ქრისტიანმა აპოლოგეტმა და ყოფილმა ათეისტმა ლი სტრობელმა ბიბლიის შემსწავლელი უფასო ონლაინკურსის გამოშვების შესახებ განაცხადა, რომელიც ოთხ კვირას გაგრძელდება. სწავლებაში იესო ქრისტეს დაბადებისა და მისი ღვთაებრიობის შესახებ განმარტების ისტორიული და ლოგიკური უტყუარობა იქნება გამოკვლეული. სწავლება 30 ნოემბერს დაიწყო და 2021 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება. მას ცნობილი ქრისტიანული ვებსაიტი „Bible Gateway“ აფინანსებს.
როგორც „The Christian Post“ იუწყება, ბიბლიური სწავლება იყოფა ოთხ ნაწილად და თითო კვირას თითო ვიდეო გამოქვეყნდება. ისინი დაეხმარება მონაწილეებს იმის გაგებაში, რომ ბიბლიის ოთხივე სახარება ისტორიულად სარწმუნო და უტყუარია იესოს ბიოგრაფიის შესახებ ნაამბობში.
სწავლებაში სტრობელი შობის ისტორიის ტრადიციულ მითებს რეალური ფაქტებისგან გამოყოფს და მოიყვანს მეცნიერულ მტკიცებულებებს, რომლებიც სათითაოდ შეგროვდა შობის ჭეშმარიტი არსის შესახებ კვლევისა და ინტერვიუების შედეგად.
„როდესაც ათეისტი ვიყავი, მიყვარდა შობა, რადგან ვფოკუსირდებოდი დღესასწაულის ყველა გარეგნულ ატრიბუტზე, ნაცვლად სულიერი განზომილებისა.“ – ამბობს სტრობელი – New York Times-ის ბესტსელერი ავტორი, რომელსაც 40-ზე მეტი წიგნი და სასწავლო პროგრამა აქვს დაწერილი.
ლი სტრობელი ქრისტიანი 1981 წელს გახდა, მანამდე ის ათეისტი იყო; თუმცა, მას შემდეგ, რაც მისი ცოლი, ლესლი გაქრისტიანდა, მან იესოს პიროვნულობის შესახებ გამოკვლევა დაიწყო. სტრობელის თქმით, მას სურდა – გამოეცალკევებინა წმინდა დღე დღესასწაულისგან, ფაქტები – ფანტაზიისგან, ჭეშმარიტება – ტრადიციისგან, და მისულიყო ძირეულ არსამდე, თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში შობა.
მაშინ ლი ფიქრობდა, რომ ის შეძლებდა იმის დამტკიცებას, თითქოს შობა შეთხზულ ლეგენდებზეა დაფუძნებული, თუმცა საგულდაგულო გამოკვლევის შედეგად, საპირისპიროში დარწმუნდა და ქრისტიანი გახდა.
ქრისტიანი აპოლოგეტის, ავტორისა და მახარებლის, ლი სტრობელის სულიერი გზა ასახულ იქნა 2017 წლის ფილმში “The Case For Christ”, რომელიც სტრობელის იმავე სახელწოდების წიგნის მიხედვითაა გადაღებული. ფილმმა რამდენიმე ჯილდოც მოიპოვა და აშშ-სა და მსოფლიოს სხვადასხვა კინოთეატრში იქნა ნაჩვენები. ქართველი მაყურებლისთვის ის ასევე ცნობილია ფილმ „ღმერთი არ არის მკვდარი“-ს მე-2 ნაწილში, სადაც ის, როგორც მოწმე ექსპერტი, დასაცავი მხარის სასარგებლოდ გამოდის.