ისრაელის მუზეუმმა შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ერთ-ერთი ძველი მონეტა გამოფინა. მონეტა, სავარაუდოდ, ქრისტიან მომლოცველს ეკუთვნოდა, რომელმაც ბეთლემი მოინახულა მე-6 ან მე-7 საუკუნეში. მსგავსი მონეტები, რომლებსაც „ევლოგიას“ უწოდებდნენ, სუვენირების სახით ძველად მომლოცველებს წმინდა მიწიდან მიჰქონდათ. „ევლოგია“ ბერძნული სიტყვაა და „კურთხევას“ ნიშნავს. მათზე, როგორც წესი, გამოსახული იყო იესო ქრისტეს ცხოვრების რომელიმე კონკრეტული მომენტი, დაწყებული ბეთლემში მისი დაბადებიდან და დამთავრებული მისი ჯვარცმით.
როგორც მუზეუმის ოფიციალურ „ფეისბუკგვერდზე“ წერია, ძველად ქრისტიან მომლოცველებს სწამდათ, რომ წმინდა ადგილებიდან აღებული მიწისგან გაკეთებული მონეტა მათ ყოველგვარი ბოროტებისგან დაიცავდა. ხოლო ნაფხაჭნები მონეტის რბილ ნაპირებზე მიუთითებს იმაზე, რომ მას, სავარაუდოდ, სამკურნალოდაც იყენებდნენ: მონეტისგან აღებულ მტვერს ურევდნენ სითხეში და წამლის სახით იღებდნენ.
გამოფენილ მონეტაზე გამოსახულია კალათაში ჩაწვენილი ჩვილი იესო ხართან და ვირთან ერთად. ტიპური შობის სცენებისგან განსხვავებით არ არიან გამოსახულნი იოსები და მარიამი, არამედ მხოლოდ იესო.
გარდა ამისა, 25 დეკემბერს მუზეუმმა ძმები ლუმიერების მეირ გადაღებული 122 წლის ფერადი ფოტოც გამოფინა და გამომწერებს ძველი პარიზული საშობაო განწყობა გაუზიარა. ფოტოს „საშობაო სათამაშოები“ ეწოდება და 1898 წლით თარიღდება.
მასზე გამოსახულია ძმები ლუმიერების ერთ-ერთი ყველაზე პირველი ექსპერიმენტი ფერადი ფოტოგრაფიის სფეროში. მიუხედავად იმისა, რომ ძმების სახელი დაკავშირებულია კინემატოგრაფიის დაბადებასთან, ისინი სხვადასხვა სფეროებში იყვნენ პიონერები. მათი კინოჩვენებები სულ რამდენიმე წლით ადრე დაიწყო, ვიდრე ისინი ამ სილამაზეს შექმნიდნენ ფერად ფოტოგრაფიაში თავიანთი ადრეული ექსპერიმენტების ფარგლებში.
ძმებ ლუმიერებს ამისათვის დასჭირდათ ერთი და იმავე ობიექტისთვის სამი თანმიმდევრული კადრის გადაღება სამი სხვადასხვა ფერადი ფილტრის მეშვეობით, რომელიც კამერაში იყო დამონტაჟებული. მათი ექსპერიმენტი ეფუძნებოდა ჯეიმს კ. მაქსველისა და ლუი დიუკოს ფერადი მხედველობის ტრიქრომატულ თეორიას, რაც 1907 წელს ავტოქრომმა ჩაანაცვლა.