მზად იყავით, პასუხი გასცეთ მატერიალისტებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ევოლუციონიზმი მეცნიერებაა და რომ ყველა ნამდვილი მეცნიერი აღიარებს მას.
მეცნიერებისა და რწმენის ერთობა, განსაკუთრებით ბიბლიური ქრისტიანული რწმენისა, არის არა მხოლოდ მომავლის იმედი, არამედ ფაქტობრივად ეს არის წარსულის მიერ ჩვენთვის დატოვებული მემკვიდრეობა. ფრენსის ბეკონის, სერ ისააკ ნიუტონისა და სხვა გამოჩენილ მეცნიერთა მოღვაწეობის დროს, რომელთაც საფუძველი დაუდეს მეცნიერების ძირითად დისციპლინებს, არავინ სვამდა კითხვას: რა ადგილი უჭირავს კრეაციონიზმს მეცნიერებაში? მათ კარგად ესმოდათ, რომ შემოქმედი თავისი ქმნილების უკან იდგა. მათ მიაჩნდათ, რომ კრეაციონიზმი იყო საფუძველი მეცნიერების ყველა დარგში მოპოვებული ცოდნისა, რადგან ისინი ბუნებაში ხედავდნენ წესრიგს, სიზუსტესა და საგულდაგულოდ მოფიქრებულ და განხორციელებულ გეგმას. წესრიგისა და გეგმის უკან ყოველთვის შემოქმედი დგას, ხოლო კანონის უკან _ კანონმდებელი. ამგვარად, ისინი ხშირად წერდნენ ბუნების კანონებსა და ბუნების ღმერთზე. უმთავრესი მიზეზი, რის გამოც სვამენ კითხვას: რა ადგილი უჭირავს კრეაციონიზმს მეცნიერებაში? არის ის, რომ მეცნიერების ნიღაბს ამოფარებულმა დარვინიზმის (მატერიალიზმის) ფილოსოფიამ მოტყუებით შეაღწია და დაიპყრო უმაღლესი განათლების ცენტრები. დარვინიზმი ტროას ცხენია, სასიკვდილო ფილოსოფია, ინტელექტუალური სამეცნიერო თეორიის მოსასხამში გახვეული, რომლის მუცლიდან ძლიერი დამანგრეველი ძალა გამოვიდა და რომელმაც სამეცნიერო სფეროში მოღვაწე საზოგადოება მთლიანად დაატყვევა. მოდით, დავამსხვრიოთ ეს ბორკილები!
ჩარლზ დარვინს განათლება თეოლოგიის სფეროში ჰქონდა მიღებული, თუმცა შემდეგ, ის აშკარად გაუნაწყენდა ღმერთს და შეიცვალა მისდამი დამოკიდებულება, რადგან მან ღმერთის სიკეთის ცნება ვერ დაუკავშირა იმ ტანჯვას, რასაც თავის გარშემო ხედავდა. მისი ტანჯვა კიდევ უფრო გაძლიერდა სამი შვილის სიკვდილის შემდეგ. ჩარლზ დარვინს ასევე მძაფრი შინაგანი კონფლიქტიც არ აძლევდა მოსვენებას, რომელიც დაკავშირებული იყო მისი თეორიის მცდარობასა თუ ჭეშმარიტებასთან. ეს შინაგანი ჭიდილი იმდენად ძლიერი იყო, რომ 1875 წელს მან რობერტ ჰუკერს მისწერა, რომ მზად იყო თვითმკვლელობისათვის.
დარვინის ინტერესი მეცნიერების მიმართ უფრო მოყვარულის დამოკიდებულება იყო. დარვინის მსგავსად მეც თეოლოგიის სფეროში მაქვს განათლება მიღებული და ჩემი ინტერესი მეცნიერებისადმი ასევე მოყვარულის დამოკიდებულებაა. დარვინისგან განსხვავებით, მე არ ვარ გაბრაზებული ღმერთზე, რადგან ვაცნობიერებ, რომ დედამიწაზე არსებული ტანჯვის მიზეზი ადამიანის დაცემასა და ღმერთის წინააღმდეგ მისი ამბოხების შედეგებში მდგომარეობს. დარვინს კარგად არ შეუფასებია ედემის ბაღში ადამიანის მიერ ღმერთის წინააღმდეგ მოწყობილი ამბოხების საოცრად დიდი და ტრაგიკული შედეგები.
