ზამბიელი ენ-მერი 8 წლის იყო, როდესაც საშობაოდ საჩუქრებით სავსე ფეხსაცმლის ყუთი მიიღო უცნობისგან.
გოგონას ყუთი ყოველწლიური საქველმოქმედო კამპანიის „ოპერაცია: საშობაო ბავშვი“ ფარგლებში აჩუქეს. კამპანიისას საჩუქრებს ურიგებენ ღარიბ ქვეყნებში მცხოვრებ ბავშვებს, რომლებმაც სხვაგვარად შეიძლება ვერასოდეს მიიღონ რაიმე საჩუქარი.
ენ-მერი ახლა 28 წლისაა და გაერთიანებულ სამეფოში ცხოვრობს. ის ამ კამპანიის მოხალისეა და საშობაო ყუთებში საჩუქრებს ალაგებს, რათა შემდეგ ეს ყუთები საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს გაუგზავნონ.
ის წერს, თუ რა გავლენა მოახდინა მასზე ბავშვობაში მიღებულმა საჩუქრებით სავსე ფეხსაცმლის ყუთმა და რატომ უბიძგა ამან იმისკენ, რომ თავადაც იგივე ეკეთებინა სხვა ბავშვებისათვის.
„მე დავიბადე და გავიზარდე ზამბიის პატარა, წყნარ, სპილენძის მომპოვებელ ქალაქში. ორი უფროსი ძმა და უმცროსი და მყავდა. ჩემი მშობლები ძალიან დიდი ოჯახებიდან არიან და ამიტომაც, 60 ბიძაშვილი, მამიდაშვილი და დეიდაშვილი მყავს! შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, რა ხდებოდა ოჯახურ შეკრებებზე!
ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა ბავშვობაში ბიძებსა და დეიდებთან ვატარებდი ზაფხულის არდადეგებს. ამ დროს ვხედავდი, რა პირობებში ცხოვრობდნენ ადამიანები ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში. ზოგი უსახლკარო იყო, ზოგიც საკვებს ძლივს შოულობდა, უმრავლესობას კი ასე თუ ისე გაგვქონდა თავი.
ეკლესია ჩვენი ოჯახის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გახლდათ. ძალიან მომწონდა კულტურისა და რწმენის გაერთიანება, რადგან უფლის თაყვანისცემა ნამდვილი იყო, გულიდან წამოსული, როდესაც ბევრ სხვადასხვა ენაზე ვგალობდით და ვლოცულობდით.
დაახლოებით, 8 წლისა რომ ვიყავი, ერთ კვირა დღეს ჩვენი საკვირაო სკოლის მასწავლებლებმა გვითხრეს, რომ ეკლესიაში მივსულიყავით მომდევნო შაბათს. შაბათს დილით ადრე მივედი ეკლესიაში და ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს იესო ხუთი ათასი კაცის დაპურებას აპირებდა, იმდენი ბავშვი იყო იქ თავმოყრილი!
გაერთიანებული სამეფოსგან განსხვავდებით, სადაც შობა ზამთრის ცივ და ნისლიან პერიოდს ემთხვევა, ჩვენთვის შობა ნათელ, მზიან და ცხელ ამინდთან იყო დაკავშირებული. ის დღეც სწორედ ასეთი გახლდათ. ეკლესიის ეზოში ძალიან დიდი სატვირთო მანქანა იდგა და ვიცოდით, რომ, სავარაუდოდ, იქ უნდა ყოფილიყო საჩუქრები და ჩვენ ძალიან კარგად ვიქცეოდით, რომ სახლში საჩუქრის გარეშე არ წავსულიყავით. მოთმინებით ველოდი ჩემს რიგს და ბოლოს მივიღე კიდეც ყუთი, რომელზეც ჩემი ასაკი და სქესი იყო აღნიშნული.
აქვე უნდა შევნიშნო, რომ არ მახსოვს, რა საჩუქრები ეწყო ყუთში, რადგან ჩემთვის სიყვარული მაინცდამაინც საჩუქრებით არ გამოიხატებოდა. სამაგიეროდ, მახსოვს ბავშვების სიხარული და აღფრთოვანება.
ჩემთვის სიყვარულის გამოხატვისა და მიღების საშუალება ადამიანებთან დროის გატარებაა. სწორედ ამიტომაც, ჩემი მეგობრების (რომელთა უმრავლესობაც უფრო ცუდ პირობებში ცხოვრობდა ჩემთან შედარებით) ბედნიერებისა და აღტაცების გაზიარება ჩემთვის დიდი გამხნევება იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოჯახები ბევრისთვის შეიძლება დიდად მნიშვნელოვანი არ იყო, ვიცოდით, რომ მორწმუნეთა სხეულის, ეკლესიის ნაწილი ვიყავით; ამიტომაც ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა ამ მორწმუნეთა მიერ გამოგზავნილი საჩუქრები, რომლებიც სიყვარულის, ზრუნვისა და ყურადღების სიმბოლოები იყო.
სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც მეც იმავეს ვაკეთებ დღეს: საშობაო საჩუქრებს ვალაგებ ფეხსაცმლის ყუთებში. მჯერა, რომ ეს ყუთები ბევრი ბავშვისათვის საშუალებაა იმისა, რომ იგრძნოს ყურადღება და სიყვარული საკუთარი ცხოვრების იმ სფეროში, სადაც თავს მიწიერი მშობლებისგან მიტოვებულად და დავიწყებულად გრძნობს, ან თავი უმნიშვნელო ჰგონია.
ეს არის შესაძლებლობა ამ ბავშვებისათვის, რომ ადგილობრივი ეკლესიების ლიდერების მეშვეობით იგრძნონ სიყვარული და სიხარული. შესაძლებლობა იმისა, რომ გაიგონ მათი უანგარო სულგრძელობის შესახებ. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმედი მაქვს, რომ ეს ყუთები იქნება სიმბოლო ღვთის სიყვარულის – „კარგი საწყაოსი, დატკეპნილის, გატენილისა და პირთამდე სავსესი“. – ამბობს ენ-მერი.
წყარო: https://www.christiantoday.com/