდნა შეიცავს დავალებას. ამ ცოდნაში არის მოთავსებული დავალება. იმ ცოდნის სიტყვაში, რომელსაც სული იძლევა, არის გარკვეული მისია და აუცილებელია მისი შესრულება. ის ყოველთვის დროულია, ის ჭეშმარიტია, რადგან ნამდვილია, ხოლო ნამდვილია იმიტომ, რომ არა უბრალოდ წმინდა წერილშია მოცემული, არამედ უკვე შინაგანშია გაცხადებული. ხოლო თუ ის არ არის ჩვენს შინაგანში, მაშინ არ ყოფილა გამოცხადება. რაც უფრო დიდხანს ვორჭოფობ და ვერ ვწყვეტ, გამოვიყენო თუ არა ეს ცოდნა მაშინვე, იმ მომენტშივე, მით მეტად ვრისკავ, რომ დაკარგავ მას. თუ ამას გადავდებ ხვალისთვის, მე ვრისკავ, რომ არასოდეს გავაკეთებ ამას. სულიერი ადამიანები ხვდებიან, რაზე ვსაუბრობ ახლა. თქვენ იცით, რასაც ვგულისხმობ. ზეციური მანანა აყროლდება, რადგან ის დღეისთვისაა მოცემული.
სიტყვა შეიცავს ძალის გარკვეულ ოდენობას – ის სიტყვა, რომელსაც ღმერთი იძლევა, ანუ ცოდნის სიტყვა, და ეს ძალა თავისუფლდება, როდესაც უერთდება ჩემს რწმენას; ამ სიტყვის ძალა უეცრად იწყებს მოქმედებას და ხდება სასწაული. ანუ ცოდნის სიტყვა ხორცს ისხამს. ეს ჰგავს ნაფტუსიას წყალს ქალაქ-სანატორიუმ ტრუსკავეცში, სადაც ამ წლის თებერვალში ვიყავით ჩასულები. თავის სამკურნალო თვისებებს ეს წყალი ინარჩუნებს მაქსიმუმ 2 საათის განმავლობაში, რომლის შემდეგაც ის ხდება ჩვეულებრივი H2O ფორმულა. რამდენი ბიზნესმენი იმტვრევდა ტვინს, რომ შეენარჩუნებინათ მისი თვისებები და მოეხდინათ მისი ტრანსპორტირება. ასე დიდძალი ფულის შოვნას შეძლებდნენ, მაგრამ ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ამ წყალს ადამიანები სვამენ პირდაპირ წყაროდან, მაშინვე, ნაბიჯითაც არ შორდებიან და ერთ წუთსაც კი არ კარგავენ. აი, ასეთივე საპატიო უნდა იყოს დამოკიდებულება ცოდნის სიტყვისადმი, რომელსაც ღმერთი გვიგზავნის. აქ ჩნდება ცდუნება და ეს ცდუნება იმდენად დიდია, რომ მე იშვიათად ვუმკლავდები მას და ვვარდები საცდურში.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვხვდები ანალოგიურ ცხოვრებისეულ სიტუაციაში – ძალიან ხშირია მსგავსი სიტუაციები ოჯახში, ბავშვებთან, მსახურებაში, სამსახურში – ყოველთვის, როდესაც სიტუაცია მეორდება, მე აღარ ვეძებ ღმერთის რჩევას, თუ როგორ უნდა მოვიქცე, რადგან უკვე მაქვს პირადი გამოცდილება. როგორც წინა შემთხვევაში მოვიქეცი, იმან იმუშავა და მაქვს ჩემი რეცეპტი, რომელიც ძალიან კარგი გამოდგა წინა ჯერზე. მე თავდაჯერებულად გამოვიყენე ცოდნის იგივე სიტყვა, რომელმაც წინა ჯერზე აშკარა შედეგი დამანახვა; უეცრად, ცხადად აღმოვაჩინე, რომ ეს სიტყვა აღარ არის აღვსილი სულიწმიდით. პირველ შემთხვევაში მე ვეძებდი ღმერთისგან დარიგებას და სულიწმიდამ მომცა ცოდნის სიტყვა, თუ როგორ გამოვსულიყავი იმ მდგომარეობიდან. პირადად სულიწმიდამ გააკეთა ეს.