მთავარი აზრი
ამ თავის მთავარი აზრია ის, რომ მჯერა, კრეაციონიზმის ადგილი მეცნიერების საფუძველშია. თუმცაღა ამაში არ იგულისხმება ის, რომ იგი მხოლოდ საფუძველში უნდა დარჩეს, რადგანაც მხოლოდ ჩვეულებრივი, გაცვეთილი და უმნიშვნელო თეორიაა. მე ვგულისხმობ, რომ კრეაციონიზმი საფუძველს მიეკუთვნება იმიტომ, რომ ის ფუძემდებელია. რწმენა შესაქმისადმი და მოწიწება საკვირველი მრჩევლის საოცარი ქმნილებისადმი, რომელიც ჩვენი შემოქმედია, დასაწყისია ცოდნისა (მეცნიერებისა) და სიბრძნისა (ფილოსოფიისა). უფლის შიში ცოდნის სათავეა, სიბრძნე და დარიგება კი ბრიყვებს ეზიზღებათ (იგავ. 1:7)
მჯერა, რომ კრეაციონიზმის ადგილი, როგორც მეცნიერების ფუძემდებლისა, შეიძლება დამტკიცდეს ისტორიაზე, ფილოსოფიასა და ფაქტებზე დაყრდნობით. თუმცა, უპირველეს ყოვლისა, უნდა დავინახოთ განსხვავება ე. წ. პრაქტიკულ მეცნიერებასა და წარმოშობის მეცნიერებას შორის. პრაქტიკული მეცნიერება ნიშნავს სამეცნიერო მეთოდის გამოყენებას კაცობრიობის სასარგებლოდ (იდეალურ შემთხვევაში). (თუმცა ისიც ვიცით, რომ ახალი და უკეთესი ტექნოლოგიები შეიძლება გამოყენებული იქნას ადამიანთა მოდგმის გასანადგურებლად). წარმოშობის მეცნიერება შეისწავლის წარსულში მომხდარს და შესაბამისად, უფრო მეტად ფილოსოფიას მიეკუთვნება, ვიდრე მეცნიერებას, რადგან მეცნიერულ მეთოდებს ვერ გამოიყენებთ იმის შესამოწმებლად, რაც უკვე მოხდა თქვენს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე. იმისათვის, რომ რაიმე მოვლენა მეცნიერულად დამტკიცებული ფაქტი გახდეს, ის უნდა იძლეოდეს დაკვირვების საშუალებას, უნდა ჰქონდეს განმეორებადი და მტკიცებადი ხასიათი. როგორ შეძლებთ იმაზე დაკვირვებას, რაც თქვენს დაბადებამდე მოხდა? შესაძლოა, ამიტომაც ჰკითხა ღმერთმა იობს: შენ სად იყავი, დედამიწას რომ ვაფუძნებდი? (იობ. 38:4). შემდეგში, როცა ვინმე განგიცხადებთ, რომ თითქოსდა მეცნიერულად დამტკიცებული ფაქტია, რომ დედამიწა წარმოიშვა ან ჩამოყალიბდა დაახლოებით 4 1/2 მილიარდი წლის წინ, ჰკითხეთ მას: იქ იყავით? თქვენ თვითონ ადევნებდით თვალს ამ პროცესს? შეგიძლიათ გაიმეოროთ? შეგიძლიათ მაჩვენოთ? თუ არა, მაშ ეს არ ყოფილა მეცნიერული ფაქტი, ეს უბრალოდ შეხედულებათა სისტემაა. ეს თქვენი რწმენაა!
