ცინიზმი – ჩვენი დროის სენი

by ნინო ხუროშვილი
113 ნახვა

დევიდ დენბიმ, ჟურნალ New Yorker-ის კინოკრიტიკოსმა, 2009 წელს გამოაქვეყნა წიგნი, სახელწოდებით „გესლი“. წიგნში ავტორი შენიშნავს, რომ დამცინავი და გამქირდავი ტონი და საუბარი უფრო და უფრო იკიდებს ფეხს საზოგადოებრივ მეტყველებაში. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ინტერნეტმა კიდევ უფრო მეტი საკვები მასალა მისცა გესლს.

„გესლი“ მიზნად ისახავს არა მხოლოდ ვიღაცის პოზიციის გაბათილებას, არამედ მის დაკნინებას და მისი სახელის შელახვას. გესლიანი ადამიანი პატივს არ სცემს საპირისპირო აზრს და ზიზღნარევი, აგდებული ინტონაციითა და ად ჰომინემ მეთოდის გამოყენებით უპირისპირდება. [1]

მსხვილი გაზეთებისთვის მომუშავე ბევრი მიმომხილველიც სწორედ დაცინვით არის დაკავებული. დენბი მიუთითებს იმაზეც, რომ პოლიტიკაა გესლის მთავარი წყარო, რადგან ოპოზიციის შეურაცხყოფა, მისი ლაფში ამოსვრა (ნაცვლად, არგუმენტების ზრდილობიანი ფორმით გამოხატვისა), მის მიმართ უნდობლობისა და ეჭვის დათესვა ხშირად არჩევნებში გამარჯვების წინაპირობა გახლავთ.

რას ნიშნავს სიტყვა „გესლიანი“? იგავთა წიგნი ბევრგან ამახვილებს ყურადღებას მქირდავებზე. [2]

ცოტა ხნის წინ სწორედ იგავების წიგნს ვკითხულობდი და თვალში მომხვდა ხასიათი, რომელიც, დაახლოებით, 17-ჯერ გვხვდება ბიბლიის ამ წიგნში.  

მას „მქირდავი“ ან „თავქარიანი“ ეწოდება. „მქირდავის“ ქცევა ორი მახასიათებლით გამოირჩევა:

1) მას ახასიათებს დოგმატიზმი, შეზღუდული აზროვნება.

ის არასოდეს იტყვის: „შეიძლება, ამ საკითხში შევცდი“, ან „მე შევცდი ამ საკითხში“. მქირდავი ყოველთვის მართალია (იგავ. 13:1). მას არ ახასიათებს თავმდაბლობა, რაც ცვლილებების წინაპირობაა. იგავების 20:1-ში დაწერილია, რომ მქირდავს ისევე არ შეუძლია აზროვნება, როგორც უგონოდ მთვრალ ადამიანს.

2) მქირდავი არ იჩენს პატივისცემას მოწინააღმდეგეებისა და საერთოდ, საპირისპირო აზრის მიმართ.

მათი მიზანი საპირისპირო შეხედულების მხოლოდ გაბათილება კი არა, არამედ მისი დაკნინება, დამცირება და დაცინვაა (იგავები 9:7-8.) მის საუბარში მუდამ ზიზღი და ქედმაღლობა იგრძნობა.

დოგმატიზმი და აგდებული დამოკიდებულებაა ის, რისგანაც „მქირდავის“ სულიერი მდგომარეობა შედგება. იგავების წიგნის თანახმად, ეს ორი მახასიათებელი ინტელექტის ნაკლებობის ნიადაგზე როდია აღმოცენებული.  

იგავების წიგნში საუბარია ასევე გულუბრყვილო ადამიანებზე, რომლებსაც აკლიათ საღი აზრი, რაც დაუფიქრებლობით მოსდით, მაგრამ მქირდავები დაუფიქრებელნი და ჭკუას მოკლებულნი როდი არიან (14:6); ისინი, ხშირად, მახვილი გონებით გამოირჩევიან და შესაძლოა, სწორედ ამის გამო იძენენ ამ მავნე თვისებას.  

მათი მდგომარეობა მათი გონებრივი შესაძლებლობების მიერ კი არა, არამედ მათი გონებრივი განწყობის მიერაა გამოწვეული. განსაკუთრებით, ეს საკუთარი თავისა და შესაბამისად, ღმერთის მიმართ განწყობას შეეხება. ამგვარი განწყობა, უპირველესად, სიამაყით ხასიათდება (იგავები 21:24). მქირდავის მიმართ გამოყენებული სიტყვა „სიამაყის“ აღმნიშვნელი ებრაული სიტყვა ნიშნავს „ადამიანს, რომელსაც თავისებურად უნდა ყველაფრის გაკეთება, რომელსაც სურს, აკონტროლოს ყველა და ყველას მითითება მისცეს“.