იცით, შემიმჩნევია, რას აკეთებენ ადამიანები. ისინი პირდაპირ ასე ამბობენ: „შეხედეთ, ესაია წინასწარმეტყველმა უთხრა ხიზკიაჰუს: ‘მოუტანონ ლეღვის კვერი და წააცხონ წყლულზე და გადარჩება.’“ მე წაკითხული მაქვს ეს წიგნები, ეს მეცნიერული დისერტაციები, როდესაც ადამიანები ამბობენ: „შეხედეთ, რა წერია, ესე იგი, ამაში რაღაც არის“, და იწყებენ ამ აზრის განვითარებას, ამას შემდეგ თითქოს დამოწმებებიც მოჰყვება, მაგრამ სინამდვილეში, ეს ხიზკიაჰუსთვის იყო, იმ მომენტისთვის, უბრალოდ იმ შემთხვევისთვის და უბრალოდ მისთვის იყო. ღმერთს შეეძლო, ეთქვა ნებისმიერი რამ. არ შეიძლება ვფიქრობდეთ, რომ თუ კეთრისგან გათავისუფლება გინდა, უნდა წახვიდე იორდანეში და შვიდჯერ ჩაყვინთო. ეს არის ზუსტად ის, რასაც ამბობენ სხვები. ისინი იღებენ ღვთის სიტყვას და ჰგონიათ, რომ ის უნივერსალურია ცხოვრების ყველა სიტუაციაში. მაგრამ ეს ასე არ არის. ამ სიტყვის ძალა – ვაგრძელებ აქ ახსნას – სიტყვა, რომელიც არ არის აღვსილი სულიწმიდით, არაფერს არ წარმოქმნის, თუმცა ის ღმერთის სიტყვაა. გაოგნებული ვარ, როგორ თუ ასე?! ნუთუ ღმერთის სიტყვა არ არის უნივერსალური ცხოვრების ყველა სიტუაციაში? იკითხე და გამოიყენე. თურმე სულიწმიდის გარეშე არაფერი გამოდის. ამიტომაც ებრაელთა მიმართ ეპისტოლეს ავტორი წერს: „როცა მოისმენთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ გულებს.“ მხოლოდ სულიწმიდა ლოცულობს ჩვენში ღმერთის ნების თანახმად. ჩვენ ისიც კი არ ვიცით, როგორ უნდა ვილოცოთ სათანადოდ. ამის თქმას ვცდილობდი და არ დამიმთავრებია აზრი.
ადამიანები ევედრებოდნენ, ტიროდნენ, ლოცულობდნენ, რომ პავლე არ წასულიყო იერუსალიმში, ფაქტობრივად, ღმერთის ნების საწინააღმდეგოდ იქცეოდნენ. ამიტომაც პავლემ რომაელთა მიმართ ეპისტოლეში დაწერა: „თვით სული შუამდგომლობს ჩვენთვის გამოუთქმელი ოხვრით. ხოლო გულთამხილავმა იცის, რა არის სულის ზრახვა…“ როგორია ჩვენი სიტყვები და ჩვენი აზრები? შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ნაკლებად აინტერესებს ღმერთს. საერთოდ დავიბენი და მართლა აღარ ვიცი, როგორ ვილოცო. იმიტომ, რომ „თუნდაც ჯერ არ იყოს სიტყვა ჩემს ენაზე, შენ უკვე იცი, უფალო, სრულად“. რა უნდა მოვუყვე მას? ჩემი სიტუაციის შესახებ და იმაზე, თუ რა ცუდად ვარ და როგორ არ მყოფნის ფული? ეს უკვე 10-ჯერ მაინც ვუთხარი, უკვე სულ ყველაფერი მოვუყევი, დეტალებსა და წვრილმანებში, თითქოს მან ეს ყველაფერი არ იცოდეს. „შენთვის ცნობილია, როდის ვჯდები და ვდგები.“ შენ ყველაფერი იცი, უფალო. „შენს წიგნში ჩაწერილია დღენი მომავლისა ჩემისა, როცა ჯერ არ იყო არცერთი მათგანი.“ როგორღა ვიცხოვროთ ღვთისათვის სათნოდ? როგორ ვილოცოთ ღვთისათვის სათნოდ? ხოლო გულთამხილავმა იცის, რა არის სულის ზრახვა, რადგან სულიწმიდა შუამდგომლობს ჩვენთვის ღვთის ნებით. სწორია ის, თუ როგორ ლოცულობს სულიწმიდა ადამიანში, რადგან ის ყოველთვის ლოცულობს ღვთის ნებით. სულიწმიდა ჩვენში ლოცულობს ღვთისთვის სათნოდ, ღვთისთვის მოსაწონად. სულიწმიდის ლოცვა მოსაწონია ღვთისათვის, რადგანაც ის ღმერთის ნების მიხედვითაა. ამიტომაც რწმენაა, როდესაც მთლიანად ვენდობით, თუ როგორ ლოცულობს სულიწმიდა; ვენდობით, თუ როგორ მეტყველებს სული ჩვენი მეშვეობით; ვენდობით და გვწამს, რომ „ღვთის მოყვარულებს, მისი განზრახვით მოწოდებულებს, ყოველივე სასიკეთოდ ეწევა.“ მაშინ მოდის ჰარმონია, ჩვენს ლოცვას ეძლევა აზრი, ჩვენ გადავეცემით ღვთის ხელებში და მოდის ცოდნის სიტყვა, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ კონკრეტულ სიტუაციაში. მეც ვააქტიურებ ჩემს რესურსებს: დროს, ძალას, ადამიანურ ცოდნას, ფინანსებს და ვასრულებ ღვთის ნებას. აი, რა არის სულიერი ცხოვრება. ასეთია სულიერი ცხოვრება, ასეთია ქრისტიანის ნორმალური ცხოვრება.
ქრისტიანობის ისტორიის მიმოხილვა
ქრისტიანული სიმღერების განხილვა
სწორი და არასწორი ფორმები ქართულ ენაში