I. ისტორიული თვალსაზრისით
ის, რომ კრეაციონიზმის ადგილი მეცნიერების საფუძველშია, შეიძლება ისტორიულად იქნეს დამტკიცებული. ცოდნის მოპოვების მეცნიერული მეთოდის გამომგონებელი ლორდ ფრენსის ბეკონი (1561-1626) კრეაციონისტი იყო! ამას დაამატეთ ის ფაქტიც, რომ სამეცნიერო კვლევის სხვადასხვა დარგების დამფუძნებლები კრეაციონისტები იყვნენ, რასაც სააშკარაოზე გამოაქვს იმ მატერიალისტების მცდარი დასკვნა, რომლებიც აცხადებენ, რომ ყველა მეცნიერი ევოლუციონისტია და იმისათვის, რომ მეცნიერულად ჩაითვალოს რაიმე, მას წმინდა მატერიალისტური ახსნა უნდა მოეძებნებოდეს. ასეთი უსამართლო განცხადებები ჩვენს სასწავლო დაწესებულებებში დარვინიზმის ფართო გავრცელების შედეგია, თუმცა მიუხედავად დიდი სოციალური და ფულადი წნეხისა ძალაუფლების მქონე პირთა მხრიდან, არის ათასობით მეცნიერი, რომლებიც ქედს არ იდრეკენ დარვინის წინაშე. ჩარლზ დარვინის თანამედროვე გამოჩენილი მეცნიერები იყვნენ მაიკლ ფარადეი, სამუელ მორსი, მეთიუ ფონტეინ მორი, უილიამ ტომპსონი (ცნობილი, როგორც ლორდი კელვინი) და ჯეიმს კლარკ მაქსველი. XX და XXI საუკუნეების ცნობილი კრეაციონისტი მეცნიერები კი არიან ჰოვარდ ატვუდ კელი, ჰენრი მორისი, უოლტერ ბრაუნი, კარლ ბო, სერგეი გოლოვინი, სტივ ოსტინი, კენ ჰემი და დიუენ გიში. ჭეშმარიტების სინათლეზე ევოლუციონიზმის კერპების გამომჟღავნებისა და დამხობის კვალდაკვალ კიდევ უფრო იზრდება კრეაციონისტ მეცნიერთა რიცხვი.
ქვემოთ ჩამოთვლილია იმ რამდენიმე კრეაციონისტი მეცნიერის სახელი, რომლებმაც სათავე დაუდეს სამეცნიერო ცოდნის დარგებს:
დისციპლინა / შეტანილი წვლილი | მეცნიერი |
აბსოლიტური ტემპერატურის სკალა | ლორდი უილიამ კელვინი (1824-1907) |
ანტისეპტიკური ქირურგია | ჯოზეფ ლისტერი (1827-1912) |
ბაქტერიოლოგია | ლუი პასტერი (1822-1895) |
ბარომეტრი | ბლეზ პასკალი (1623-1662) |
ბიოგენეზისის კანონი | ლუი პასტერი (1822-1895) |
პროგრამირებადი მექანიკური გამომთვლელი მანქანა | ჩარლზ ბებიჯი (1792-1871) |
დიფერენციალური და ინტეგრალური გამოთვლის გამოგონება | სერ ისააკ ნიუტონი (1642-1727) |
ციურ სხეულთა მექანიკა | იოაჰან კელპერი (1571-1630) |
ქიმია | რობერტ ბოილი (1627-1691) |
სერ ისააკ ნიუტონი მრავალი მეცნიერის მიერ მიჩნეულია უდიდეს მეცნიერად დედამიწაზე ოდესმე მცხოვრებ მეცნიერთა შორის. თუმცაღა ევოლუციონისტების ლოგიკის თანახმად ისააკ ნიუტონი მეცნიერად არ ითვლება. იცით თუ არა, რომ ისააკ ნიუტონს არ რცხვენოდა იმისა, რომ კრეაციონისტი იყო და რომ მან ბიბლიის შესახებ უფრო მეტი დაწერა, ვიდრე მეცნიერების შესახებ? იმ მატერიალისტების საყურადღებოდ, რომლებიც აცხადებენ, რომ ყველაფერს ნატურალისტური ახსნა მოეძებნება და რომ არ სჯერათ სასწაულებისა, ვთხოვ, მხედველობაში მიიღონ შემდეგი ციტატა ისააკ ნიუტონის ნაშრომიდან: სამყარო არსებობს და ეს საოცარი ფაქტი უკვე სასწაულია; ის გვიმჟღავნებს უსასრულო ძალაუფლების არსებობის ყოვლისმომცველ მთლიანობას, რომელზეც დგას ყველაფერი და ყველა სამყარო მასშია მოქცეული. ამაში დაფარულია დიდი საიდუმლო, ჩვენთვის ცნობილი უდაო ფაქტი, რომელიც ღმერთის ყველა დამახასიათებელ თვისებას აერთიანებს. სერ ისააკ ნიუტონს მეც უდიდეს მეცნიერად მივიჩნევ, რადგან ყოვლისშემძლე ღმერთი თავად არის პირველი მეცნიერი. ის არა მხოლოდ უფალთა უფალი და მეფეთა მეფეა, არამედ მეცნიერთა მეცნიერიც!
