ქრისტიანი მომღერლის, ლორენ დეიგლის საგალობელი „You say“ გახდა პირველი ქრისტიანული სიმღერა, რომელიც 100 კვირის განმავლობაში იყო „Billboard Hot Christian Songs“ ჩარტის სათავეში.
„ჩემი ბავშვობის ოცნება ახდა. ამ ამბის გაგებისთანავე ჩემი ოჯახის წევრებს დავურეკე და ერთად გავიზიარეთ ეს სიხარული. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ამ ყოველივეს თანამონაწილეა და წვლილი მიუძღვის ამ საქმეში. საგალობელი ჩემს შინაგან მდგომარეობას გადმოსცემს და მიხარია, თუ ის სხვა ადამიანებსაც შეეხო: შეაღწია ოჯახებში, სადაც ზრდიან პატარებს, ზრუნავენ ქვრივ-ობლებზე, მხარში უდგანან თინეიჯერებს, რომლებსაც ასე ძლიერ სჭირდებათ თანადგომა და ა.შ. ეს საჩუქარია, რომელსაც სიტყვებით ბოლომდე ვერ აღვწერ! გასაოცარი და დაუჯერებელია, რომ „You say“ ამხელა პოზიციით დგას ბილბორდის ჩარტებში. დიდ მადლობას გიხდით ყველას!“ – წერს დეიგლი საკუთარი „ინსტაგრამის“ გვერდზე.
The Christian post-ის თანახმად, ლორენ დეიგლმა აღნიშნული სიმღერა 2018 წელს გამოუშვა და მას შემდეგ ის პირველ ადგილს იკავებს ჩარტებში. სიმღერას უშვებენ ასევე უამრავ ცნობილ ტელეშოუსა თუ გადაცემაში, როგორებიცაა: „ცეკვავენ ვარსკვლავები“, „American Idol“ და სხვა. მაისში, კორონავირუსის პანდემიის დროს, მომღერალმა კელი კლარკსონმაც შეასრულა იგი ყველა იმ ადამიანის საპატივსაცემოდ, რომელიც პანდემიის დროს დაუღალავად შრომობდა.
„შენ თქვი: ‘მე მიყვარხარ’, მაშინ, როცა მე უიმედოდ ვიყავი;
შენ თქვი: ‘ძლიერი ხარ’, როცა თავს უძლურად ვგრძნობდი;
შენ თქვი, რომ შენს ხელში ვარ, როცა თავს მარტო ვგრძნობდი;
შენ თქვი, რომ მე შენი ვარ და მუდამ შენი ვიქნები!“ – ნათქვამია სიმღერის ტექსტში.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2019 წელს აღნიშნული სიმღერა „გრემის“ პრემიის გამარჯვებული გახდა ქრისტიანული სიმღერის შესრულების ნომინაციაში.