„ხსნის არმიის“ საქართველოს დივიზიამ 5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს კანონით მინიჭებული, თავისუფლად შეკრების, გადაადგილების და აზრის გამოხატვის კონსტიტუციური უფლება.
ხსნის არმიის ეკლესია დაარსების დღიდან დგას ქრისტიანულ პრინციპებზე და მოუწოდებს საზოგადოებას, მრევლს, განერიდონ ცოდვას, იცხოვრონ ღვთის და მოყვასის მიმართ სიყვარულში, რასაც ქრისტიანი მორწმუნე უნდა ავლენდეს ღვთის მცნებების დაცვაში. ღრმად გვწამს, რომ ქრისტიანობისთვის განსხვავებულის მიმღებლობა, დაჩაგრულის წამოყენება და შემწყნარებლობა ფუნდამენტური საკითხებია. მივიჩნევთ, რომ პატივი უნდა ვცეთ და გავუფრთხილდეთ ჩვენ ირგვლივ მცხოვრებ ადამიანებს განსხვავებული რელიგიური მრწამსის, ეთნოსის, ცხოვრების წესის თუ შეხედულებების მიუხედავად. ვკითხულობთ რა იესო ქრისტეს სიტყვებს მათეს სახარების 7:12 მუხლში, გვახსოვს, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება ადამიანის მიმართ: ‘ამიტომ, ყველაფერში, როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ. ვინაიდან ეს არის რჯული და წინასწარმეტყველნი’!
ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას, აგრესიას რელიგიის, ღვთის სახელით და სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა იმ ჟურნალისტს, ოპერატორს, პოლიციელს თუ რიგით ადამიანს, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს დაშავდნენ.
ჩვენ ვდგავართ მშვიდობის მხარეს და მზად ვართ, სიყვარულით ვაშენოთ საზოგადოება. ‘ახალ მცნებას გაძლევთ, გიყვარდეთ ერთმანეთი! როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი.’ იოანეს სახარება 13:34.
ვლოცულობთ ქვეყნის სიმშვიდისთვის და უფალს ვთხოვთ მფარველობას ჩვენი ქვეყნის ყოველი მოქალაქისთვის!
პატივისცემით, ხსნის არმია, საქართველოს დივიზია.“