ამგვარად, ჩემო ნატურალისტო მეგობარო, გჯერა, რომ ეს სამყარო არსებობს? კარგია! შენ უკვე გწამს სასწაულის! როგორ აღმოჩნდა ეს სამყარო აქ? თავისით შეიქმნა? თუ ასეა, შენ გჯერა ლოგიკური ტყუილის. იმისათვის, რომ რაღაც თავისით შეიქმნას ის უნდა არსებობდეს მანამ სანამ არსებობას დაიწყებს, სხვა შემთხვევაში ის ვერ შექმნის თავის თავს. ჩემი არჩევანი ისევე, როგორც მრავალი კვალიფიციური მეცნიერისა, არის _ მწამდეს მარადიული, ყოვლისშემძლე ღმერთის, რომელიც სასწაულებს ახდენს.
II. ფილოსოფიის თვალსაზრისით
ევოლუციონიზმი ახალი არ არის, რადგან ბერძენ ფილოსოფოსებს, ქრისტეს შობამდე ასეულობით წლებით ადრე, ევოლუციის შესახებ შეხედულებათა მთელი სისტემა გააჩნდათ და მათზე კიდევ უფრო ადრე – ინდუსებს. ამგვარად, სწორი არ იქნებოდა, ხაზი გადაგვესვა იმ ისტორიული მტკიცებულებებისათვის, რომელთა მიხედვითაც მეცნიერების სხვადასხვა დარგის დამფუძნებელ მეცნიერთა უმეტესობა კრეაციონისტი იყო და გვეთქვა, რომ მათ, იმ დროისათვის, სხვა არჩევანის საშუალება არ ჰქონდათ. რაც შეეხება ისტორიას, იცოდით, რომ მას შემდეგ, რაც გამოვიდა წიგნი სახეობათა წარმოშობა, გავრცელდა და პოპულარობა მოიპოვა, სწორედ მეცნიერები იყვნენ, რომლებიც ყველაზე მეტად შეეწინააღმდეგნენ დარვინის სწავლებას? ისინი კარგად ხედავდნენ იმ სერიოზულ ნაკლოვანებებს, რომლებიც გააჩნდა დარვინის თეორიას და კარგად უწყოდნენ იმასაც, რომ ის იოლას ვერ გავიდოდა ბრმა ვარაუდების გარეშე, რათა აეხსნა განსხვავებები მიკრო და მაკრო ევოლუციებს შორის. ის, რასაც მიკრო-ევოლუცია ეწოდება, სინამდვილეში არის შექმილ სახეობათა დადგენილ ფარგლებში მომხდარი ცვლილებები და ადაპტაცია, თუმცა უზარმაზარი რწმენაა საჭირო იმისათვის, რომ დაიჯერო, თითქოსდა სკვინჩას ნისკარტის ზომის ცვლილება ამტკიცებდეს იმას, რომ ალბერტ აინშტაინის ტვინი ამებისაგან წარმოიშვა! (და თვითონ ამება საიდანღა გაჩნდა?) მიკროევოლუცია ფაქტია, ხოლო მაკროევოლუცია – წამოსახვა!
სამეცნიერო მეთოდის გამომგონებელი – ფრენსის ბეკონი ის მატერიალისტი არ ყოფილა, ვისაც ბრმა შემთხვევითობისა სჯეროდა, არამედ ის იყო კრეაციონისტი და სწამდა, რომ სამყაროში გარკვეული წესრიგი, ხოლო ბუნებაში – კანონები არსებობს, რადგან წესრიგის მოყვარულმა შემოქმედმა სწორედ ამ კანონების მიხედვით მოაწესრიგა მსოფლიო. მატერიალისტი ვერ მოგიყვანთ ლოგიკურ მიზეზს, რის გამოც სჯერა, რომ შეიძლება სამყაროში არსებობდეს წესრიგი, ხოლო ბუნებაში – კანონები. მას არც ფილოსოფიური საფუძველი აქვს იმისათვის, რომ სჯეროდეს, თითქოს იგი ლოგიკურად ფიქრობს ან აზროვნებს. ძალუძს მას, მეცნიერულად დაამტკიცოს, როგორ წარმოიქმნება ქაოსიდან წესრიგი, როგორ შეიძლება არსებობდეს კანონი კანონმდებლის გარეშე, ან კიდევ, როგორ შეიძლება არსებობდეს ხელოვნება ხელოვანის გარეშე? დარვინმა გაათვითცნობიერა ეს სიძნელე და დაწერა, რომ თვალის ურთულესი აგებულების წარმოშობა ბრმა შემთხვევითობის შედეგად, გულწრფელად ვაღიარებ, ყველაზე დიდ სისულელედ მეჩვენება! (ეს, ალბათ, ყველაზე ჭკვიანურია, რაც კი ოდესმე დაუწერია ჩარლზ დარვინს!)