მეორე, მქირდავნი აღსავსენი არიან ბრაზით (იგავები 9:8,15:25). ისინი არასოდეს იჩენენ მოწინააღმდეგისადმი სერიოზულ დამოკიდებულებას, მაგრამ ამის მიღმა, შესაძლოა, მათი დაუცველობა იდგეს. ზოგ შემთხვევაში, ამის მიზეზი წყენა და სიმწარეა. შესაძლოა, ისინი რაღაც მნიშვნელოვან საკითხში შეცდნენ, მაგრამ, ნაცვლად იმისა, რომ ღმერთისთვის დაეთმოთ გზა (რომაელთა 12:17-21), მათ თავად მოისურვეს ყველაფრის მოგვარება. მაგრამ ბევრ სხვა შემთხვევაში მქირდავებს უბრალოდ თავმდაბლობა და შინაგანი სიმშვიდე აკლიათ, რაც მხოლოდ სახარებას მოაქვს.

ვინ არიან ჩვენი დროის მქირდავები?

ერთი მხრივ, ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, შეითვისეს ნიცშეს შეგონება იმის შესახებ, თუ როგორ „ვიფილოსოფოსოთ ჩაქუჩით“. მიიჩნევენ, რომ ჭეშმარიტების შესახებ ყოველგვარი მტკიცება ძალაუფლების მოპოვებისკენ არის მიმართული. ისინი გრძნობენ შინაგან მოთხოვნილებას, რომ ამხილონ და მიწასთან გაასწორონ ნებისმიერი, ვისაც სერიოზული წინადადება აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იცხოვრონ ადამიანებმა. ისინი დასცინიან და აბუჩად იგდებენ ყველას, ვინც ამის შესახებ ქადაგებს. მეორე, ისინი იდეოლოგები არიან. იდეოლოგები კი ასეთები საკუთარი პოზიციისა თუ პოლიტიკის გამო კი არ არიან, არამედ იმის გამო, თუ როგორ დასცინიან და ჩირქს სცხებენ მოწინააღმდეგეებს მათი პოზიციის გამო. ისინი ასეთები იმიტომ არიან, რომ არასოდეს აღიარებენ საკუთარი პოლიტიკის საფრთხესა თუ სუსტ მხარეებს.

ამ გაგებით, ისინი კლასიკური „მქირდავები“ არიან, რომელთა შესახებაც გვაფრთხილებს ბიბლია. იდეოლოგები სულაც არ არიან ექსტრემისტები. ისინი შეიძლება სრულიად სხვადასხვა მოსაზრების იყვნენ. ქრისტიანებს შორის ბევრია ისეთი მორწმუნე, რომელიც ურწმუნოებისა და მცდარი აზრის შესახებ იძლევა გაფრთხილებას. ეს ნამდვილად აუცილებელია. ამის შესახებ იგავების წიგნშიც ვკითხულობთ (26:28), რომ „მლიქვნელი პირი“, რომელსაც არ სურს ძალაუფლების მქონეთა გაკრიტიკება, ნგრევის მომტანია ეკლესიისათვის.

მიუხედავად ამისა, ბევრი მორწმუნე, მაშინაც კი, როდესაც ყურადსაღები საკითხების შესახებ ასწავლის, ამას სწორედ იგავების წიგნში აღწერილი მქირდავისათვის დამახასიათებელი მანერით აკეთებს.  

ამ ბრალდების საპასუხოდ ზოგიერთი მათგანი მიუთითებს იმაზე, რომ ბიბლიის ავტორთაგან თუ პერსონაჟთაგან ზოგი სარკაზმის ენას იყენებდა. ეს მართალია და ამის დანახვა ადვილად შეიძლება ელიასა და ბაყალის წინასწარმეტყველებს შორის გამართულ კამათში (მე-3 მეფეთა მე-18 თავი), ანდა პავლეს მიერ კრიტიკულ მიმართვაში მათდამი, ვინც მას კიცხავდნენ (მე-2 კორინთელთა 10-13).  

სარკაზმი და ირონია შეიძლება ეფექტური საშუალება იყოს ადამიანის დასარწმუნებლად, მაგრამ ზიზღითა და აბუჩად აგდებით საქმე არ მოგვარდება. ასე მხოლოდ ცოდვილები მიმართავენ სხვა ცოდვილებს.

