„აპატიეთ, რადგან გეპატიათ”

by თამუნა ბაღდავაძე
1.4K ნახვა

…როგორც ქრისტემ მოგიტევათ, თქვენც ასევე მიუტევეთ.

კოლასელთა 3:13

ბიბლიაში ნახსენებია სამი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა გაუშვათ წარსული და ადამიანები, რომელთაც ტკივილი მოგაყენეს და ეს მიზეზები არ არის დამოკიდებული იმაზე, დაიმსახურა თუ არა პატიება ადამიანმა.

თქვენ უნდა აპატიოთ მათ, ვინც ტკივილი მოგაყენათ, რადგან ღმერთმა გაპატიათ. კოლასელთა მიმართ წერილში (3:13) ნათქვამია: „…როგორც ქრისტემ მოგიტევათ, თქვენც ასევე მიუტევეთ.“ თუ გსურთ, რომ მიმტევებელი ადამიანი იყოთ, ჯერ ღვთიური პატიება უნდა მიიღოთ იესო ქრისტეს მეშვეობით. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღმერთი ადამიანურ სხეულში მოვიდა დედამიწაზე, რათა პატიება მოეტანა ოდესღაც ჩადენილი ყველა ცოდვის გამო. მან გადაიხადა ამ ცოდვების საზღაური, რათა ჩვენ აღარ გადაგვეხადა. ეს არის კეთილი უწყება.

თქვენ უნდა აპატიოთ მათ, ვინც ტკივილი მოგაყენათ, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, წყენა გაგაკონტროლებთ. ბიბლიაში, კერძოდ, ეკლესიასტეს წიგნში (7:9) ნათქვამია:

ნუ იჩქარებ გაბრაზებას, რადგან ბრიყვთა გულში ბუდობს სიბრაზე.

ეკლესიასტე 7:9

წყენა უბედურ ადამიანად გაქცევთ და წარსულში ჩარჩებით. ხოლო როდესაც წარსულში ხართ, წარსული გაკონტროლებთ თქვენ. ყოველთვის, როდესაც რაღაცით აღშფოთებული ხართ, კონტროლის ქვეშ იმყოფებით. ხანდახან თქვენ ნებას აძლევთ იმ ადამიანებს, რომელთაც ტკივილი მოგაყენეს ხუთი, ათი და ოცი წლის წინათაც კი, დღესაც დაგიჭრან გული. ნუ გააკეთებთ ამას. მათ აღარ ძალუძთ თქვენი დაჭრა. თქვენი წარსული წარსულში დარჩა. გაუშვით ის.

თქვენ უნდა აპატიოთ მათ, ვინც ტკივილი მოგაყენათ, რადგან მომავალში პატიება თავადაც დაგჭირდებათ. იესომ მათეს სახარების 6:14,15-ში თქვა:

ვინაიდან, თუ თქვენ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ თქვენი ზეციერი მამა. ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, არც თქვენი მამა მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს.

მათე 6:14-15

პატიება არის ქუჩა ორმხრივი მოძრაობით. თქვენ ვერ მიიღებთ იმას, რისი გაცემაც არ გსურთ.

ვიღაცამ ერთხელ მე-18 საუკუნის ღვთისმეტყველ ჯონ უესლის უთხრა: „მე ვერასდროს შევძლებ ამ ადამიანის პატიებას!“, რაზეც უესლიმ უპასუხა: „მაშინ იმედი მაქვს, რომ არასოდეს შესცოდავთ.“

თქვენ ხომ არ გსურთ იმ ხიდის დაწვა, რომლის მეშვეობითაც ხვდებიან ზეცაში?

იფიქრეთ ამაზე:

  • როგორ სიტუაციაში უნდა აპატიოთ, რომ წინ სვლა განაგრძოთ?
  • რა არის ისეთი ცოდვა, რომელსაც გგონიათ, რომ ვერასდროს მიუტევებთ?
  • რას ფიქრობთ, როგორი დამოკიდებულება აქვს ღმერთს ამ ცოდვის მიმართ?

რიკ უორენი


ამავე კატეგორიის