გუშინ ერთი მომაკვდავი ადამიანი მოვინახულე… და მისგან დაბნეული წამოვედი.
ამ ადამიანს არ ჰქონდა ურთიერთობა უფალ იესოსთან, არ აინტერესებდა სახარება და ამავდროულად, არ ეშინოდა სიკვდილის. მას მხოლოდ ტკივილის შემსუბუქება და იოლად სიკვდილი სურდა. მე ამის გაგება არ შემეძლო. საერთოდ არანაირი შიში სიკვდილისადმი?
ოთხი წლის შემდეგ, როცა საკუთარი მამის ცხედარი დავინახე ჩასასვენებელში, ამან ჩემში იმავენაირი შიში გამოიწვია და გამომაფხიზლა.
ორმოცი წელი გავიდა, მე ისევ განგაშის გრძნობა მეუფლება დაკრძალვის დროს. უსულო სხეულის დანახვისას ვფიქრობ, რომ მალე ამ ადგილზე მე აღმოვჩნდები. ამას კი ათასგვარი უსიამოვნო აზრი მოჰყვება.
სიბრძნეა საკუთარ სიკვდილზე საგულდაგულოდ ფიქრი.
მესმის, რომ ქრისტიანებს სიკვდილის არ უნდა ეშინოდეთ. იესო მოკვდა და აღსდგა მკვდრეთით, ამიტომ სიკვდილს ძალა აღარ აქვს (1 კორინთელთა 15:55-56), მაგრამ თუ შიშის გრძნობა იკლებს, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გულგრილნი ვართ ამ საკითხისადმი.
სიკვდილი ერთგვარი „შეჯანჯღარება“, რომელიც ჩვენ სერიოზულ განწყობაზე გვაყენებს. საკუთარ სიკვდილზე ფიქრისას, არ გაქვთ შიში რაღაც შეუცნობელის, უხილავის მიმართ, ან გულისრევის შეგრძნება არ გიჩნდებათ?
ნაწილობრივ, ამით ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ ის, რაც ჩვენთვის უცხოა: ადამიანის სულისა და სხეულის განცალკევება. ჩვენ არ შეგვიძლია საკუთარი სხეულის მიღმა არსებულ ყოფას ჩავწვდეთ. მეორე საიდუმლო, რომლის ჩაწვდომაც არ ძალგვიძს, გახლავთ იმის წარმოდგენის მცდელობა, თუ რას ვიხილავთ და ვიგრძნობთ სიკვდილის შემდეგ. რა იქნება, როდესაც პირველად ვიხილავთ ზეციურ ქმნილებას ან თვით შემოქმედს?
სიკვდილი არ არის მარტივი საკითხი, მაგრამ ბრძენი ადამიანი ხშირად ფიქრობს მის შესახებ.
ჩვენი დღეების დათვლა გვასწავლე, რათა შევიძინოთ ბრძენი გული.
როდის ილოცეთ მსგავსი ლოცვით? ბრძენი ადამიანი ხშირად ფიქრობს საკუთარ სიკვდილზე, ხოლო უგუნური არად აგდებს მას. აი, რატომ გვაბრკოლებს მტერი ამაზე ფიქრისა და საუბრისგან. აი, რატომ არის აუცილებელი ძალისხმევის გამოჩენა იმისათვის, რომ მუდამ გვახსოვდეს სიცოცხლის სწრაფწარმავლობის შესახებ.
მომავალ კვირას ჩემი მეგობარი სასამართლო პროცესზე წარდგება. არსებობს ალბათობა იმისა, რომ რამდენიმე წელს მიუსჯიან. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორ უჭირს მას სხვა რამეზე ფიქრი? როგორც არ უნდა შეეცადოს, რომ „ჩვეულებრივი“ ცხოვრებით იცხოვროს, მისი გონება მხოლოდ მოსამართლის განაჩენისკენ იქნება მიმართული.
ნუთუ, გამუდმებით არ უნდა ვიფიქროთ უფლის სამსჯავროს მოახლოებაზე? ბიბლია გვაუწყებს, რომ დადგება დღე, როდესაც ჩვენ მოსამართლის წინაშე წარვდგებით, რომლის სახელიცაა „მჭამელი ცეცხლი“ (ებრაელთა 12:29). დაუჯერებელია, რომ ზოგიერთი ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთხელაც არ დაფიქრებულა ამის შესახებ.
