„ახალი იმედი 2021 წლისთვის“

by თამუნა ბაღდავაძე
78 ნახვა

ახალი წელი სავსეა იმედით, რადგან ის ახალ დასაწყისს გვპირდება, მაგრამ ზოგიერთი ჩვენგანისთვის 2021 წელი, შესაძლოა, არ გამოიყურება დიდად დამაიმედებლად. ჩვენ შეიძლება ჯერ კიდევ განვიცდით დამანგრეველ დანაკარგს,  ფინანსურ არასტაბილურობას, ჩვენი დაცულობისა და უსაფრთხოების რღვევას. როდესაც ვფიქრობთ 2020 წლის მოვლენებზე, ზოგიერთი ჩვენგანიც, შესაძლოა, იმავეს ხედავს, რაც ნოემ დაინახა კიდობნიდან გამოსვლის შემდეგ – დიდი გრიგალისგან დარჩენილი ნაშთები ირგვლივ და არანაირი გზა წინ.

ერთი წუთით დაფიქრდით და წარმოიდგინეთ ნოე, რომელიც კიდობნიდან იხედება და ერთადერთი, რასაც ის ხედავს, წყალია ირგვლივ. მასში ჩადის საღამოს მზე, მასში აირეკლება ღრუბლები, და თავად კიდობანიც მისით არის გარშემორტყმული.  წყალია ყველგან:  ჩრდილოეთით, სამხრეთით, აღმოსავლეთით თუ დასავლეთით.

ნოე ვეღარც იხსენებს, რა უნახავს მანამდე წყლის გარდა. სამყარო განადგურებულია. ეს თითქოს ყველაფრის დასასრულია. მან და მისმა შვილებმა ის-ის იყო, ბოლო ცხოველი შეიყვანეს კიდობანში და ზეცამ ათასობით ჰიდრანტი გახსნა. რამდენიმე წამში კი კიდობანი უკვე მიცურავდა. უამრავი დღე წვიმდა და კვირების განმავლობაში ნოე ფიქრობდა: „ნეტავ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს?“ გარკვეული დროის შემდეგ, ალბათ, იმედის დაკარგვაც დაიწყო. შეუძლია კი ღმერთს, აღადგინოს ეს სამყარო? ძალუძს ხელახლა დაწყება? შეუძლია მას, რომ ყველაფერი თავიდან დავიწყოთ?

უეცრად კიდობანი რაღაცას შეეჯახა და რყევა შეწყდა. ნოეს მეუღლემ გახედა ქმარს. ნოემ დარაბა გახსნა და გარეთ გაიხედა. კიდობნის კორპუსი მიწაზე იყო, მაგრამ მიწა ჯერ კიდევ წყლით იყო გარშემორტყმული. „ნოე!“ – დაიყვირა ცოლმა, – „რას ხედავ?“ – „წყალს.“ – უპასუხა ნოემ.

მან ჯერ ყორანი გაგზავნა დასაზვერად. ის აღარ დაბრუნებულა. შემდგომ მტრედი გაუშვა. ის დაბრუნდა აკანკალებული და ძალაგამოცლილი, რადგან ვერ იპოვა დასაჯდომი ადგილი. დილით კი ნოემ ისევ სცადა. ამოიყვანა მტრედი და კიდობნის კიბეს მაღლა აუყვა. მან ლოცვით გააცილა მტრედი და თვალი არ მოუშორებია, ვიდრე ის ლაქასავით არ დაპატარავდა.

მთელი დღე ელოდებოდა ნოე მტრედის დაბრუნებას.

ახლა უკვე მზე ჩადის, ზეცა ბნელდება და ის მიდის ბოლოჯერ, რომ ნახოს, მაგრამ ერთადერთი, რასაც ხედავს, წყალია. წყალია ჩრდილოეთით, წყალია სამხრეთით, წყალია ყველგან…

თქვენთვის ნაცნობია ეს გრძნობა. თქვენც მდგარხართ იქ, სადაც ნოე იდგა. თქვენც იგემეთ „წყალდიდობის“ თქვენი წილი, როდესაც წუხილით აღვსილი იდექით სასაფლაოზე; მრისხანებდით სხეულში არსებული უძლურების გამო; შიში გიპყრობდათ პანდემიის გაურკვევლობის წინაშე მდგომს… თქვენ ნანახი გაქვთ წყლის მოვარდნა და ალბათ, თქვენს იმედებსა და ოცნებებზე მზის ჩასვლაც გექნებათ ნანახი. გამოგიცდიათ ის, რაც ნოემ გამოცადა. თქვენც ზუსტად ის გჭირდებოდათ და გჭირდებათ, რაც სჭირდებოდა ნოეს. თქვენ გჭირდებოდათ იმედი.

მოხუცი მეზღვაური ჰორიზონტის მიერ ორად გახლეჩილ მზეს შეჰყურებდა. ის უკვე მორიგი დღის დასასრულისთვის ემზადებოდა, როდესაც მას მტრედის ღუღუნი მოესმა. ასე აღწერს ბიბლია ამ მომენტს:

და დაბრუნდა მასთან მტრედი საღამო ჟამს და მას ზეთისხილის რტო ეჭირა პირში.

დაბადების 8:11

ზეთისხილის რტო. ნოე ბედნიერი იქნებოდა მტრედის დაბრუნებით, მაგრამ ზეთისხილის რტოთი!.. ეს რტო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ მცენარე. ეს იყო დაპირება! ფრინველმა ხის ნაგლეჯზე მეტი მოიტანა. მან მოიტანა იმედი. განა ეს ის არ არის, რასაც იმედი წარმოადგენს? იმედი არის ზეთისხილის რტო – მოწმობა იმისა, რომ მიწა გამოშრა წყალდიდობის მერე. მტკიცებულება მეოცნებისთვის, რომ ოცნება ღირს რისკად.

ამრიგად, მსოფლიოს ყველა ნოესთვის, ყველასთვის, ვინც ჰორიზონტზე იმედის ამობრწყინებას ელის, ღმერთი აცხადებს: „დიახ!“ და ის მოდის, როგორც მტრედი, მოდის დაპირების რტოთი, რომ მას შეუძლია ყველაფერ ახლის შექმნა. მიიღეთ დღეს ღვთის რტო თქვენს ცხოვრებაში და გადადგით საპასუხო ნაბიჯი დაპირებისკენ, რომ მიუხედავად იმედგაცრუებისა, შინაგანი ტკივილისა და სირთულეებისა, თქვენ ეს გადაიტანეთ, გადარჩით და ახლა შეგიძლიათ, თავიდან დაიწყოთ.

მაქს ლუკადო


ამავე კატეგორიის