სორენ ლოვტრუპი წერდა, რომ დარვინიზმი მითია, რომელსაც ერთ დღესაც მეცნიერების ისტორიაში უდიდეს ტყუილთა რიცხვს მიათვლიან.
III. ფაქტებიდან გამომდინარე
ფაქტია, რომ ევოლუციის მტკიცებულებანი ისე ემხობა, როგორც ქვიშის სასახლე ტალღის გადავლისას. იცოდით, რომ დარვინს მტკიცედ სჯეროდა, რომ აღმოაჩენდნენ მისი თეორიის დამამტკიცებელ ნამარხებს. ნამარხებს, რომლებიც გარდამავალი ფორმების არსებობას დაადასტურებდა. ისტორიას მრავალი ხმაურიანი, გაზვიადებული განცხადება და გაყალბება ახსოვს, რომელთა შორისაც იყო პილტდაუნის ადამიანი, პითეკანტროფი და ნებრასკას ადამიანი. თუმცაღა, აღმოჩენილი ნამარხები უწინდებურად გამორიცხავენ დარვინის თეორიის მართებულობას. მილიონობით რგოლი კვლავ აკლია ჯაჭვს. სკოუპსის გახმაურებული საქმის (დეიტონი, ტენესის შტატი, 1925) მთავარი მტკიცებულება იყო კბილი, რომელიც სავარაუდოდ ადამიანის მსგავს მაიმუნს – ნებრასკას ადამიანს ეკუთვნოდა. ერთმა მხატვარმა გაზეთისათვის დახატა ეს ჰომინიდი და მისი ოჯახი. თუმცა, როცა ზუსტად ასეთი კბილი აღმოაჩინეს ყბის ძვალში, გაირკვა, რომ იგი გადაშენებულ ღორს ეკუთვნოდა. გამოვიდა, რომ ღორმა ევოლუციონისტები ასე მოხერხებულად გააცურა! თუმცა სამწუხაროდ, ამ ისტორიამ ისეთივე სათანადო გამოხმაურება ვერ ჰპოვა პრესაში, როგორც სიცრუემ ნებრასკას ადამიანის შესახებ.
უკვე არსებობს სხვა, უკვე გამომჟღავნებული გაყალბებანი, რომლებიც ადრე ევოლუციის თეორიის მტკიცებულებებად გამოიყენებოდა და დღემდე იბეჭდება სასკოლო სახელმძღვანელოებში. ორი ყველაზე ცხადი მაგალითია ხის ტანში ნაპოვნი ღამის პეპელა (Biston Betularia) და ერნესტ ჰეკელის მიერ დახატული დამახინჯებული ჩანასახის ხურათები, გარდა ამისა, ევოლუციონისტები გამუდმებით წრეზე დადიან, ნამარხების ასაკის დადგენას ფენების მეშვეობით ცდილობენ, ხოლო ფენების ასაკის დადგენას კი – ამ ფენებში აღმოჩენილი ნამარხების ასაკის მიხედვით. ამ თავხედურ თაღლითობათა შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მოსაპოვებლად მიმართეთ წიგნებს: ჯონათან უელსის ევოლუციის ხატები, სკოტ მ. რუსის ევოლუციის მარცხი, ჯონათან სარფატის ევოლუციური თეორიის გაბათილება, სერგეი გოლოვინის მითის ევოლუცია (როგორ იქცა ადამიანი მაიმუნად).
გარდა ამისა, იცით, რომ ჩარლზ დარვინი წიგნში სახეობათა წარმოშობა არც კი ცდილობს განმარტოს, როგორ წარმოიშვა ეს სახეობები? ის უბრალოდ მოგვითხრობს ევოლუციის პროცესის შესახებ, მაგრამ საიდან გაჩნდა ყველაფერი დასაწყისში? შეგიძლიათ გჯეროდეთ, რომ ყველაფერი არაფრიდან წამოიშვა და არავის მიერ არ არის შექმნილი, თუმცა ფაქტობრივად მეცნიერებას ჯერ არ დაუმტკიცებია ის, რომ შეიძლება ქმნილება შემოქმედის, ან კიდევ, წყარო სათავის გარეშე არსებობდეს. რას უზამთ არსებულ ფაქტებს?
