ამერიკის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ცერემონიის კურთხევისთვის აირჩიეს მისი დიდი ხნის მეგობარი და ხუცესი დელავერის შტატიდან – ღირსი დოქტორი სილვესტერ ბიმანი, რომელიც ხელმძღვანელობს Bethel AME-ის ეკლესიას ვილმინგტონში.
„ეს უდიდესი პატივია ჩემთვის. ეს კურთხევა ღვთის შესაძლებლობაა, რომ ჩვენს ერზე გარდმოვლინდეს ღვთის მადლი, ამ მომენტიდან, ბაიდენის ხელმძღვანელობის დასაწყისიდან. პირადად მე ვიცი, რომ პრეზიდენტი ბაიდენი ღვთის ძიებას კვლავაც დაიწყებს, ეს მისი ცხოვრების წესი იყო წლების განმავლობაში. თავისი ცხოვრების ურთულეს მომენტებში სწორედ უფლის სინათლე იყო, რომელიც წინ მიუძღოდა და განამტკიცებდა მას.
არაფერია იმაზე რთული და საპასუხისმგებლო, ვიდრე თავისუფალი სამყაროს ლიდერობა. ამიტომაც ეს საპასუხისმგებლო საქმე ყოველდღიურად უფლის მადლსა და ღვთიურ გონიერებას მოითხოვს.“ – განაცხადა მან.
ბაიდენის ინაუგურაციაზე იეზუიტი მღვდელი, მამა ლეო ო’დონოვანიც გამოვა სიტყვით. ის ბაიდენისა და მისი ოჯახის დიდი ხნის მეგობარია. პრეზიდენტმა ბაიდენმა თავად სთხოვა მას, ელოცა მის ინაუგურაციაზე. რაც შეეხება პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, მისივე ცნობით, ის ინაუგურაციას არ დაესწრება.