„მცნებად მოგვეცა, რომ ვემსახუროთ…”

by ნატალია ჩიქოვანი
252 ნახვა

ვისაც თქვენ შორის დიდობა სურს, თქვენი მსახური იყოს, ვისაც თქვენ შორის პირველობა სურს, თქვენი მონა იყოს. ისევე, როგორც კაცის ძე არ მოსულა იმისთვის, რომ ემსახურონ, არამედ იმისთვის, რომ თავად მოემსახუროს და თავი შესწიროს მრავალთა გამოსასყიდად.

მათე 20:26-28

ქრისტიანისთვის მსახურება არ არის არჩევითი, რომელიც ერთგვარი დანამატი იქნება ყოველდღიურ განრიგში, თუკი მას თავისუფალი დრო გამოუჩნდება. ქრისტიანისთვის მსახურება უფლისგან მოცემული მცნებაა. იესო მოვიდა, რათა „ემსახუროს“ და „თავი შესწიროს“ და ეს ორი ზმნა უნდა განსაზღვრავდეს ქრისტიანის მიწიერ ცხოვრებას. დედა ტერეზამ ერთხელ თქვა: „წმინდა ცხოვრება ისაა, რომ ღიმილით ვაკეთოთ ღვთის საქმე.“

სულიერი სიმწიფე ქრისტიანისთვის თვითმიზანი არ არის, იგი მსახურებისთვის არის საჭირო. ჩვენ იმისთვის ვიზრდებით, რომ გაცემა შევძლოთ. არ არის საჭირო, გვესმოდეს სულ უფრო და უფრო მეტი, საჭიროა, საკუთარი მოწოდების შესაბამისად ვიმოქმედოთ, რათა სიტყვა და საქმე ერთმანეთს შეესაბამებოდეს. ცოდნას, რომელიც ვერ განხორციელდა ჩვენს ცხოვრებაში, სასოწარკვეთილებამდე მივყავართ.

სწავლება მსახურების გარეშე სულიერი უძრაობის შედეგი ხდება. გალილეის ზღვა სიცოცხლით არის სავსე, მკვდარ ზღვაში კი სიცოცხლის ნიშანწყალი არ შეიმჩნევა, რადგან მისგან არც ერთი მდინარე არ გამოედინება − იგი არაფერს გასცემს.

თანამედროვე ქრისტიანებს არ სჭირდებათ ბევრ ღვთისმსახურებასა და სწავლებაზე დასწრება იმისათვის, რომ რაღაც ისწავლონ. მათ ისედაც იმაზე გაცილებით მეტი იციან, ვიდრე პრაქტიკაში იყენებენ. ჩვენ გვჭირდება პრაქტიკული შესაძლებლობები, რათა დავხარჯოთ ჩვენი პოტენციალი უფლის საქმეში. ეს იქნება საწინდარი ჩვენი „სულიერი კუნთების“ სიძლიერისა.

სხვა ადამიანის მიმართ მსახურება ეწინააღმდეგება ჩვენს ბუნებრივ მიდრეკილებებს. სინამდვილეში გვსურს, რომ ჩვენ გვემსახურონ და არა პირიქით. „მე ვეძებ ეკლესიას, სადაც შევძლებ ვიმსახურო და სხვებისთვის კურთხევად ვიქცე“, – ვამბობთ ჩვენ, მაგრამ სინამდვილეში ველით, რომ სხვა მოგვემსახურება.

სულიერი ზრდის კვალდაკვალ იზრდება სურვილი იმისა, რომ სხვებს ვემსახუროთ. „გაზრდილი“ ქრისტიანი აღარ სვამს კითხვას: „ვინ დააკმაყოფილებს ჩემს საჭიროებათ?“, არამედ ამბობს: „რის გაკეთება შემიძლია სხვისთვის?…“

ოდესმე დაგისვამთ ეს კითხვა საკუთარი თავისთვის?!…

რიკ უორენი


ამავე კატეგორიის