ჯვაროსნული ლაშქრობები გახლდათ დასავლეთ ევროპული ქრისტიანი ხალხების რელიგიურად და ეკონომიკურად მოტივირებული დაპყრობითი ომები ახლო აღმოსავლეთში 1096-1270 წლებში. ლაშქრობის მონაწილეს სიმბოლურად ტანსაცმელზე მიკერებული ჰქონდა ჯვარი, რის მიხედვითაც „ჯვაროსნები“ ეწოდათ.
ჯვაროსნულ ომებს საფუძველი ჩაეყარა XI საუკუნის დასაწყისში, როდესაც ბიზანტიის კეისარმა, ალექსი I კომნენოსმა, სელჩუკების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისათვის ევროპას მიმართა. ამას მოჰყვა რომის პაპის ურბან II-ის გადაწყვეტილება, რომელიც 1095 წელს წმინდა მიწის, იერუსალიმის, ურწმუნოთა ხელიდან გათავისუფლებას მოითხოვდა. დაპყრობით ომებს კათოლიკურმა ეკლესიამ რელიგიური ხასიათი მისცა. 1096-1270 წლებში მოეწყო 8 ჯვაროსნული ლაშქრობა. ფეოდალური ჩაგვრისა და სიდუხჭირისაგან თავის დახსნის მიზნით ლაშქრობებში მონაწილეობდა დაბალი სოციალური ფენა.
გულახდილად რომ ვთქვათ, ადამიანებს მოსწონდათ ის იდეა, რომ ქრისტიანები მართავდნენ წმინდა მიწას, მაგრამ ისინი არ იყვნენ დიდად დაინტერესებულნი იმით, რომ გაელაშქრათ მის დასაცავად. იმ რაინდებისა და მმართველების რიცხვი, რომელნიც მზად იყვნენ, დაეღვარათ სისხლი და დაეხარჯათ ფული იერუსალიმის ან ანტიოქიის დასაცავად, ძალზე მცირე იყო, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ევროპა არასდროს იყო ერთიანი. ყველას ყოველთვის საკუთარი თავი და თავისი მეზობელი ადარდებდა. მათ, ვინც ჯვაროსნულ ლაშქრობებში მიდიოდნენ, უწევდათ ნერვიულობა იმაზე, რომ მათი იქ არყოფნის დროს მეზობელი დაესაკუთრებოდა მათ ტერიტორიებს და ისინი ვერ შეძლებდნენ თავიანთი ტერიტორიების დაცვას. ხოლო ისინი, ვინც რჩებოდნენ, წუხდნენ, რომ ჯვაროსნულ ლაშქრობებში წასულები გაძლიერდებოდნენ და პატივს მოიხვეჭდნენ.
წარმატება და კრახი
პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა იმდენად წარმატებული იყო, რომ ევროპელმა ლიდერებმა შეძლეს, დაეარსებინათ სამეფოები, რომლებშიც შედიოდნენ ისეთი ქალაქები, როგორებიცაა: იერუსალიმი, აკო, ბეთლემი და ანტიოქია. ამის შემდეგ კი ყველაფერი უკუღმა წავიდა.
იერუსალიმის სამეფოს შეეძლო, ამა თუ იმ ფორმით ეარსება რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში, მაგრამ ის ყოველთვის მყიფე, არასტაბილურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. იგი დაარსებული გახლდათ მიწის ვიწრო და გრძელ ფართობზე, რომელსაც არ ჰქონდა ბუნებრივი ბარიერები და რომლის მოსახლეობაც არასოდეს ყოფილა ბოლომდე დაპყრობილი. საჭირო იყო მუდმივი მხარდაჭერა ევროპიდან, რაც ყოველთვის შესაძლებელი არ გახლდათ (ისინიც კი, ვინც ცდილობდნენ, ყოველთვის ვერ აღწევდნენ ცოცხლები იერუსალიმამდე).
