თავმდაბლობა სიამაყის(ამპარტავნების) საპირისპირო ცნებაა. ეს სათნოებაა, რომელის შესახებაც ბევრს საუბრობს ბიბლია. ის თანაბრად საჭიროა ღმერთთან და ადამიანებთან ურთიერთობაში. თავმდაბლობის გარეშე შეუძლებელია შეიცნო უფალი და ამის გარეშე რთული იქნება ადამიანებთან შენი ურთიერთობაც. ეს საკუთარ თავზე მეტად სხვების შერაცხვა გახლავთ. ჭეშმარიტი თავმდაბლობა მორჩილების გარეშე არ არსებობს. ხშირად თავმდაბალი ადამიანი მორიდებულ, ჩუმ, საწყალ ადამიანად აღიქმება, თუმცა ნამდვილი თავმდაბლობა საკუთრი თავის უარყოფა და დაბეჩავება კი არა, გაბედულებაა იცნობდე შენს თავს რეალურად, არ გქონდეს ზედმეტი წარმოდგენა შენს თავზე, არ ამეტებდე სხვას თავს. ეს ნიშნავს შეგეძლოს სხვის ადგილზე თავის წარმოდგენა და პატიება, რადგან თავმდაბალი ადამიანი აცნობიერებს, რომ თავადაც უშვებს შეცდომებს და მასაც სჭირდება პატიება.
ამიტომ როგორც ღვთის რჩეულებმა, წმიდებმა და საყვარლებმა, შეიმოსეთ მოწყალება, სახიერება, თავმდაბლობა, სიმშვიდე, სულგრძელობა.
მთელი თავმდაბლობით, თვინიერებითა და სულგრძელობით შეიწყნარეთ ერთმანეთი სიყვარულში.
ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს.
დამდაბლდით უფლის წინაშე და ის აგამაღლებთ თქვენ.
ყველა, ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, და ვინც თავს დაიმდაბლებს – ამაღლდება,
განგიცხადა შენ, ადამიანო, რა არის კეთილი და რას მოითხოვს შენგან უფალი – მხოლოდ სამართლიან მოქმედებას, მოწყალების სიყვარულს და შენი ღმერთის წინაშე თავმდაბლად სიარულს.
დაცემას წინ ქედმაღლობა უსწრებს, დიდებას – თავმდაბლობა.
თავმდაბლობის და უფლის შიშის საზღაური: სიმდიდრე, პატივი და სიცოცხლეა.
მოვა ამპარტავნობა და მოჰყვება შერცხვენა, თავმდაბლობას კი სიბრძნე ახლავს.