3 დეკემბერი შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღნიშვნა საზოგადოების განვითარების ყველა სფეროში შშმ პირთა უფლებების დაცვის წახალისებას და მათ შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. ყოველ წელს ამ დღეს განსხვავებული ლოზუნგი აქვს, რომელიც იმ წლის საჭიროებებს და პრიორიტეტებს ეხმაურება.
აღნიშნულ თარიღს გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი და ჩვენს ქვეყანაში შშმ პირთა არსებული საჭიროებები, პრობლემები და გამოწვევები გააჟღერა, რომლებიც კიდევ უფრო აქტუალური გახდა კოვიდ-19-ის გავრცელების ფონზე.
“მიმდინარე წელს ამ დღის თემაა – „ვაშენოთ უკეთ: ინკლუზიური, მისაწვდომი და მდგრადი კოვიდ-19-ის შემდგომი მსოფლიო.
საქართველოში ვირუსის პრევენციის მიზნით დაწესებულმა სხვადასხვა შეზღუდვამ, კარანტინისა და იზოლაციის რეჟიმმა ნეგატიური გავლენა მოახდინა შშმ პირებსა და მათ ოჯახებზე. ერთ-ერთ პრობლემად გამოიკვეთა ახალი კორონავირუსის შესახებ, მათთვის მისაწვდომი ფორმებითა და საშუალებებით ინფორმირება; შეჩერებულია შშმ პირებისთვის აუცილებელი სერვისების მიწოდება; ხარვეზებით მიმდინარეობს ინკლუზიური საგანმანათლებლო პროცესი სწავლების ყველა საფეხურზე; გამოწვევას წარმოადგენს როგორც მისაწვდომი ფორმატით დისტანციური სწავლება, ასევე საკომუნიკაციო საშუალებებსა და ინტერნეტზე მისაწვდომობა.
სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებსა და ფსიქიატრიულ სტაციონარულ კლინიკებში ჯეროვნად არ არის დაცული ინფექციის გავრცელებისა და კონტროლის წესები, ეფექტურად არ სრულდება კოვიდ-19-ის პირობებში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა მკურნალობის პროტოკოლები.
საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ არსებული პრობლემების დროული მოგვარება მნიშვნელოვანია შშმ პირთა უფლებების სათანადოდ დაცვისთვის და მათი ღირსეული ცხოვრების პირობების უზრუნველყოფისთვის. ამასთან, სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფოს, დაიწყოს მუშაობა კოვიდ-19-ის შემდგომ პერიოდში ქვეყანაში მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოების შექმნისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვაზე.” – ნათქვამია სახალხო დამცველის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე 1992 წლიდან ყოველწლიურად 3 დეკემბერს აღინიშნება.