როგორც გამოცემა Breitbart-ი წერს, იგეგმება ფილმ „ქრისტეს ვნებანის“ გაგრძელების გადაღება.
მეორე ნაწილში, რომელიც ქრისტეს აღდგომის შესახებ იქნება, მოქმედება პირველი ნაწილის დასასრულიდან გაგრძელდება.
ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი ჯეიმს კევიზელი ამბობს: „მელ გიბსონმა ცოტა ხნის წინ გამომიგზავნა ფილმის მეორე ნაწილის სცენარი. ეს იქნება უდიდესი ფილმი მსოფლიო ისტორიაში, სახელწოდებით ‘ქრისტეს ვნებანი: აღდგომა.’“
შეგახსენებთ, რომ 2004 წელს ფილმმა „ქრისტეს ვნებანი“, რომლის ბიუჯეტიც 30 მლნ აშშ დოლარი იყო, კინოგაქირავებით 612 მლნ აშშ დოლარი მოაგროვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით და იქცა ყველაზე მაღალშემოსავლიან R-რეიტინგის მქონე ფილმად ჩრდილოეთ ამერიკაში.
კევიზელმა განაცხადა, რომ თავის სამსახიობო კარიერაში დიდი გარდატეხა მოახდინა იესოს როლის შესრულებამ აღნიშნულ ფილმში.
„მომიხდა ბრძოლა გადარჩენისათვის. აღარ მიწვევდნენ სხვა ფილმებში მონაწილეობის მისაღებად. ფილმმა აფეთქება გამოიწვია და რეიტინგების სათავეში მოექცა. შესაძლოა, იფიქროთ: ‘ო, ალბათ, ძალიან ბევრი იმუშავეთ.’ არა, ასე არ ყოფილა, რადგან სამსახიობო ნიჭი ღმერთისგან მომეცა.’“
2011-2016 წლებში კევიზელი ასევე მონაწილეობდა წარმატებულ სატელევიზიო სერიალში Person of Interest და ასევე ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა 2018 წლის ფილმში „პავლე, ქრისტეს მოციქული“.
მიუხედავად იმისა, რომ ფილმში მთავარი როლის შესრულება კევიზელის კარიერაზე უარყოფითად აისახა, მსახიობი მიიჩნევს, რომ მისი რწმენა უფრო მეტად მნიშვნელოვანია: „ვგრძნობდი, რომ რწმენა გაცილებით უფრო დიდი იყო, ვიდრე კინოინდუსტრია და ჰოლივუდი“.
ცოტა ხნის წინ მსახიობმა განუცხადა Fox News-ს, რომ ქრისტიანულ ფილმებს არსებითი მნიშვნელობა აქვს დღესდღეობით, თუმცა ჰოლივუდში იზრდება მტრული დამოკიდებულება რწმენის შესახებ შექმნილი ფილმების მიმართ.
„დღეს იღებენ მარველის კომიქსების ფილმებს. ასეთ ფილმებში იხილავთ სუპერმენს, მაგრამ ვერ ნახავთ იესოს… არადა მე წილად მხვდა, შემესრულებინა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი სუპერგმირის როლი.“ ‒ ამბობს კევიზელი.
ფილმის მეორე ნაწილის გამოსვლის თარიღი, ჯერჯერობით, უცნობია.