დასკვნა
განა ფრენსის ბეკონი, სამეცნიერო მეთოდის გამომგონებელი, არ იყო ის ადამიანი, ვინც დაწერა, რომ მეცნიერების შესწავლა ღმერთის ფიქრებით ფიქრია? რატომ უნდა განეცხადებინა მას ასეთი რამ? იმიტომ, რომ მიუკერძოებელი მკვლევარისათვის ბრძენმა შემოქმედმა საკუთარი თითის ანაბეჭდები თავის ყველა ქმნილებაზე დატოვა, იქნება ეს ჩვენს გარშემო არსებული ბუნება თუ ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჩვენს ზემოთ. ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო (ფსალ. 18:2).
უილიამ ფეილის არგუმენტი არაერთხელ შეამოწმეს, თუმცა ვერც ერთხელ ვერ გააბათილეს, რადგან მეცნიერების მთავარი კანონის თანახმად, ყოველ შედეგს თავისი გამომწვევი მიზეზი უნდა ჰქონდეს. ამგვარად, ლოგიკა მოითხოვს, რომ ყოველ ქმნილებას შემოქმედი უნდა ჰყავდეს. ზოგჯერ ჩნდება კითხვა: ვინ შექმნა ღმერთი? მაგრამ ეს კითხვა უკვე თავისთავად მოწმობს იმაზე, რომ შემკითხველს არ ესმის, თუ ვინ არის ღმერთი. ღმერთი შედეგი არ არის! ის მარადიული, ყოვლისშემძლე პირველმიზეზია!
ფეილის არგუმენტის მიხედვით, ადამიანმა, რომელიც ქვიშაში საათს იპოვის, იცის, რომ ეს საგანი ჭკვიანი ოსტატის შექმნილია და არა შემთხვევით გაჩენილი საიდანღაც, ასევე ცხადია, რომ მთელი ქმნილება ღაღადებს: არსებობს შემოქმედი! ასევე იმასაც, რომ ჩვენ პიროვნებები ვართ, მივყავართ ლოგიკურ დასკვნამდე, რომ შემოქმედიც პიროვნება უნდა იყოს. საიდან უნდა წარმოიშვას პიროვნება თუ არა თვითონ პიროვნებიდან? კრეაციონიზმის ადგილი ყველანაირი მეცნიერული ცოდნის საფუძველშია. თავად ღმერთისათვის ეს საკითხი სულაც არ არის უმნიშვნელო.
ვინაიდან ცხადდება ზეციდან ღვთის რისხვა ადამიანთა ყოველგვარ უღმერთობასა და უსამართლობაზე, უსამართლობით რომ აბრკოლებენ ჭეშმარიტებას. იმიტომ, რომ ცხადია მათთვის, რაც ღმერთზე შეიძლება იცოდნენ, ვინაიდან ღმერთმა განუცხადა მათ. ვინაიდან მისი მარადიული ძალა და ღვთაება სოფლის დასაბამიდან ქმნილებათა ხილვით შეიცნობა, ასე რომ, მათ პატიება არა აქვთ. (რომ. 1:18-20).
როდესაც იობი დიდ მწუხარებაში იყო თავს დატეხილი უდიდესი განსაცდელის გამო, მან ღმერთი გამოიწვია შემდეგი სიტყვებით: ნეტავ, შემეძლოს ყოვლისშემძლესთან კამათი. როცა ამის შესაძლებლობა მიეცა, იობი ამისათვის მზად არ აღმოჩნდა. ღმერთმა ათასობით სამეცნიერო შეკითხვა ერთმანეთის მიყოლებით დაუსვა და იობმა აღიარა, რომ ათასი შეკითხვიდან ერთსაც ვერ გასცემდა პასუხს. მოდით, ვიყოთ ბრძენნი. მოდით, ვეძიოთ ცოდნა (მეცნიერება) და სიბრძნე (ფილოსოფია) ჭეშმარიტების წყაროში, რომელიც არის თავად შემოქმედი!
ავტორი: რიკ დეიტონი