რიჩარდ ვურმბრანდი, იგივე ნიკოლაი იონესკუ (1909-2001) გახლდათ ებრაული წარმოშობის რუმინელი ლუთერანი სასულიერო პირი, საზოგადო მოღვაწე, მწერალი და პედაგოგი. მისი სახელი მრავალი ადამიანისათვის არის ცნობილი მთელ მსოფლიოში. მან 14 წელი რუმინეთის ერთ-ერთ ციხეში გაატარა, თავისი რწმენის და ასევე იმის გამო, რომ მარქსიზმ-ლენინიზმისა და თავის ქვეყანაში არსებული კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ გამოდიოდა.
ღმერთი იმის მიხედვით კი არ განგვსჯის, თუ რამდენის გადატანა მოგვიხდა, არამედ იმის მიხედვით, თუ რამდენად შეგვეძლო სიყვარული.
ეძებ იესოს? სად ეძებდი მას აქამდე? დღის დასაწყისში დაფიქრდი იმაზე, სად წახვალ და ვის შეხვდები დღის განმავლობაში და წარმოიდგინე იესო, რომელიც შენ გვერდით იქნება ყველგან, სადაც წახვალ და ყველასთან, ვისაც ნახავ.
ლუთერი ამბობდა, რომ ყოველი ქრისტიანი არის ‘simul justus et peccator, comprehensor et viator’ ანუ, ‘ერთდროულად მართალიც და ცოდვილიც’, ადამიანი, რომელმაც მიზანს თან უკვე მიაღწია და თან ჯერ კიდევ ისწრაფვის მისკენ.
ადამიანს სწამს არა იმის, რასაც ამბობს, არამედ იმის, რის გამოც სიკვდილისთვისაც მზად არის.
რწმენა, რომელიც შეიძლება ტანჯვამ გაანადგუროს, არ არის რწმენა.
საუკეთესო ქრისტიანებსაც კი აწუხებთ კითხვა: ‘რატომ მოავლენს ხოლმე ყოვლისშემძლე ღმერთი ტანჯვას, ან რატომ უშვებს მას?’ როცა მსგავსი ფიქრები შეგაწუხებთ, უთხარით საკუთარ თავს: ‘მე ჯერ კიდევ დაწყებით კლასებში ვსწავლობ. ქრისტიანული ცხოვრების უნივერსიტეტს როცა დავამთავრებ, მაშინ უკეთ შევიმეცნებ ღმერთის გზებს და ეჭვებიც გაიფანტება’.
ის, ვინც იესოს ეძებს, იქ უნდა იპოვოს იგი, სადაც ადამიანებს შიათ, სწყურიათ, სადაც ისინი მიტოვებულნი არიან, სადაც შიშვლები და ავადმყოფები არიან, სადაც ციხეში სხედან. ის, ვინც შორს იქნება მსგავსი ადგილებისგან, შორს იქნება იესოსგანაც.