შემიძლია, მხოლოდ ვივარაუდო, რა რეაქცია გაქვთ ახლა თქვენ, მკითხველებს, ჩემი სიტყვების კითხვისას. შეიძლება, პირველად გიბიძგათ ჩემმა სიტყვებმა სიკვდილსა და სამსჯავროზე დაფიქრებისკენ. ჩვენთვის უჩვეულოა სიკვდილზე საუბარი. ჩვენი საზოგადოება წარმოუდგენელ ძალისხმევას იყენებს იმისათვის, რომ სიკვდილის გარდაუვალი რეალობა გადაფაროს. მიუღებელია ადამიანისათვის საკუთარი სიკვდილის შესახებ კითხვის დასმა.
სჯობს გლოვის სახლში მისვლა ლხინის სახლში მისვლას, რადგან ეს არის ყოველი ადამიანის ბოლო, და ცოცხალმა დაიდოს გულთან.
მე საკმაოდ ბევრ დაკრძალვას დავსწრებივარ და სიტყვა წარმომითქვამს. იშვიათად როდი ვხედავ, როგორ მიდის ბევრი ადამიანი ღვთისმსახურების შემდეგ დასალევად, რომ „დარდი სასმელში ჩაახრჩოს“ და ამგვარად შეძლოს „ცხოვრების გაგრძელება“.
სხვები შეიძლება არ თვრებიან, მაგრამ სხვადასხვა საშუალებით ცდილობენ დამთრგუნველი აზრების „ჩახშობას“ − ეფლობიან მუშაობაში, დადიან კინოში, იცინიან, ურთიერთობებს აბამენ სხვა ადამიანებთან, წერენ შეტყობინებებს, დიდ დროს ატარებენ სოციალურ ქსელებში. ადამიანები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე არ იფიქრონ. რეალობა თვალწინ აქვთ, მაგრამ ისინი სასოწარკვეთილნი ცდილობენ ნებისმიერი ალტერნატივის გამოძებნას, რათა სიმართლეს თვალებში არ ჩახედონ.
ბრძენთა გული გლოვის სახლშია, ბრიყვთა გული კი – მხიარულების სახლში.
ბრძენი ადამიანი დაკრძალვას „გვერდით არ ჩაურბენს“. მისი გული მწუხარებს. უგუნური ადამიანი დაკრძალვის დასრულებისთანავე იწყებს ხუმრობას, და არ ესმის, ამით რამხელა ზიანს აყენებს საკუთარ სულს. უგუნურები აკეთებენ იმას, რაც უფრო იოლია. ის, რაც ჩვენს აღშენებას ემსახურება, მოითხოვს მიზანდასახულობასა და ძალისხმევას. სიკვდილზე ფიქრი, მორიგი ფილმის ყურებისგან განსხვავებით, მოითხოვს ძალისხმევას. ბრძენი ადამიანი დროს უთმობს სერიოზულ თემებზე მსჯელობას.
გლოვის სახლში ყოფნა
სემინარიაში სწავლის პერიოდში გავიგე, რომ „გული“ არის ჩვენი სხეულის „ფრენების მართვის ცენტრი“; ეს არის ადგილი, სადაც ხდება გადაწყვეტილებათა მიღება. აი, რატომ ვიღებთ უფრო ბრძნულ გადაწყვეტილებას „გლოვის სახლის“ მონახულების შემდეგ. სწორ გადაწყვეტილებებს დაკრძალვაზე ყოფნისას უფრო ვიღებ, ვიდრე რესტორანში.
რა რთულიც არ უნდა იყოს, ჩვენ უნდა ვფიქრობდეთ სიკვდილზე. ჩვენ უნდა ვიღებდეთ გადაწყვეტილებებს სიკვდილზე ფიქრის დროს. ძალიან გთხოვთ, თუნდაც ათი წუთი გაატარეთ სიკვდილზე ფიქრში. წარმოიდგინეთ, რომ უფლის წინ დგახართ, რომელიც იმყოფება „მიუწვდომელ ნათელში“ (1 ტიმოთე 6:16).
მიუხედავად ამისა, ეს ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი. შესაძლოა, სიკვდილზე დაფიქრების შემდეგ საგულდაგულოდ აწონ-დაწონოთ თქვენი მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გადაწყვეტილებანი. გახსოვდეთ, თქვენი გული გადაწყვეტილებათა მიღების ცენტრია.
ავტორი: ფრენსის ჩენი