„…ყბაზე ცალტუჩგაწეულ, სინანულნარევ ირონიასა და სევდას ჰგვრის კაცს ამ ორი უმუსიკო, უმაყურებლო, გახელებული მოცეკვავის დანახვა; გრძნობ, რომ აღარ არის ალავერდობა, გრძნობ, რომ ეს რელიგიური დღეობა მხოლოდ ინერციაა, მისული სასაცილოობამდე. შემზარავ ტრაგიკომედიასა ჰგავს მთლიანად გუშინდელი ლხინის ბოლო… ვინ წარმოიდგენდა, რომ ქრისტიანულ საყდარში, ზედ კანკელის ძირას, შეიძლებოდა ოდესმე გდებულიყო თავწაჭრილი მამალი და ცხვრის თავ-ფეხი. მხოლოდ აქა-იქ დაინახავთ კუთხეებში მორცხვად მიყუჟულ შავკაბიან მლოცველებს, რომლებიც ღმერთს მხურვალედ სთხოვენ სათხოვარს…“ (გურამ რჩეულიშვილი, „ალავერდობა“)
სისხლით გაჟღენთილი მიწა, ირგვლივ მიმოფანტული ცხვრის თავები, სიკვდილის სუნი ჰაერში, საკვების ნარჩენები… ეს ქრისტიანული დღესასწაულის − გიორგობის აღწერაა, თუმცა წარმართული მსხვერპლთშეწირვის რიტუალს უფრო ასახავს. ერთი მხრივ, ნამთვრალევი ხალხი, ღრეობა, ყელგამოღადრული ცხვრების ხროტინი და, მეორე მხრივ კი, ტაძარი საოცარ კონტრასტს ქმნის, თუმცა პარადოქსია, რომ ნამდვილი სასაკლაო აქ სწორედ ქრისტიანული რწმენის დასადასტურებლად და რელიგიური გრძნობების დასაკმაყოფილებლად მოეწყო.
ცხოველთა ხოცვა-ჭლეტა და ფეხის არევამდე სმაც რწმენის გამოხატულებაა, შიგადაშიგ შეძახილებით: „შეგვეწიოს წმინდა გიორგი!” აკი ამბობს კიდეც ქართველთა საამაყო მწერალი, კონსტანტინე გამსახურდია: „ქართველები ისე ვიდოდნენ იესოს სისხლიან კვალზე, რომ არასდროს მოუშორებიათ თვალი დიონისეს ყვავილოვანი შუბლისთვის…” („დიონისეს ღიმილი“ ) სასულიერო პირები ხშირად აკრიტიკებენ კონსტანტინე გამსახურდიას იმის გამო, რომ თავის ნაწარმოებებში ხაზს უსვამდა ქართველთა წარმართულ ბუნებას, იმას, თუ როგორ შეურწყა ქართველმა ერმა ერთმანეთს ქრისტიანობა და წარმართობა, ნაცვლად იმისა, სრულად უარეყო წარმართული კულტი და ეღიარებინა ქრისტე.
სინამდვილეში, ჩვენ, ქრისტიანები უნდა ვიყოთ პირველნი, ვინც ამხელს ყოველგვარ წარმართობას, შეყუჟულს ქრისტიანული ფასადის უკან. თითოეულმა ჩვენგანმა, ვისაც ესმის ქრისტეს მსხვერპლის აზრი გოლგოთაზე, უნდა დავგმოთ მასობრივი, რელიგიური სასაკლაოები. ეს მსხვერპლთშეწირვა ვერ აუფერულებს, მაგრამ აზრს კი უკარგავს იმ დიდებულ მსხვერპლს, რომელიც უფალმა გაიღო ჩვენთვის. ერთი მსხვერპლით განიწმინდა მთელი კაცობრიობა და მას აქეთ სისხლიანი შესაწირავი აღარ არის საჭირო, რადგან ამბობს უფალი: „თუ მომშივდა, არ გეტყვი შენ, რადგან ჩემია მსოფლიო და სავსება მისი. ნუთუ ხარების ხორცსა ვჭამ და ვაცების სისხლს შევსვამ?…“ (ფსალმუნი 49:12-13)
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში უამრავი სტატია თუ პოსტი მიეძღვნა აღნიშნული ფაქტის დაგმობას და არა მარტო რიგითი მოქალაქეების მხრიდან, არამედ სასულიერო პირებისგანაც, როგორც ამბობენ, ჩვევა რჯულზე უმტკიცესია. გორიჯვარი და მლეთა ყოველ წელს, გიორგობის დღესასწაულზე, სისხლისღვრის მოწმე ხდება და ამით არ სრულდება ვანდალიზმის თემა, თუმცა ეს ორი ფაქტი მართლაც რომ საზარელია არა მარტო თავისი შინაარსით, არამედ თავისი მასშტაბებითაც.
რას ემსახურება დღესასწაულების წარმართული აღნიშვნა ქართველებისთვის, ცხადია – დრომოჭმულ ტრადიციებს, თავაშვებულ ღრეობას, საქეიფო მიზეზს სამეგობრო წრისთვის, სმა-ჭამას… არსად ჩანს ქრისტე! არსად არაა სულზე ზრუნვა! ამ საშინელ ტრადიციაში, საგულდაგულოდაც რომ ეძებოთ, საერთოს ქრისტიანობასთან მაინც ვერ ნახავთ… რატომ ვანდალიზმი? და რატომ მაინცდამაინც ქრისტეს სახელით?… იქნებ ყველა ერთად დავფიქრდეთ და ბოლო მოვუღოთ ამ ბარბაროსულ ფაქტს ჩვენს ქვეყანაში, რომ მომავალ ივნისში მაინც არ შეიღებოს არაგვი წითლად… მომავალ გიორგობას მაინც აღარ ვიხილოთ სისხლით მორწყული გორიჯვარი…
ავტორი: ნატალია ჩიქოვანი