მისი მთლიანი მოსახლეობა დაახლოებით 250, 000-ს შეადგენდა, რომლის ძირითადი ნაწილიც ცხოვრობდა ზღვისპირა ქალაქებში, როგორებიცაა: აშკელონი, იაფო, ხაიფა, ტრიპოლი, ბეირუთი, ტვიროსი და აკო. ჯვაროსნებს რიცხობრივად ძალზე აჭარბებდა ადგილობრივი მოსახლეობა, 5/1-ზე თანაფარდობით. მათ ნება ჰქონდათ დართული, უმეტესწილად თავად განეკარგათ საკუთარი ცხოვრება და ისინი კმაყოფილნი იყვნენ თავიანთი ქრისტიანი ბატონებით, მაგრამ რეალურად ისინი არასოდეს ყოფილან დაპყრობილნი, ისინი უბრალოდ დაქვემდებარებულნი იყვნენ.
ჯვაროსნები სამხედრო პოზიციებს ინარჩუნებდნენ ძირითადად ძლიერი ციხე-სიმაგრეების კომპლექსური ქსელის მეშვეობით. მათ ციხე-სიმაგრეები განლაგებული ჰქონდათ მთელ სანაპიროზე ისე, რომ ისინი ერთმანეთს უყურებდნენ. ეს დიდ მანძილზე სწრაფი კომუნიკაციისა და ძალების შედარებით სწრაფი მობილიზების საშუალებას იძლეოდა.
ერთ-ერთი მიზეზი, რამაც ხელი შეუშალა ჯვაროსნული ლაშქრობების წარმატებას, გახლდათ განუწყვეტელი უთანხმოებანი და შიდა ბრძოლა. მსგავსი რამ, რა თქმა უნდა, მუსლიმან ლიდერებს შორისაც საკმაოდ ხშირად ხდებოდა, მაგრამ საბოლოოდ, უთანხმოებანი ევროპელ ქრისტიანებს შორის უფრო ძლიერი იყო და იწვევდა მეტ პრობლემას, როდესაც საქმე ეხებოდა აღმოსავლეთში ეფექტიანი სამხედრო კამპანიის ორგანიზებას. ელ სიდიც კი – რეკონკისტას ესპანელი გმირი – ისევე ხშირად იბრძოდა მუსლიმანების მხარეს, როგორც მათ წინააღმდეგ.
გარდა იბერიის ნახევარკუნძულის დაბრუნებისა და ხმელთაშუა ზღვაში რამდენიმე კუნძულის ხელახლა დაპყრობისა, არის მხოლოდ ორი რამ, რაც შეიძლება შევაფასოთ ჯვაროსნული ლაშქრობების სამხედრო და პოლიტიკურ წარმატებად. პირველი ის, რომ მუსლიმანების მიერ კონსტანტინოპოლის აღება სავარაუდოდ გადაწეულ იქნა. დასავლეთ ევროპის ჩარევის გარეშე, დიდი ალბათობით, კონსტანტინოპოლი გაცილებით უფრო ადრე დაეცემოდა, ვიდრე ეს 1453 წელს მოხდა, ხოლო დაყოფილი ევროპა დიდი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებოდა. ისლამის უკან განდევნამ, შესაძლოა, დიდი როლი ითამაშა ქრისტიანული ევროპის შენარჩუნებაში.
მეორე ის, რომ მიუხედავად ჯვაროსნების საბოლოო მარცხისა და მათი უკან, ევროპაში გადაგზავნისა, ისლამი ამ დროის განმავლობაში დასუსტდა. ამან არა მხოლოდ კონსტანტინოპოლის დაცემა გადაავადა დროში, არამედ მუსლიმანური სამყარო გახადა მარტივი სამიზნე მონღოლებისთვის, რომლებიც აღმოსავლეთიდან მოდიოდნენ. მონღოლები საბოლოოდ მოექცნენ ისლამზე, მაგრამ ვიდრე ეს მოხდა, მათ არაერთი გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს მუსლიმანურ სამყაროს, რამაც ასევე დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ ევროპამ ქრისტიანობა შეინარჩუნა.
