„ყველაფერი ღმერთით იწყება”

by ნინო ხუროშვილი
85 ნახვა

რადგანაც მასში შეიქმნა ყოველი, მიწიერიც და ზეციერიც; ხილული თუ უხილავი, საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანი – ყველაფერი მის მიერ და მისთვის შეიქმნა.

კოლასელთა 1:16

თუ გსურთ იმის გაგება, რისთვის გაჩნდით ამქვეყნად, ღმერთით უნდა დაიწყოთ. თქვენი დაბადება ღვთის მიერ იყო ჩაფიქრებული. ცხოვრების აზრის ძიება უკვე მრავალი საუკუნეა აღელვებს კაცობრიობას, მაგრამ, ჩვეულებისამებრ, ადამიანი ათვლის მცდარ წერტილს ირჩევს და ცხოვრების საზრისს საკუთარ თავში ეძებს, არადა ძებნა შემოქმედი ღმერთისგან უნდა დავიწყოთ და უნდა გვესმოდეს, რომ მხოლოდ იმიტომ ვარსებობთ, რომ ღმერთმა ინება ასე.

უნდა გვესმოდეს, რომ ღმერთის მიერ და ღმერთისთვის ვართ შექმნილნი. ასე თუ არ ვიფიქრებთ, სიცოცხლე უაზროდ და გაუგებრად მოგვეჩვენება. მხოლოდ ღმერთში შევძლებთ ჩვენი ჭეშმარიტი წარმომავლობის გაგებას, საკუთარი „მეს“ პოვნას, ცხოვრების აზრისა და დანიშნულების შეცნობას.

ღმერთს არ დავუტოვებივართ ბნელში ვარაუდებისა და მოსაზრებათა იმედად. მან ცხადად განგვიმარტა, წმინდა წერილის მეშვეობით, ადამიანის ცხოვრების მიზნები. ღმერთი არა მხოლოდ ჩვენი ცხოვრების გააზრების ჭეშმარიტი კრიტერიუმია, არამედ მისი წყაროც გახლავთ. საკუთარი ცხოვრების დაიშნულების გასააზრებლად ღვთის სიტყვას უნდა მივმართოთ და არა საერო სიბრძნეს.

რომელშიც გავხდით მემკვიდრენი, რაც წინასწარვე განკუთვნილი იყო ჩვენთვის მისი განჩინების თანახმად, ვინც ყველაფერს აღასრულებს თავისი ნებით…

ეფესელთა 1:11

ამ მუხლში სამი მომენტის გამოყოფა შეიძლება:

1. საკუთარი „მეს“ პოვნა და ცხოვრების დანიშნულების გაგება იესო ქრისტესთან ურთიერთობის საშუალებით არის შესაძლებელი.

2. ღმერთი ბევრად უფრო ადრე ფიქრობდა თქვენზე, ვიდრე თქვენ დაიწყებდით მასზე ფიქრს. თქვენი ცხოვრების დანიშნულება ჯერ კიდევ მაშინ იყო დადგენილი, როცა დედის მუცელში არც იყავით ჩასახულნი.

3. თქვენი ცხოვრების აზრი და მიზანი არის ღმერთის უაღრესად დიდი ჩანაფიქრის ნაწილი. იგი აქ იწყება და მარადისობაში გრძელდება.

რიკ უორენი


ამავე კატეგორიის