პოპულარული ბიბლიის აპლიკაცია YouVersion Bible ახლა უკვე 1500 ენაზეა ხელმისაწვდომი.
2007 წელს ოკლაჰომაში არსებული ეკლესიის Life.Church-ის ხუცესს, ბობი გრუნევალდს გაუჩნდა YouVersion Bible App-ის შექმნის იდეა.
„ვფიქრობდი იმის შესახებ, როგორი გადატრიალება მოახდინა გუტენბერგის გამოგონებამ ბიბლიის გავრცელებისა და მისაწვდომობის მხრივ რამდენიმე ასეული წლის წინ და წარმოვიდგინე, როგორ შეიძლებოდა ტექნოლოგიის მეშვეობით მსგავსი რამის გაკეთება ჩვენი თაობისათვის“. – განაცხადა გრუნევალდმა.
აპლიკაცია 2008 წელს გამოვიდა ანდროიდის, iOS-ის, Windows Phone-ისა და სხვა ოპერატიული სისტემებისათვის. ინტერნეტგამოცემა Premier Christian News-ის ინფორმაციით, 2012 წლისათვის აპლიკაცია ხელმისაწვდომი იყო უკვე ას ენაზე, 2014 წელს – 500, ხოლო 2016 წელს – 1000 ენაზე. გასულ თვეს ბიბლიის აპლიკაცია უკვე 1500 ენაზე გახდა ხელმისაწვდომი.
YouVersion-ი თანამშრომლობს არაკომერციულ ორგანიზაცია უიკლიფის ბიბლიის მთარგმნელებთან. აპლიკაციის წარმომადგენლების განცხადებით, მათ იმედი აქვთ, რომ მალე წმინდა წერილი ყველასათვის იქნება ხელმისაწვდომი.
ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, ჯეიმს პული დარწმუნებულია, რომ „არსებითი“ მნიშვნელობა აქვს ღვთის სიტყვის გაციფრულებასა და ონლაინ განთავსებას, რათა რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჰქონდეს წვდომა მასზე.
„უამრავი მაგალითი ვიცით იმისა, რომ ბევრი ადამიანი იღებს ქრისტეს რწმენას მას შემდეგ, რაც ინტერნეტში ან საკუთარ მობილურ ტელეფონში ისმენს ან კითხულობს წმინდა წერილს მშობლიურ ენაზე. ჩვენ კი იმისათვის ვშრომობთ, რომ რაც შეიძლება მეტი თარგმანი იყოს ხელმისაწვდომი ადამიანებისათვის.“ – განაცხადა პულმა.
აპლიკაცია YouVersion-ი სხვა ციფრულ ბიბლიურ პლატფორმებთან: Faith Comes by Hearing-სა და Global.Bible-თან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ადამიანებს 1900 ენაზე სთავაზობს ბიბლიას. მიუხედავად ამისა, აპლიკაციაში მსოფლიოში არსებული ენების მხოლოდ 20%-ია წარმოდგენილი. სხვა პლატფორმებთან ერთად ეს მაჩვენებელი 27%-მდე იზრდება.
ინტერნეტგამოცემა Herald Review-ის თანახმად, გამოსვლიდან სამ დღეში აპლიკაცია 80 ათასჯერ იქნა ჩამოტვირთული და დაყენებული. მას შემდეგ აპლიკაციის ჩამოტვირთვების რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდება.
აპლიკაცია ქართულენოვანი ბიბლიის რამდენიმე ვერსიასაც შეიცავს.