ჯვაროსნული ლაშქრობების სოციალური და რელიგიური შედეგები
სოციალურ ასპექტში ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა გავლენა იქონია ქრისტიანების სამხედრო მსახურებისადმი დამოკიდებულებაზე. მანამდე ძლიერ გავრცელებული იყო პაციფისტური შეხედულებები, იმ ვარაუდზე დაყრდნობით, რომ იესო ქრისტეს უწყება გამორიცხავდა ყოველგვარ საბრძოლო მოქმედებას და ომს. თავდაპირველი იდეა, რომელიც კრძალავდა ბრძოლაში სისხლის დაღვრას, წამოყენებული იყო წმინდა მარტინის მიერ IV საუკუნეში, რომელმაც თქვა: „მე ვარ ქრისტეს მეომარი. მე არ უნდა ვიბრძოლო.“ იმისათვის, რომ ადამიანი დარჩენილიყო წმინდა, ომში მონაწილეობა და მკვლელობის ჩადენა სასტიკად აკრძალული იყო.
მდგომარეობა ამ მხრივ ცოტაოდენ შეიცვალა ავგუსტინეს ზეგავლენის მეშვეობით, რომელმაც შეიმუშავა „სამართლიანი ომის“ დოქტრინა და ამტკიცებდა, რომ შესაძლოა, იყო ქრისტიანი, მაგრამ იომო კიდეც თუ საჭიროა. ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა სრულად შეცვალა ყველაფერი და შექმნა ქრისტიანული მსახურების ახალი სახეობა: „მებრძოლი ბერი“. ტამპლიერებისა და ჰოსპიტალიერების ჯვაროსნული ორდენების მოდელზე დაყრდნობით, როგორც საერო, ისე სასულიერო პირებს შეეძლოთ განეხილათ სამხედრო სამსახური, როგორც ღვთისა და ეკლესიისადმი მსახურების დასაშვები თუ არა, უპირატესი შესაძლებლობა. ეს ახალი შეხედულება გამოხატა ბერნარ კლერვოელმა, რომელმაც თქვა, რომ ქრისტეს სახელით კვლა არის უფრო ბოროტების მოკვლა (Malecide), ვიდრე მკვლელობა (homicide), და რომ მოკლა წარმართი, ნიშნავს მოიხვეჭო დიდება, რადგან ეს განადიდებს ქრისტეს.
ისეთი სამხედრო, რელიგიური ორდენების ზრდას, როგორებიც იყვნენ ტევტონი რაინდები და ტამპლიერები, ჰქონდა ასევე რელიგიური შედეგებიც. ისინი ჯვაროსნული ლაშქრობების შემდგომ გაჩნდნენ და ბოლომდე ვერც კი მოესწრნენ ამ ლაშქრობათა დასრულებას. მათი უზარმაზარი სიმდიდრე და ქონება დააგროვეს, რამაც, რასაკვირველია, გამოიწვია მათში სიამაყე და სხვებისადმი ზიზღი. ეს ფაქტი აქცევდა მათ კარგ სამიზნედ პოლიტიკური ლიდერებისთვის, რომლებიც გაღატაკდნენ მეზობელ ქვეყნებსა და ურჯულოებთან ბრძოლის შედეგად. მოგვიანებით ტამპლიერთა ორდენი განადგურებულ იქნა, სხვა ორდენები კი საქველმოქმედო ორგანიზაციებად ჩამოყალიბდნენ და სრულად დაკარგეს თავისი ყოფილი სამხედრო დანიშნულება.
