დღეს 70 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც 1950 წლის 16 ოქტომბერს კლაივ ს. ლუისის „ლომი, ჯადოქარი და კარადა“ გამოქვეყნდა. მიუხედავად გამომცემლობა Geofrrey Bles-ის შიშისა, რომ წიგნი ვერ გაამართლებდა და ლუისის სხვა წიგნების გაყიდვას შეაფერხებდა, „ლომი, ჯადოქარი და კარადა“ კლასიკად იქცა. 70 წლის განმავლობაში, წიგნი 47 ენაზე ითარგმნა. გამოცემამ Time Magazine იგი „მსოფლიოს ყველა დროის 100 საუკეთესო რომანს“ შორის დაასახელა.
„ლომი, ჯადოქარი და კარადა“ პირველი წიგნია „ნარნიის ქრონიკებისა“, რომელიც სულ 7 ნაწილისგან შედგება და 1950–1956 წლებში გამოიცა. თუმცა, ქრონოლოგიური მოვლენებით, ის გახლავთ რიგით მეორე, აღნიშნულ 7 წიგნს შორის, „ჯადოქრის დისწულის“ შემდეგ. ამ სერიის წიგნების დღემდე გაყიდულ ეგზემპლართა რაოდენობა უკვე ასი მილიონია.
წიგნების ეს სერია ფენტეზისა და საბავშვო ლიტერატურის ზღვარზე მერყეობს. მასში მოთხრობილია ბავშვების მოგზაურობა ჯადოსნურ ქვეყანაში, სადაც ცხოველებს საუბარი შეუძლიათ, ხოლო ბოროტებას სიკეთე ებრძვის. ვინაიდან თავად მწერალი ქრისტიანული ლიტერატურის დიდი გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, რომანებში გვხვდება პარალელები ბიბლიურ მოტივებთან.
„ნარნიის ქრონიკების“ მიხედვით გადაღებულია ფილმები: „ლომი, ჯადოქარი და კარადა“ (2005), „უფლისწული კასპიანი“ (2008) და „განთიადის დამმორჩილებლის მოგზაურობა“ (2010). სამივე ფილმის საერთო შემოსავალმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით $ 1,5 მილიარდი შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ კლაივ ს. ლუისი (1989-1963) ინგლისელი მწერალი გახლდათ. იგი ქრისტიანული წესით იყო მონათლული, მაგრამ მოზარდობისას სარწმუნოებას ჩამოშორდა. დაახლოებით 30 წლის ასაკში ჯ. რ. რ. ტოლკინის და სხვა მეგობრების გავლენით იგი კვლავ დაუბრუნდა რელიგიას, რამაც გავლენა იქონია მის შემოქმედებაზე. ლუისის წიგნები გამოირჩევა რელიგიური მოტივების გავლენით. გარდა ამისა, იგი მონაწილეობდა რადიოგადაცემებში, სადაც ქვეყნის მასშტაბით საუბრობდა ქრისტიანობაზე. სხვა შესანიშნავ წიგნებთან ერთად მის კალამს ეკუთვნის ცნობილი წიგნი „ეს ქრისტიანობაა“, რომელშიც გადმოცემულია ავტორის შეხედულებანი ადამიანზე, ღმერთზე, მორალსა და რწმენაზე.
„ნარნიის ქრონიკების“ 70 წლისთავთან დაკავშირებით, ინტერნეტში საიუბილეო ვიდეო გავრცელდა, რომელიც შექმნილია The CS Lewis Company Ltd-ისა და კომპანია Netflix-ის თანამშრომლობით.