„ზეცა არ არის ჰალუცინაცია, ის რეალურია“

by მათე თხელიძე
322 ნახვა

მზარდი ათეიზმის, პოსტმოდერნისტული სკეპტიციზმის, ბიბლიის არცოდნის, ეგოიზმისა და საშინელი უზნეობის პირობებში, რას ფიქრობენ ადამიანები ზეცის შესახებ? ერთი რამ ცხადია: საზოგადოებაში არ შეინიშნება მზარდი ინტერესი ზეცის შესახებ ბიბლიური სწავლების მიმართ. პირიქით, ადამიანთა უმეტესობას ზეცის შესახებ ისეთი წარმოდგენა აქვს, როგორიც მისთვის არის მისაღები და მოსაწონი.

დღეს არსებული შეხედულებები ზეცის შესახებ, ძირითადად, ადამიანური წარმოსახვის ნაყოფია, რასაც არაფერი აქვს საერთო ღვთის სიტყვაში აღწერილ ქრისტეს დიდებულ სასუფეველთან.

იმ ქვეყნად მოგზაურობის ამსახველი მისტიკური ჩანაწერების კითხვას და შესწავლას არაფერი მოაქვს, გარდა დაბნეულობის, ცრუ იმედის და არასწორი მოძღვრებისა. ამგვარი მცდელობანი იმის მანიშნებელია, თუ როგორ სწყურიათ ადამიანებს ზეცის შესახებ გაგება და თავად ამ სურვილში არაფერია ცუდი, რა თქმა უნდა.

ეს არის სურვილი, რომელიც შეიძლება სასიკეთოდ იქნეს გამოყენებული, თუკი წმინდა წერილს მივმართავთ, თუ ღვთის სიტყვიდან შევიძენთ ცოდნას ზეცის შესახებ. ქრისტიანებისათვის მართებული და სასარგებლოა ზეცისადმი მზერის მიპყრობა და მისკენ სწრაფვა:

ამგვარად, თუ თქვენ აღდექით ქრისტესთან ერთად, ეძიეთ მაღლა, სადაც ქრისტე ზის ღვთის მარჯვნივ. ზეციერზე იფიქრეთ და არა მიწიერზე.

კოლასელთა 3:1-2

როცა ვუყურებთ არა ხილულს, არამედ უხილავს, ვინაიდან ხილული დროებითია, ხოლო უხილავი – საუკუნო.

მე-2 კორინთელთა 4:18

რადგან ჩვენი მოქალაქეობა ზეცაშია, საიდანაც ველით მაცხოვარს, უფალ იესო ქრისტეს.

ფილიპელთა 3:20

ამგვარი თვალთახედვა ჭეშმარიტი რწმენის არსია ებრაელთა მიმართ წერილის მე-11 თავის მიხედვით. ჭეშმარიტი ბიბლიური რწმენის მქონე ადამიანები უცხონი და მწირნი არიან ამ წუთისოფელში (ებრაელთა 11:13). ისინი ზეციურ სამშობლოს ეძებენ (ებრაელთა 11:14). მათ სურთ

უკეთესი, ესე იგი, ზეციური… ამიტომ ღმერთსაც არ ეთაკილება, რომ თავის თავს მათი ღმერთი უწოდოს, ვინაიდან მან მოუმზადა მათ ქალაქი.

ებრაელთა 11:16

„ქალაქი“, რომლის შესახებაც ვკითხულობთ ზემოხსენებულ მუხლში, არის ზეციური იერუსალიმი, ადამიანის გონებისათვის წარმოუდგენელი ადგილი, ზეცის დედაქალაქი, რომელიც იქნება გამოსყიდულთა სამუდამო სამკვიდრო.  

ჩარლზ სპერჯენი წერდა:

ნურასოდეს იფიქრებთ, რომ წარმოსახვას შეუძლია ზეცის წარმოდგენა. ადამიანის გულში არ შეუღწევია იმ ყველაფერს, რომელიც ღმერთმა მოუმზადა თავის მოყვარულებს.

წარმოსახვა კარგია, მაგრამ არა იმისათვის, რომ ზეცა წარმოვისახოთ. დროთა განმავლობაში დაინახავთ, რომ თქვენი წარმოდგენა ზეცის შესახებ სრულიად მცდარია. ეს წარმოდგენა ისევე გაქრება, როგორც ღრუბლები ძლიერი ქარისას, რადგან წარმოსახვას არ შეუძლია ზეცის აღქმა.

რაც თვალს არ უნახავს, ყურს არ სმენია, კაცს გულში არ გაუვლია, ღმერთმა ის მოუმზადა თავის მოყვარულებს.

1-ლი კორინთელთა 2:9

ჯონ მაკარტური


ამავე კატეგორიის