„გრემის“ ყოველწლიურ, რიგით 63-ე დაჯილდოება 2021 წლის 14 მარტს ლოს-ანჯელესში გაიმართა, სადაც ცნობილი გოსპელ შემსრულებლები იღებდნენ მონაწილეობას. გამარჯვებულთა სია შემდეგნაირია:
ნომინაციაში საუკეთესო გოსპელ შესრულება/ სიმღერა, გამარჯვებულია ჯონათან მაკრეინოლდსისა და Mali Music-ის საერთო სიმღერა, სახელწოდებით Movin’ On.
ჯონათან რეინოლდსი გახლავთ ამერიკელი გოსპელშემსრულებელი, რომელმაც მუსიკალური კარიერა 2012 წელს დაიწყო. ის ხუთჯერ იყო წარდგენილი „გრემის“ დაჯილდოებაზე. ახლა კი იგი უკვე ამ ჯილდოს მფლობელია. ხოლო Mali Music, რომელიც კორტნი პოლარდის სასცენო სახელი გახლავთ, არის ამერიკელი კომპოზიტორი და პროდიუსერი.
ნომინაციაში საუკეთესო თანამედროვე ქრისტიანული მუსიკის შესრულება/ სიმღერა გამარჯვებულია სიმღერა “There Was Jesus”, რომელსაც ზაკ უილიამსი და დოლი პარტონი ასრულებენ.
დოლი პარტონი, რომელიც 1946 წლის 19 იანვარს დაიბადა, არის ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი, მსახიობი, ბიზნესლედი და ჰუმანიტარი. ძირითადად, ცნობილია „ქანთრის“ სტილის სიმღერებით. ზაკ უილიამსი კი გახლავთ ამერიკელი ქრისტიანული როკის შემსრულებელი არკანზასიდან. უილიამსის სოლოკარიერა 2016 წლიდან იწყება. იქამდე ის წამყვანი ვოკალისტი იყო ბენდისა Zach Williams & The Reformation. „გრემის“ ჯილდო ზაკ უილიამსისთვის რიგით მეორე, ხოლო დოლი პარტონისთვის მეთერთმეტე იყო
ნომინაციაში საუკეთესო გოსპელ ალბომი გამარჯვებულია P.J. Morton-ის ალბომი “Gospel According To PJ”.
მორტონი გახლავთ ამერიკელი მუსიკოსი, მომღერალი და პროდიუსერი. 2012 წლიდან მოყოლებული, ის კლავიშზე უკრავს სხვადასხვა ცნობილ მუსიკოსთან ერთად, რომელთაგან ერთ-ერთი Maroon 5-ია. მას მთლიანობაში „გრემის“ სამი ჯილდო აქვს მოპოვებული.
და ბოლოს, ნომინაციაში – საუკეთესო თანამედროვე ქრისტიანული მუსიკის ალბომი, გამარჯვებულია კანიე უესტის ალბომი, სახელწოდებით “Jesus is king”.
კანიე უესტი არის ამერიკელი რეპერი, პროდიუსერი, ბიზნესმენი და მოდის დიზაინერი. იგი 70-ჯერ ნომინირებიდან 22 „გრემის“ ჯილდოს მფლობელია. “Jesus is king” უესტის რიგით მე-9 სტუდიური ალბომია, რომელიც 2019 წლის 25 ოქტომბერს გამოვიდა.