2020 წლის 18 სექტემბერს აშშ-ის კინოეკრანებზე გამოვიდა ამერიკული ფილმი „Infidel“ („განდგომილი“), რომელშიც მთავარ როლს მსახიობი ჯეიმს კევიზელი ასრულებს. ფილმის რეჟისორი საირუს ნოურესტი გახლავთ. ნოურესტმა ათიოდე წლის წინ გადაიღო მძიმე, მაგრამ შთამბეჭდავი დრამა „სორაიას ჩაქოლვა“, რომელშიც ასევე ჯიმ კევიზელი მონაწილეობს.
კევიზელი თამაშობს ქრისტიანი ბლოგერის, დაგ როლინზის როლს, რომელიც კაიროში მიემგზავრება რელიგიასთან დაკავშირებულ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. მას კაიროს ერთ-ერთი სასტუმროს ნომრიდან მუსლიმანები იტაცებენ და ირანის ციხეში მიჰყავთ. „მოინანიე, მიიღე ალაჰის სიტყვა და თავისუფალი იქნები.“ – ეუბნებიან მას გამტაცებლები.
ქმრის დასახმარებლად ეგვიპტეში ბლოგერის ცოლი ლიზი (კლაუდია კარვანი) ჩადის, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობს. საინტერესოა ის, რომ ლიზი არ იზიარებს ქმრის რწმენას. მან ქრისტიანობა მიატოვა მას შემდეგ, რაც ავტოავარიამ მისი ჯერ კიდევ დაუბადებელი ჩვილი შეიწირა.
ინტერნეტგამოცემა variety.com ფილმის შესახებ წერს: „ტრეილერის გარეგნული ეფექტების მიღმა იკითხება ქრისტიანული უწყება იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანი მტკიცედ უნდა იდგეს იმაზე, რისიც სწამს.“
LifeSite News-ისათვის ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში კევიზელი მოუწოდებს ქრისტიანებს, იბრძოლონ ჭეშმარიტებისათვის, თუკი სურთ, რომ მათი რელიგიური თავისუფლება შეუზღუდავი იყოს. ამასთან, მსახიობი აღნიშნავს, რომ ის მახვილებით ბრძოლას არ გულისხმობს, არამედ ჭეშმარიტების გაცხადებას სხვა ადამიანებისათვის და ამ ჭეშმარიტებაში მტკიცედ დგომას.
ფილმმა 1.5 მლნ დოლარის შემოსავალი მოიტანა კინოთეატრებში გასვლის პირველივე შაბათ-კვირას.