ცვლილებები მოვიდა რელიგიურ წეს-ჩვეულებებშიც. უამრავ წმინდა ადგილთან ხანგრძლივი კონტაქტის შედეგად გაიზარდა რელიკვიების მნიშვნელობა. რაინდებს, მღვდლებსა და მეფეებს გამუდმებით ჩამოჰქონდათ წმინდანების ნაწილები, ჯვრები და მნიშვნელოვან ეკლესიებში მათი განთავსებით ზრდიდნენ საკუთარ სტატუსსა და ავტორიტეტს. ადგილობრივი ეკლესიების ლიდერებიც არ იყვნენ წინააღმდეგნი და ხალხს ამ რელიკვიების თაყვანისცემისკენ უბიძგებდნენ.
ასევე გაიზარდა პაპის ძალაუფლება. იშვიათი იყო, რომ რომელიმე ევროპელი ლიდერი თავისით წასულიყო ჯვაროსნულ ლაშქრობებში, რომლებიც, როგორც წესი, იწყებოდა იმიტომ, რომ ამას დაჟინებით ითხოვდა პაპი. როდესაც ჯვაროსნული ლაშქრობები წარმატებული იყო, იზრდებოდა პაპის პრესტიჟი, ხოლო როდესაც წარუმატებელი – ჰბრალდებოდა ჯვაროსნების ცოდვებს.
პაპი ასევე ხშირად კრეფდა გადასახადებს ჯვაროსნული ლაშქრობებისთვის – გადასახადებს, რომლებსაც უშუალოდ ხალხისგან კრეფდნენ ადგილობრივი პოლიტიკური ლიდერების ყოველგვარი მონაწილეობის თუ დახმარების გარეშე. საბოლოოდ, რომის პაპებმა ისარგებლეს ამ პრივილეგიით და დაიწყეს გადასახადების აგროვება სხვა მიზნებისთვისაც, რაც დიდად არ მოსწონდათ მეფეებსა და დიდგვაროვნებს, რადგან ყოველი მონეტა, რომელიც მიდიოდა რომში, იყო მონეტა, რომელიც აკლდებოდა მათ ხაზინას.
მიუხედავად ამისა, თავად ეკლესიის სახელი და ძალაუფლება დასუსტდა. როგორც ზემოთ იყო ხსენებული, ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა კოლოსალური კრახი განიცადა და გარდაუვალიც იყო, რომ ეს ცუდად აისახებოდა ქრისტიანობაზე. ჯვაროსნული ლაშქრობები დაიწყო რელიგიური მგზნებარებიდან, თუმცა საბოლოოდ, მათ მეტწილად ხელმძღვანელობდა ცალკეული მონარქების სურვილი, გაეძლიერებინათ თავიანთი ძალაუფლება მოწინააღმდეგეებზე. იმატა ცინიზმმა და ეჭვებმა ეკლესიასთან მიმართებით, ხოლო ნაციონალიზმმა მიიღო უპირატესობა მსოფლიო ეკლესიის იდეასთან შედარებით.
ვაჭრობა და იდეოლოგია
კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ჰქონდა სავაჭრო საქონელზე გაზრდილ მოთხოვნას – ევროპელებს აღეძრათ ძალზე დიდი მადა ქსოვილების, სანელებლების, სამკაულებისა და სხვა მრავალი რამისადმი მუსლიმანური სამყაროდან და კიდევ უფრო შორეული აღმოსავლური ქვეყნებიდანაც კი, როგორებიცაა: ინდოეთი, ჩინეთი, რამაც გამოიწვია ინტერესის ზრდა ასეთი აღმოჩენებისადმი. ამავდროულად, აღმოსავლეთის ბაზრებიც გახსნილი იყო ევროპული საქონლისთვის.
