ხვალ, მოხალისეთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოში „წლის საუკეთესო მოხალისის“ კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან. სპეციალური ჟიურის მიერ შერჩეულ გამარჯვებულებს პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე გამოავლენენ.
კონკურსი ჩატარდება მასშტაბური მოხალისეობრივი პროექტის ფარგლებში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდი“ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით და ახალგაზრდობის სააგენტოსთან პარტნიორობით ახორციელებს.
გამარჯვებულები ორ ასაკობრივ კატეგორიაში – მოზარდების და ახალგაზრდების ჯგუფიდან შეირჩევა, ჯილდო კი შემდეგი თემატიკის შესაბამისად გადანაწილდება: განათლება, სოციალური სფერო, მოხალისეობის განვითარება, სპორტი და ჯანსაღი ცხოვრება.
პროექტში ჩართულმა 200-ზე მეტმა მოხალისემ, პირველ ეტაპზე გაიარა პროფესიონალური ტრენინგები, რის შემდეგაც თავიანთ თემში დაიწყეს კონკრეტული პრობლემების იდენტიფიცირება და გადაჭრის გზებზე მუშაობა. საქმიანობის წარმატებით განხორციელებაში მათ მენტორები და „ჰელფინგ ჰენდის“ კვალიფიციური წარმომადგენლები ეხმარებოდნენ.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა პირველი ახალგაზრდული მოხალისეობრივი ონლაინპლატფორმა: youthvolunterering.ge, სადაც რეგისტრირებულ ახალგაზრდებს „ჰელფინგ ჰენდმა“ ტრენინგებთან ერთად შესთავაზა ინფორმაციული სემინარები საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა: მოხალისეობა და სამოქალაქო აქტივიზმი, პანდემიურ ვითარებაში უსაფრთხოების დაცვა, ონლაინმოხალისეობის მნიშვნელობა და მოსალოდნელი შედეგები.
შეგახსენებთ, რომ 5 დეკემბერი მოხალისეთა საერთაშორისო დღეა. ეს დღე გაეროს მიერ 1985 წლიდან იქნა შემოღებული და ყოველწლიურად აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებულ აქციებში ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყანაში მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. სტატისტიკის მიხედვით, გარემოს დაცვით ღონისძიებებში ყოველწლიურად ყველაზე მეტი მოხალისე იღებს მონაწილეობას.