არ ვიცი, როგორი ემოციებით გევსებათ გული შობაზე ფიქრისას, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ უმეტესი თქვენგანისათვის შობა სიხარულის დღესასწაულია, რომელიც სიყვარულით, ოჯახური სითბოთი და კურთხევითაა აღსავსე.
ყოველ წელს მთელი ოჯახი ვიკრიბებით და განსაკუთრებულ სადილ-ვახშამს ვაწყობთ; ვუყურებთ კლასიკურ საშობაო ფილმებს; საჩუქრებს ვჩუქნით ერთმანეთს და სხვადასხვა ისტორიებს ვუყვებით. აღვნიშნავთ იმას, რომ იესო ქრისტე ჩვენი გულისათვის მოვიდა ამქვეყნად.
ყოველ წელს ღმერთს მადლობას ვუხდი იმისათვის, რომ მაქვს შესაძლებლობა, დავივიწყო პრობლემები და დღესასწაულებისას დავტკბე ოჯახთან ერთად გატარებული დროით; მაგრამ ყოველ წელს ვიხსენებ, რომ პირველი შობა სულაც არ ყოფილა დასვენებისა თუ ზეიმის მიზეზი. სინამდვილეში, შეუძლებელია, წარმოიდგინოთ უფრო საშინელი და უიმედო მდგომარეობა, ვიდრე იესოს შობისას იყო.
წავიკითხოთ ეს ისტორია მათეს სახარებიდან:
როცა ისინი წავიდნენ, უფლის ანგელოზი გამოეცხადა სიზმარში იოსებს და უთხრა: ‘ადექი, წაიყვანე ყრმა და დედამისი, და გაიქეცი ეგვიპტეს და იყავი იქ, ვიდრე მე გეტყოდე, რადგან ჰეროდეს სურს მაგ ყრმის მოძებნა, რათა დაღუპოს იგი.’ ადგა, ღამით წაიყვანა ყრმა და დედამისი, და მივიდა ეგვიპტეს. და იყო იქ ჰეროდეს სიკვდილამდე, რათა აღსრულებულიყო უფლის ნათქვამი წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: ‘ეგვიპტიდან მოვუხმე ჩემს ძეს.’ ძალიან განრისხდა ჰეროდე, როცა ნახა, რომ გააწბილეს მოგვებმა. მიავლინა და მოაკვლევინა ყოველი ყრმა ორი წლისა და იმაზე უმცროსები ბეთლემში და მთელ მის სანახებში, იმ დროის მიხედვით, როგორც მოგვთაგან გამოიძია. მაშინ აღსრულდა წინასწარმეტყველ იერემიას მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: ‘ხმა გაისმა რამაში, ტირილი და დიდი გოდება, რახელი დასტირის თავის შვილებს და არ სურს, თავი ინუგეშოს, ვინაიდან აღარ არიან ისინი.’
თუ ბავშვობაში საკვირაო სკოლაში დადიოდით და ბიბლიური ისტორიები თქვენი ცხოვრების ჩვეული შემადგენელი ნაწილი გახლდათ (მადლობა ღმერთს ამისათვის!), ეს მონათხრობი შეიძლება ძალიან ჩვეულებრივად და მოსაწყენად მოგეჩვენოთ, მაგრამ მე მაინც ვიმედოვნებ, რომ ასე არასოდეს იქნება თქვენთვის! მინდა მოგიწოდოთ იმისკენ, რომ ხელახლა გადახედოთ ამ თავზარდამცემ საშობაო სცენარს, არა იმისათვის, რომ დადარდიანდეთ, არამედ იმისათვის, რომ გაიფართოოთ თვალსაწიერი იესო ქრისტეს შობის არსთან დაკავშირებით.
როგორც ხედავთ, იესო ქრისტე კომფორტსა და ფუფუნებაში არ დაბადებულა. რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით ამის შესახებ, მაგრამ მოდით, დავფიქრდეთ იმაზე, რას წარმოადგენს ეს ისტორია: მთელი ცხოვრება – დასაწყისიდან დასასრულამდე, სიკვდილამდე – ძალადობრივ, სასტიკ, მტანჯველ სიკვდილამდე – იესოს გამუდმებით დევნიდნენ. ვფიქრობ, ასეთ ცხოვრებისეულ მოწოდებას ნაკლებად ისურვებდა რომელიმე ჩვენგანი.
მაგრამ შობის ისტორიაში ყველაზე მშვენიერი ისაა, რომ ღვთის ძე ნებაყოფლობით მოევლინა დედამიწას. მოვიდა იქ, სადაც ჩვეულებრივი ამბავია ისეთი წარმოუდგენელი რაღაცები, როგორებიცაა ძალადობა და უსამართლობა! ნებაყოფლობით მოვიდა! ახალშობილი იესო გადაურჩა ჰეროდეს მიერ გამოტანილ სასიკვდილო განაჩენს, მაგრამ მეფის განაჩენი სიკვდილით დასჯის შესახებ მაინც წამოეწია მას. უფალ იესოს სასტიკი, სისხლისმღვრელი, საშინელი სიკვდილი მოელოდა უმართლო ადამიანთა ხელიდან.
ამრიგად, როცა სადღესასწაულო სუფრას შემოუსხდებით და იმხიარულებთ თქვენს ახლობლებთან ერთად მორთულ-მოკაზმული ნაძვის ხის გვერდით, ნუ მისცემთ თავს უფლებას, რომ დაივიწყოთ ის საშინელება და ძალადობა, რომლითაც დაიწყო და დასრულდა შობის ისტორია. ისტორია ბავშვების თავზარდამცემი ამოწყვეტით იწყება და ღვთის ძის ძალადობრივი სიკვდილით მთავრდება. ბავშვების დახოცვა ასახავს იმას, რამდენად ესაჭიროება ქვეყნიერებას მადლი, ხოლო ქრისტეს მოკვლა აღნიშნავს იმ წუთს, როცა ეს მადლი მიეცათ ადამიანებს.
შეხედეთ ბაგას, რომელშიც ჩვილი წევს და რომელიც ახალი სიცოცხლის დაწყებას აღნიშნავს და შეეცადეთ დაინახოთ ის, რომელიც მოვიდა იმისათვის, რომ მომკვდარიყო. ყური დაუგდეთ ანგელოზთა გალობას და შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ მისი სიკვდილი იყო ერთადერთი საშუალება იმისათვის, რომ ღმერთს ჩვენთვის მშვიდობა მოეცა. შეხედეთ თქვენს ნაძვის ხეს და იფიქრეთ სხვა ხის შესახებ, რომელიც მბრწყინავი სათამაშოებით კი არ იყო მორთული, არამედ თავად უფლის სისხლით იყო შესვრილი.
შობის დღესასწაულის დროს გახსოვდეთ, რომ გზა ამ დღესასწაულამდე გახდლათ სიკვდილი იმისა, ვის დაბადებასაც აღნიშნავთ და იყავით განსაკუთრებულად მადლიერნი ამისათვის!
წყარო: https://www.paultripp.com/