ყოველთვის ასე ხდებოდა, ომი აფართოებს თვალსაწიერს, თუკი, რა თქმა უნდა, ომს გადაურჩი. როდესაც ყმაწვილებს აგზავნიდნენ ომში, ისინი ეცნობოდნენ ადგილობრივ კულტურას და შინ დაბრუნებულები აღმოაჩენდნენ, რომ აღარ სურდათ ყოფნა იმ რაღაცების გარეშე, რასაც მიეჩვივნენ: ბრინჯი, გარგარი, ლიმონი, მწვანე ხახვი, ატლასი, ძვირფასი ქვები, საღებავები და მრავალი სხვა რამ ძალიან გავრცელდა მთელ ევროპაში.
საინტერესოა ისიც, თუ როგორ გამოიწვია ეს ცვლილებები კლიმატმა და გეოგრაფიამ: მოკლე ზამთარი და განსაკუთრებით გრძელი და ცხელი ზაფხული იყო საპატიო მიზეზი იმისთვის, რომ უარი ეთქვათ ევროპულ შალზე და გადასულიყვნენ ადგილობრივ ტანსაცმელზე (ჩალმა, ბურნუსი და რბილი ჩუსტები). მამაკაცები ისხდნენ იატაკზე გადაჯვარედინებული ფეხებით, ხოლო მათი ცოლები ითვისებდნენ პარფიუმერიისა და კოსმეტიკური საშუალებების ადგილობრივ პრაქტიკას. მოსახლეობის ევროპელები ასევე დამოყვრდნენ ადგილობრივებთან, რამაც ასევე გამოიწვია ცვლილებები.
ჯვაროსნები, რომლებიც ამ რეგიონში დასახლდნენ, იზოლირებულნი იყვნენ ყოველი მხრიდან. ადგილობრივი მოსახლეობა რეალურად არასოდეს იღებდა მათ, რაოდენ ბევრი წეს-ჩვეულებაც არ უნდა გადაეღოთ ჯვაროსნებს მათგან. ისინი ყოველთვის რჩებოდნენ ოკუპანტებად და ვერ ერწყმოდნენ იქ მცხოვრებლებს. ამავდროულად, დროებით ჩამოსული ევროპელები კიცხავდნენ მათ ადგილობრივების წეს-ჩვეულებებთან ადაპტირების გამო. პირველი ჯვაროსნული ლაშქრობების შთამომავლებმა დაკარგეს განმასხვავებელი ევროპული ნიშან-თვისებებისა და ბუნების დიდი ნაწილი, რამაც ისინი გახადა უცხოებად როგორც პალესტინაში, ისე ევროპაში.
მიუხედავად იმისა, რომ საპორტო ქალაქები, რომლის დაპყრობის იმედიც ჰქონდათ იტალიელ ვაჭრებს, საბოლოოდ დაკარგეს – იტალიური სავაჭრო ქალაქები მაინც აკონტროლებდნენ ხმელთაშუა ზღვას. ჯვაროსნულ ლაშქრობამდე აღმოსავლეთიდან საქონლით ვაჭრობას ძირითადად აკონტროლებდნენ ებრაელები, მაგრამ მოთხოვნის ზრდასთან ერთად რიცხობრივად გაზრდილმა ქრისტიანმა ვაჭრებმა გააძევეს ისინი – ძირითადად რეპრესიული კანონების მეშვეობით, რომლებიც უპირველეს ყოვლისა ზღუდავდა მათ შესაძლებლობას, ჩართულიყვნენ რაიმე სახის ვაჭრობაში. გარდა ამისა, მთელ ევროპასა და წმინდა მიწაზე მაროდიორი ჯვაროსნების მიერ ებრაელების მასობრივმა მკვლელობებმა ასევე გაუკაფა გზა ევროპელ ვაჭრებს.
