„ქრისტიანობა − არჩეული ტანჯვით ცხოვრება”

by ნატალია ჩიქოვანი
88 ნახვა

ტანჯვა ნორმალური არ არის. ადამიანთა მოდგმა გაურბის მას; უსაფრთხო სამეზობლოში გადავდივართ საცხოვრებლად; ზომიერ კლიმატს ვირჩევთ. ჰაერგამაგრილებლებს ვყიდულობთ; ასპირინს ვსვამთ; წვიმის დროს სახლში შევდივართ; ბნელ ქუჩებს თავს ვარიდებთ; სასმელ წყალს ვფილტრავთ. ჩვეულებისამებრ, არ ვირჩევთ ცხოვრების ისეთ გზას, რომელიც გამოიწვევდა ჩვენს „სიკვდილს ყოველ საათში.“ პავლეს ცხოვრება ნორმალური ადამიანური არჩევანისაგან განსხვავდება. თითქმის არც ერთი რეკლამა არ გვიზიდავს და არ აღძრავს ჩვენში ყოველდღიურად სიკვდილის სურვილს.

მაშ, რა აღანთებს მოციქულ პავლეს, როცა ამბობს: „რადგან, როგორც ქრისტეს ტანჯვანი არიან მრავლად ჩვენში, ასევე მრავლდება ჩვენი ნუგეშისცემა ქრისტეს მიერ“ (2 კორინთელთა 1:5). რამ აარჩევინა შიმშილი და წყურვილი… სიღარიბე… შეურაცხყოფა… უსახლკარობა… დევნილობა… გვემა… სახელის გატეხა… რამ აარჩევინა მას, „გამხდარიყო განახვეტი სოფლისა, ყველაფრის ნაგავი აქამდე“ (1 კორინთელთა 4:11-13)?

და თუ მხოლოდ ამ ცხოვრებაში ვართ ქრისტეს მოიმედენი, ყველა ადამიანზე საცოდავები ვყოფილვართ.

1 კორინთელთა 15:19

პავლეს ქრისტიანული ცხოვრება იყო ნებით არჩეული შესაწირავი ამ დედამიწაზე, რათა მივიღოთ ქრისტესთან ურთიერთობის სიხარული მისი მოსვლისას. აი, როგორ განმარტავს ამას თავად პავლე: „მაგრამ, რაც ჩემთვის მოგება იყო, წაგებად ჩავთვალე ქრისტეს გულისათვის. ახლაც ყველაფერი წაგებად მიმაჩნია, ჩემი უფლის იესო ქრისტეს ცოდნის უპირატესობისათვის, რის გამოც უარი ვთქვი ყოველივეზე და რის გამოც ყველაფერს ნაგვად მივიჩნევ, რათა ქრისტე შევიძინო… რათა შევიცნო იგი… და მის ტანჯვებში თანაზიარება… რათა როგორმე მივწვდე მკვდრეთით აღდგომას“ (ფილიპელთა 3:7-8; 10-11). და კვლავ ვიტყვი: ქრისტესმიერი მოწოდება ნიშნავს მისთვის ცხოვრების შეწირვას და ყველაფრის დანაკარგად მიჩნევას. ტანჯვა უგუნური არჩევანი იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო მკვდრეთით აღდგომა. ეს არის პავლეს შეგნებული არჩევანი. ეს არის პავლეს არჩევანი. ის არ არის ვალდებული, რომ იცხოვროს ამ გზით, თუმცა მას ირჩევს და „ყოველ წუთს კვდება!“ „ყოველდღე კვდება!“ ის ირჩევს გზას, რომელიც ყოველდღე მიუძღვება მას ტანჯვისა და ყოველდღიური ტკივილით აღსავსე ცხოვრებისაკენ.

ფილიპელთა მიმართ წერილში პავლე, ყველასთვის გასაკვირად, ტანჯვას უწოდებს საჩუქარს, ისევე, როგორც რწმენა არის საჩუქარი.

ვინაიდან ქრისტეს გულისათვის მოგეცათ თქვენ, არა მარტო რწმენა, არამედ მისთვის ტანჯვაც.

ფილიპელთა 1:29

ეს არ ნიშნავს, რომ „საჩუქარს“, რომელიც მას მიეცა, როგორც მისი მოწაფეობის შემადგენელი ნაწილი, პავლე მხოლოდ მოციქულობის საზღაურად მიიჩნევს. იგი „ებოძა“ ფილიპელ მორწმუნეებსაც, მთელ ეკლესიას.

ადამიანებმა, რომლებმაც იტანჯეს ქრისტეს გამო, უცნაური რამ აღმოაჩინეს − ტანჯვა საჩუქარია, რომელიც უნდა აიტანო, მიიღო, გულში ჩაიკრა, მოეხვიო. ალექსანდრე სოლჟენიცინი ციხეში გატარებულ დროსა და ყველა გადატანილ ტკივილს საჩუქარს უწოდებდა. ის ამბობდა: „ეს მოხდა მაშინ, როდესაც პირველად იმ აყროლებული ციხის ნამჯის ლეიბზე დავწექი და პირველად ვიგრძენი შინაგანში სიკეთის მოქმედება. თანდათანობით გამიცხადდა, რომ კეთილსა და ბოროტს შორის ხაზი ადამიანთა გულებს შორის გადის და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, სახელმწიფოს ან კლასებს შორის, ანუ ყოველი ადამიანის გულში და ყოველი ადამიანის გულზე…”

ჩნდება კითხვა: პავლემ მხოლოდ იმის დასადასტურებლად მიიღო ტანჯვა, რომ ის უბრალოდ ქრისტეს ერთგული მოციქული იყო? იესომ თქვა: „თუ ვინმეს სურს გამომყვეს, უარყოს თავისი თავი, ყოველდღე იტვირთავდეს თავის ჯვარს და მომყვებოდეს… ვისაც სურს თავისი სული იხსნას, იგი დაღუპავს მას, ხოლო ვინც ჩემი გულისთვის დაღუპავს მას, იგი იხსნის მას“ (ლუკა 9:23, 24). ამრიგად, არ არსებობს ჭეშმარიტი ქრისტიანობა ჯვრის უტვირთველად და ყოველდღიური სიკვდილის გარეშე, რაც ძალიან ჰგავს პავლეს სიტყვებს – „ყოველდღე ვკვდები“ (1 კორინთელთა 15:31).

ჯონ ფაიფერი

ამავე კატეგორიის