რიდლი სკოტის მიერ 1982 წელს გადაღებულ ფილმში „დანის პირზე მორბენალი“ (Blade Runner) ჰარისონ ფორდი ასრულებს ლოს-ანჯელესის პოლიციის ყოფილი თანამშრომლის როლს, რომელიც ნადირობს „რეპლიკანტებზე“. ესენი არიან ბიოინჟინერიის მეშვეობით შექმნილი ჰუმანოიდები, რომლებიც ზრდასრული ადამიანების იდენტურნი არიან იმ განსხვავებით, რომ ისინი, ადამიანებთან შედარებით, ბევრად აღმატებულ ინტელექტსა და ძალას ფლობენ. ფორდის პერსონაჟს ავალებენ დარჩენილი რეპლიკანტების განადგურებას. დავალების შესრულებისას ის დგება უმთავრესი კითხვის წინაშე: მის წინ მდგარი ობიექტი ადამიანია თუ რეპლიკანტი?..
შესაძლოა, ქრისტიანებმაც მალე იგივე შეკითხვა დასვან: ქადაგებები და ბიბლიის გაკვეთილები, რომლებსაც ვისმენთ, ადამიანის შედგენილია თუ არა?
ChatGPT-ისა და ხელოვნური ინტელექტის სხვა ხელმისაწვდომი პროგრამების გამოგონება მოაზროვნეებს უბიძგებს იმისკენ, რომ ყველაფერი მოიმოქმედონ, რათა დაეხმარონ ადამიანებს ან საერთოდ ჩაანაცვლონ მათი შრომა. ხუცესის შრომაც არ არის დაზღვეული ამ საფრთხისაგან, რადგან ChatGPT-ის გამაოგნებლად კარგი ქადაგებების შედგენა შეუძლია. ხელოვნური ინტელექტის პროგრამების მიერ შექმნილი კონტენტი ზედაპირული და საბაზისოა, თუმცა ამ პროგრამებს ზუსტად შეუძლია ამა თუ იმ ბიბლიური ტექსტის განმარტება და მისი პრაქტიკული გამოყენების შესახებ მითითებაც.
დღეს ხელოვნური ინტელექტი ქმნის ფაქტებზე დაფუძნებულ ქადაგებებს, რომლებიც მოკლებულია ემოციებსა და გრძნობას, თუმცა ეს მხოლოდ დროის საკითხია მანამ, სანამ ეს პროგრამები უკეთ შეძლებდეს ადამიანის სიღრმისა და ემოციების გადმოცემას საკუთარ პასუხებში. მაშ, ადამიანების მიერ შედგენილი ქადაგებები მხოლოდ ალგორითმის გაუმჯობესებამდე დარჩება აქტუალური? არა.
მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად შეიძლება განვითარდეს ხელოვნური ინტელექტი ენების მოდელირების მხრივ, ის ვერასოდეს ჩაანაცვლებს ადამიანთა მიერ დაწერილ დიდებულ ქადაგებებს და ამ ქადაგებათა წარმოთქმას. აი, რატომ.
დიდებული ქადაგება „ცეცხლოვანი ლოგიკაა“
ხუცესის მიერ მომზადებული ქადაგებების ჩანაცვლება ხელოვნური ინტელექტის მიერ მომზადებული ქადაგებებით კატეგორიულად შეუძლებელია. ეს უგულებელყოფს იმას, თუ რა არის ქადაგება და რას მოითხოვს იგი.
რა არის ქადაგება? აი, როგორ პასუხს სცემს ამ კითხვას მარტინ ლოიდ-ჯოუნსი: „ცეცხლოვანი ლოგიკა!“ ის განმარტავს, რომ ქადაგება გონებისა და სულის ქორწინებაა. ეს უბრალოდ ინფორმაციის გადაცემა როდია. ამ დროს გონება აგიზგიზებულია ცეცხლით, რომელიც სულიწმიდით აღვსებას მოჰყვება შედეგად.
