პანდემიის მიუხედავად, იწყება იესო ქრისტეს შესახებ პირველი მრავალსერიანი ფილმის „რჩეულის“ მეორე სეზონის გადაღება. გადაღებები დაიწყება სექტემბერში. მეორე სეზონში მაყურებელი იხილავს, თუ როგორ აირჩია მაცხოვარმა მოწაფეები, ასევე იმას, თუ როგორი იყო თითოეული მათგანი და როგორი გახლდათ მათ შორის ურთიერთობა.
„კოვიდ 19-ის პირობებში ჩვენთვის გამოწვევა იყო ის, თუ სად და როგორ უნდა გადაგვეღო მეორე სეზონი, რომელსაც მაყურებელი დიდი ხანია ელოდება. სწორედ არსებული ვითარების გამოა აუცილებელი ის, რომ იესო ქრისტეს შესახებ ისტორიები მსოფლიოს რაც შეიძლება მალე გავაცნოთ“, განაცხადა ფილმის რეჟისორმა, დალას ჯენკინსმა.
ფილმის გადაღება დაიწყო 2017 წელს. ფილმი 50-ზე მეტ ენაზე ითარგმნა და ის უკვე 50 მლნ-ზე მეტმა ადამიანმა ნახა 180-ზე მეტ ქვეყანაში. რეჟისორი ამბობს, რომ მან და მისმა გუნდმა ძალიან ბევრი იშრომეს იმისათვის, რომ ფილმს მაყურებლის ყურადღება მიეზიდა: „ვფიქრობ, ფილმის სტილი ისეთია, რომ არ იგრძნობა, თითქოს ის ოფიციალური ან დადგმული, ანდა ემოციურად დაშორებული იყოს“.
2019 წელს „რჩეული“ გახდა ნომერი 1-ლი მედია პროექტი, რომელმაც ხალხის მხრიდან ყველაზე დიდი დაფინანსება მოიპოვა. ახლა პროექტისათვის უკვე 20 მლნ აშშ დოლარია მოგროვილი.
„მაშინ, როცა ამ იდეის შესახებ დაიწყო საუბარი, ვიფიქრე, რომ ეს სასაცილო იყო, რადგან არაფერი გამოვიდოდა. ჩემს ცხოვრებაში ეს ისეთი პერიოდი იყო, როცა ვფიქრობდი, რომ ვერ შევძლებდი 5 ათასი კაცის დაპურებას“, თქვა ჯენკინსმა The Christian Post-ისათვის მიცემულ ინტერვიუში.
ფილმის პირველი სეზონი რვა ეპიზოდისაგან შედგება და მისი ნახვა შესაძლებელია „რჩეულის“ უფასო აპლიკაციის მეშვეობით.