2021 წლის დასაწყისში შეგიძლიათ უკვე ჩაინიშნოთ კალენდარში თარიღები, როდესაც გექნებათ შესაძლებლობა იმისა, რომ დატკბეთ წელს მოსალოდნელი მშვენიერი ასტრონომიული მოვლენებით.
27 აპრილი – სავსე მთვარე, სუპერმთვარე
მკვიდრი ამერიკელებისათვის ეს „ვარდისფერ მთვარედ“ არის ცნობილი, რადგან გაზაფხულის ზოგიერთი ადრეული ყვავილის გაფურჩქვნას ემთხვეოდა. მთვარის ეს იშვიათი ფაზა გადიდდება და ხილული იქნება 2021 წლის აპრილში, 22:33 სთ-ზე.
26 მაისი – გადიდებული სუპერმთვარე და მთვარის სრული დაბნელება
ამ დროს ერთდროულად უნდა ველოდოთ სუპერმთვარესაც და მთვარის სრულ დაბნელებასაც.
24 ივნისი – „მარწყვის მთვარე“
მსგავსია ზემოხსენებული ვარდისფერი მთვარისა. მთვარე უჩვეულოდ დიდი იქნება. მკვიდრი ამერიკელები ივნისის ბოლოს მთვარის ფაზას „მარწყვის მთვარეს“ უწოდებენ, რადგან წელიწადის ამ დროს ხილი იწყებდა დამწიფებას.
22 აგვისტო – ცისფერი მთვარე
წელიწადის თითოეულ დროს სამი სავსემთვარეობაა, რის გამოც ცისფერი მთვარე საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. ცისფერი მთვარე ჩნდება მაშინ, როცა წელიწადის თითოეულ დროს სამის ნაცვლად, ოთხჯერ არის სავსე მთვარე. ოთხიდან მესამე სავსე მთვარეს ეწოდება „ცისფერი მთვარე“. ეს მოვლენა იშვიათია, მხოლოდ 2.7 წელიწადში ერთხელ ხდება და ამიტომაც ინგლისურ ენაზე გამოთქმაც კი არსებობს ამასთან დაკავშირებით: „once in a Blue Moon“, რაც იშვიათად მომხდარ მოვლენას აღნიშნავს.
19 ნოემბერი – მთვარის ნაწილობრივი დაბნელება
ამ დღეს მთვარის ნაწილობრივი დაბნელება ხილული იქნება ჩრდილოეთ ამერიკის თითქმის მთელ ტერიტორიაზე.
2-3 იანვარი – კვადრანტიდები: მეტეორთა ცვენა
2 და 3 იანვარს უკვე იყო მეტეორთა ცვენა – საათში 40 მეტეორის ოდენობით.
22-23 აპრილი – ლირიდები: მეტეორთა ცვენა
ყველაზე მეტად ხილული იქნება 22 და 23 აპრილს. ყველაზე მაღალი ინტენსივობისას საათში, დაახლოებით, 20 მეტეორი ჩამოვარდება.
6-7 მაისი – ეტა-აკვარიდები: მეტეორთა ცვენა
კომეტა ჰალეის მტვრისა და ნამსხვრევისგან წარმოქმნილი მეტეორთა ნაკადი. ის ყველაზე მეტად ხილული იქნება ბნელ ადგილებში, შუაღამის შემდეგ, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში.
10 ივნისი – მზის რგოლური დაბნელება
ამ დღეს მოხდება მზის ე.წ. რგოლური დაბნელება, როდესაც მთვარე ისე აეფარება მზეს, რომ ცაზე მხოლოდ მისი წრე ჩანს. ეს მოვლენა ნაწილობრივ იქნება ხილული აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.
28-29 ივლისი – დელტა-აკვარიდები: მეტეორთა ცვენა
ამ დროს ცა სავსე მთვარის მიერ იქნება განათებული, მაგრამ დელტა-აკვარიდები, ცვენის ინტენსივობისას, მიაღწევს საათში 20 მეტეორს. ზოგიერთი კაშკაშა მეტეორის დანახვა შესაძლებელი იქნება კიდეც.
12-13 აგვისტო – პერსეიდები: მეტეორთა ცვენა
12 და 13 აგვისტოს ცა შედარებით ბნელი იქნება და ამიტომაც უფრო კარგად გამოჩნდება პერსეიდების ცვენა, რომლის ინტენსივობის დროსაც საათში 60 მეტეორი ჩამოვარდება.
21-22 ოქტომბერი – ორიონიდები: მეტეორთა ცვენა
მეტეორთა ეს ნაკადი შექმნილია უძველესი კომეტა ჰალეის მტვრისა და ნამსხვრევებისგან. ინტენსივობისას საათში 20 მეტეორი ჩამოვარდება. მეტეორთა ცვენა ხილული იქნება ორიონის თანავარსკვლავედთან, შუაღამის შემდეგ.
17-18 ნოემბერი – ლეონიდები: მეტეორთა ცვენა
ეს მეტეორული ნაკადი წარმოიშვება კომეტა ტემპელ-ტუტლის (აღმოაჩინეს 1865 წელს) მასალის გამოდინებით, რომელიც 33 წელში ერთხელ უახლოვდება დედამიწას. უწვრილესი ნაწილაკები, რომლებიც იწვიან, დედამიწის ატმოსფეროსთან დაჯახებით წარმოქმნიან მეტეორთა წვიმას.
13-14 დეკემბერი – გემინიდები: მეტეორთა ცვენა
წელს ყველაზე დიდებული მეტეორთა ცვენა სწორედ გემინიდების ცვენა იქნება. თავისი ინტენსივობისას საათში 120 მეტეორი ჩამოვარდება.