რეალურ ისტორიაზე დაფუძნებულ ფილმში „Father Stu“ ცნობილი მსახიობები მარკ უოლბერგი და მელ გიბსონი მონაწილეობენ. ფილმი ამერიკის კინოთეატრებში 15 აპრილს გამოვა.
აღნიშნული კინოფილმი ერთი მოკრივე ბიჭის შესახებაა, რომელიც ცხოვრებისეული განსაცდელების და აგრეთვე იმის გამო, რომ ერთი გოგო შეუყვარდება, ეკლესიაში სიარულს დაიწყებს, საბოლოოდ კი ხუცესობას გადაწყვეტს. მიუხედავად თავისი დაავადებისა, კუნთოვანი დისტროფიისა, ის ათასობით ადამიანს უქადაგებდა ღვთის სიტყვას.
„მამა სტიუარტი“ – სწორედ ამ სახელით არის მოხსენიებული ფილმში ყოფილი მოკრივე სტიუარტ ლონგი, რომელიც ერთ დღეს ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე გახდა და მისი პერსპექტიული კარიერა ტრავმამ ერთ წუთში შეწყვიტა. საბედნიეროდ, ის გადარჩა. ეს გახლდათ ერთ-ერთი ფაქტორი მისი ეკლესიაში მისვლის, რადგან მისი თქმით, საავადმყოფოში ყოფნის დროს ღმერთი იყო მასთან.
ყოფილი მოკრივის ცხოვრება ეკლესიაში მისვლის შემდეგ სრულიად შეიცვალა. ამიტომაც ეს ფილმი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია ღმერთს ადამიანების ცხოვრების აბსოლუტურად შეცვლა.
შეგახსენებთ, რომ ცნობილი მსახიობი მელ გიბსონი ასევე მუშაობს ჩრდილოეთ ამერიკის ისტორიაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმის „ქრისტეს ვნებანის“ გაგრძელებაზე, რომელიც ქრისტეს აღდგომის შესახებ იქნება; მოქმედება პირველი ნაწილის დასასრულიდან გაგრძელდება.