მუსლიმანებთან ფართომასშტაბიანმა კონტაქტმა გამოიწვია ნაკლებად მატერიალისტური იდეებით ვაჭრობა: ფილოსოფიაში, მეცნიერებაში, მათემატიკასა და მედიცინაში. ასობით არაბული სიტყვა იქნა შეტანილი ევროპულ ენებში; დაბრუნდა წვერის გაპარსვის ძველებური რომაული წეს-ჩვეულება; შემოღებულ იქნა საზოგადოებრივი აბანოები და საპირფარეშოები; განვითარდა ევროპული მედიცინა; ამ ეპოქის გავლენა იგრძნობა იმდროინდელ პოეზიასა და ლიტერატურაშიც.
არსანიშნავია, რომ ამათგან ბევრი რამ თავდაპირველად ევროპული წარმოშობის იყო – იდეები, რომლებიც მუსლიმანებმა ბერძნებისგან გადაიღეს. ამ ყველაფერმა ერთად გამოიწვია სწრაფი სოციალური განვითარება ევროპაში, რამაც საშუალება მისცა მათ, რომ გადაეჭარბებინათ კიდეც იმდროინდელი განვითარებული მუსლიმანური ცივილიზაციისთვის.
ჯვაროსნული ლაშქრობების ეკონომიკური შედეგები
ჯვაროსნული ლაშქრობების ორგანიზების ფინანსირება გახლდათ ძალიან დიდი წამოწყება, რამაც საბანკო საქმის, ვაჭრობისა და საგადასახადო სისტემის განვითარება მოიტანა. ვაჭრობასა და საგადასახადო სისტემაში მოსულმა ამ ცვლილებებმა დააჩქარა ფეოდალიზმის დასასრულის დადგომა. ფეოდალური საზოგადოება საკმარისი იყო ინდივიდუალური ქმედებებისთვის, მაგრამ ვერ ერგებოდა მასობრივ კამპანიებს, რომლებიც ესოდენ დიდ ორგანიზებას და დაფინანსებას მოითხოვდნენ.
ბევრი დიდგვაროვანი ფეოდალი იძულებული იყო, მიეგირავებინა თავისი მიწა მევახშისთვის, ვაჭრისთვის ან ეკლესიისთვის, რაც მოგვიანებით უკან უნდა დაჰბრუნებოდათ და რამაც გამოიწვია ფეოდალური სისტემის ჩამოშლა. არაერთი მონასტერი, რომელშიც სიღარიბის აღთქმადადებული ბერები ცხოვრობდნენ, დაეუფლა დიდ მამულებს, რომლებსაც შეეძლოთ, კონკურენცია გაეწიათ ევროპის ყველაზე მდიდარი წარჩინებულებისთვის.
ამავდროულად, ბევრ ყმას ენიჭებოდა თავისუფლება ჯვაროსნულ ლაშქრობებში საბრძოლველად თავისი ნებით წასვლისთვის. ამ დროის განმავლობაში იხოცებოდნენ თუ ახერხებდნენ უკან დაბრუნებას, ისინი აღარ იყვნენ მიჯაჭვულები მიწას, რომელიც დიდგვაროვნებს ეკუთვნოდათ, რამაც დიდგვაროვნებს დაუკარგა ის მცირე შემოსავალიც, რაც მათ ჰქონდათ. იმ გათავისუფლებულ ყმებს, რომლებიც ბრუნდებოდნენ, აღარ გააჩნდათ საიმედო სამეურნეო მდგომარეობა, რაც მათ და მათ წინაპრებს ყოველთვის ჰქონდათ. ამიტომ ბევრი მათგანი აღმოჩნდა დიდ და პატარა ქალაქებში, რამაც დააჩქარა ევროპის ურბანიზაცია, ეს კი მჭიდროდ იყო დაკავშირებული ვაჭრობასა და მერკანტილიზმთან.
მიუხედავად ომების არაორგანიზებულისა და უმართაობისა, ლაშქრობებმა უდიდესი როლი შეასრულა ევროპისა და აზიის ქვეყნების დაახლოებაში, ევროპელებმა გაიფართოვეს ცოდნა აღმოსავლეთზე და მსოფლიოზე.