მსოფლიოში ცნობილი ქრისტიანი მომღერლები ერთიანდებიან სერიალ „რჩეულის“ (The Chosen) გუნდთან ერთად, რათა 13 დეკემბერს, წინასაშობაოდ, საზეიმო განწყობა შეუქმნან მაყურებელს.
The Chosen-ის „ფეისბუკგვერდსა“ და „იუთუბარხზე“ დაგეგმილ ღონისძიებაში, რომელსაც „შობა რჩეულთან ერთად“ ეწოდება, მონაწილეობას მიიღებენ მომღერლები და ბენდები, როგორებიც არიან: For King & Country, hillsong united, ზაკ უილიამსი, კრის ტომლინი, მანდისა და სხვები.
13 დეკემბერს ღონისძიების ფარგლებში მაყურებელი არა მხოლოდ წარმოდგენებს იხილავს, არამედ საშობაო მოკლემეტრაჟიანი ფილმის სპეციალურ წარდგენასაც The Chosen-ის მიერ.
„ასევე იხილავთ მოკლე მონაკვეთებს სერიალის მეორე სეზონიდან.“ – აცხადებენ The Chosen-ის „ფეისბუკგვერდზე“.
სერიალი „რჩეული“ იესო ქრისტეს ცხოვრებაზეა გადაღებული. „რჩეული“ არ დაფინანსებულა ჰოლივუდური სტუდიების მიერ. ის 15 000-ზე მეტმა ინვესტორმა დააფინანსა, რომელთაც 20 მილიონ დოლარზე მეტი მოაგროვეს სერიალის შექმნისთვის. პანდემიის მიუხედავად, მეორე სეზონის გადაღება სექტემბერში დაიწყო და არ გაჩერებულა.
„კოვიდ-19-ის პირობებში ჩვენთვის გამოწვევა იყო ის, თუ სად და როგორ უნდა გადაგვეღო მეორე სეზონი, რომელსაც მაყურებელი დიდი ხანია ელოდება. სწორედ არსებული ვითარების გამოა აუცილებელი ის, რომ იესო ქრისტეს შესახებ ისტორიები მსოფლიოს რაც შეიძლება მალე გავაცნოთ.“ – განაცხადა ფილმის რეჟისორმა, დალას ჯენკინსმა.
შეგახსენებთ, რომ ფილმის გადაღება 2017 წელს დაიწყო. ფილმი 50-ზე მეტ ენაზე ითარგმნა და ის უკვე 50 მლნ-ზე მეტმა ადამიანმა ნახა 180-ზე მეტ ქვეყანაში სირიის, ერაყისა და ირანის ჩათვლით, სადაც რელიგიური შევიწროება მძვინვარებს. ფილმი 5 000-ჯერ იქნა ჩამოტვირთული ჩინეთში; 3 000-ჯერ მალაიზიაში, და 2000-ჯერ საუდის არაბეთში. ამჟამად ფილმი 70 ენაზე ითარგმნება.
სერიალ „რჩეულის“ შემქმნელები იმედოვნებენ, რომ მოაგროვებენ საკმარის თანხას 7-ვე სეზონის გადასაღებად და მოხსნიან რეკორდს, რომელსაც „სამეფო კარის თამაშების“ მილიარდი მნახველის რეკორდს უწოდებენ.
ფილმის პირველი სეზონი რვა ეპიზოდისაგან შედგება და მისი ნახვა შესაძლებელია „რჩეულის“ უფასო აპლიკაციის მეშვეობით.