პავლე მოციქული აღწერს კომუნიკაციის თავისეულ მეთოდს კორინთოს ეკლესიის წევრთა მიმართ. ის წერს:

და მეც მოვედი თქვენთან… არა ამაღლებული სიტყვით ან სიბრძნით… ვიყავი თქვენთან უძლურებაში, შიშსა და დიდ ძრწოლაში.

1 კორინთელთა 2:1,3

ზემოხსენებულ მუხლებში გამოყენებული ორი სიტყვა „ამაღლებული სიტყვა“ (მჭევრმეტყველება) და „სიბრძნე“ (აღმატებული სიბრძნე) აღნიშნავს ბერძნულ-რომაულ კულტურაში ორატორთა მიერ გამოყენებულ ხერხებს.  

ენტონი თისელტონი, კორინთელთა მიმართ 1-ლი წერილის კომენტარებში განმარტავს ამ ტერმინებს. პირველი, ეს იყო „სიტყვიერი შევიწროება“ პიროვნული ძალის, ჭკუის, მედიდურობისა და სუპერ-დამაჯერებელი დემაგოგიის გამოყენებით, რაც მიმართული გახლდათ მსმენელის განიარაღებისკენ, რათა ისინი ყველაფერში დათანხმებოდნენ ორატორის მოსაზრებას.

მეორე, ეს იყო „მომხმარებელზე მორგებული“ რიტორიკა, რომელიც მიმართული გახლდათ ხალხში აღფრთოვანებისა და ოვაციის გამოწვევისკენ; რომელიც სარგებლობდა ბრბოს ცრურწმენებით, სიამაყითა და შიშით.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ხერხები ეფექტური იყო ხალხის მხარდაჭერის მოპოვებისთვის იმ კულტურაში (და ჩვენსაშიც!), პავლე უარს ამბობდა ამ რიტორიკულ სტრატეგიათა გამოყენებაზე, რადგან ორივე ხერხი მქირდავისათვის დამახასიათებელი გახლდათ.  

იგავების წიგნის თანახმად, რა მოსდის მქირდავს, იმ კაცს თუ ქალს, ვინც მუდამ მართალია, ვინც განაქიქებს საწინააღმდეგო მოსაზრებებს, ნაცვლად მათ შესახებ დაფიქრებისა? იგავების წიგნის მიხედვით, ასეთი ადამიანისათვის თავისი ქცევის პირველი ნაყოფი მარტოობაა (9:12).

მქირდავები შთაბეჭდილებას ახდენენ მგრძნობიარე ადამიანებზე, თუ მათ ხანგრძლივი მსჯელობის შესაძლებლობა ეძლევათ (19:25; 21:11), მაგრამ დროთა განმავლობაში მქირდავი არა მხოლოდ ანგრევს ურთიერთობებს, არამედ მას უფრო და უფრო ნაკლებად უსმენენ საჯაროდ (24:9.)

ხშირად მქირდავს საფუძვლიანი არგუმენტები აქვს, მაგრამ თავისი დოგმატური და ამპარტავნული დამოკიდებულების გამო, შეუძლებელია მშვიდობიანი გარემოს შენარჩუნება საზოგადოებაში. ეს იმიტომ ხდება, რომ მქირდავმა არ იცის, როგორ იცხოვროს იმ ადამიანებთან თანხმობაში, რომლებიც მას ყველაფერში კვერს არ უკრავენ. კიდნერის თქმით, პრობლემა ისაა, რომ „ზიანი, რომელსაც ის იწვევს, რიგითი უგუნურის მიერ გამოწვეული ზიანი კი არ არის, არამედ ‘განმაქიქებლის’ მიერ მოტანილი სერიოზული ზიანი…“ (კიდნერი, გვ. 42).

შესაბამისად, მქირდავები შეიძლება გაძევებულ იქნენ კიდეც საზოგადოებიდან (22:10).

ყველაზე საშინელი და სამართლიანი შედეგი მქირდავისათვის თავისი ქირდვისათვის გახლავთ საკუთარ თავზე იმავეს გამოცდა.  

[უფალი] თუ მასხარებს ამასხარავებს, თავმდაბლებს აძლევს იგი მადლს.

იგავ. 3:34

[1] მოწინააღმდეგეზე შეტევა ნაცვლად მისი არგუმენტის განხილვისა.

[2] ბიბლიის ქართულ თარგმანში ხშირად გვხვდება სიტყვა „თავქარიანი“, ან „ბრიყვი“; მთარგმნ. შენიშვნ. 

ტიმ კელერი


ამავე კატეგორიის