ლოცვა, რომელსაც პასუხს სცემს ღმერთი

by თამუნა ბაღდავაძე
4K ნახვა

არსებობს მხოლოდ ერთი სახის ლოცვა, რომელსაც პასუხს სცემს ღმერთი. ესაა რწმენის ლოცვა. მათეს სახარებაში (9:29) ნათქვამია: „თქვენი რწმენისამებრ მოგეგოთ.“ ჩვენ ცოტას ვხედავთ ჩვენს ცხოვრებაში, რადგან ძალიან ცოტას ველოდებით.

რა არის რწმენა? შესაძლოა, თქვენ მიპასუხოთ: „მე მწამს, რომ ღმერთს შეუძლია ამის გაკეთება!“ ეს არ არის რწმენა, ეს უბრალოდ ფაქტია. ღმერთს შეუძლია ამის გაკეთება, მიუხედავად იმისა, გწამთ თუ არა ამის. „მე მჯერა, რომ, სავარაუდოდ, ღმერთი გააკეთებს ამას“ − ამის თქმაც არ გახლავთ რწმენა. აქ საუბარია იმედზე. „მე მტკიცედ მჯერა, რომ ღმერთი გააკეთებს ამას“ − აი, რა არის რწმენა.

ზოგიერთი ადამიანი ლოცულობს თავის სულიერ, ფინანსურ და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. ისინი ფიქრობენ, რომ რადგან ითხოვენ კარგს და სურთ კარგი, ღმერთი უპასუხებს მათ ლოცვას, მაგრამ სურვილი რწმენა არ არის. სურვილს შეუძლია, რწმენასთან მიიყვანოს ადამიანი, მაგრამ თავად სურვილი არ გახლავთ რწმენა.

მე თუ ავიღებ თესლს და მიწაში ჩავაგდებ, რამდენიმე თვეში ამ თესლიდან აღმოცენდება პომიდორი და მოვკრეფ ნაყოფს. ეს სასწაული იქნება? არა. მე უბრალოდ ვმოქმედებდი ღვთის მიერ დაწესებული კანონზომიერების მიხედვით და ამიტომაც გამოვიდა ყველაფერი. მაშინ, როცა ვლოცულობ, მწამს, ვიცავ წმინდა წერილში დადგენილ პირობებს და ღმერთი მიბრუნებს პასუხს, ეს სასწაულია? არა. ეს უბრალოდ ღვთის მიერ დადგენილი უნივერსალური ცხოვრებისეული კანონების შესაბამისად ხდება.

ბიბლიაში ნათქვამია „თქვენი რწმენისამებრ“ და არა „თქვენი შესაძლებლობებისამებრ“, თუ „თქვენი განათლებისამებრ“, ან იმის მიხედვით, თუ რამდენად კარგი ადამიანი ხართ. წმინდა წერილის პირობებს თუ შეესაბამება თქვენი ცხოვრება, ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთთან წრფელი ურთიერთობა გაქვთ, მიუტევებთ სხვებს, მზად ხართ, „განუმარტოთ ყველას თქვენი იმედის შესახებ“ (1-ლი პეტრე 3:15); ღმერთს თუ რწმენით სთხოვთ რაღაცას, ეს იმაზე მიუთითებს, რომ გაქვთ სრული უფლება, ელოდოთ ღვთის პასუხს თქვენს ლოცვაზე.

რიკ უორენი


ამავე კატეგორიის