გაიხსენეთ, რას დაჰპირდა უფალი თავის ხალხს: „და მოგცემთ მწყემსებს ჩემი გულისამებრ და დაგმწყემსავენ თქვენ ცოდნითა და გაგებით“ (იერემია 3:15). ესენი არიან დავითის მსგავსი წინამძღოლები (1-ელი მეფეთა 13:14), რომლებიც ისევე მწყემსავდნენ ხალხს, როგორც ღმერთი მწყემსავდა მას [დავითს]. მეთიუ ჰენრი განმარტავდა: „ღვთის გულისათვის სასურველი ხუცესები… საკუთარ საქმედ ისახავენ იმას, რომ აძოვონ სამწყსო… როგორც დავითი აძოვებდა მათ გულის სიწრფელითა და ხელის სიმარჯვით (ფსალმუნი 77:72)“.
თუკი ქადაგება „ცეცხლოვანი ლოგიკაა“, მაშ, ქადაგებისათვის მზადებაც და წარმოთქმაც მოითხოვს გონებასა და გულს, რომელსაც სულიწმიდა ანიჭებს უნარს ღვთისა და ადამიანთა სიყვარულისათვის.
- ქადაგებისათვის საჭიროა ღმერთთან მოზიარეობა
ეფესელთა 1:17-ში პავლე მოციქული ლოცულობს იმის შესახებ, რომ ეკლესიას ჰქონდეს „სიბრძნისა და გამოცხადების სული მის [ღმერთის] შესაცნობად“. ჯონ სტოტი შეგვახსენებს პავლეს სიტყვებს იმასთან დაკავშირებით, რომ ღვთის შემეცნება უფრო მეტად დახვეწილი და მრავალშრიანია, ვიდრე საზოგადოდ გავრცელებული ბერძნული გაგება ამის შესახებ. პავლე წერდა იმ შემეცნებაზე, რომელიც რაციონალურიც არის და ემპირიულიც.
ბერძნული გაგების თანახმად კი შემეცნება (ცოდნა) ეყრდნობა მხოლოდ რაციონალურობას, მაგრამ ებრაულ გაგებაში შემეცნება სიყვარულსაც მოიცავს. ჩვენ გვწყურია სიყვარული, რომელიც იმ კავშირისკენ გვიზიდავს, ჩვენს „მე“-ს რომ აღემატება. საბოლოოდ, ამ მისწრაფების დაკმაყოფილება მხოლოდ სიყვარულზე დაფუძნებულ ღვთის შემეცნებას ძალუძს.
- ქადაგება მოითხოვს ადამიანთა ცნობას (ცოდნას)
მსახურებას როცა ვიწყებდი, ჩემმა ძველმა მეგობარმა მითხრა: „მწყემსებს ცხვრის სუნი აქვთ“. ის გულისხმობდა იმას, რომ ხუცესის ქადაგებითი მსახურება უფრო შედეგიანი ხდება, რაც უფრო მეტ დროს ატარებს ადამიანებთან. მათი საჭიროებების, ეჭვებისა და მისწრაფებების შესახებ ცოდნა ეხმარება ხუცესს, რომ სათანადო მითითებები მისცეს მათ ბიბლიური ტექსტების პრაქტიკულ გამოყენებასთან დაკავშირებით. წლების განმავლობაში იმაზე დაკვირვება, თუ როგორ მოქმედებს ღმერთი თავისი ხალხის ცხოვრებაში, უფრო მეტ უნარსა და გამჭრიახობას მძენს, რათა უკეთ შევაგონო, უკეთ დავარიგო და გავამხნეო ადამიანები. ყველაზე შედეგიანი ქადაგებები მხოლოდ თეოლოგიური მომზადების ნაყოფი როდია, არამედ სახუცესო გამოცდილებისაც.
- ქადაგებები მოითხოვს ცხებულებას ღვთისაგან
ვერავითარი ხელოვნური ინტელექტი, თუნდაც მთელი მსოფლიოს თეოლოგიური ბიბლიოთეკები იცოდეს ზეპირად, ვერ ჩაანაცვლებს ხუცესის მიერ მომზადებულ ქადაგებას. მარტინ ლოიდ-ჯოუნსი მიუთითებდა იმაზე, რომ საქმეების წიგნში აღწერილის თანახმად, მოციქულები, საკუთარი თეოლოგიური ცოდნის მიუხედავად, ქადაგებისას ყოველდღე აღივსებოდნენ სულიწმიდით. სწორედ ამ ცხებულებით უნდა იწყებოდეს ქადაგებისათვის ხუცესის მზადებაც. შეუძლებელია, რომ დიდებული ქადაგებები დაწეროს „ჩატჯიპიტიმ“ და შემდეგ ისინი მქადაგებელმა იქადაგოს დიდი მოშურნეობით. არა, მზადებაც და სულიწმიდით ცხებულებაც თანაარსებული და ურთიერთშემავსებელია. „იმისათვის, რომ სულიწმიდის ცხებულებაზე სათანადო შეხედულება გვქონდეს, უნდა ვიცოდეთ, რომ ის ქადაგებისათვის მზადების პროცესში მოდის“, – წერდა ლოიდ-ჯოუნსი.
ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ამ ყველა მოთხოვნის შესრულება?
ღმერთი არ აღავსებს მოწყობილობებს, არამედ ის აღავსებს ადამიანებს
როგორც ჯო კარტერი განმარტავს საფუძვლიანად, ხელოვნური ინტელექტის პროგრამები (მაგალითად, ხსენებული ChatGPT), რომლებიც ენის მოდელირებას ახდენენ, ჰბაძავენ იმას, რაც მათ არასოდეს ექნებათ: ღმერთისა და მისი სიტყვის პირადად განცდა, ღმერთსა და მის სიტყვასთან ურთიერთობის პირადი გამოცდილება.
ჯოშუა რასმუსენი, აზროვნების ფილოსოფოსი, ამტკიცებს, რომ ხელოვნური ინტელექტი მოკლებულია სამშენებლო ბლოკებს აზრებისა და გრძნობებისთვის, ანუ ის მოკლებულია გონებას. ამრიგად, თუმცაღა ხელოვნური ინტელექტის პროგრამებს „ჩატჯიპიტის“ (ChatGPT) ან „გუგლის“ „ლამდას“ (LaMDA) შეუძლია, დამაჯერებლად, მესამე პირში აღგვიწერონ სამყარო (თუნდაც იმგვარად, როგორც მე და თქვენ წარმოვთქვამთ სიტყვებს), მათ არ გააჩნიათ პირადი გამოცდილება იმისა, თუ რას ნიშნავს იმ რეალობის ნაწილად ყოფნა, რომელ რეალობასაც ისინი აღწერენ. მათი „ინტელექტი“ ხელოვნურია, რაც ნიშნავს იმას, რომ „მათ ინტელექტის შესახებ გაცნობიერებული გაგება კი არ აქვთ, არამედ ფლობენ მხოლოდ განვითარებული პროგრამირების ფუნქციურ სახეობას“.
სწორედ ამიტომ, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები მოკლებულია საკვანძო მოთხოვნას, რომელიც დიდებული ქადაგებებისთვის არის აუცილებელი. მათ აკლიათ სულიწმიდით აღვსებული გონება. როგორც ე. მ. ბაუნდსი წერდა (Power Through Prayer): „სულიწმიდა მეთოდების მეშვეობით კი არა, არამედ ადამიანთა მეშვეობით მოედინება. ის მოწყობილობებზე არ გადმოდის, არამედ ადამიანებზე.“
ადამიანები ამტკიცებენ, რომ „ჩატჯიპიტის“ (ChatGPT) ქადაგებებში არ იგრძნობა გული. ეს არის შეზღუდვა, რომელიც მაშინვე გაქრება, როგორც კი ხელოვნური ინტელექტი შეძლებს ადამიანურ ემოციებთან მიახლოებას, თუმცა უმთავრესი საკითხი ეს არ გახლავთ. ხელოვნური ინტელექტი ვერასოდეს ჩაანაცვლებს ადამიანთა მიერ დაწერილ ქადაგებებს, რადგან მას არ აქვს გონება, რომელიც იცნობს ღმერთს და რომელიც ღვთის სულიწმიდის მიერ არის ძალმოსილი; გონება, რომელსაც სულიწმიდა აძლევს სინათლეს და ანთებს ცეცხლით და გული, რომელიც იცნობს ღმერთს და უყვარს იგი; სული, რომელიც ხორცშესხმულ ცოდნას გადასცემს ღვთის შვილებს.
წყარო: https://www.thegospelcoalition.org/article/chatgpt-sermons/